ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბუხუტი მასწავლებელი

მეოთხე გაკვეთილია   და  ვფიქრობ, როგორ ავაჩქარო დრო, რომ მალე დაირეკოს ზარი. ფიზიკა გვეუბნება,  ეს აინშტაინმა იცოდაო, მაგრამ რა  იცოდა და როგორ, მთლად კარგად ვერ გავიგე, შესაბამისად  ვერაფერი მოვიფიქრე.  ამ გაკვეთილის მერე   ფიზკულტურა გვაქვს, ბუხუტის გაკვეთილი.  თუ კარგი ამინდი იქნება, დღეს ფეხბურთს ვითამაშებთ.  დრო კი ისე მიიზლაზნება, როგორც მშიერი აქლემი ჩელიაბინსკის გერბზე.  ახლა ისტორიის გაკვეთილია. ისტორიას  დირექტორი გვასწავლის.  აბა, ვინ გამოიჩენს ცოდნით თავსო,  გამოაცხადა.  სრული სიჩუმით ვპასუხობთ. მის გაკვეთილზე ბუზის ხმა უნდა ისმოდეს,  ახლა კი ისეთი სიჩუმეა, ეტყობა ბუზსაც ეშინია.  მე თავი ქუდში მაქვს, წინაზე   მკითხა და  ორი ან  სამი გაკვეთილი  ვიცი თავისუფალი ვარ.   მახსენდება, რომ ასპინძის ომზე გვესაუბრა,  თუმცა ახლა მე უფრო ამინდი მაღელვებს, რადგან თუ გაწვიმდა ფაფუ ფეხბურთი. უკანა სკამზე,  ფანჯარასთან ვზივარ  და   ცას ვაკვირდები,  სადაც ნამდვილი  ომი აქვთ  გაჩაღებული მზეს და ღრუბლებს, გარდამავალი უპირატესობით…  მზის მზვერავი მერცხლები დაბლა ფრენენ,  შავი ღრუბლები, რომლებიც ცხრათავიან თუ თვრამეტყურიან დევებს ჰგვანან, ყველა მხრიდან უტევენ მზეს, რომელიც უკვე ალყაში ჰყავს მტერს. ვერაა კარგად საქმე, ვიცი, რომ თუ მერცხლები დაბლა დაფრინავენ და შავი ღრუბლებია, საწვიმარია.  არც ქარი, ანუ დამხმარე ჯარი მოქრის, რომ ღრუბლებს შეუტიოს და გადარეკოს,   წვიმა თითქმის გარდაუვალია,  რაც არანაირად არ გვაწყობს, იმიტომ რომ წვიმის დროს ჭადრაკი გვიტარდება. ჭადრაკი რა სპორტია, სპორტია ფეხბურთი. ზეგ კი ფინალია.   სადღაც გაანათა,  ახლა უნდა დავთვალო: ერთი, ორი..  ექვსამდე ავედი და  გრგვინვის ხმაც მოდის,  ანუ  როგორც ფიზიკა ამბობს, თუ ბგერის სიჩქარე  ჰაერში  სამასოცდაათი მეტრია წამში, სადღაც  ორ კილომეტრში ელავს, ანუ მოგვადგა მტერი და ესაა…  აჰა, ბატონო,  ფანჯრის რაფაზე რაკა-რუკი აუტყდა  წვიმის მსხვილ წვეთებს.   ჰოდა  მორჩა დღევანდელი ფეხბურთი.   არადა ზეგ სამ საათზე ფინალი  გვაქვს…

დირექტორმა დაფასთან კახა გამოიძახა,  ჩვენი გუნდის მეკარე, ახლა მასზე გაკვეთილის  კითხვა შეიძლება? ორიანს თუ მიიღებს ინერვიულებს!

–  აბა, კა-ხა-ბერ! –   უმარცვლავს დირექტორი,  – რას მოგვიყვები?

კახა ჩუმადაა.

– რა გვაქვს გაკვეთილად?

– ასპინძის ომი! – ალიკას ზურგს ვეფარები და ვჩურჩულებ მე.

– სსუუ! –  ამბობს და ვიცი რომ თვალებს აბრიალებს ახლა  დირექტორი… მაგრამ  ვერ  ხვდება  საიდან მოდის ხმა.

–  ასპინძის ომი! – ამბობს კახა…

–  გასაგებია!   აბა რას გვეტყვი,  რომელი მეფის დროს მოხდა ასპინძის ომი?

–   მეფე ერეკლე…  –  ძლივს გასაგონად ჩურჩულებს  ნანა!

–   მეფე ირაკლი! – ამბობს  კახა.

–  ყოჩაღ, ასეც მოიხსენიებდნენ,  გარდა ამისა შენი სახელიც ერქვა,   პატარა კახიც იყო ერთ-ერთი მეტსახელი,  აბა გვარიც გვითხარი?

– ჩარკვიანი!  – ყოჩაღად პასუხობს  გუნებაზე მოსული კახაბერი.  სიცილს ვინ გაუბედავს დირექტორს გაკვეთილზე,  მაგრამ  აქა იქ თავს ვერ  იკავებენ.  გაბრაზებული დირექტორი, ფეხზე დგება.  ახლა ხარ  ცოდო ჩვენი გუნდის გოლკიპერო, კახა!

– ა, შეხედეთ ახლა ამას,  იმის მაგივრად ისწავლოს, დადის,  გესმით?  კი არ დადის, დაშაკალობს ან დამაიმუნობს –  ხეებზე დაძვრება, ჩამოდი ხიდან, ბიჭო, 1770  წელია, ერეკლეს უნდა  ოსმალეთის  განდევნა სამხრეთ საქართველოდან,  ტოტლებენმა გვიღალატა, ერეკლემ ქართული ლაშქარით დაამარცხა ოსმალ-ლეკთა გაერთიანებული  არმია,   მოკლა კოხტა ბელადი, მოიგო ომი, ეს იყო ასპინძასთან,  დაერქვა ასპინძის ომი…

კახას ფერი ეკარგება. ახლა დგება დრო, რომ  დირექტორმა  ჰაერი დიდი დოზით  ღრმად  ჩაისუნთქოს    და იყვიროს,   ,,დეეეეგ… ”  ანუ, დეეგდეო,  კაი ბიჭი ხარ  და ნუ დაჯდები:   ყვირილის დროს წარმოშობილმა გრიგალმა შეიძლება   ან კედელზე მიგაბერტყოს ან ფანჯრიდან გისროლოს. კახას ფერი ეკარგება.   ამ დროს ზარის ხმა  ისმის.  დირექტორი გვეუბნება, რომ გაკვეთილი იგივე გვექნება და გადის.  გარეთ  კი უკვე  კოკისპირულად წვიმს, ჩაგვეშალა ფეხბურთი…

კახა ყვირილსაც გადაურჩა და ორიანსაც.   ისე დიდი შეცდომაც არ დაუშვია,  ირაკლი ჩარკვიანიც ,,მეფე”  იყო,  მის ამბავში, აბა რა!  ნინო იწყებს ჩარკვიანის სიმღერას  ,,ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ სევდა მიაქვს დროს…”  კახა დაედევნა,  უნდა რომ თმები დააწიწკნოს, გოგოები კახას აკავებენ, ბიჭები ნინოს დაჭერას ვცდილობთ.  საქმეში ერთვება წიგნი, ჩანთა, სახაზავი…  მერე ჯერ ერთ სკამს ძვრება საზურგე, მერე მეორეს, ცოტა ხანიც და არცერთ სკამს საზურგე არ აქვს,  მათ  ისე ვიქნევთ, როგორც მეფე ერეკლე იქნევდა ალბათ ასპინძის ომში ხმალს, ძალთა ბალანსი რომ არ დაირღვეს,  ნაწილი ბიჭებისა ნინოსკენ გადადის.  არ ვიცი, ამ ომს  ისტორიულ ანალებში  რას დაარქმევენ, ალბათ  საზურგეთა ომს… ამასობაში ზარიც ირეკება. მეოთხედა მეხუთეს შორის მოკლე დასვენებაა.   გარეთ  ისევ წვიმს,  ანუ ახლა ბუხუტი შემოვა  ჭადრაკის დაფებით.  ბუხუტი, როგორც  ამბობენ, ძველი სპორტსმენია და  ჩვენ, მთელ მეათე   კლასს,  ეს   გვჯერა, რადგან გვგონია,  რომ ყველა სპორტის სახეობა იცის.  ამ სასწავლო წელს სამ საგანს ვსწავლობთ, წვიმაში ჭადრაკს, კარგ ამინდში ფეხბურთს და მოღრუბლულში კარატეს.  მის შემოსვლამდე   სკამების საზურგეებს მერხში ვინახავთ  და ჩანთებს ისე ვდებთ რომ არ გამოჩნდეს საზურგეთა ომის სავალალო შედეგი, უზურგოდ დარჩენილი  სკამები.

 საკლასო ოთახის კარი იღება და  ბუხუტი  კი არა თამაზა შემოდის და ყვირის:

–  გაქვავდით!

ბუხუტიმ იცის ასე. კლასში რომ შემოდის, პირველი რასაც გვეუბება, გაქვავდითო.  როგორ გინდა გაქვავდე ფიზკულტურის გაკვეთილზე, თუნდაც ჭადრაკს თამაშობდე?!

–   ბაღნებო, ბაღნებო, ბუხუტი რომ შემოვა და დაიძახებს, გაქვავდითო,  მართლა გავქვავდეთ, კარგი?!  –  ამბობს ნესტანი.

–  ,,იყო ერთი მელა, იმან მოათხელა, ვინცხა ახლა გაინძრეს…” -ო –  გვეუბნება ხვიჩა.  სანამ  ბუხუტი შემოვიდოდა, ლამის მინავლული ომი კვლავ გაღვივდა, ოღონდ ამჯერად საზურგეების გარეშე.     ,,დაჰკარით ბიჭებო, დაჰკარით…” – სიმღერის ხასიათზეა მოსული კახა. ამასობაში კარი იღება და შემოდის ბუხუტი.

– გაქვავდით! –  დაიყვირა, როგორც იცის. ჰოდა რა პოზიციაც გვეკავა ისევე დავრჩით.  ზოგი რვეულით ხელში, ზოგი  წიგნით და   ვართ ასე, ვითომდა გაქვავებულები.  გვიყურებს ბუხუტი გაკვირვებული. ის იყო ლამის დაიჯერა თავისი სიტყვების ჯადოსნური ძალა, ჯერ  ერთმა ატეხა ფხუკუნი, აყვა მეორე.  უცებ ნაირა მასმა,  სასწავლო  ნაწილმა, შემოიხედა.   სიცილი მოვსხიპეთ, მაგრამ  განძრევა არავის უნდა, სიტყვაა ნათქვამი.

–  რა ხდება აქ, ბუხუტი მასწავლებელო?  – ეკითხება ბუხუტის.

–  რა უნდა ხდებოდეს, გაკვეთილი გვაქვს!

–  ესაა  ფიზკულტურის გაკვეთილი?

–  ფიზკულტურა რომ  ტარდება , ისე ნეტა სხვა საგანი ტარდებოდეს აქ!

–  აბა ამიხსენით რა ხდება?!  –  ახლა ბავშვებს  შემოგვხედა.  ჩვენ, გაქვავებულები,  ხმას რომ ამოვიღებთ ამის იმედი არ აქვს, ამიტომ ისევ ბუხუტი პასუხობს:

–  რა უნდა ხდებოდეს,  წვიმს გარეთ და  დღეს ჭადრაკი გვაქვს!

–  რაღაც არ ეტყობა ამათ ჭადრაკს თამაშობდნენ!

–  ესენი რომ თამაშობენ ჭადრაკს, ნეტა ისე სხვა თამაშობდეს!  – ძველინდურად  თუ გურულად გვიცავს ბუხუტი.  სხვაში ვინ იგულისხმა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვერაფერი შვილი მოჭადრაკეები ვიყავით, თუმცა ერთხელ მესამე ადგილზეც გავედით მეათეკლასელებს შორის  სარაიონო ოლიმპიადაზე,  ჩოხატაურში,  იმიტომ  რომ უამინდობის გამო სულ ოთხი    გუნდი გამოცხადდა.  სანამ თამაში დაიწყებოდა,  ბიჭებმა სხვა გუნდელებთან ტრაბახი დავიწყეთ,  კარატისტები ვართო, ყველას შავ-შავი ქამრები გვაქვსო  და  ვაჩვენეთ კიდეც ჩვენი შავი ტყავის ქამრები.  მგონი მხოლოდ ერთ გუნდზე იმოქმედა ამან, თუ  ჩვენ უკეთესი მოჭადრაკეები ვიყავით, მოვუგეთ, ჰოდა გადმოგვცეს პატარა  ბრინჯაოს მედლები დიდი ლენტით და  სიგელები, რომელიც ახლა კლასში გვაქვს გაკრული და ვამაყობთ.

 სასწავლო ნაწილი, ასე ქვად ქცეულებს გვიბარებს,  –  ,,მაცალეთო!”, არ ვიცი ჩვენ, არ ვიცი ბუხუტის  და გადის.  ,,ცლილი ხარ, ქალბატონო!” –   ამბობს ბუხუტი. გასაგებია,   ანუ   ნაირა ახლა დირექტორთან ერთად შემოვა. ჩვენ სასწრაფოდ ვიკავებთ  ადგილებს. ბუხუტი მასწავლებელი  დიდ, მაგნიტურ საჭადრაკო დაფას ამაგრებს ჩვეულებრივ, შავ დაფაზე,  მერე ფიგურებს უჩენს თავ-თავიანთ ადგილს.  ჩვენ  თითო პატარა ყუთი ჭადრაკი გვაქვს  მერხებზე. ყუთს თუ ორად გაშლი, საჭადრაკო დაფაა.   ზოგ  ყუთს  პაიკი აკლია, ზოგს ტურა ან ოფიცერი და ჩვეულებრივ ფურცლებზე ვაწერთ: ,,ტურა”, ,,ცხენი”, ,,პაიკი”… თუ შავი ფიგურებია, ფურცლებს ვამუქებთ. მერე ამ  ფურცლებს რაც შეიძლება მალე ვიცილებთ თავიდან,  ანუ საჭადრაკო ენაზე  რომ ვთქვათ, ვწირავთ, თითქოს  მაიას  ტომის ინდიელები  ვიყოთ და ხარკს ვუხდიდეთ  ღმერთს  კუკულკანსისე კლასში მაიაც გვყავს და ნონაც.

–  დღეს გავარჩევთ საუკუნის მატჩს,  1910 წელი, ლასკერი – შლეხტერი.  ვინ მეტყვის ვინ არის ლასკერი? – კითხულობს ბუხუტი.  კლასში სიჩუმეა.

–   გადამრევთ თქვენ, წინა გაკვეთილზე  ხო გითხარით ლასკერი მსოფლიოს მეორე ჩემპიონი იყო, თან  27 წელი, რაც აქამდე  ვერავინ ვერ მოახერხა.   სად დაგირბით გონება, ტყეში დახეტიალობთ ახლა ხო, წვიმს ბიჭო ტყეში,  ჭადრაკი გვაქვს, დღეს გაიგეთ! აბა, ვინ მეტყვის ჭადრაკი სად გამოიგონეს?  –  სვამს ახალ კითხვას, არადა ათასჯერ აქვს ნათქვამი, რომ ინდოეთში.

–  მას, მას, მას… – ყველანი მწყობრად ვწევთ ხელს. ამ დროს კარი იღება და შემოდის დირექტორი. უკან   სასწავლო ნაწილი მოყვება.   ყველანი ხელს ვუშვებთ, ვჩუმდებით და ფეხზე ვდგებით.

–  გამარჯობა, ბუხუტი მასწავლებელო, – ამბობს დირექტორი,  –  რას შვებიან შენი არწივები, ვიგებთ ზეგ? –   ეტყობა დაავიწყდა ამ არწივებმა წინა გაკვეთილზე ასპინძის ომი ლამის წააგეს.

–  არწივობამდე ცოტა აკლიათ, ჯერ მართვეები არიან! – ამბობს ბუხუტი.

დირექტორს ეტყობა გაახსენდა რომ  გაბრაზებული უნდა შემოსულიყო. წარბები მაღლა აწია და  კითხულობს.

–  რა ხდება, აქ?  –  რადგან ვერაფრით ვერ მიხვდა ცუდი რა ხდებოდა, სასწავლო ნაწილს გამოხედა.

–  ბატონო დავით, უნდა გენახათ წეღან რა ხდებოდა, თავდაყირა იდგა კლასი! – ბრაზობს ნაირა.

დირექტორმა ახლა ჩვენ  შემოგვხედა, ალბათ წარმოიდგინა როგორი სანახავი ვიქნებოდით ჩვენ  ან არწივები თავდაყირა.

–  მაშინ მადლობა უნდა ვუთხრათ ბუხუტი მასწავლებელს, დაუწყნარებია ყირაზე მყოფი კლასი. აბა, ბატონო ბუხუტი,  რომელ პარტიას ვარჩევთ დღეს?  – საჭადრაკო დაფას უყურებს.

–  ლასკერი – შლეხტერი,  გადამწყვეტი პარტია, 1910 წელი.

–  უ, კაია, აუფ, რა თამაშია, კაცის ბედისწერას ერთი არასწორი სვლა როგორ წყვეტს. შლეხტერმა გამარჯვებამდე მიყვანილი პარტია როგორ ერთი სვლით ჩამოშალა როგორც ცას ამწვდარი სილის კოშკი… ნიჩიაც ყოფნიდა და ჩემპიონი იყო, რა მაინტერესებს,  ბატონო  ბუხუტი, რით ხსნიან ამ საოცრად  სუსტ სვლას, რა მოუვიდა შლეხტერს?

–  ზოგი ამბობს, ლასკერის ჰიპნოზიო, მაგრამ მე უბრალოდ მგონია შიოდა!

–  არაა გამორიცხული!  შლეხტერის  ვატერლოო,  აუფ,  ბუხუტი მასწავლებელო, ვამაყობ თქვენით, სიამოვნებით დაგესწრებოდით  გაკვეთილზე.   ეს იყო  ძველბერძნული ტრაგედია.  რა თამაში, რა თამაში!  რა ქნა კაცო, ა…

ნაირა გაკვირვებული  უყურებს ორივეს.

– აუფ, მომენატრა თქვენთან თამაში, დღის ბოლოს არ გამეპაროთ, ვთამაშობთ სისხლის ბოლო წვეთამდე… არ მითხრა მერე სათოხნი მაქვსო!  წვიმას მიაქვს ქვეყანა!

დირექტორი ხელს ართმევს  ბუხუტი მასწავლებელს და გადის.  ნაირა ჟურნალთან მიდის:

–    ვინ არ არის?

–   ცინცაძე და ლონდარიძე,  მას! –  პასუხობს ნანა.

–   ბუხუტი მასწავლებელო, არები რატომ არ გიწერიათ? – ეუბნება ბუხუტის, ისე რომ  ჟურნალს თვალს არ აცილებს.

–   ვაცალოთ, ბატონო, იქნებ მოდიან!

–  ოთხი გაკვეთილი თუ არ იყვნენ, ამ კოკისპირულ წვიმაში, მეხუთეზე მოვლენ?

ხო ხდება საოცრება. იელვა ისევ, ცოტა ხანში მეხიც გავარდა.  უცებ მართლა იღება კარი და  გალუმპულები და გაღიმებულები შემოდიან ორივე, ლონდარიძეც და ცინცაძეც.

–  რა გეჩქარებოდათ,  გადაიღებდა წვიმა და მოსულიყავით!  – უყურებს გაკვირვებული  ნაირა ორთავეს.

–  თამაში გვაქვს, მას!  –  ამბობს ლონდარიძე.

–  მერე რომ გაცივდეთ ამ წვიმაში, რა ეშველება სკოლას!   დასხედით ორივე!  – ამბობს ნაირა და ისევ ჟურნალს  უკირკიტებს!

– რა არის, ბატონო   ბუხუტი,  წინა გაკვეთილზე ყველასთვის ათიანები  რომ  ჩაგიწიკწიკებიათ!

–  იცოდნენ,  ქალბატონო ნაირა,  გაკვეთილი!

–  ყველამ ათზე ხო?!

–  თქვენ არ მითხარით ნიშნებს რატო არ წერთო?

–  გაკვეთილის შემდეგ  სამასწავლებლოში მოდით ჟურნალით!

მერე ჩვენ შემოგვხედა.  ანუ ახლა თვალებით გვითხრა, ,,მაცალეთ მე თქვენო”  და გავიდა.

მეზობლები ნაირაზე ამბობენ, ბუხუტი მოწონსო,  ბუხუტიზე ამბობენ ნაირაო, მაგრამ ამათთვის ასეთი არაფერი შემიმჩნევია, სულ ჩხუბში არიან.  ბუხუტი  ქვრივია, სულ მარტოა სახლში. ბიჭი და გოგო კი ჰყავს მაგრამ  ორივე ქალაქშია და ორივეს ცალ-ცალკე ოჯახები აქვს.   ნაირა  გასათხოვია თუ გაუთხოვარია, არ ვიცი, აბა შინაბერას თქმას  ვინ გაუბედავს. ის ვიცი მოხუც დედასთან ცხოვრობს ჩემს მეზობლად.  კლასში რომ მასზე მკაცრი არავინ გეგონება, ისე სამეზობლოდ ძალიან თბილი ქალია და ხუმრობა უყვარს.  სამი დღის წინ ჩვენთან იყო გადმოსული, არ იცოდა იქ თუ ვიყავი,  ჰოდა მესმოდა დედას როგორ ელაპარაკებოდა:  ,,ქალი ოცამდე გასათხოვია, ორმოცამდე გოუთხოვარი, ხოლო ორმოცის მერე სახტად დარჩენილიო.  წინა  ზაფხულს ერთი  კვირით ურეკში ვიყავი,  ხოდა დილით გავედი პლაჟზე, ვვარჯიშობ,  წინმკალვი, ზემკლავი, განმკლავი, ბუქნი… (ესენი სულ ბუხუტის ნასწავლი იქნება)  მესმის ჩემს უკან  ქვიშა ახმაურდა.  გამეხსნა ალბათ ბედი-მეთქი-ვფიქრობ.  ახლოვდება ეს ხმა. აჩქარებული სუნთქვაც მესმის. ვფიქრობ, აღელდა კაცი, როგორც ზღვა…  ვერ მოვითმინე და მოვიხედე.  ვხედავ, ძროხა მიყურებს. ეჰ, გაგისკდა ფაშვი! – ვეუბნები. მარა მას რას ვერჩი. ხოდა დავრჩი ასე სახტადო…”

 ნაირაზე ულამაზოს ახლაც ვერავინ იტყვის, მით უმეტეს ადრე უფრო ლამაზი იქნებოდა,  შუამავლების  მასპინძლობას ვერ აუდიოდა თურმემ ოჯახი, მაგრამ ნაირას გული  ცივი იყო ვითარცა ყინული,  ხოდა გამოდის ვერ გაალღვო ვერავინ, ახლა რანაირად მოწონს ბუხუტი  მე პირადად არ მესმის,  სულ ჩხუბში არიან.

 –  მას, არ გვინდა რა ჭადრაკი, ფეხბურთზე ვისაუბროთ! – ვამბობ მე,  ამის  სრული უფლება მაქვს გუნდის კაპიტანი  ვარ.

–  კაცი ჭკუით გატენილი  მგონიხარ,  ამას უნდა მეუბნებოდე?   ვერ ნახე დირექტორი  რომ იყო შემოსული?  ხომ იცი რომ წვიმაში ვთამაშობთ ჭადრაკს?!

–  მას, რა ვქნათ იცი, დავალაგოთ ფიგურები და ვისაუბროთ ფეხბურთზე, რა ტაქტიკა ავარჩიოთ, ფინალი გვაქვს,  სათამაშო!

–  ტაქტიკაზე ნაფიქრი მაქვს უკვე, დუბლვე!

–  მაი რაია მას?  –   გვიკვირს ჩვენ.

–   ვინ მივა დაფასთან? – დასვა   კითხვა ბუხუტიმ.

–  მე მივალ, მას! –  ვთქვი მე და დაფასთან გავდივარ.

–   აბა რა უნდა ქნა ახლა თუ იცი?

–   რაცხას კი ვხვდები, მარა მთლად კარგად ვერა, მას!  –  იხტიბარი არ გავიტეხე მე,  ისე სიმართლე რომ ვთქვა,  ალბათ ლასკერ-შლეხტერის პარტია ვარჩევთ  ისევ-თქვა, ვიფიქრე.

–   ჩამოხსენი  საჭადრაკო დაფა და გადაკიდე გვერდით იმ ლურსმანზე!

სწრაფად ვასრულებ  პირველი დავალებას.

–  აი, ყოჩაღ!  აიღე ახლა ცარცი და დაწერე  ლათინური ვე!

–   იგივე რომაული მეხუთ, ხო, მას!  – მე სწრაფად დავწერე ლათინური დიდი ვე.

– აი, ყოჩაღ!  ახლა მიუწერე  მეორე იგივე ასო გვერდით, ისე რომ ორმა გვერდმა ერთმანეთი გადაკვეთონ! რა მივიღეთ!?

–   დუბლვე!

–   ხოდა ეს იქნება ჩვენი ტაქტიკა! ზედა წვეროებს ხო ხედავთ, ეს არის ოთხი დაცვა! შემდეგ მოდის სამი ნახევარდაცვა,  შემდეგ ორი გარემარბი, როგორც  სოლი  და ცენტრალური თავდამსხმელი.

 –  მეკარე,  მას?

–  რად გვინდა მეკარე?   სწორად თუ ვითამაშებთ ჩათვალეთ მეკარესთან ბურთი არ უნდა მივიდეს, კაი,  არ ეწყინოს კახას, მიახატე დასვი  უკან ერთი წერტილი, ესეც მეკარე!

–  წერტილი ვარ,  მას, ამხელა კაცი?!

–  წერტილი საქმეა, იცოდე, გოუშვებ გოლს და გახდები მრავალწერტილი! –  ბრაზობს ბუხუტი.

–  მას არ გვინდა რა ფეხბურთი, ჭადრაკი გვირჩევნია!  – ამბობს ნონა.

–  გიშლის,  ქალბატონო ნონა, ვინმე ჭადრაკის თამაშს?    აგერ დაფა და ეთამაშე მაიას!  ვითომ მე ვარ ქარსელაძე. ხო მოგიყევით ბავშვებო, ჩვენს ჩემპიონებს, ნონას და მაიას ერთი და იგივე პირველი მწვრთვნელი ჰყავდათ და ეს იყო ვახტანგ ქარსელაძე, მოკლედ გოგოები თამაშობენ ჭადრაკს, ბიჭებს ექნებათ თეორიული  მეცადინეობა ფეხბურთში!

–  ვაშა! – ვამბობ მე.

–  მას, მოგისმენთ რა! – ამბობს ნათია.

–  ვისაც მოსმენა გინდათ, მოისმინეთ, ვისაც ჭადრაკი გინდათ,  ითამაშეთ!

მაია  და ნონა იწყებენ ჭადრაკს.

–  ახლა მომისმინეთ!  დღეს არის ოთხშაბათი, ხო?

–   კი, არის,  მას!

–   როდის  გვაქვს ფინალი?

–   ზეგ ,  პარასკევს!  –  პასუხობს ლონდარიძე.

–   ხო, მართლა ლონდარიძე, ამ კოკისპირულ წვიმაში, მეხუთე გაკვეთილზე  რამ მოგიყვანა?!

–  ფიზკულტურამ, მას,  ვიფიქრე ფეხბურთი გვექნებოდა?

–   ამ წვიმაში?

–   წვიმაშიც ხო თამაშობენ, მას,  ფეხბურთს?

–  გეტყვის მერე ნაირა, ათიანს რატო  წერო? ყოჩაღ  ლონდარიძე? კიკვაძემ  თუ გამაბრაზა, შენ იქნები კაპიტანი!

–  არ მინდა მას,  კაპიტნობა,  მე გენერლობა მირჩევნია!

–  ხოდა გენერალი იქნები!  კაპიტნად  დავტოვოთ ზაზა,  თქვენი არჩეული ის არის  და მგონი არ არის ცუდი  კაპიტანი, ა, რას იტყვით?

–  იყოს, მას! – ეუბნება კახა.

– მაშ ასე, აბა მითხარით, ფეხბურთში რა არის მთავარი?

–  გოლი!

–  უფრო მთავარი?

– ლამაზი თამაში!

– უფრო მთავარი?

გავჩუმდით. უფრო მთავარი რა უნდა იყოს?!

–  კარატე! –  ამბობს უცებ ცინცაძე.

–  გენიოსი არ არის ახლა ეს? ფეხბურთში მთავარია კარატეო…  როგორ ამოვშალო ის ათიანი, რატო მელანი  არ დამიმთავრდა კალმისტარში შენ რომ ათიანი დაგიწერე!

–  აბა რა არის მას?

– შედეგი! არავის ემახსოვრება  თქვენი  ლამაზი ფინტები  ათი წლის მერე, ისტორია შემორჩება, ის რომ კოხნარის საშუალო სკოლის მეათეკლასელები გახდნენ რაიონის ჩემპიონები. ან რა სჯობს რომ გახვალთ სოფლის შუკაში  და მეზობელი შეგხვდება და ჩემპიონს გაუმარჯოსო, გეტყვის!

–  მაგარია, მას!

– არ დაიწყოთ ახლა მესები  ვართ, სუარესები და მაგათ ზე უარესებიო. პირველ ვარჯიშზე რომ ყველა მესის ათნომრიანი მაიკით მოით, ხო გახსოვთ? ახლა მაქვს გუნდის კაპიტანთან შეკითხვა!

–  გისმენთ,  მას!  –  ვფაციცდები მე.

– აბა მითხარი სადაა დედამიწის ცენტრი?

რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რა მეპასუხა,  მთლად უპასუხობას, ერთადერთი ვერსია მქონდა და ის ვთქვი:

– საქართველო!

– თბილა, უფრო კონკრეტულად?

ანუ არ ვარ შორს.

–  უფრო კონკრეტულად  გურია!

–  კიდე უფრო კონკრეტულად?

–  ჩოხატაური  და ჩვენი სოფელი, კოხნარი!

– უფრო კონკრეტულად?

რაღა დარჩა!

– ჩვენ მას, სადაც ახლა ვართ!

–  ახლოს ხარ! თუ არ მეტყვი ახლა სად არის დედამიწის ცენტრი,  გადაგაყენებ იცოდე კაპიტნობიდან!

უცებ დირექტორის  გაკვეთილი გამახსენდა,  საფრანგეთის   რომელიღაცა ლუი რომ იძახოდა,  სახელმწიფო ეს მე ვარო,  რადგან დირექტორი და ბუხუტი ძმაკაცობენ, ამ ლოგიკით ცენტრი  მე ვარ!

– მე ვარ, მას დედამიწის ცენტრი!

–  კაი ბატონო,  ხარ შენ ცენტრი!  აი, კახა ვინაა მაშინ? – დასვა ახალი  კითხვა ბუხუტიმ.

–  დაცენტრილი! –  თქვა უცებ ბესიკამ.

–  დაგცენტრავ ახლა, შენ! – ბრაზობს კახა.

–   ამას ვინ იტყოდა ცენტერაძის მეტი! კიდე ვერ მიხვდით რას გეუბნებით?!

–   მივხვდით მას, დაცენტრილები ვართ  ყველა!  –  ამობს შავლეგო.

–  დაახლოებით სწორს ამბობ, შავლეგო,  თითოეული თქვენთაგანი ხართ დედამიწის ღერძი, ცენტრი,  ბუფონი ხოა მის ადგილას მესიზე მაგარი?

–  არის!

–  მარსელოს  სჯობს ვინმე ორ ნომერზე?!

– არავინ!

–  ჩივაძე რომ  იყო სამი , არის იმისთანა ვინმე?

– არავინ!

– რა ადგილასაც არ უნდა მოგიწიოთ თამაში,  შეუცვლელები ხართ, გაიგეთ?   ჰოდა ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, თქვენს უკან თქვენი სოფელია!

მეორე დღეს კარგი ის იყო რომ გამოიდარა, ცუდი კი ის იყო, რომ   კლასის დამრიგებელმა, სანამ ზარი დაირეკებოდა, კრება გამოაცხადა.

–  გუშინ, კლასში იყავით ყველა, ხომ კი?

–  ვიყავით!

–  გუშინ დილით  ყველ სკამს ჰქონდა საზურგე,  დღეს არც ერთს არ აქვს?  მორიგე ვინ იყო.

–  ნესტანი და თამაზა…

–  ძალიან კარგი,  აბა გისმენთ, რა მოუვიდა სკამებს?

–  ჩვენ რა ვიცით მასწ!

–  თქვე საზიზღრებო  თქვენ, აბა მე ვიცი!  ერთხელ გავეთავისუფლე დირექტორს,  დედაჩემი ოპერაციას იკეთებს-თქვა,  ახლავე იტყვით  ვინ დააზიანა საკლასო ინვენტარი,  თორემ ყველანი მივდივართ დირექტორის კაბინეტში!

–  დედათქვენი  როგორ არის,  მას?

–  მადლობთ, არა უშავს, თქვენ არ მოუკვდით დედათქვენებს,   კლასი  ვერ უნდა დავტოვო ერთი დღით?

–  ჩვენ რა შუაში ვართ, მას, გუშინ ბუხუტი მასწავლებელს ეჩხუბებოდა ნაირა მასწავლებელი ჩვენს კლასში, ჰოდა იქნებ იმათ…

–  ჩუ, ბიჭო! –  ეცინება მაყვალა მასს.

–  კი მას, ასე იყო!  – ავყევით ჩვენ ხვიჩას.

–  რა ასე იყო, არ შემშალოთ ახლა!

–  კი, მას ასე იყო დირექტორიც აქ იყო და აშველებდა!

–   ასე რომ ყოფილიყო, სამასწავლებლოში ხო იტყოდნენ!

–   მას, ვინ იტყოდა, ნაირა ხო არ იტყოდა და ბუხუტი,  აბა დირექტორიც ხო არ იტყოდა!

–  ხმა, კრინტი არ გავიგო თქვენი, ამოგაცლით ენას  იცოდეთ! – გვემუქრება მაყვალა   მასწავლებელი, თან ეცინება.   –  გაკვეთილების მერე დარჩებით ყველა და საზურგეებს შეაკეთებთ, დარაჯს გამოართმევთ ლურსმნებს და  ჩაქუჩს!  ერთი ვინმე ვნახო წასული,  სკოლას  დავატოვებინებ.

რა გვექნა, გაკვეთილების მერე ყველანი  დავრჩით.  დარაჯმა, რომელიც ხელოსანიცაა,   ,,ეს ატვიორკა სულ თავში უნდა გირტყათ კაცმაო”, – მკაცრი სასჯელი გამოგვიტან, კიდევ კარგი ჩაქუჩს გადავრჩით. მერე  ჩვენს მაგივრად შეაკეთა ყველა სკამი, ცოტა ჩვენც  წავეხმარეთ.  ამ პროცესის დროს  ჯერ ნაირა შემოვიდა კლასში, ვინ თქვა ესო, ისე გვიყვირა,  ყურებს  დარაჯის  ატვიორკა  გვიბურღავდა გვეგონა.  მერე ბუხუტი შემოვიდა: ,,ხვალ თამაში არ გქონდეთ, ვიცი მე თქვენი ამბავიო”,  – თქვა  და გავიდა.

სკოლიდან ბიჭები სტადიონზე ჩავედით, ბუხუტიც მოვიდა ცოტა ხანში თავის კალიასკიანი მოტოციკლით, საზურგეთა ომზე და მის თანამდევ შედეგებზე არაფერი უთქვამს, 15-15 წუთიანი ორკარა გვათამაშა და გვითხრა, რომ სტადიონიდან პირდაპირ სახლში წავსულიყავით,  არსად არ გვებოდიალა,  ისე, რომ ყველანი თერთმეტ საათზე ლოგინში უნდა ვყოფილიყავით, თან გაგვაფრთხილა, იცოდეთ ყველას ჩამოგივლითო.  ამას  როგორ  მოახერხებდა არ ვიცოდი, მაგრამ  ბიჭებმა  მოვილაპარაკეთ,  თერთმეტ საათზე ყველანი  ლოგინებში ვყოფილიყავით,  რათა ჩვენი ცხოვრების პირველი  ფინალში  არ შევრცხვენილიყავით.

მართლაც, თერთმეტზე დასაძინელად რომ გავემზადე, დედამ გაკვირვებულმა  შემომხედა, ავად ხომ არ ხარო და შუბლზე დამადო ხელი. ხვალ ფინალი  გვაქვს-მეთქი რომ ვუთხარი,  გადაგრევთ  თქვენ მაგი  ბუხუტიო,  დედა, მასე ნუ იტყვი-მეთქი, ვთხოვე, ნახევარი ბაღნები მაგის  გულიზა დადის კლასში-მეთქი…

ცოტა ხანში, ჯერ მოტოციკლეტის ხმა  გაისმა ჭიშკართან, მერე ბუხუტის:  ,,გენადიო”, – მამაჩემს ეძახდა. მობრძანდი ბუხუტიო, – მამაჩემმა.  ,,რას შვება შენი ბიჭიო?” – ბუხუტიმ იკითხა.  მერე  უკვე, მამაჩემი სხმა გავიგონე, დედაჩემს ეძახდა: ,,ბეჩა,  ბაღანე სადააო?” ,,დასაძინებლად ავიდა, თამაში ქონია ხვალო”, –  დედაჩემმა.  ,,ხო, მაი მაინტერესებდაო”, – ბუხუტიმ  და ისევ აამუშავა მოტოციკლი, ისე რომ მამაჩემის მოპატიჟება, ,,ჩამოი ბუხუტი,  კაი ღვინო  მაქვსო!” –  მგონი არც გაუგია. მერე თქვეს  ბიჭებმა, ყველას ოჯახში გაუვლია, რას შვებიანო.

დაწოლით  კი დავწექი,  მაგრამ როგორ გინდა დაიძინო, სულ ხვალინდელი თამაში მიდგას თვალწინ, არადა გაგვაფრთხილა, ამ ღამით თამაშზე არ იფიქროთ, დაასვენეთ გონება, თამაშზე თამაშის დროს იფიქრეთო. მეც ის გავიხსენე,  როგორ უნდა დაიძინო, როცა არ გეძინება  და დავიწყე ცხვრების ეზოში ჩამოდენა და თვლა, ათამდე რომ ავედი, გამიძალიანდა ერთი, სულ გარე-გარე დარბოდა, ვერაფრით ვერ მოვიხელთე, მერე საიდანღაც ბუხუტი მოვიდა, მოტოციკლით, კალიასკაში  ნაირა ეჯდა. მერე ორივენი მეხმარებოდნენ ის გაჯიუტებული  ცხვარი რომ ეზოში ჩამედენა, ჩავდენეთ  და  გამეღვიძა კიდეც.

თამაშზე დირექტორი ვერ წამოვიდა, სასწრაფოდ თბილისში მოუწია წასვლა, ნაირას სთხოვა, გუნდი არ მიმიტოვოო. სოფლის გამგებელმა მიკროავტობუსიც გამოგვიყო. თამაში ჩოხატაურის ,,ბახმაროს” ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ფინალში ჩვენი მეზობელი სოფლის, საჭამიასერის გუნდს ვხვდებოდით. სტადიონი გადაჭედილი არ იყო, მაგრამ სანახევროდ კი გაივსო.

პირველი ტაიმი, ნულოვანი ფრე. ჩვენც ვუტევდით, ისინიც გვიტევდნენ, მაგრამ ნერვიულობა იყო, თუ რა იყო, ბურთი კარისკენ არადა არ მიდიოდა…

შევედით გასახდელში,   შემოვაწყვეთ ფეხები მაღლა, სკამებზე, დიდი ფეხბურთელებივით.

– შენ, კაპიტანი რომ ხარ, გუნდს უნდა უხელმძღვანელო!  რო დაადებ თავს ღლონტის ღორივით, ვერ ხედავ ვერავის, პასი არ უნდა მისცე გახსნილ კაცს? – პირველი მე დამიწყო ჩხუბი ბუხუტიმ

– დამიძახონ  მას!

– დეპეშა  ხო არ გინდა გამოგიგზავნოს! გადამრევს ეს კაცი!  მოიხედე აქეთ, მხედავ !

– კი მას!

– აგერ ჯონიას ხედავ?

–  კი, მას!

– აბა, მოედანზე რა გჭირს?  ყველას გეხებათ, სანამ ბურთს მიიღებთ,  უნდა იცოდე რა უქნა იმ ბურთს!  ჰაერში ლივლივებთ!  გაშალეთ  თამაში,  ფინტით ატყუებ ერთ კაცს, კარგი პასით ხუთს, პასი მამაძაღლია. სადაა ტაქტიკა, რაც მოვილაპარაკეთ. უნდა მოვიგოთ იცოდეთ!

ბოლოს გვეუბნება სიტყვებს, რაც კარატეზეც გვითხრა ერთხელ:  ,,თუ გინდათ  გამარჯვება, შეუტიეთ  მტერს და გამოგლიჯეთ მათ  ხელებიდან გამარჯვებაო” –  და მსაჯის სასტვენმაც გვიხმო.

მეორე ტაიმი დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, ალბათ დამატებითი დრო ან პენლები თუ გადაწყვეტდა თამაშის ბედს. ტაიმის მიწურულს ცოტათი მოიღრუბლა.   მერე უწყინარ მომენტში, შუა მინდორზე სერის გუნდის   კაპიტანმა  საშინლად ჩამარტყა  ბუცი კოჭში. ტკივილისგან გამწარებულს  მახსენდება ბუხუტის  დარიგება,  მიეცი ქულა აართვი ილეთიო, რომ გვასწავლიდა, ჰოდა   კარატეს  ყველაზე მარტივი ილეთის, კატას რომ ეძახის ბუხუტი, ჩატარების შემდეგ მეტოქე გუნდელი  ბალახზე იწვა გულაღმა და თავზე ვადექი,  როგორც, ალბათ მეფე ერეკლე კოხტა ბელადს. იქ ამბავი ატყდა, ბებია შვილიშვილს სათოფეზე არ მიიკარებდა, თუმცა ჩვენ აშკარად ვჯობდით და ცოტა ხანში,  მთელი სერის გუნდი, მეკარის გარდა,  ბალახზე იწვა და ვხედავდი კახა როგორ გარბოდა მეტოქე გუნდის მეკარისკენ. მსაჯმა მოასწრო, მისი გაკავება მოახერხა და მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა და ბუხუტის ჩაუგდო მკლავებში. მერე დანარჩენ ათ ფეხბურთელს ჩამოგვიარა  და სათითაოდ  გვაჩვენა  წითელი ბარათი, თავი მიტინგზე მეგონა, მედროშე კი მსაჯი იყო, რომელიც ახლა ტელეფონით ათანხმებდა ვიღაცასთან, რა ვქნა, ათი კაცი გავაგდე ერთი გუნდიდან  და თამაში განვაგრძო თუ შევაჩეროო. იქედან ეტყობა უთხრეს, თამაში ბოლომდე მიიყვანეო. ერთი კახა დაგვრჩა მინდორზე, რათა  ჩვენი გუნდისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია არ მოეცათ. მოსულიერებულმა და გაბრაზებულმა სერელებმა, სათითაოდ ათი გოლი ისე გაგვიტანეს,   არც ერთი არ გაწითლებულა. მერე მათ საზეიმო ვითარებაში გადასცეს დიდი თასი და მედლები ჩვენ ისევ სიგელები შეგვხვდა.

ბუხუტის ფერი არ ედო.

–  რა  ქენით ბაღნებო, აი?!  – გვითხრა. ჩვენ თავჩაქინდრულები ვიდექით და ხმას ვერ ვიღებდით, კახამ რაღა დააშავა და ისიც ჩვენსავით იდგა, პანაშვიდზე მეგონა თავი.

დავინახეთ ნაირა როგორ მოდიოდა ჩვენსკენ. ახლა ამის ყვირილის თავი ვის აქვსო, კი ვიფიქრე, მარა არ უყვირია. ჯერ  ჩვენ  გადაგვისვა თავზე ხელი, არა უშავსო,- მოგვისამძიმრა,  მერე   კი ბუხუტი მასწავლებელთან მივიდა ხელის ჩამოსართმევად.

–  ბუხუტი მასწავლებელო,  ძალიანაც ნუ იდარდებთ, სამაგიეროდ კარატეში ხო მოვიგეთ, თან ერთ თამაშში ათი წითელი ბარათი ერთ გუნდს, გინესის რეკორდია! –    თქვა უცებ და გაიღიმა.

პირველად დავინახეთ ნაირა როგორ უღიმოდა ბუხუტის,  ბუხუტიმ არ ელოდა თუ რა იყო,  ვერაფერი თქვა, გაეღიმა იმასაც და მომეჩვენა თუ მართლა, ცრემლი აუკიაფდა  თვალთან…

… ძალიან რომ გეწყინება რაიმე, იმ დღეს რა სიზმარსაც ნახავ აგისრულდებაო, ვიღაცა მეუბნებოდა.  რა დამჩემდა ეს ნაირა და ბუხუტი სიზმარში, ამ ღამესაც მესიზმრენ, თითქოს ქორწილი ჰქონდათ, ბუხუტი ქართული ჩოხა-ახალუხით იჯდა თავის მოტოციკლში,  კალიასკაში კი ნაირა ეჯდა თეთრი ფატით, ხელში საჭადრაკო დაფით,  ჩვენ მთელი მეათე  კლასი  მაყრიონში ვიყავით, ზოგი ქართული ჩოხებით, ზოგი იაპონური კიმანოებით  და ,,ვისია ვისია, ქალი ლამაზიო…” ვმღეროდით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი