ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ცივილიზაციის იდუმალება

ცენტრალურ ჩინეთში, სიანის მთიდან 100 კილომეტრის მოშორებით, სენსის პროვინციაში გიგანტური პირამიდების კომპლექსი მდებარეობს. აქედან ყველაზე დიდის სიმაღლე თითქმის 300 მეტრია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე გიზას ცნობილი პირამიდა. მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის ოფიციალური, რადგან ჩინეთის ეს ტერიტორია უცხოელებისათვის დაკეტილია, ჩინელი არქეოლოგები კი გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერჯერობით მის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ.
პირველად ჩინური პირამიდის შესახებ დასავლეთში 1947 წელს შეიტყვეს, როდესაც იგი შემთხვევით ამერიკელმა მფრინავებმა შენიშნეს. მათ რამდენიმე ფოტოს გადაღება მოახერხეს, რომლებიც შემდგომ გაზეთებშიც მოხვდა. პირამიდების მომდევნო სურათები ჟურნალ “დშაუ”-ში 1957 წელს გამოქვეყნდა. შემდეგ კი მეცნიერებმა იგი დროთა განმავლობაში მიივიწყეს.
მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ივიწყებენ იმას, რის დავიწყებაც სხვებისათვის ადვილია. სწორედ ასეთი ადამიანების სიაში აღმოჩნდა გერმანელი მკვლევარი ჰართვიგ ჰაუსდორფი, რომელიც ისეთი ცივილიზაციების ძიებით იყო დაკავებული, როგორიცაა ატლანტიდა და მუ. იგი დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი ფაქტების ძიებითაც იყო გატაცებული.
1994 წელს მან შეძლო შენსის პროვინციის დახურულ რაიონში შეღწევა და იქ ფოტორეპორტაჟის გაკეთება იმ პირამიდებზე, რომლებიც მეცნიერების მიერ დღემდე შეუსწავლელია. ცნობილია, რომ ეს ნაგებობა ჩინეთის ათასწლოვანი ისტორიის არც ერთ პერიოდს არ განეკუთვნება. ასევე უცნობია პირამიდების ასაკი. ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ფლობს მის შესახებ რაიმე ინფორმაციას. ჰაუსდორფმა შეძლო ორი ავსტრალიელი ვაჭრის დღიურის პოვნა, რომლებიც შენსინში 1912 წელს იმყოფებოდნენ.
დღიურში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ისინი ბუდისტ ბერს შეხვდნენ, რომლის დახმარებითაც შეიტყვეს, რომ პირამიდები 5 ათასი წლის წინანდელ იმ უძველეს ჩანაწერებშია მოხსენებული, რომლებიც მონასტერში ინახებოდა. ჩანაწერებში ისინი მოიხსენება როგორც “ძალიან ძველი” პირამიდები, რომლებიც ძველი იმპერატორების დროს აშენდა. ჩანაწერების მიხედვით, იმპერატორები ამბობდნენ, რომ ისინი ცის შვილის შთამომავლები არიან და მიწაზე თავიანთი ცეცხლოვანი ფოლადის დრაკონებით ჩამოვიდნენ. ჰაუსდორფის შეფასებით, პირამიდების საერთო რაოდენობა რეგიონში ასს აჭარბებს. ყველა მათგანი თიხისგან არის გაკეთებული, მაგრამ საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში თიხა თითქმის ქვასავით გამაგრდა.
სხვადასხვა ზომისა და ოთხკუთხედი ფორმის პირამიდები ბირმასა და კორეაშიც არის, მაგრამ უკანასკნელი წლების ყველაზე საინტერესო აღმოჩენად იაპონიის ყველაზე დასავლეთ არქიპელაგთან, კუნძულ იონაგუნის მახლობლად, ზღვის ფსკერზე ნაპოვნი პირამიდა და სამონასტრო კომპლექსი მიიჩნევა, რომელიც მყვინთავებმა 1980-1990 წლებში აღმოაჩინეს. იგი იმთავითვე გააფთრებული დავის საგნად იქცა როგორც ისტორიკოსების, ასევე გეოლოგებისთვის.
მიუხედავად მკაცრი სიბრტყის, სწორი რკალისა და კომპლექსის იდეალურად პირდაპირი ნეკნისებური პარალელებისა, რომლებიც მთლიანად კლდეშია ნაკვეთი, მეცნიერთა უმეტესობა ჯიუტად აცხადებდა, რომ ეს ნაგებობა “ბუნების ბუნებრივი პროცესის საოცარი თამაშია”. ამ ახსნას საკმაოდ უბრალო მიზეზი გააჩნია. ყველაზე უხეში გამოთვლებით, ეს ნაგებობა ხმელეთზე დაახლოებით 10 ათასი წლის წინ უნდა აღმართულიყო, როდესაც წყლის დონე დღევანდელთან შედარებით 40 მეტრით დაბალი იყო. იმ პერიოდში კი ამგვარი ნაგებობების მშენებლობა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამიტომ ჯიუტი ოპონენტები მის ბუნებრივ წარმომავლობაზე მიუთითებდნენ და ამის დასამტკიცებლად (რატომღაც) იონაგუნის წყალქვეშა ტერასებსა და ჩრდილოეთ ამერიკის მაღალმთიან სამონასტრო კომპლექსს შორის არსებული მსგავსება მოჰქონდათ. კერძოდ, ეს არის პერუს მთებში, მთლიანად კლდეში ნაკვეთი საკსაიხუამანასა და კენკოს უძველესი ნაგებობა.
კამათი მის “ბუნებრივ წარმომავლობაზე” ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ცოტა ხნის წინ მყვინთავების მიერ ნაპოვნი ასპროცენტიანი მტკიცებულება, რომელიც მისი ხელოვნური წარმომავლობის დასტურია. ტელეკომპანია “დისქოვერ ჩენნელ”-ის მიერ გაგზავნილმა მკვლევართა ჯგუფმა წყლის ფსკერზე ფრინველის ფრთებისაგან დამზადებული თავსაბურავიანი ადამიანის თავის სკულპტურული გამოსახულება აღმოაჩინა. ანალოგიური სკულპტურები ხშირია ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე…
თუ ანდების ტაძრებს უფრო ახლოს გავეცნობით, ამ რეგიონის ახალი არქეოლოგიური მონაცემები მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს ადგილობრივი უძველესი ცივილიზაციის წარმოდგენებში. ანდების მთებთან მდებარე უძველეს ქალაქ კარალის გათხრებმა აჩვენა, რომ 7–სართულიანი სახლის სიმაღლის პირამიდებსა და საცხოვრებელ სახლებს, ქვისაგან ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლის წინ, ანუ დაახლოებით ეგვიპტის პირამიდების ეპოქაში აშენებდნენ.
მიუხედავად ამისა, კულტურების პარალელები ამით ჯერ კიდევ არ მთავრდება. მდინარე ნილოსის სანაპიროსთან, გიზასა და მაჩუ-პინგჩუს მაღალმთიან რეგიონში რამდენიმეტონიანი ბლოკებისაგან აშენებულ ნაგებობებს შორის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებში აბსოლუტური მსგავსებაა აღმოჩენილი. ორივეგან, კედლების შეერთების ადგილას, მშენებლები გ-ფორმის ბლოკებს იყენებდნენ, რაც კედლების იდეალურ მიერთებას უზრუნველყოფდა.
ჯერ კიდევ 1898 წელს გიზას მახლობლად საჰარას უდაბნოში ნაპოვნ ერთ-ერთ განსასვენებელში არქეოლოგებმა საინტერესო ნივთი აღმოაჩინეს, რომელსაც “ფრინველის ხის მოდელი” უწოდეს. ამ მოდელის წინა ნაწილი ნამდვილად წააგავდა ფრინველს, თუმცა მას უკანა მხარეს, კუდის ადგილას, ფრინველისათვის აბსოლუტურად განსხვავებული ხერხემლის მსგავსი რამ ჰქონდა. მაგრამ მისი რამდენიმე რაკურსში დათვალიერების შემდეგ აშკარად შეიმჩნეოდა, რომ იგი თვითმფრინავს უფრო წააგავდა, ვიდრე ფრინველს. “ფრინველის მოდელი” ქაიროს მუზეუმის საცავში წლების განმავლობაში ინახებოდა, სანამ იგი 1969 წელს ექიმმა და მოყვარულმა ეგვიპტოლოგმა ჰალილ მესიჰამ არ აღმოაჩინა. კონსტრუქციით დაინტერესებულმა მესიჰამ ექსპერიმენტისათვის “ფრინველის” ზუსტი ასლი შექმნა და როგორც აღმოჩნდა, იგი არაჩვეულებრივად დაფრინავს.
ახალმა აღმოჩენამ სამეცნიერო წრეებში ფურორი მოახდინა. ექსპერტებისაგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ “თანამედროვე თვითმფრინავის ანალოგიური მოდელის რთული აეროდინამიკური ნიუანსები” შეისწავლა. ანტიფაქტმა ახალი სახელწოდება მიიღო – “აეროპლანის ხის მოდელი”, იგი შუშის ყუთში მოათავსეს და ქაიროს მუზეუმის ცენტრალურ დარბაზში გამოფინეს…
რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს საოცარი ექსპონატი არამარტო ცენტრალური დარბაზიდან აეღოთ, არამედ საერთოდ ამოეღოთ მუზეუმის ექსპონატებიდან. სად მდებარეობს ამჟამად იგი, არავინ იცის. თუმცა იმისათვის, რომ ისტორიულ მეცნიერებაში განსწავლულმა ადამიანებმა უფრო წყნარად იცხოვრონ, უმჯობესია ამგვარი ნივთები საერთოდ არ არსებობდეს. როგორც იტყვიან, თუ ფაქტები თეორიაში არ ჯდება, მით უარესი ფაქტებისათვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი