შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ის ორი ეპიზოდი

რომელზეც ყოველთვის, ყოველ ნახვაზე, სადაც არ უნდა ვიყო, გული ამომიჯდება და თუ მარტო ვარ, ცრემლის შეკავებას არც ვცდილობ. სხვები თუ არიან გარშემო, სევდას ან სიხარულს (ან ორივეს ერთად) გულში ჩავიბრუნებ ხოლმე და გაქვავებული და დაძაბული ვუყურებ ეკრანს.

„პირველი მერცხალი“ ყველამ ვიცით: ნანა მჭედლიძემ ამ ფილმში მგონი ყველაფერს ერთიანად მოუყარა თავი, რაც ქართველ კაცს უხსოვარი დროიდან გამოჰყოლია ბედად, ხასიათში და გუნებაში. მოქმედება რომ სამეგრელოში ხდება, ამას დიდი გამოცნობა არ უნდა, იმასაც კარგად ვხედავთ, რას და რატომ აუნთია ასე ერთბაშად ეს ამდენი კაცი. მაგრამ ერთ ეპიზოდში არის რაღაც საოცარი ადამიანური სიხარული, გამარჯვების სიმსუბუქე და ამასთან ერთად, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი განწირულობის შეგრძნება.

მოყვარული გუნდის ფეხბურთელებს უკვე გული აქვთ თამაშზე აყრილი: ზოგიერთი მათგანი ეჭვმა შეიპყრო, ერთმა ოჯახი მიატოვა, მეორეს მევალე არ ასვენებს, ხალხის აღიარებაც ძალიან აგვიანებს, და ამ უიმედო მდგომარეობაში გუნდის მთავარი მხარდამჭერი (მის როლს ვასილ ჩხაიძე ასრულებს) გაზეთ „ივერიის“ ახალ ნომერს შემოიტანს.

– თქვენთვის სიურპრიზი მაქვს! – ეუბნება ერთად შეკრებილ ფეხბურთელებს და უკითხავს გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას:

„პოპულარული ინგლისური თამაში ფუტბოლი, ჩვენებურად ფეხბურთი, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მთელ ევროპაში იკიდებს ფეხს. ამ მოვლენას არც ქართველები ჩამორჩნენ. ქალაქ ფოთში შეიქმნა ფეხბურთის მოთამაშეთა გუნდი. „მერცხალმა“ რამდენიმე საერთაშორისო თამაში ჩაატარა და ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდა, „მერცხალი“ ამართლებს თავის სახელწოდებას: თამაშობს სწრაფად, მსუბუქად და ლამაზად. გუნდის ცენტრფორვარდია იასონ კვირკველია, რომელიც ევროპაში ზარბაზნად არის ცნობილი, „მერცხალის“ კარს იცავს ხვიჩა ქარცხია, ეს გახლავთ ნამდვილი კატა, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს მიღებული. გუნდში თამაშობენ ფოთელები: ბეჟან კანკია, ვახტანგ მამფორია, ჭოლა ქადეიშვილი, ჭიჭიკო ოდიშარია, ივანე თავაძე, ჯემალ ეძგვერაძე, დუტუ ჩიჩუა, იასონ კალანდაძე, ნური ხომერიკი და ბარდღა ჯიქია. ვუსურვოთ „მერცხალს“ დიდი წარმატებები ქართული ფეხბურთის სადიდებლად“.

ოპერატორის თვალი ფეხბურთელიდან ფეხბურთელზე მონაცვლეობს და მათ შემკრთალ, გაოცებულ და აღტაცებულ სახეებს აღბეჭდავს. მაგრამ ყველაზე საკვანძო და შთამბეჭდავი მომენტია ის კადრი, როცა მაგიდასთან მჯდომი  იასონ კვირკველია (დოდო აბაშიძე) გაზეთს შემოაბრუნებს და გვერდის ბოლოში მიწერილ ოთხ სიტყვას დამარცვლით წაიკითხავს:

„რედაქტორ-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე“.

ეს არის შემობრუნების, ნიჰილიზმის დაძლევის ღვთაებრივი წამი: ერთ წუთში, ერთი დიდი კაცი, თავისი გვარ-სახელით ისე სამაგალითოდ აცამტვერებს ამ უიმედობას, სასოწარკვეთას, ურწმუნობას, დაზაფრულობას, რომ ხელჩაქნეული ხალხი წელში გაიმართება, თავის საქმეს და საკეთებელს ირწმუნებს, აენთება. და სწორედ აქ ჩანს ჩვენი საბედისწერო განწირულობაც. ის ტრაგედია, რომ ენთუზიასტ ადამიანებს მაინც და მაინც დიდი კაცის ბეჭედი სჭირდებათ, თავისი თავისაც რომ ირწმუნონ და სხვებიც დააჯერონ, სასარგებლო რამეს ვაკეთებთო. კიდევ კარგი, ამ შემთხვევაში მათ უმართლებთ და ქომაგი დროზე გამოუჩნდებათ, თორემ რამდენი ვიცით, ვისაც უკვალოდ დაფერფვლია თავისი ნატვრა და ჩანაფიქრი, ფუჭად დაუხურდავებია თავისი ნიჭი და ადამიანური შესაძლებლობები…

„შერეკილებს“ (რეჟ. ელდარ შენგელაია, სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე) პირველად ბიძაშვილების სახლში ვუყურე და არასოდეს დამავიწყდება, ფილმის ბოლოსკენ, როგორ აუწყლიანდა თვალები ბოჩო თოლორაიას, ბებიაჩემის ძმას, და უხერხულობისგან თავის დახსნა მხოლოდ სახელდახელო რეპლიკით შეძლო, – აი ის, ქრიშობელას როლს რომ თამაშობს, ჩვენებურია, ჩემი ნაცნობიაო. ბოჩო ბაბუა უცნაური კაცი იყო, ჩუმი, თავისნათქვამა, ჩაკეტილი და სევდიანი. ხშირად მთხოვდა, ჩვენი ბიბლიოთეკიდან წიგნები მიმეტანა და ამ წიგნებს თავისი მარნის კართან, ღია ცის ქვეშ, ერთთავად სკამზე ჩამომჯდარი კითხულობდა. იშვიათად შეეტყობოდა კმაყოფილება, სიხარული, ღიმილიც ძუნწად იცოდა.

„შერეკილების“ ტელევიზორში გაშვება იმ ოთხსაათიან გრაფიკს დაემთხვა, როცა შუქის წასვლის საშიშროება აღარ იყო და თავიდან ბოლომდე ვუყურე უმამოდ დარჩენილი და თანასოფლელების ვალებაკიდებული ერთაოზ ბრეგვაძის თავგადასავალს. ქალაქში ჩასვლას, მარგალიტასთან გამიჯნურებას, მერე ციხეში მოხვედრას, ქრისტეფორესთან ერთად ცათმფრენის აგების იდეით შეპყრობას, ბოლოს ცათმფრენის აგებას. იმასაც, მარგალიტას მოტაცების წარუმატებელი მოტაცების შემდეგ თავის სოფელს რომ უბრუნდება და დარჩენილ ვალებს ჩამოარიგებს.

დოლი, ნაბადი და ღვინით სავსე ტიკი – ეს ყველაფერი ხელშესახებია, მაგრამ ერთაოზი არც ქრიშობელა კუპატაძესთან მამამისის მიერ დადებულ სანაძლეოზე დაიხევს უკან:

– ქრიშობელა, ახლა იმფერ ხასიათზე ვარ, დაგიბრუნო უნდა შენი ვალი! – და „ჩიტი-გვრიტი მოვფრინავდაო“, რომ დაიწყო, ერთი კი გავაპარე ბოჩო ბაბუასკენ თვალი, მაგრამ ცრემლით მქონდა სავსე და არც ის მინდოდა, მას რომ შეემჩნია. სანამ სიმღერა და მერე ფილმი ჩამთავრდებოდა, ერთმანეთისკენ არ გაგვიხედავს, „შერეკილების“ დარდს, სიხარულს, იმედს, იღბალსა და უიღბლობას ვიგუბებდით გულში, როგორც ღარიბი – ბოლო ლუკმას მშიერი ზამთრის ღამეებში გასაძლებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი