როგორ ვაქციოთ „მოკლე ტექსტური შეტყობინება“ საშინაო წერით დავალებად

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს უნდა ჩამოუყალიბდეთ წერითი მეტყველების კულტურა. მათ უნდა შეძლონ საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმა და სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ამ მიზნით მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ საშინაო წერითი დავალება. ხშირ შემთხვევაში, მათ უნდა დაწერონ იმ საკითხებისა თუ თემების შესახებ, რომლებიც გაკვეთილზე დაწვრილებით მიმოიხილება.

მოსწავლეები თავდაპირველად კლასში განიხილავენ საკითხს, მსჯელობენ, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, შემდეგ კი მასწავლებელი დაფაზე წერს თემის სათაურს და სთხოვს მოსწავლეებს, მოსაზრებები ამჯერად წერილობით ჩამოაყალიბონ.

ამგვარი სამუშაოს დასრულებისას ყოველთვის ვცდილობ, დავუკონკრეტო მათ, რა ტიპის ნაშრომი უნდა გაამზადონ – ესე, თავისუფალი თემა, თხზულება თუ კომენტარი. ამის გათვალისწინებით ფასდება შესრულებული ნამუშევრები. მაგალითად, თუ მათ ესე უნდა დაწერონ, მნიშვნელოვანია, გაიხსენონ, რომ ესეს თავისი სტრუქტურა აქვს და წერას საკუთარი მოსაზრების, პოზიციის გაცხადებით ვერ დაიწყებენ, თუ თავისუფალი თემაა – ისინიც მეტად თავისუფლები არიან ფორმის თვალსაზრისით. მიუხედავად დეტალური მითითებებისა, მაინც ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეებს მოკლე, რამდენიმეწინადადებიანი და „მშრალი“ ნაწერები მოაქვთ. ასეთებს, პირობითად, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუწოდებ და მათაც ხელმეორედ, ამჯერად უფრო დაკვირვებით, ყურადღებით და ბეჯითად უწევთ დავალების შესრულება.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? რა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს კიდევ, რომ ამ მოკლე ტექსტური შეტყობინებების ნაცვლად საინტერესოდ შესრულებული წერითი დავალებები მივიღოთ?

გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რაც წერითი უნარების გასაუმჯობესებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ:

„ინვენტარიზაცია“

მოსწავლეებს ვთხოვთ, წერის დაწყებამდე თავი მოუყარონ ინფორმაციას, ცნობებს, რომლებიც მოცემული საკითხის ირგვლივ ხელთ აქვთ. მოიძიონ და ირგვლივ შემოიწყონ ის ლექსიკონი, სახელმძღვანელო ან ენციკლოპედია, რომელიც გამოადგებათ, „ჩამოყარონ“ მოსაზრებები სქემის, თეზისების ან თუნდაც, მხოლოდ მათთვის გასაგები ჩანაწერების სახით ( ეს შეიძლება იყოს შემოკლებები, ჩანახატები…),  გამოკითხონ ოჯახის წევრები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესდნენ სხვების მოსაზრებებით, დასვან დამაზუსტებელი კითხვები…

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მათ გაიაზრონ და დაინახონ –  საკითხის განხილვისას რისი თქმა არის საჭირო, საინტერესო, რა მოსაზრება არ უნდა გამორჩეთ მსჯელობისას, რა ინფორმაცია და ცნობები დასჭირდებათ დასაბუთებისას…

„შავი პირი“

ეს ეტაპი საკუთრივ სამუშაოს დასაწყისია. ზოგადად, მოსწავლეებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ არ დაწერონ „შავად“ და არ გადაათეთრონ ეს „შავი“ ნაწერი სუფთად რვეულში, რადგან ჩემთვის ფიქრის, მუშაობის შედეგიც საინტერესოა და პროცესიც. ხშირად ვეცნობი გადახაზულ, ფრჩხილებში ჩასმულ ან „უარყოფილ“ ადგილებსა და მონაკვეთებს მათ ნაწერებში და ეს საკმაოდ საინტერესო მასალაა. ასე მასწავლებელი თვალნათლივ ხედავს, როგორ „იღვწოდა და იწვოდა“ ავტორი შემოქმედებითად. უშუალოდ საშინაო დავალების შესრულებამდე მათ შეუძლიათ რვეულშივე ჩაატარონ „მოსამზადებელი სამუშაო“, ჩაწერონ ყველაფერი, რასაც ფიქრობენ და ამ ეტაპზე არ იფიქრონ გრამატიკულ, ორთოგრაფიულ თუ სხვა ტიპის შეცდომებზე. ამ შემთხვევაში, სამუშაოს საბოლოო მიზანია ნააზრევის რაც შეიძლება სწრაფად ჩანიშვნა, აზრების თავმოყრა, ტექსტის შავი პირის შექმნა. ამ ეტაპზე ხშირად ჩნდება მოულოდნელი, საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები. სწორედ მათზე კონცეტრირებაა მოსწავლეების მთავარი ამოცანა. მნიშნელოვანია ისიც, რომ ამ ნაწერის „გადათეთრებისას“ ( იქვე, სამუშაო რვეულში და არა ცალკე!) ისინი ცდილობენ საკუთარი შეცდომები გაასწორონ და რასაც შეამჩნევენ, უშეცდომოდ გადაიტანონ „ თეთრ“ ნაწერში.

ჩასწორების ეტაპი

ტექსტის „გაკეთილშობილების“ საფეხურია. არის ფრაზები, წინადადებები, რომლებიც მეტად ლაკონიურად, ნათლად, მკაფიოდ ან გამართულად შეიძლება გადმოიცეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები უკვე გამოთქმულის სხვაგვარად ფორმულირებას ცდილობენ და ყოველდღიური სამეტყველო ენით გამოთქმულ მოსაზრებებს აკადემიურ სტილს უახლოვებენ. აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება მაღალფარდოვანი სტილით ჩანაცვლება ან რაც შეიძლება მეტი „ჭკვიანური“ სიტყვის გამოყენება. პირიქით, ისინი საკუთარი ნაწერის რედაქტირებას და სტილისტურ გამართვას ცდილობენ.

ამ ეტაპზე მათ შეუძლიათ:

  • დაამატონ ნაწერს რაიმე მასალა იდეის განსამტკიცებლად ან აბზაცებს შორის ლოგიკური კავშირის შესანარჩუნებლად
  • შეამოკლონ ის ნაწილი, რაც არ უკავშირდება თემას ან იმეორებს უკვე ნათქვამს
  • ჩაანაცვლონ აბზაცების ან წინადადებების თანმიმდევრობა

იმისთვის, რომ მოსწავლეებს გაუუმჯობესდეთ წერით მეტყველების კულტურა, მნიშვნელოვანია მათთვის „სანიმუშო“ ორიენტირების გაცნობაც. ამ თვალსაზრისით საინტერესოა პუბლიცისტური წერილებისა და თანამედროვე ავტორების მიერ დაწერილი ესეების დამუშავება. დამუშავების პროცესში კი შესაძლებელია მარკირების სისტემის შემუშავება. წინასწარ შეათანხმეთ რამდენიმე გრაფიკული სიმბოლო და სთხოვეთ მოსწავლეებს, კითხვისას ფანქრით გააკეთონ შესაბამისი აღმნიშვნელები ფურცლების არშიაზე. მაგალითად, + ნიშნით აღნიშნონ აბზაცი ან მონაკვეთი, რაც განსაკუთრებით საინტერესოდ ეჩვენათ,  – ნიშნით – მონაკვეთი, აბზაცი ან წინადადება, რომელსაც არ ეთანხმებიან, ? ნიშნით ადგილი, რომელიც გაუგებარია და ა.შ.

და ბოლოს, საშინაო წერითი დავალების მიცემისას მოსწავლეებს საგანგებოდ მიაქცევინეთ ყურადღება ისეთ სიტყვებზე, როგორებიცაა: განიხილეთ, აღწერეთ, გააანალიზეთ, წარმოადგინეთ, მოახდინეთ ინტერპრეტაცია, ახსენით, განსაზღვრეთ, დაასაბუთეთ ან შეაფასეთ. სწორედ ეს სიტყვები მიუითითებენ მათ, თუ როგორ უნდა მიუდგნენ თემას, როგორ ნააზრევს  მოელით მათგან და რა კონკრეტული მიზანი უნდა დაისახონ, რომ მოკლე .,ტექსტური შეტყობინების ნაცვლად საინტერესოდ საკითხავი ნაწერი გამოუვიდეთ.

კომენტარები

comments