შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

იყო და არა იყო რა, ანუ სპეცმასწავლებლების სევდა

„შენ ყური უგდე ჩემს ლაპარაკსა, მე მართალს გეტყვი, ართუ არაკსა.“

/დავით გურამიშვილი/

არაკი 1.  დიდი ხანია, დედაქალაქში ერთ-ერთი უცხო ენის სერტიფიცირებული პედაგოგია, სკოლაში შემცირებული საათობრივი დატვირთვის გამო ინკლუზიური განათლების არაერთი საერთაშორისო ტრენინგი გაიარა, გადამზადდა და სპეცმასწავლებლობის სიმძიმე იტვირთა. კარგად გაეცნო ბავშვების საჭიროებებს, ფორმალობის ყველა დეტალს, სწავლების სტანდარტებს, ძალიან უყვარს „თავისი ბავშვები“, 6 ჰყავს – აუტისტური სპექტრის, გონებრივი ჩამორჩენის და მძიმე სოციალური ფენის ოჯახებიდან, მხედველობის არმქონე და სმენადაქვეითებული, ცერებრუალური დამბლითაც კი. სკოლაში  8 მ2-იანი ოთახი ძლივს გამოუყვეს, ისიც საკუთარი ხარჯებით მოაწესრიგა, შეძლებისდაგვარად მორთო, ავეჯისა კი რა მოგახსენოთ, ძველი მონჯღრეული მაგიდა და რკინის სკამები უდგას.  ამის გამო ძალიან წუხს. არაერთგზის მიმართა დირექციას საჭირო რესურსების მოსაპოვებლად, თუმცა – უშედეგოდ. დიდი ჩამორჩენის გამო „თავისი ბავშვების“ მშობლები სთხოვენ, გაკვეთილებიდან გამოიყვანოს და ისე ამეცადინოს. ასე რომ, რესურსოთახში დღეში საშუალოდ 4-6 გაკვეთილს ატარებს, დანარჩენი დრო კლასებში სიარულს, დაკვირვებას, ქცევის კითხვარების შევსებას, პედაგოგებთან კონსულტაციას, გეგმებზე მუშაობასა და სხვა წვრილმანებს ხმარდება. დილის 8 საათზე გამოსული, შინ 7-ზე ბრუნდება. ელის მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომელსაც თავად უვლის. მისი ხელფასი 280 ლარია, რომელიც უნდა ეყოს გადასახადების, საკვებისა და  წამლების, სამგზავრო ხარჯებისათვის, მეორადი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის  საყიდლად მაინც, წიგნების, კალმების და სხვა საჭირო წვრილმანებისთვის.  ეყოფა? – ჰოდა აქვს ვალები. განა ეს არსებობაა? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ რატომ არა? კი! ის ხომ ღირებულებებს ემსახურება. იმას, რასაც თითქმის ნახევარი საუკუნე უკვე შესწირა.

არაკი 2. არ ცხოვრობს დედაქალაქში, თუმცა ისიც სერტიფიცირებული პედაგოგია. შეფასების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი – საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელი. 4 ათეულ წელს ისე მიატანა, რომ საკუთარ ქალაქში თავისი პროფესიით საჯარო სკოლის მასწავლებლობას ვერსად ეღირსა. არაერთ სკოლაში მისულს დირექტორები უარით ისტუმრებდნენ, ადგილი არ გვაქვსო, შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, ადგილები ჩნდებოდა, ოღონდ თავისიანებისთვის. ქრთამი არ და ვერ გადაიხადა. ქართულის მასწავლებლობას რომ ვერ ეღირსა, სპეცმასწავლებლად წავიდა მეზობელ ქალაქში, ყოველდღე 4 ლარს ხარჯავდა გზაში იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოეხდინა. მერე საკუთარ ქალაქშიც გამოჩნდა ვაკანსია და კომისიამ აიყვანა სპეცმასწავლებლად. ჰყავს ოთხი ბავშვი – ქცევის დარღვევების და გონებრივი ჩამორჩენის, ასპერგერის სინდრომის მქონე, სოციალურად მოწყვლადი ოჯახებიდან. დირექციამ, მართალია, მიიღო, მაგრამ ზედმეტად მიიჩნევს სკოლაში მის არსებობას, ასეთივეა მის მიმართ თითქმის ყველა პედაგოგის განწყობა. არ იღებენ რჩევებს, მიიჩნევენ, რომ ასეთი ბავშვები ცალკე სკოლებში უნდა სწავლობდნენ. სამუშაოდ გამოუყვეს 11მ2-იანი ოთახი, რომელშიც არ აქვს რბილი ავეჯი, ტექნიკა და არც სხვა ტიპის სასწავლო თუ სამუშაო რესურსები. ხელფასი – 280 ლარი. შინ 6-ზე ბრუნდება. სახლში მეუღლე, ლოგინად ჩავარდნილი დედამთილი და ოთხი მცირეწლოვანი შვილი ელის. გული უკვდება, რადგან იცის, რომ თავისი შვილებიც იმსახურებენ სსსმ სტატუსს, იმის გამო რომ შიათ, რომ ყველაფერი აკლიათ, რომ ხშირად ჩუმად ტირიან რაიმეს არქონის ან ექსკურსიაზე წაუსვლელობის გამო. და განა ეს არსებობაა?! პასუხად – აქაც იგივე არა/კი. ისიც ხომ ღირებულებებისთვის შრომობს.

არაკი 3.    ორ საგანში სერტიფიცირებული, ორგზის მაგისტრი, დოქტორანტი, მეოთხე ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალაქი გამოიცვალა. დედაქალაქში ბედს არ უჩიოდა, ძირითადი პროფესიით მუშაობდა. კლასში სსსმ ბავშვებთან არსებობის გამო ინკლუზიის პრინციპები შეისისხლხორცა და მშობლიურ ქალაქში სპეცმასწავლებლად მუშაობის დაწყებაც ინკლუზიური და ფსიქოლოგიური განათლებისა თუ  გამოცდილების ქონის გამო შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი არძირითადი პროფესიაა, ძალიან უყვარს თავისი საქმე, ბავშვები და იმათი ამხანაგები, მშობლები, კოლეგები. აწყობს სკოლაში სხვადასხვა ღონისძიებას, კოლეგების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დიდად არ ადარდებს. იცის, დრო მოვა და ყველა შეთანხმდება, რომ ყველა თანასწორია და რომ სპეცსკოლები არ უნდა არსებობდეს. ალტრუისტია. ბევრს ფიქრობს, მწირი რესურების პირობებში როგორ გააუმჯობესოს „თავისი ბავშვების“ შედეგები. თუმცა კი გულს უკლავს მათი მდგომარეობა. ყოველდღე 8 საათიანი დატვირთვის გარდა, ბევრ დროს ხარჯავს მშობლებთან თუ კლასის პედაგოგებთან სატელეფონო კომუნიკაციაში, შუაღამით კითხულობს უცხოურენოვან ლიტერატურას. მიუხედავად იმისა, რომ არ ევალება, თავად ახდენს შესასწავლი ტექსტების ადაპტირებას, აქვს შედეგი, მაგრამ მეტი უნდა. ისიც მრავალშვილიანია, ჰყავს თვითდასაქმებული და თითქმის უმუშევარი მეუღლე, ხელფასი – იგივე, სცენებიც – იგივე. აქაც იგივე შეკითხვა და პასუხადაც  – იგივე არა/კი.

არაკი 4. სტუდენტია. მაინორად ინკლუზიური განათლება აირჩია. სკოლაში პრაქტიკის დროს ხედავს, როგორ მუშაობს სპეცმასწავლებელი, გრძნობს მისდამი ბავშვების და უფროსების არაერთგვაროვან დამოკიდებულებებს. რადგან მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ამხანაგი სახელით მიმართავს, სხვა ბავშვები მასწავლებლად არ მიიჩნევენ,  უფროსები – კოლეგად, ეს კი უკვირს. ზოგი რას ავალებს, ზოგი რას სთხოვს სპეცმასწავლებელს. აკვირვებს მისი მოთმინება. „დაგუგლა“ და ხელფასიც ნახა, 280 ლარი თვეში, პერსპექტიული ახალგაზრდისთვის არასახარბიელო შემოსავალია, თანაც როგორი დატვირთვით. ასე ვერ იარსებებს. თითქოს გადაიფიქრა სპეცმასწავლებლობა, მაგრამ ბავშვები რომ ეცოდება?! ესეც მეოთხე არა/კი.

დაახლოებით ამგვარი სურათი არაერთ კოლეგას აღუწერია თუ დაუხატავს. ურესურსობა, რესურსების სიმწირე, არარსებობა თუ „რესურსოთახის“ ზომა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სპეცმასწავლებლები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად განიცდიან თითოეულ სსსმ მოსწავლესთან ურთიერთობისას. წარმატების მისაღწევად კი დიდი ენთუზიაზმი, ალტრუიზმი, ამავდროულად, უძლიერესი შინაგანი დაცვითი მექანიზმების არსებობაა საჭირო ამგვარ ბავშვებთან სამუშაოდ.  ეს კი ძალიან ძნელია. მით უფრო მაშინ, როდესაც იცი, რომ ხელზე ასაღები შენი წლიური სარგებელი (3360 ლარი) უცხოელი კოლეგის თვიურ სარგებელსაც  არ უტოლდება.

რეალობა 1. კონტროლის ღილაკს მარცხენა ხელის თითს თუ დავადებთ, მარჯვენას კი – აი, ამ ლინკს: https://www.teachingdegree.org/california/salary/, შემდეგ სურათს დავინახავთ: საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების სპეცმასწავლებლების ხელფასი კალიფორნიის შტატში 67650 აშშ დოლარს შეადგენს, სრულიად აშშ-ში კი წლიური საშუალო ხელფასი 10000 დოლარზე ცოტა მეტით ჩამოუვარდება პირველ სანეტარო ციფრს და 56690 აშშ დოლარია. საბაზო საფეხურზე ხელფსები შემდეგია: 63610$ – კალიფორნიაში და 59580$ – აშშ-ში; საშუალო საფეხურზე კი სეცმასწავლებლების სახელფასო ციფრები 67680$-სა და 59540$-ს შორის მერყეობს.

რეალობა 2. ევროპაში სპეცმასწავლებლების რამდენადმე დაბალი ხელფასია მითითებული. მაგ., ლონდონში, რომში წლიური შემოსავალი 47000 აშშ დოლარამდე ჯამდება, ბერლინში – 51000$-ამდე, პარიზში, ტალინსა და ვილნიუსში – 48000$-მდე, რიგაში –42000$-მდე, ვენასა და ბუდაპეშტში – 61000$-მდე და ა. შ.  https://www.indeed.com/salary/Special-Education-Teacher.html – ამ ლინკზე გადასვლით ევროპის ნებისმიერი რეგიონის სპეცმასწავლებელთა წლიურ ხელფასის გაგება შეიძლება.

რეალობა 3. ხელფასების გარდა, ამ ქვეყნებში რესურსოთახები დიდ სივრცეებზეა განთავსებული და უამრავი რესურსითაა აღჭურვილი. სპეცმასწავლებელს რესურსების დამატების მოძიებაზე თავისტეხვა არ სჭირდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი ეს საკითხი ბევრად მოგვარებულია, ვიდრე ჩვენთან. 2010 წელს პესტალოცის ეგიდით ჩატარებული ვორკშოფის ფარგლებში ლატვიის  სხვადასხვა სოფლები მოგვატარეს და გვაჩვენეს, რესურსოთახებში როგორ ამზადებდნენ სკოლაში არსებული გამოუყენებელი საგნებისაგან სხვადასხვა ნივთებს თუ სუვენირებს და ერთ-ერთი სამოქალაქო საგანმანათლებლო საგნის, „Home Economics”-ის (შინა ეკონომიკის) პროგრამის ფარგლებში როგორ ახდენენ მათ რეალიზაციას სხვა ბავშვებთან ერთად სსსმ ბავშვებიც.

რეალობა 4. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში პრობლემას არ წარმოადგენს სპეცმასწავლებლისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი მუშაობა ინდივიდუალური თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნების მისაღწევად და ყველა მასწავლებელს აქვს კომპეტენცია ინკლუზიური განათლების მიმართულებით. სპეციალური მასწავლებელი ბავშვის ინდივიდუალური მიზნების მიღწევისთვის მუშაობს კლასის გარეთ. სსსმ მოსწავლესთნ დაკავშირებით, იმავე ღონისძიებების განხორციელება კლასში კი საგნის მასწავლებელს ევალება, რამდენადაც მას უნდა გააჩნდეს სათანადო კომპეტენცია. სპეცმასწავლებელი ხელს უწყობს სკოლას და საგნის მასწავლებელს საკლასო აქტივობების იმგვარად დაგეგმვაში, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში სსსმ მოსწავლე.

თეორიულად, ჩვენთანაც ასევე უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. საგნის მასწავლებელი ხშირად თავს არიდებს სპეცმასწავლებელთან „ზედმეტ“ ურთიერთობას და ამაოდ აცხადებს, რომ თავად გაართმევს თავს ყველაფერს, ის ხომ ხშირად საგნის სერტიფიცირებული პედაგოგია. სპეცმასწავლებლებს კი სერტიფიკატიც არ აქვთ,  ვერც გამოცდას ჩააბარებენ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს, ვერც სქემაში ჩაერთვებიან, შედაბამისად, ახლო მომავალში ვერც სახელფასო ზრდა შეეხებათ.

ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ ბრძანებით „სპეცმასწავლებლის პოზიციაზე“ დასაქმებული ადამიანთა ეს ჯგუფი მასწავლებლის ნიშნით ვერც რესურსცენტრების ბაზაში იძებნება და თუ სხვა საგნის გამოცდაზე დააპირეს გასვლა, არამოქმედი პედაგოგების მსგავსად, მათაც 50 ლარი უნდა გადაიხადონ. სამაგიეროდ, რესურსცენტრების ბაზაში ინკლუზიური განათლების მენეჯერების სტატუსი აქვთ, ძალა და უფლება კი – არაფრის.

 აი, „იყო და არა იყო რა“-ს საარაკო სევდაც. ვინ არიან ისინი? არიან? არ არიან?

„ლხინი იქა, ლხინი აქა,

    ფქვილი იქა, ფქვილი აქა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი