ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

                      გარდამავალა

ქართული ენის გრამატიკა, გამორჩეულად  კი ზმნა და ზმნური კატოგორიები, განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. როგორ მოვახერხოთ, რომ VI-VII  კლასების მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები, დასამახსოვრებელი და, მეტიც, სახალისო გავხადოთ, მაგალითად, ზმნის გარდამავლობა? აქვე აღვნიშნავთ, რომ სამომავლოდ ჩვენ ვფიქრობთ ისეთი სასწავლო რესურსის შექმნის შესახებ, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეებს ამ საკითხთან დაკავშირებული წეს-კანონების გაგებასა და გათავისებას.იმ ეტაპზე, როდესაც მათ უკვე შესწავლილი აქვთ ზმნის ძირითადი  კატეგორიები (დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი, ქცევა,გარდამავლობა…), უნდა ვიზრუნოთ,ზმნული  ფორმების ცვლა და ამ პროცესის მართვა მოსწავლეების მიერ, ავიყვანოთ ჩვევის დონემდე.ცვლის თუ არა ზმნის გარდამავლობის სტატუსს სხვა ზმნური კატოგორიების შეცვლა?ჩვენ ვადგენთ სავარჯიშოებს, რომელთა მიზანია,მოსწავლემ არა მხოლოდ წესებითა და კანონებით,არამედ პრაქტიკული გრამატიკული ქმედების საფუძველზე დაადგინოს, რომ ვერც დროის, ვერც კილოს,ასპექტის,კონტაქტისა თუ ქცევის კატეგორიების შეცვლა გარდამავალ ზმნას ვერ აქცევს  გარდაუვალად და პირიქით. ეს მხოლოდ გვარის (მოქმედებითი,ვნებითი,საშუალი) ფორმების ცვლითაა შესაძლებელი. ამის გათავისება,დამახსოვრება,გამოყენება სულაც არ არის ადვილი.ამიტომაც უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს  საგანგებოდ  შერჩეული ხერხებითა და საშუალებებით, გავუმარტივოთ ურთულესი სქემები თუ წეს-კანონები.ჩვენი გაკვეთილიც სწორედ ამას ემსახურება.გაკვეთილის ზოგადი მიზანი ასე შეგვიძლია  ჩამოვაყალიბოთ-მოსწავლეთა მიერ ზმნური კატეგორიების ურთიერთმიმართების ზოგიერთი ასპექტის გაგება -გააზრება.

გაკვეთილზე როლური გათამაშებისთვის ჩვენ შევქმენით მარტივი ტექსტი (გაკვეთილის II ეტაპი).ის  დაეხმარება მოსწავლეებს , ახლებური კუთხით შეხედონ ზმნის გარდამავლობისა და სხვა კატეგორიების ურთიერთმიმართების  საკითხს.

გარდამავალა
(ლიტერატურული….არა, გრამატიკული ზღაპარი)

იყო და არა იყო რა. იყო ერთი  ძველისძველი სამეფო,მდიდარი , ძლიერი. ოქროს ტახტზე დაბრძანებულიყო სამართლიანი,მაგრამ მკაცრი და წესების მოყვარული ხელმწიფე. მას სახელად გრამატიკა ერქვა, თუმცა დედა-დედოფალი, საალერსოდ,გრამიტონს ეძახდა.გრამატიკა-გრამიტონი ბედნიერი იყო,რადგან ქვეშევრდომებს ძალიან უყვარდათ, მის მზეს იფიცებდნენ და მის მიერ დადგენილ წესებს არასოდეს არღვევდნენ.

ერთ დღეს სასახლესთან გაქაფული ცხენი მოაგდო ჯაშუშმა  და მეფესთან აუდიენცია ითხოვა.დაუყოვნებლივ შეუშვეს .მან გრამატიკა-გრამიტონს თაყვანი სცა და მოახსენა:

-მეფეო, შენი საბრძანებლის აღმოსავლეთით, თავადაც უწყით, ნაყოფიერი მიწებია და რჩეული ხალხი ცხოვრობს.ამ მხარეს ზმნიურა-მზიურა ჰქვია და ხალხსაც ზმნიურებს ვეძახით. კარგი მოსახლეობაა, მშრომელი, კანონმორჩლი, მაგრამ მათ შორის აღმოჩნდა ერთი ფრიად გათავხედებული და ურჩი კაცი. ის გავლენის მოპოვებას ცდილობს მთელ მხარეზე. ამ კაცს გარდამავალა ჰქვია, თუმცა შინაურები უცნაურ ზედმეტსახელს უწოდებენ-ადუღებს. არ  გამოგონია ვინმესთვის ასეთი თიკუნი ეწოდებინოთ. ერთი მოსამსახურე ჰყოლია, პირდაპირობიექტა, ტყვიას ტყვიაში აჯენს,თურმე, და თავის ბატონს  გვერდიდან არ შორდება არც დღისით, არც ღამით. მისი შიშით ვერავინ ვერაფერს უბედავს.ადუღებს ძალიან გათამამდა, მეფეო, შენს წესებს აღარ ემორჩილება; რამე უნდა მოიმოქმედო!
მეფე ყურადღებით უსმენდა; შემდეგ კარგა ხანს დუმდა… და უცებ იფეთქა:

-რაო, მაინც რას ბრძანებს  ეს ვიღაც გარდამავალაა თუ ადუღებს?!

ჯაშუშმა, უნებლიეთ, უკან დაიხია და შიშ-კანკალით უპასუხა:

-რაო და,ვინც უნდა მოინდომოს , ვერაფერს დამაკლებს! კარგად ვიცი, ჯაშუშების მთელი რაზმი მითვალთვალებს  და თითოეულს საუკეთესოდ ვიცნობ.ვინ გამიბედავს რამეს-დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი თუ ქცევაო?!

-ყველანი აქ მომგვარეთ!-დაიგრგვინა გრამიტონმა.

შიკრიკებმა სასახლეში მოასხეს სიფრთხილის რაზმის წევრები: დრო, კილო, ასპექტი, კონტაქტი და ქცევა.ისინი შიშით კანკალებდნენ.
-როგორ, თქვენ სამეფო სიფრთხილის სამსახურში ჩაგაყენეთ და ერთ კაცს, ვიღაც გარდამავალას ვერ მოუარეთ?! რატომ დაარქვეს ადუღებს?! რას ადუღებს?! თქვენ გეკითხებით!

აცახცახებულმა დრომ წინ წამოდგა ნაბიჯი და მეფეს მოახსენა:

-მეფეო, კარგა ხანია, შევატყვე, რომ გარდამავალას ფარული ზრახვები ამოძრავებს. ერთ ბნელ ღამეს მის სახლში შევიპარე, კარების უკან დავიმალე.ცოლმა დაუძახა: -ადუღებს! ადუღებს-მეთქი, არ გესმისო?! მე თავი გამოვყავი და ცოლის ხმით დავუძახე: -აადუღა! აადუღებს!..არა,შენც არ მომიკვდე, ფაფარიც არ შეჰქანებია. გათენდა დილა და აივანზე გამობრძანდა ისევ ის გარდამავალა-ამაყი, გოროზი.

ახლა კონტაქტი წარუდგა მეფეს:

-დიდებულო მეფეო, დროისა არ იყოს, მეც შევეცადე, გარდამავალა მომეტეხა. მეც შევიპარე მის საწოლ დარბაზში და რამდენჯერაც ცოლმა დაუძახა, ადუღებსო, იმდენჯერ გადავაკეთე და დავუძახე: ადუღებინებს, ადუღებინებს-მეთქი. არა,ვერაფერი დავაკელი. დამნაშავე ვარ, მეფეო!

ქცევამ ასეთი რამ უამბო მეფეს:

-სასახლის მცველებს ხელიდან დავუსხლტი, მეფეო, ლამის სიცოცხლეს გამომასალმეს. როცა გარდამავალა სავარძელში მოსასვენებლად ჩაბრძანდა. მეც მის უკან დავიმალე.ცოლმა ძახილი დაუწყო: ადუღებს! ადუღებს! ადუღებს! რამდენჯერაც ის დაუძახებდა, მე ყურში ჩავჩურჩულებდი: იდუღებს! უდუღებს-მეთქი,მაგრამ რა,არაფერი გამომივიდა,ტყუილად გავისარჯე და ძლივს დავაღწიე თავი მცველებს.მეც დამნაშავე ვარ, მეფეო!

ასევე წარდგნენ მეფის  წინაშე დანარჩენები-შერცხვენილნი და შეშინებულნი.
გრამატიკა-გრამიტონი შეფიქრიანდა; რა ვქნათო? – ჰკითხა ქვეშევრდომებს.
ქცევამ მოკრძალებით შეჰკადრა:
-მეფეო, ერთი კაცი მეგულება,თუ ვინმე  გარდამავალას კისერს მოუგრეხს, სწორედ ის.
-ვინ უნდა იყოს ასეთი ყოვლისშემძლე?-დაინტერესდა გრამიტონი.
-აქვე, ტყეში ცხოვრობს, გვარი ჰქვია.მივუგზავნოთ იმ ადუღებს-გარდამავალას,იქნებ რამე მოუხერხოს.
მოიყვანეს გვარი სასახლეში, დაარიგეს და გაგზავნეს გარდამავალასთან.
მივიდა გვარი გარდამავალას კარიბჭესთან და დაუძახა:
-ეი,შენ,ადუღებს ხარ თუ ვიღაცა,გარეთ გამოიხედე!
გარდამავალა აივანზე გადმოდგა-ისევ ამაყი, ისევ გოროზი.
გვარმა არც აცია,არც აცხელა და უთხრა:
-ადუღებს მარცხენა ჯიბეში მყავს,დუღს-მ

არჯვენაში, დუღდება კიდევ-გულისპირში. შენი პირდაპირობიექტა ფეხებზე მკიდია,თუ გინდა ახლავე შევცვლი ირიბობიექტათი!
გარდამავალას ელდა ეცაა.

„სტუმარმა“ ისევ ასძახა:
-ბიჭო და, მოქმედებითი ბიჭი ვარო, დაგიჩემებია, თუ გინდა,ახლავე საშუალად გადაგაქცევ და ჭკუას თუ არ მოუხმობ, ვნებითადაც!მერე ნახავ, გარდამავალა იქნები თუ გარდაუვალა.
გარდაუვალაო?!

გარდამავალა მიხვდა, თუ საშუალად ან ვნებითად გადააქცევდა გვარი და თუ პირდაპირობიექტას ირიბობიექტად შეუცვლიდა, გარდამავალა ვეღარ იქნებოდა.ის დღე იყო და ის დღე,ჩაიკეტა თავის სახლში და მისი თავხედობის ეპოქაც დასრულდა.
ასე ასწავლა გვარმა ჭკუა იმ გარდამავალას,რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს ვერც დრომ,ვერც კილომ, ასპექტმა, კონტაქტმა და ქცევამ.
იმ ღამეს ზეცა შეაზანზარა ფეიერვერკმა.გრამატიკა-გრამიტონას სასახლიდან ისმოდა შეძახილები:
-ვაშააა! შევცვალეეეთ!

ამ ეგრეთ წოდებული ზრაპრის როლური გათამაშების შემდეგ, მოსწავლეებს დავუსვამთ მარტივ,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს:

-თქვენ მიერ შესწავლილი რომელი საკითხები ამოიცანით ჩვენს ზღაპარში?
-რატომ არ შორდება გარდამავალას ერთგული მსახური პირდაპირობიექტა?
-რატომ ვერაფერს გახდნენ გარდამავალასთან მეფის ჯაშუშები: დრო,კილო,ასპექტი,კონტაქტი,ქცევა?
-როგორ მოახერხა გარდამავალას დამორჩილება გვარმა?

თუკი მოსწავლეები „ზღაპართან“ მიმართებით დასმულ ამ კითხვებს უპასუხებენ უკვე შესწავლილი გრამატიკული წესების გამოყენებით (ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ ზეპირად დასწავლილ წესებს,არამედ გააზრებულს,საკუთარი სიტყვებით გადმოცემულს),შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ საგანგებოდ შექმნილმა ტექსტმა და როლურმა გათამაშებამ მიზანს მიაღწია.თუ მომავალში ჩვენ  შევძლებთ, ამ საკითხების სწავლება-სწავლის გასაუმჯობესებლად მორგებულ,საინტერესო სასწავლო რესურსს დავამზადებთ,ესეც ერთი საშუალება იქნება რთულის გამარტივებისა,ისევ და ისევ მოსწავლეთა სასიკეთოდ.

ნინო ბილიხოძე
ქ.ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი