პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო დატვირთვა და ბავშვის ჯანმრთელობა

 ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს მშობელი, რომელსაც შვილის ჯანმრთელობა უპირველეს საზრუნავად არა აქვს გადაქცეული. თუმცა ხშირ შემთხვევაში შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ელემენტარული ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხელშეწყობით შემოიფარგლება. ასეთი მშობლების აზრით, მთავარია, ბავშვს არ შიოდეს, არ სწყუროდეს, არ სციოდეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. რაც შეეხება სასკოლო დატვირთვას, ის მათი კრიტიკის საგნად არასოდეს იქცევა. უფრო მეტიც, ხშირად სკოლას იმის მიხედვით არჩევენ, თუ სად უფრო დატვირთული იქნება მათი შვილი სასწავლო დავალებებით. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვი დაღლილობას მოიმიზეზებს და წიგნს გვერდზე გადადებს, უკმაყოფილებას ვერ მალავენ და საყვედურებით ავსებენ: „რამ დაგღალა, მხოლოდ სწავლა გევალება. აბა, ჩვენ რა ვქნათ, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ“. ასეთ დროს მშობლებს, როგორც წესი, ავიწყდებათ, რომ შეიძლება ბავშვისთვის, არასწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი უფრო დამღლელი აღმოჩნდეს, ვიდრე უფროსისთვის მისი სამსახური. ბევრი მშობლის აზრით, რაც უფრო მეტს წაიკითხავს მისი შვილი, რაც უფრო მეტს მოისმენს და მეტს დაიმახსოვრებს, მით უფრო განათლებული იქნება. ასეთ დროს არ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ადამიანის მეხსიერებას მოცულობა აქვს. ამასთან, ბავშვის მეხსიერების მოცულობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის. და თუ ჩვენ, მოზრდილი ადამიანები ვერ ვახერხებთ იმ ყველაფრის დამახსოვრებას, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ, როგორ შეიძლება ეს მოახერხოს ბავშვმა.

    როგორც წესი, მშობელთა დიდ ნაწილს საკუთარი შვილის განათლების გრძელვადიანი პროგრამა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე აქვს შემუშავებული – რა უნდა ისწავლოს, სად უნდა ისწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს – ეს საკითხები, ხშირ შემთხვევაში,  ძალიან დეტალურად აქვთ „გაწერილი“და საჭიროდაც არ თვლიან მომავალში მის გადახედვას. არცთუ ისე იშვიათად მშობლისთვის შვილი საკუთარი არარეალიზებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების კარგ საშუალებას წარმოადგენს – „ძალიან მინდოდა მუსიკალური განათლება მქონოდა, მაგრამ არ მაქვს. ამიტომ ჩემი შვილი აუცილებლად უნდა ვატარო მუსიკაზე. მომწონს, როცა ახალგაზრდა კარგად ცეკვავს, ქორეოგრაფიულ სტუდიაშიც მომიწევს მისი ტარება. დღევანდელ პირობებში ერთი-ორი უცხო ენა როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ საბავშვო ბაღიდანვე ვიზრუნებ ამ საკითხის მოსაგვარებლად“. ასე ალაგებს თავის გეგმებს შვილის სამომავლო განათლების საკითხებზე ბევრი მშობელი და საჭიროდაც არ მიაჩნია იმაზე დაფიქრება, ექნება თუ არა თავად ბავშვს ამ ყველაფრის შესწავლის სურვილი; რაიმე სხვა ინტერესები ხომ არ გაუჩნდება მას მომავალში. როგორც წესი, შვილის განათლებაზე ზრუნვა განსაკუთრებით ძლიერდება სასკოლო სწავლების დაწყებასთან ერთდ. სკოლაში სწავლის პარალელურად, მოსწავლეთა უმეტესობა ჩართულია სხვადასხვა სპორტულ სექციაში, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბევრი მშობელი აღარ ენდობა დღევანდელ სკოლას და საჭიროდ თვლის ცალკეულ საგნებში ბავშვის რეპეტიტორებთან მომზადებას, ადვილი წარმოსადგენი იქნება, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მშობლების „ზრუნვის ობიექტი“. ერთხელ ერთმა მესამეკლასელმა ბიჭუნამ დეტალურად ჩამომიწერა თავისი მეცადინეობების განრიგი მთელი კვირის განმავლობაში. მშობლების სურვილიდან გამომდინარე, ბავშვი დადიოდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, ფეხბურთზე, ჭადრაკზე, რეპეტიტორებთან მეცადინეობდა ინგლისურს, რუსულს, მათემატიკას. და ამ ყველაფრის პარალელურად, მას უწევდა საკმაოდ დიდი მოცულობის სასკოლო დავალებების შესრულება. იმისათვის, რომ ყველაფერი მოესწრო, ის მუდმივად ჩქარობდა და პრაქტიკულად დრო აღარ რჩებოდა დასვენებისა და არასასწავლო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ყოველივე აღნიშნულს ემატებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან, გადაჭარბებული მოთხოვნები სასკოლო შეფასებებთან, სპორტულ მიღწევებთან და ქორეოგრაფიულ სტუდიაში წარმატებებთან დაკავშირებით. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ასეთი დატვირთვის პირობებში, ბავშვის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ   ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ცნობილია, რომ ინტელექტუალური გადატვირთვა ხშირად შფოთიანობის, ნევროზის და აგრესიულობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. ალბათ, ზოგიერთი მშობელი იტყვის, რომ მართალია, შვილი ყველგან დაჰყავს, მაგრამ ის თავს არ იწუხებს, ზარმაცობს და დიდი წარმატებით არსად გამოირჩევა. შეიძლება ეს მართლაც ასეა, მაგრამ დროის დეფიციტის განცდა მას მუდმივად თან სდევს და ბუნებრივია აწუხებს კიდეც. მოსწავლეებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ დროში შეზღუდულობით გამოწვეული სტრესია.

     ალბათ, როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება ბავშვის გადაღლილობის და  დაძაბულობის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა:

  • ასეთი მოსწავლე არ არის მობილიზებული საშინაო დავალებების შესრულებისას, დიდხანს ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს გაკვეთილის მოსმენა, სულ წრიალებს;
  • ღამით უჭირს ჩაძინება, მაშინაც კი, როცა გვიან წვება. დღისით კი, პირიქით – სულ ეძინება;
  • ცუდი მადა აქვს, იკლებს წონაში;
  • აფორიაქებული და გაღიზიანებულია, უხეშობს, ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა;
  • უჩივის თავის ტკივილს, მოთენთილობას და პერიოდულად უწევს არტერიული წნევა;
  • იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს, ხშირად ავადმყოფობს;
  • ეკარგება ინტერესი სწავლის მიმართ;
  • შეინიშნება ნერვული ტიკები, ენის ბორძიკი მეტყველებისას, ფრჩხილების კვნეტა;
  • პრობლემები ექმნება მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში;
  • კანის სიფერმკრთალე, ჩაშავებული თვალები ასევე შეიძლება გადაღლაზე მიუთითებდეს.

     თუ ზემოაღნიშნული ნიშნები და ჩივილები 1,5-2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და არ გაქრება, საჭირო იქნება ექიმისთვის მიმართვა და ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც დაეხმარება ორგანიზმს დროულად აღიდგინოს ძალები სტრესის ფონზე, ასევე აწევს  შრომისუნარიანობის დონეს. ასეთ დროს, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია იმის გამოც, რომ დაღლილობის ცალკეული ნიშნები ძალიან ჰგავს ზოგიერთი სომატური დაავადების სიმპტომებს, რომელთა დროული ამოცნობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ქრონიკული გადატვირთვა, არცთუ იშვიათად, თავს გვახსენებს გაციებით. ამის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ინტელექტუალური გადაღლა ორგანიზმის იმუნურ სისტემას საკმაოდ ასუსტებს და ადაპტაციის შესაძლებლობებს აქვეითებს. სტრესის ფონზე იზრდება ქრონიკული დაავადებების რაოდენობაც, მათ შორის სასუნთქი და საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიები.

     მართალია, მოსწავლეთა მშობლებს ნაკლებად შეუძლიათ გავლენის მოხდენა სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებზე, საგაკვეთილო ცხრილის შედგენაზე, მაგრამ მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ ბავშვს სახლში, რომ  არ გადაიღალოს. ამისათვის საჭირო იქნება რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვი დიდ დროს არ ატარებდეს კომპიუტერთან, თუ ამას არ მოითხოვს სასწავლო დავალებები. მოზარდობის ასაკში ის მონიტორის წინ საათნახევარზე მეტხანს არ უნდა იჯდეს. 7-8 წლის ბავშვებისთვის ნებადართულია კომპიუტერთან 40 წუთი ჯდომა. 7 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები კი დღეში 20 წუთზე მეტხანს არ უნდა ისხდნენ კომპიუტერთან. თუ კომპიუტერი მოსწავლეს სასკოლო დავალებების შესასრულებლად სჭირდება, ყოველი ნახევარი საათის შემდეგ ის 10 წუთით უნდა ისვენებდეს;
  • დაეხმარეთ ბავშვს მისი ინტერესების და გატაცებების შესაბამისი საქმის მოძებნაში. დააკავეთ ისეთი მეცადინეობებით, რაც აინტერესებს, და არა იმით, რაც თქვენ გინდათ, რომ აინტერესებდეს. გაესაუბრეთ ბავშვს, გაარკვიეთ რა აინტერესებს სინამდვილეში და ხელი შეუწყვეთ მისი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებას. ცნობილია, რომ როცა ადამიანი მისთვის საინტერესო საქმით არის დაკავებული, არანაირი დატვირთვა გამანადგურებლად არ მოქმედებს და სტრესული სიტუაციებიც უცხოა მისთვის;
  • თვალყური ადევნეთ, რომ ბავშვი იცავდეს დღის რეჟიმს – იღვიძებდეს, ჭამდეს, წვებოდეს დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. დღე-ღამეში მას არანაკლებ 8-9 საათი უნდა ეძინოს;
  • თქვენს მხარდაჭერას ნუ მოაკლებთ ბავშვს. აღნიშნეთ მისი წარმატებები და ნუ დასჯით მარცხის შემთხვევაში;
  • დაეხმარეთ საშინაო დავალებების შესრულების სწორად ორგანიზებაში. მიაჩვიეთ, რომ წინასწარ მოამზადოს ყველაფერი, რაც დავალების შესასრულებლად დასჭირდება, დაიწყოს მეცადინეობა იმ საგნით, რომელიც მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ასევე სასურველი იქნება ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების დავალებების მონაცვლეობა. იმ მაგიდის შორიახლოს, სადაც ბავშვი მეცადინეობს, არ უნდა იყოს ყურადღების გამფანტავი ფაქტორები: სათამაშოები, ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერული თამაშები; 40-50-წუთიანი მეცადინეობის შემდეგ საჭირო იქნება 10 წუთიანი შესვენება. II-III კლასებში ბავშვი დავალების შესრულებას 1,5 საათზე მეტს არ უნდა უთმობდეს; IV-V კლასებში – 2 საათს, VI-VII – 2,5 საათს, IX-XII კლასებში კი – 3,5 საათს;
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ბავშვის ფიზიკურ აქტივობას. თანამედროვე ბავშვებში გადაღლისა და დაძაბულობის ერთ-ერთ სერიოზულ ფაქტორს ნაკლები ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს. მათი უმეტესობა დასვენების პერიოდს ბუნებაში სეირნობის ნაცვლად კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ატარებს. ეს მაშინ, როცა სასკოლო პერიოდის ბავშვებში მოძრაობა ჰაერივით მნიშვნელოვანია, ის მათთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა. ნაკლები მოძრაობითი აქტივობის შემთხვევაში ისინი ცუდად ვითარდებიან. არასაკმარისი მოტორული აქტივობა უარყოფითად აისახება ბავშვის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. სირბილის, ხტუნაობის ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობის დროს ბავშვი თავისუფლდება შინაგანი დაძაბულობისა და სტრესებისგან.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებლად უნდა მოიაზრებდეს სასკოლო დატვირთვის გადახედვას. მისასალმებელია მშობლის სურვილი, რომ რაც შეიძლება განათლებული შვილი ჰყავდეს. განათლებული ადამიანები არა მხოლოდ მშობლებს, არამედ საზოგადოებასაც სჭირდება. თუმცა, ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია – განათლება არ ნიშნავს ადამიანის გონების უსაზღვრო ინფორმაციით დატვირთვას. სასკოლო სწავლების პროცესში, ჩვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს – ვასწავლოთ ბავშვს სწავლა, გამოვუმუშაოთ დამოუკიდებელი და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, დავეხმაროთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისა  და ინტერესების რეალიზებაში. ეს არის ის გზა, რომელიც დაგვეხმარება ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებაში, რომლითაც არა მხოლოდ მშობლები და ახლობლები, არამედ მთელი ქვეყანა იამაყებს.

ქეთევან ოსიაშვილი

12.10.2016.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი