ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საიდუმლო გეგმა

ბავშვები გაიზარდნენ.

მე ვერ ვხედავ, ისინი საღამოობით საკუთარ ოთახებში როგორ უჩინარდებიან, მე არც მათ მეგობრებს ვიცნობ და ბევრი არც იმ საყმაწვილო ლიტერატურისა გამეგება, რომელსაც ახლა უკვე თავად არჩევენ, ახალი თარგმანებია, ახალი ავტორები. მე მათ დიდი ვნებით მხოლოდ ჰარიზე შემიძლია ველაპარაკო, ეგ გვაერთიანებს. მხოლოდ ხანდახან, სკაიპით ლაპარაკისას ვხვდები, გაიზარდნენ ბავშვები.

თომა საცხენოსნო სკოლაში შევიდა. თომა რომელიღაც საერთაშორისო ოლიმპიადაზე დარეგისტრირდა. თომამ ახალი უცხო ენის შესწავლა გადაწყვიტა. თომამ მითხრა, რომ იმ საცხენოსნო სკოლაში მზად არიან, დაბადების დღე გადაუხადონ, უფასოდ. მე მიკვირს. თომა აკონკრეტებს, რომ იქ კეთილი ხალხი მუშაობს, რომლებსაც დაუმეგობრდა და რომლებსაც ცხოველები ძალიან უყვართ. ის, ვისაც ცხოველები და მცენარეები უყვარს, შეუძლებელია, ბოროტი იყოს,- ამატებს იქვე. მე ვჩუმდები და მახსენდება ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჭეშმარიტად სძულს ფლორა და ფაუნა და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს კეთილი ადამიანების ათეულში დაუფიქრებლად შევიყვანდი.

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით ვეუბნები დედაჩემს.

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, სინანულით მეთანხმება დედაჩემი.

მე ძალიან მეშინია, რომ გაზრდილი ბავშვები ჩემთან მეგობრობას აღარ მოინდომებენ და ვიღებ გადაწყვეტილებას:

  1. გადავხედო ახალ თარგმანებს
  2. გავიგო მეტი ცხოველებზე, რადგან, სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი, როგორ გამოიყურება შინშილა, რომელზეც თომა თურმე აგერ მთელი წელია ოცნებობს. მე გატაცებით ვცრუობ და ვუქებ შინშილას, რომლის სახელის ჟღერადობაც უკვე ნეგატიურად განმაწყობს.
  3. მივყო ხელი მცენარეთა მოშენებას. შიგადაშიგ გადავუღო ფოტოები, ავტვირთო ჩემს ფეისბუქ კედელზე და დაველოდო თომას რეაქციას. თომას შეფასებას. თომას დაფასებას. დაველოდო ჩემს გარდაქმნასაც. იქნებ, თომა მართალია და ყველაზე კეთილი ადამიანები მცენარეებისა და ცხოველების მოყვარულები არიან. იქნებ, უფრო გავკეთილდე. იქნებ სიკეთე მართლა მაკლია.
  4. დავუსვა ის კითხვები, რომლებიც სულელურად ჟღერს და რომლებზე პასუხებიც ისე მაინტერესებს, ბერლინიდან ხუთ შინშილას გავუგზავნიდი გულის მოგების მიზნით. მაგრამ, რადგან ბავშვები გაიზარდნენ, იმატა საფრთხემაც, რომ გამოგიჭერენ. საჩუქრებით მოსყიდვა ისედაც მდაბალი საქციელია, ასე რომ მეთოდურად უნდა დავგეგმო, რა ფორმით ვკითხავ იმას, რაც საშინლად მაინტერესებს. იცით… იცით, მე ერთი სული მაქვს გავიგო, ჰყავს თუ არა თომას შეყვარებული.
  5. ვეცადო, გაზრდილი ბავშვების თვალში ძველი დიდება არ დავკარგო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი მაღმერთებდნენ. და რაკი მაინც ჩუმად, ჩემთვის გულის სიღრმეში მგონია, რომ მე კეთილი და კარგი ვარ და თუ ისევ მენდობიან, თუ ისევ ისე ვეყვარები, ჩემგან მხოლოდ კარგის სწავლა შეუძლიათ, აუცილებლად, ძველებურად გმირად უნდა დავრჩე. რადგან მომისმინონ. ხანდახან მაინც. თავის მოკატუნებაც დამჭირდება, ვითომ ვერ ვხვდები, როგორს მხედავენ. სავარაუდოდ, შესანიშნავს.

ისინი ვერასდროს დამინახავენ იმედგაცრუებულს, გულგატეხილს, მარტოს, სასოწარკვეთილს.

ერთხელაც, როცა კიდევ უფრო გაიზრდებიან და მე დავინახავ მათ იმედგაცრუებულებს, გულგატეხილებს, მარტოებსა და სასოწარკვეთილებს, ვინანებ, რომ მათ თავის დროზე ვერ დამინახეს იმედგაცრუებული, გულგატეხილი, მარტო, სასოწარკვეთილი. ეს რომ ენახათ, მათ ეცოდინებოდათ, რომ ადამიანები ხანდახან უბედურებიც არიან, მაგრამ გადარჩენა გარდაუვალია.

მაინც როგორ გაიზარდნენ, სოციალურ ქსელებსაც ისე ოსტატურად იყენებენ, გაგიკვირდებათ.  თუ ეს პოსტი ხელში ჩაუვარდათ, მოსალოდნელია, მათ თვალში ელვის უსწრაფესად დავკნინდე. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, რასაც აქ წაიკითხავთ, საიდუმლოდ შეინახოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი