შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ათი მომაკვდინებელი შეცდომა

უკვე რამდენიმე წელიწადია, რამდენიმე გაკვეთილს იმაზე საუბარს ვუთმობ, არა როგორ ააგონ, არამედ როგორ არ უნდა ააგონ ჩემმა მოსწავლეებმა არგუმენტები ზეპირი მეტყველებისა და წერის დროს. ერთ წიგნში იმ საკმაოდ ვრცელი სიიდან, ლოგიკურ შეცდომებს რომ აერთიანებდა, ამოკრებილი იყო რამდენიმე ყველაზე უფრო გავრცელებული ლოგიკური ცდომილება და გაერთიანებული იყო ერთ ჯგუფად, რომელსაც ავტორმა პირობითად „ათი მომაკვდინებელი შეცდომა“ (ten deadly fallacies) უწოდა. დაჯგუფების სახელწოდება იმდენად მომეწონა, რომ ამ ავტორს მეც დავესესხე და შევქმენი ჩემი სია, რომელშიც, უკვე ჩემი შეხედულებისამებრ, შევიტანე ის ათი ძირითადი შეცდომა, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ხშირად გვესმის ტელევიზორიდან ხან პოლიტიკოსების, ხანაც ჟურნალისტების მეტყველებაში. თუმცა ეს შეცდომები არა მარტო პოპულარულ სახეებს, არამედ უკვე საზოგადოების დანარჩენ წევრებსაც იმდენად გაუჯდათ ძვალ-რბილში, რომ ხშირად ვეღარც ხვდებიან, რომ მათი არგუმენტები ამ „მომაკვდინებელი“ შეცდომების გამო ყოველგვარ ვალიდურობას კარგავს და გადაიქცევა დაუსაბუთებელ, არასარწმუნო მოსაზრებად. წარმოგიდგენთ მომაკვდინებელ შეცდომათა ანუ არაფორმალურ შეცდომათა ჩემ მიერ შედგენილ სიას.

1)argumentum ad hominem – ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ადამიანის წინააღმდეგ მიმართული არგუმენტი და შემდეგნაირად განიმარტება: ლოგიკური შეცდომა, როდესაც მოწინააღმდეგე არგუმენტს არა კონტრარგუმენტით, არამედ ისეთი ვერბალური შეტევით აბათილებს, რომელშიც ოპონენტის სახასიათო ნიშან-თვისებებზე სვამს აქცენტს. ამგვარი შეცდომის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი გამოდგება:   წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მსჯელობა შეეხება იდეალურ მთავრობას, ცდილობთ, სათანადო არგუმენტებით დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია. ამ დროს მოწინააღმდეგე, იმის ნაცვლად, რომ საპასუხო არგუმენტები მოიშველიოს, გეუბნებათ, რომ თქვენი ასაკის გამო გაგიჭირდებათ ამ საკითხზე მსჯელობა. ამ პასუხით მოწინააღმდეგე გიტევთ თქვენ, თქვენს ასაკს და არა – თავად არგუმენტს. სხვა შემთხვევაში ასაკს შეიძლება ჩაენაცვლოს სქესი, თმის ფერი და სხვ. ამგვარ ლოგიკურ შეცდომას ხშირად მოსაუბრეც უშვებს, როდესაც არგუმენტს შემდეგნაირად აგებს: სკოლაში საგნების რაოდენობა უნდა შემცირდეს,რადგან თავად მე მოსწავლე ვარ და ეს საკითხი სხვაზე უკეთ მესმის. თუკი ვინმეს დარწმუნება გვინდა სკოლაში საგნების შემცირების თაობაზე, აჯობებს, უკეთესი არგუმენტებით შევიარაღდეთ.

2) argumentum ad ignorantiam – მსჯელობა, რომელიც მხოლოდ იმიტომაა მართალი, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცება შეუძლებელია. როდესაც რაიმეს ვამტკიცებთ, არგუმენტის გასამყარებლად მტკიცებულებების წარმოდგენა გვჭირდება. დავუშვათ, მოსაუბრე ამტკიცებს, თითქოს ჩვენი გალაქტიკის მიღმა პატარა მწვანე კაცუნები ცხოვრობენ. არგუმენტის გასამყარებლად მეტი მტკიცებულების წარმოდგენას ვითხოვთ. მტკიცებულების ნაცვლად მოსაუბრე აპელირებს იმით, რომ არც ჩვენ არ შეგვიძლია მტკიცებულების წარმოდგენა, თითქოს ჩვენი გალაქტიკის მიღმა პატარა მწვანე კაცუნები არ არსებობენ. ამგვარი მსჯელობა, რა თქმა უნდა, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან მოსაუბრეს არ წარმოუდგენია არანაირი პოზიტიური მტკიცებულება და, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ჩვენ წარმოვადგენთ ნეგატიურ მტკიცებულებას, ეს ფაქტი ჩვენი ოპონენტის პოზიციის გასამყარებლად არ გამოდგება.

3) argumentum ad avctoritade – ასეთ დროს არასაკმარის არგუმენტებს ავტორიტეტების მოხმობით ვამყარებთ. მაგალითად, საკმაოდ ხშირად რელიგიის საკითხებზე საუბრისას, ორივე მოკამათე მხარე თავიანთი პოზიციის გასამყარებლად რომელიმე საქვეყნოდ ცნობილი ფიზიკოსის გვარს იშველიებს. არადა, ძალიან იშვიათია, როცა ფიზიკის ექსპერტი ისეთივე ექსპერტი იყოს რელიგიის საკითხებშიც, როგორც თავის სფეროში. ცნობილი სახელის ხსენება და ამ ცნობილი ადამიანის ციტატის მოხსენიება მისი არასაექსპერტო დარგიდან, საუბარს დამაჯერებლობას არ მატებს.

4) argumentum ad passiones – მსჯელობაში, არგუმენტის სანაცვლოდ, აუდიტორიის ემოციებზე თამაში, განსაკუთრებით, არასაკმარისი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. ამ გზით მსმენელში/მკითხველში სხვადასხვა ემოციის გამოწვევა ხდება. შესაბამისად, ეს შეცდომა, თავის მხრივ, რამდენიმე ნაწილად იყოფა და მოიცავს შიშის (საკმაოდ ხშირია პოლიტიკაში), სიბრალულის და სხვა ემოციების გაღვიძებას. ამ დროს მოწინააღმდეგეში სიბრალულთან ერთად დანაშაულის შეგრძნების გაღვივებაც ხდება ხოლმე. ალბათ ყველა პედაგოგს ჰქონია ერთი ისეთი შემთხვევა მაინც, როდესაც ცდილობენ, ნიშნის აწევის მიზნით, სხვადასხვა გზებით შეაცოდონ მას მოსწავლე და ასე მოახერხონ პედაგოგში თანაგრძნობის ან დანაშაულის განცდის გაღვივება. ეს ეხება ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პრიზის დაუმსახურებლად გადაცემასაც ითხოვენ და აპელირებენ, რომ ის ვინც იმსახურებს, მას ეს არ სჭირდება, ხოლო იმას, ვინც არ იმსახურებს, პრიზი ფინანსურად უფრო წაადგება. ამავე ჯგუფში აერთიანებენ მოწინააღმდეგის გამასხარავებას, აბუჩად აგდებას, დაცინვას, თუკი ოპონენტი სხვა მიღებული წესებით ვერ ახერხებს ვერბალური პაექრობის მოგებას.

5) circulus in demostrando – სხვაგვარად ამგვარ პრაქტიკას მანკიერ წრეზე ტრიალიც შეგვიძლია ვუწოდოთ. უმეტეს შემთხვევაში მსჯელობის ეს ხარვეზი საკმაოდ რთული აღმოსაჩენია (ნაწერში შედარებით ნაკლებად, ზეპირ მეტყველებაში კი საკმაოდ ხშირად), რადგან, ერთი შეხედვით, საკმაოდ მყარ არგუმენტად გამოიყურება, თუმცა, თუკი ჩავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის, რაც არგუმენტად გამოიყურება, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი პოზიციის განმეორებითი უსაფუძვლო მტკიცება. დავუშვათ, თანამოსაუბრე გვეუბნება: ვიცი, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღმრთისა, ვინაიდან ამას თავად ამბობს, ხოლო ძე ღმრთისა არ შეიძლება ცრუობდეს. ამგვარი ლოგიკური შეცდომის საილუსტრაციოდ ერთი ცნობილი მოთხრობაც გამოდგება: სამმა ყაჩაღმა შვიდი მოპარული მარგალიტის გაყოფა გადაწყვიტა. ერთმა ყაჩაღმა დანარჩენებს ორ-ორი მარგალიტი მისცა, თავისთვის კი სამი ცალი დაიტოვა. „ეს როგორ, რა უსამართლობაა! რატომ დაიტოვე მეტი?“ – წამოიძახეს ყაჩაღებმა. „იმიტომ რომ მე თქვენი ბელადი ვარ“ – აუღელვებლად უპასუხა ყაჩაღმა. „კი, მაგრამ რატომ ხარ ჩვენი ბელადი?“ – არ დანებდნენ ყაჩაღები. „იმიტომ რომ, თქვენზე მეტი მარგალიტი მაქვს“.

6) post hoc ergo propter hoc – „ამის შემდეგ, მაშასადამე, ამის გამო“, – ასე ითარგმნება ეს ლათინური წინადადება. ამ ბოლო დროს ხშირად წაიკითხავთ ისეთ სტატიებს, რომლებიც მსგავსი ტიპის შეცდომაზეა აგებული. ნათელი მაგალითია ერთ-ერთ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნებული სტატია, თითქოს ამ ბოლო დროს დადგინდა, რომ პოპულარული იაფიანი საგულე საშუალება (არ დავასახელებ მედიკამენტის სახელწოდებას, რათა არ მოვახდინო მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება) პაციენტის გულით გარდაცვალების მიზეზი გამხდარა. ამ დასკვნას კი სტატიის ავტორი შემდეგ ინფრომაციაზე დაყრდნობით აკეთებს: თურმე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ხშირად გულის შეტევით გარდაცვლილი ხანდაზმული პაციენტების სასთუმალთან სწორედ ამ მედიკამენტს პოულობენ. იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტს ლოგიკურად დაესკვნა, რომ იაფიანი საგულე საშუალება ხელმისაწვდომია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, აფთიაქებშიც ურეცეპტოდ გაიცემა ეს წამლები და ამიტომაც თითქმის ნებისმიერ ოჯახში ინახება; სწორედ ამ მიზეზით, გულის შეტევის დროს პაციენტის ახლობელი, სანამ სასწრაფოს გამოოიძახებს, ხელთ არსებულ წამალს მისცემს ავადმყოფს. შესაბამისად წამალსა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, სტატია წამლის წარმოუდგენლად მაღალ ფასებზე და ხანდაზმული ადამიანების სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაწერილიყო.

7) ნაჩქარევი/ნაუცბათევი განზოგადება – თუკი დედუქციური აზროვნების პროცესი მიმართულია ზოგადიდან კერძოსკენ, ინდუქციური აზროვნება, პირიქით, კერძოს აზოგადებს. განაცხადი „ყველა ადამიანი მოკვდავია“ ზოგადია და მიღებულია უამრავი კერძო შემთხვევის განზოგადების შედეგად, ე.ი. ინდუქციური აზროვნების შედეგია. ასეთივე ინდუქციური აზროვნების შედეგია ჩვენი რწმენა, რომ ხვალაც და ზეგაც, ათი წლის შემდეგაც, გრავიტაციის წყალობით, მიწაზე ფეხს მყარად დავდგამთ და რომ არც სხვა საგნები არ დაიწყებენ ფრენას. ეს მაგალითები ცხადყოფს, რომ ინდუქციური აზროვნება ყველაზე ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: თუკი სკამი, რომელზეც ყოველდღე ვზივარ, დღევანდლამდე თავის ფუნქციას კარგად ასრულებდა, მე ხვალაც დაუფიქრებლად დავჯდები ამ სკამზე; თუკი სახლში მომზადებულ კონკრეტულ კერძს სიამოვნებით მივირთმევ და არ მწყენს, ამ კერძს მომავალშიც დაუფიქრებლად შევჭამ; თუკი დაუბრკოლებლად დავდივარ ოთახში და არანაირი წინაღობა არ მხვდებოდა, იმავე იატაკზე შემდეგშიც დაუფიქრებლად გავივლი. განზოგადება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიცაა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განუყოფელი ნაწილიც. სამწუხაროდ, ზოგჯერ განზოგადება იმდენად სწრაფად ხდება, რომ ხანდახან დასკვნები არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გამოგვაქვს. სწორედ ასეთ შემთხვევას ვუწოდებთ ნაჩქარევ/ნაუცბათევ განზოგადებას. ეს პრობლემა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არაა სახიფათო, როდესაც ისეთი წვრილმანი უსიამოვნებები შეიძლება შემემთხვეს, რომლებიც სერიოზულად არ დამაზიანებს (მაგ. სკამი გატყდება, კერძი მაწყენს ან იატაკზე ამოვარდნილ პარკეტს წამოვდებ ფეხს), არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებშიც შეიძლება შემიშალოს ხელი. ნაუცბათევი განზოგადება მართლაც მომაკვდინებელ შეცდომად შეიძლება იქცეს, თუკი ადამიანებს არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე დავდებთ ბრალს, დავწამებთ ცილს, გავკიცხავთ.

8) მცდარი ანალოგია – ადამიანების დარწმუნებისას ხშირად მივმართავთ და მეტყველებისას ვიყენებთ სხვადასხვა ანალოგიებს. ამით სიმყარეს ვმატებთ ჩვენს არგუმენტებს. ცხადია, ორატორულ ხელოვნებაში ანალოგიებს ერთ-ერთ საუკეთესო ხერხად მიიჩნევენ. სამწუხაროდ, იმის გამო რომ ორი შესადარებელი საგანი ან მოვლენა რაღაც ნიშნით წააგავს ერთმანეთს, არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა ნიშნითაც მსგავსნი იქნებიან. სწორედ ასეთ შემთხვევას ვუწოდებთ მცდარ ანალოგიას. წინადადება: „როგორც ნელ-ნელა წვიმის ნაზ წვეთებს შეუძლიათ ვეებერთელა მთების დაშლა, ასევე ადამიანის ცხოვრებაში მოთმინებით პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია“. ერთი შეხედვით, ამ არგუმენტში შესაძლებელია ანალოგიის დანახვა ორ მოვლენას შორის, თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არანაირი მსგავსება არ არსებობს მთებზე წვიმის ზემოქმედებასა და მოთმინებით პრობლემების მოგვარებას შორის, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს პრობლემების მოსაგვარებლად იმდენი დრო არ მიეცემა, როგორც წვიმას მთების დასაშლელად.

9) ინგლისურად ამ შეცდომას cherry picking-ს უწოდებენ, მისი სიტყვასიტყვითი თარგმანი ალუბლის კრეფა იქნება, თუმცა, როგორც ლექსიკონი გვაუწყებს, ალუბლის კრეფის პროცესი გადატანითი მნიშვნელობით საუკეთესო ნაჭრის შერჩევას ნიშნავს. როგორც ვიცით, მეცნიერმა არ უნდა დაუმალოს საზოგადოებას არცერთი ის მონაცემი, არცერთი ის შედეგი, რომელიც მის შეხედულებას არ ეთანხმება და მის მოსაზრებას გამორიცხავს ან რაღაც მცირედით მაინც ეწინააღმდეგება. სხვაგვარად მეცნიერება ვერ განვითარდება, რადგანაც სწორედ ასეთი უთანხმოებები წარმოშობს სამეცნიერო დისკუსიებს და კამათის შედეგად, თუ ადრე არა, გვიან მაინც, დაიბადება ჭეშმარიტება. დებატების დროს მოკამათეები ხშირად ივიწყებენ ამ აქსიომას და მოწინააღმდეგე მხარეს, საზოგადოებას შეუგნებლად, ხანდახან კი შეგნებულად და გამიზნულად ფაქტების მხოლოდ იმ ნაწილს წარუდგენენ, რომელიც მათ პოზიციას ამყარებს. კარგია, რომ არგუმენტაციის დროს დაშვებული ეს შეცდომა, ვეღარ იქნება მტკიცებულება და აღმოჩენის, მოპაექრის მხილების შემთხვევაში, მისი არგუმენტი ადვილად იქნება გაცამტვერებული. სამწუხაროა, რომ ასეთი ლოგიკური შეცდომის აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან ხშირად აუდიტორიას ხელი არ მიუწვდება ფაქტებზე.

10) …

დავალება: დაასრულეთ სია (შეგიძლიათ, თქვენი სურვილისა და შეხედულების მიხედვით, ადგილები შეუცვალოთ ამ შეცდომებს. ბოლოს ერთი მომაკვდინებელი ლოგიკური შეცდომა თქვენით შეარჩიოთ იმ გრძელი სიიდან, რომელიც ინტერნეტში სხვადასხვა საიტზეა წარმოდგენილი (მაგ. https://web.cn.edu/kwheeler/fallacies_list.html) და დაუმატოთ აქ წარმოდგენილ ცხრაპუნქტიან სიას). მოსწავლეებს კი სიის ჩვენებისა და სათანადო ახსნის შემდეგ აუხსენით, რომ ამ შეცდომებისგან თავის დაცვა აუცილებელიც და სავალდებულოცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ზეპირი და წერითი მეტყველება არადამაჯერებელი, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი