პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მისტერ ელი (II ნაწილი)

 

გავლენებზე

მეგავარსკვლავის მუსიკალურ სტილზე გავლენა მოუხდენიათ ჯონი მატისს, ელა ფიცჯერალდს, ჯონ ჰენდრიკსს და თვით იმ ბენდსაც კი, რომელიც ბავშვობაში მისი ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ტავერნაში უკრავდა… დღეს კი მომღერლის ფანტასტიკური ჯგუფის წევრები ახდენენ გავლენას ერთმანეთის მუსიკალურ სტილზე.

კომერციაზე

გამოსვლებისა და ჩაწერებისგან თავისუფალ დროს ელი სიჩუმეში ყოფნას ამჯობინებს. თუ რამეს უსმენს, კლასიკური მუსიკაა. „ჩვენ გადამეტებულად გვკვებავენ კომერციული მუსიკით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ მისგან დისტანცირებას. მუსიკა „სამომხმარებლო საქონლად“ გადაიქცა. მისით სავსეა რეკლამა, ის ჟღერს ლიფტებში, სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ბარებში და ამ აკომპანემენტის თანხლებით ადამიანები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, არც კი უფიქრდებიან მუსიკის შინაარსს. ამ დროს კომპოზიტორები და შემსრულებლები მუსიკაში თავიანთ სულს, ფიქრებს, მისწრაფებებს დებენ; ერთი სიტყვით, უმნიშვნელოვანეს გზავნილებს გვიზიარებენ“.

ელი, ავტომობილი და სიჩუმე

ელ ჯეროს ავტოფარეხი იმ პოპვარსკვლავებისას არ ჰგავს, რომლებიც ავტომობილების მთელ ქარხნებს ყიდულობენ, თუმცა სისუსტეები მასაც აქვს. მანქანის ყიდვის დროს მომღერალი ნაკლებპრაგმატულია – იმ მოდელს ყიდულობს, რომლის დიზაინიც მოეწონება, მერე კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს რაღაც ლამაზია, მაგრამ საშინლად მოუხერხებელი – ნამდვილი „ანტიკვარული ჯართი“. „პროფესიონალი მექანიკოსის დაუხმარებლად ოთხთვალას ადგილიდან ზოგჯერ ვერც კი ვძრავ, – ამბობს ელ ჯერო, – ხოლო სალონში მოსახვედრად ფიზიკური ვარჯიშების მთელი კომპლექსის ჩატარება მიწევს“.

ავტომობილებში, რომლებშიც მომღერალი მჯდარა, ყოველთვის „ჟღერდა“ სიჩუმე. „როცა მუსიკას გამუდმებით უსმენ: შინ, სეირნობისას, სუპერმარკეტში, თვითმფრინავსა თუ მატარებელში, – მას ვეღარ შეიგრძნობ, ბგერის, მელოდიის სილამაზეს ვეღარ აღიქვამ. რა თქმა უნდა, მე ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას – საკუთარსაც და სხვებისასაც, მაგრამ უფრო ხშირად ყურთასმენას დასვენების საშუალებას ვაძლევ. ჩემს მანქანაში უმეტესად სიჩუმეა. უნდა იცოდე მუსიკისგან დასვენება, რათა მერე მოუსმინო. და საერთოდ, მე პრაქტიკულად არაფერს ვუსმენ. დიახ, მე ვუსმენ არაფერს“, – ბრძანებს მხიარული მაესტრო.

 

ფულზე

ჯეროს არასოდეს ენანება ფული ძველი ვინილის ფირფიტებისა და ჩინებული ყავისთვის.

რჩევები ახალგაზრდებს

„იპოვეთ საყვარელი საქმე – მუსიკა იქნება ეს თუ ხელოვნების სხვა დარგი, მშენებლობა თუ მანქანის მართვა… რამე, იმდენად საინტერესო, რომ კომპენსაციის გარეშე შეძლოთ მუშაობა და ეცადეთ, კარიერა ამის საფუძველზე ააგოთ. ასე ყოველდღე დატკბებით იმით, რასაც აკეთებთ. თუ ასეთი რამ მუსიკა აღმოჩნდა, ძალიან გაგიმართლებთ, იმიტომ რომ მუსიკა მსოფლიო ენაა – ის, რაც აერთიანებს ხალხს“.

~ელ

„აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ბავშვებს, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, სხვა საგნებშიც უკეთესი ნიშნები აქვთ და ცხოვრებაშიც მეტ წარმატებას აღწევენ“.

 

ქველმოქმედება

ელ ჯერო ქველმოქმედებასაც ეწევა და ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, აამაღლოს ამერიკის მოსახლეობის წიგნიერება: „დღევანდელი მონაცემები გამაოგნებელია: ზრდასრული ამერიკელების 48%-ს აბრებისა და სამედიცინო რეცეპტების წაკითხვა და ანკეტის შევსებაც კი არ შეუძლია. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ: ვშოულობთ ფულს, ვყიდულობთ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს, ვამზადებთ მოხალისეებს მოსახლეობასთან მეცადინეობათა ჩასატარებლად“.

დროის მანქანა

როდესაც მომღერალს ჰკითხეს, დროის მანქანა რომ არსებობდეს, საით გაემგზავრებოდა და ვის მიიწვევდა ფინჯან ყავაზე, სიცილით უპასუხა: „იცით, მოზრდილი მაგიდა დამჭირდებოდა. აუცილებლად მივიპატიჟებდი ჯაზის ცნობილ მესაყვირეს მაილზ დევისს. ასევე სიამოვნებით დავლევდი ყავას ჯონ ლენონსა და სტრავინსკისთან ერთად. შესაძლოა, მოგვიანებით მიქელანჯელოც გვწვეოდა… ყოველი მათგანი ისტორიას ქმნიდა. სიამოვნებით გავუზიარებდით ერთმანეთს აზრს იმ პროცესებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ რომლებშიც უშუალოდ ვმონაწილეობთ“.

გრემის შესახებ

ფსიქოლოგის დიპლომის მფლობელ ვირტუოზ ვოკალისტს 25 ალბომი აქვს გამოშვებული. ის იმ იშვიათთაგანია, ვისაც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ რვაგზის მინიჭებია ჯაზის, რიტმ-ენდ-ბლუზისა და პოპის კატეგორიებში. უკანასკნელი „გრე­მი“ 2007 წელს მიიღო ალ­ბო­მის­თ­ვის „God Bless the Child“. ჰოლივუდის დიდების ლეგენდარულ ხეივანში ელ ჯეროს ვარსკვლავი 2001 წელს გაიხსნა.

„მუსიკით არ გავმდიდრებულვარ და არც არასოდეს მივისწრაფოდი სიმდიდრისკენ. სამაგიეროდ, როდესაც „გრემის“ მფლობელი ვხდები, ჩემზე საქებარი სტატიები იბეჭდება, მადლიერი საზოგადოება აპლოდისმენტებით მაჯილდოებს, ეს კი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ფული. მერწმუნეთ, არტისტისთვის მისი შემოქმედების დაფასება მატერიალურ კეთილდღეობას გაცილებით აღემატება“.

„ყოველი „გრემი“ საკვირველია, მაგრამ პირველს ვერაფერი შეედრება, – ამბობს მომღერალი, -რაც შეეხება მერვეს, მისი მიღება ნიშნავს, რომ მსმენელს ესმის და უყვარს ჩემი მუსიკა. სწორედ ეს არის მუსიკის შექმნისთვის საუკეთესო სტიმული. თუმცა ჯილდოების გარეშეც გავაგრძელებდი ამ მუსიკის შექმნას. ისიც საკმარისია, რომ ხალხი ამ მუსიკის მოსასმენად მოდის. მაგრამ ჯილდოები, რა თქმა უნდა, მიყვარს“.

 

მაესტრო დღეს

ელ ჯერო დაუვიწყარი ჯაზური იმპროვიზაციებით დღემდე ახარებს მსმენელს. იგს მიიჩნევს, რომ ღიმილისთვის მოულოდნელ ჯაზურ იმპროვიზაციაზე უკეთესი ხერხი არ არსებობს; რომ ჯაზი ყველაზე ცოცხალი და დინამიკური მუსიკაა. მას სურს, მსმენელმაც იგრძნოს ის, რასაც თავად განიცდის. ელ ჯერო ჯაზფესტივალებისა და კონცერტების ყველაზე სასურველი სტუმარია. კონცერტის წინ მომღერალი ყოველთვის ღელავს, ვინაიდან სურს, მაყურებელს რაც შეიძლება უკეთესი შედეგი აჩვენოს. სიმღერის უნიკალურმა მანერამ და ხმის ოსტატურმა ფლობამ მას ნამდვილი მსოფლიო დიდება და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ამოსაცნობი მომღერლის რეპუტაცია მოუტანა.

სოლიდური ასაკის მიუხედავად (მომღერალი უკვე 76 წლისაა), ელ ჯერო კვლავაც ახალგაზრდულად გულღია, ხალისიანი და მოძრავია, მუდამ ხუმრობს, ცელქობს, იცინის.

ერთხელ, გასტროლების დროს, მომღერალმა პირდაპირ სცენაზე დაკარგა გონება. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მუსიკოსი მალე მომჯობინდა. დღეს ის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს და აპირებს, 100 წლამდე მაინც იცოცხლოს.

ჩვენი დროის ამ დიდი მუსიკოსის უნიკალური ხმა ამერიკული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლოა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი