ეფექტური განმავითარებელი შეფასება

,,ხომ ვერ მეტყვით, საით უნდა წავიდე?

– გააჩნია, სად გინდა მისვლა.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს.

– მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, საით უნდა წახვიდე.

ლუის კეროლი, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.

თუკი თითოეული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესს მოგზაურობად აღვიქვამთ, მაშინ განმავითარებელი შეფასება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მოგზაურობის პროცესში მოსწავლეებისთვის გზის ჩვენება.

ჩეშირული კატა ელისისთვის კარგი მასწავლებელი შეიძლება ყოფილიყო, გოგონას ან თავად კატას რომ სცოდნოდა, სად უნდოდა ელისს მისვლა.

სასურველი აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი, თუ საით მიდიან მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ თუ არა შედეგს. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა მოგზაურობის კონკრეტული მონაკვეთი დასრულდება – მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა ნახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ, მაგალითად,  A პუნქტს, ან იქნებ გზა აებნა და მოხვდა B პუნქტში. მასწავლებელს შეუძლია მუდმივი თვალყურის დევნებით და მიმართულების მიცემით დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ის არ აცდეს გზას. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გზას არ გადაუხვიონ.

გამოცდილი მასწავლებლები ხშირად მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ არქმევენ ამ სახელს და არ გამოყოფენ ცალკე, როგორც სწავლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, როცა მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ, იშვიათად ვიყენებთ, ამისთვის დრო თითქმის არ გვჩებაო. მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ, როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ წერილობით კომენტარს/უკუკავშირს.

ამ სტატიის მიზანია, დაანახოს მასწავლებლებს, რომ სინამდვილეში განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა თუ სტრატეგიებს. ყოველდღიური პრაქტიკა მეტისმეტად რთული არ არის და არც იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მეორე მხრივ, როგორც საერთაშორისო კვლევებით დასტურდება (OCED, 2005; Black and William, 1998), შედეგი იმდენად კარგია, რომ დროის დახარჯვა ღირს. თუ განმავითარებელი შეფასება ყოველდღიურ პრაქტიკად იქცევა, მომავალში ბევრ დროს დაგვიზოგავს. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება მოსწავლეებს აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და, მეორე მხრივ, მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესონ სწავლების პროცესი.

განმავითარებელი შეფასების განმარტება

განათლების სპეციალისტებმა განმავითარებელი შეფასების არაერთი განმარტება შემოგვთავაზეს მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი (Wiliam, 2011). თუ ამ დეფინიციებს შევაჯამებთ, დაახლოებით ასეთ განმარტებას ჩამოვაყალიბებთ: განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად. სტატიაში იმ საშუალებებს, რითაც მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს ვუწოდებთ.

ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუკი იგი ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, თუ რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს და ზოგჯერ – არა. მაგალითად, კითხვების დასმა ცნობილია, როგორც განმავითარებელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტი. თუმცა ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე (იხ. მაგალითი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების ქვეთავში).

მსგავსი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტიც (მაგ., ტესტი) ზოგ შემთხვევაში შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. მაგალითად, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ წყვილებში, შეარჩიონ პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე – ეს აქტივობა უკვე შეიძლება ჩაითვალოს განმავითარებელი შეფასების პროცესად. ამ პროცესის საფუძვლად სწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.

როგორ ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს? განმავითარებელი შეფასება მას აძლევს საშუალებას, შეამოწმოს მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე; იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს შორის ისაა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ.

შესაბამისად, ასეთი შეფასება არ გამოიხატება ნიშნით/ქულით, მაშინ როცა განმსაზღველი შეფასება უკვე კონკრეტული მასალის ათვისებას/უნარების განვითარებას აფასებს სკალის გამოყენებით და ნიშნით/ქულით გამოიხატება.

არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ

 

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე არასწორ შეხედულებას განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით.

 

განმავითარებელი შეფასება მასწავლებლისგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს

სინამდვილეში განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები სულაც არ მოითხოვს ბევრ დროს. მაგალითად, მასწავლებლები ისედაც უსვამენ კითხვებს მოსწავლეებს და შეიძლება ეს კითხვები ისე დავსვათ, რომ მათ განმავითარებელი ფუნქცია შეიძინონ.

განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის კომენტარი

კომენტარი, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი, არის განმავითარებელი შეფასების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

განმავითარებელი შეფასება არის მოსწავლის შექება

თუკი მოსწავლეს ვეტყვით: „ყოჩაღ“, „კარგი გოგო/ბიჭი ხარ“ და ზუსტად არ განვუმარტავთ, რა გააკეთა კარგად, მაშინ შექება ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.

კლასის წინაშე დასმული კითხვა გასაგებია? არის განმავითარებელი შეფასება

კითხვები განმავითარებელი შეფასების კარგი ინსტრუმენტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დონის სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. შესაბამისად, კლასის წინაშე დასემული ისეთი კითხვები, როგორიცაა „გაიგეთ?“ ან „არის რამე, რაც ვერ გაიგეთ?“ არ არის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

ის, თუ რა გამოდგება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თავადაც შეგიძლიათ მოიფიქროთ. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც მასწავლებლებმა შემოგვთავაზეს – გამოსცადეს და გაუზიარეს უამრავ სხვა მასწავლებელს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა მოიფიქრა ასეთი აქტივობა: მოსწავლეებს უთხრა, გაკვეთილის ახსნისას თუკი რამეს ვერ გაიგებთ, ხელი აწიეთო. თუ მოსწავლე ხელს აწევს, მასწავლებელი სხვა მოსწავლეს უსვამს შეკითხვას და სთხოვს, განმარტოს გაუგებარი ცნება. ეს მასწავლებელი იხსენებს, თავიდან საშინელება იყო, რადგან მუდმივად აწეული ჰქონდათ ხელი მოსწავლეებს, რომ კითხვა მათთვის არ დამესვაო. თუმცა პროცესი დარეგულირდა და ეს სტრატეგია უკვე ძალიან კარგად მუშაობს.

რაც შეეხება უკვე გამოცდილ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, მათ შორისაა ერთწუთიანი ესე, შემაჯამებელი ბარათები, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, “შუქნიშანი” და ა. შ. გთავაზობთ რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ინსტრუმენტს, რომლებსაც დღეს უამრავი მასწავლებელი იყენებს.

შემაჯამებელი ბარათები

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა ფურცლებს – „შემაჯამებელ ბარათებს“, სთხოვს, ანონიმურად უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას და დატოვონ მაგიდაზე. ბარათებს რომელიმე მოსწავლე აგროვებს.

კითხვები შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემულის მსგავსი, ან სულაც თქვენ მიერ შერჩეული.

  • დაწერეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს პირველად გაიგეთ. რატომ არის ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი?
  • რა ვისწავლე დღეს?
  • როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
  • რომელი საკითხი დარჩა ბუნდოვანი და რატომ?

შემაჯამებელი ბარათები გამოგადგებათ, გაარკვიოთ, თუ რა უჭირთ მოსწავლეებს, როგორ წარიმართა თქვენი გაკვეთილი, მიაღწიეთ თუ არა მიზნებს. მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გააკეთეთ წინა გაკვეთილის მცირე შეჯამება და ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებმა აღნიშნეს ბარათებში. იმის მიხედვით, თუ რომელ კლასში შეგაქვთ შემაჯამებელი ბარათები, პასუხები შესაძლოა განსხვავდებოდეს. ზოგჯერ მოსწავლეები შეიძლება ზერელედ მოეკიდონ ბარათების შევსებას, თუმცა თუ მათ დაანახებთ, რა შედეგი მოჰყვება პასუხების გაცემას, მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

კითხვების დასმა

კითხვების დასმა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია, თუმცა საგულისხმოა ის, რომ ნებისმიერი კითხვა ვერ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუ კითხვა მაღალი დონის სააზროვნო უნარებს კი არა, მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს, მასწავლებელი ვერ იგებს, რამდენად გაიაზრა მოსწავლემ ახალი მასალა. მაგალითად, კითხვა – „რომელ წელს ავიდა ტახტზე დავით აღმაშენებელი?” არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუმცა შემდეგი კითხვა – „რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია გულის მუშაობის სტიმულირებისთვის – სიარული, სირბილი, გოლფის თამაში, პარაშუტით ხტომა თუ ველოსიპედით სეირნობა?“ (Clarke, 20015, p.9) შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა მოსწავლეებმა გულის მუშაობის ზოგადი პრინციპები იციან, ასეთი კითხვა ნამდვილად დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.

აუხსენი შენზე პატარას/აუხსენი ბებიას

მოსწავლეებს სთხოვეთ, აუხსნან უმცროს მეგობარს (წარმოსახვითს, ან წარმოიდგინონ, რომ ეს უმცროსი მეგობარი გვერდით მჯდომი მოსწავლეა) ახალი ცნება ან მასალა უფრო მარტივად, ვიდრე მასწავლებელმა აუხსნა მათ. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ წარმოსახვითი მეგობარი, მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო, შესაძლოა ბევრად უფრო ნაკლებ ცოდნას ფლობდეს. ამიტომ მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ შეძლონ მოცემული ცნების ახსნა ბევრად უფრო მარტივი ენით, ვიდრე ეს გააკეთა მასწავლებელმა. დააკვირდით, როგორ ხსნიან მოსწავლეები ახალ ცნებებს, რათა გაიგოთ, რამდენად ღრმად გაიგეს/გაიაზრეს საკითხი. თუ გადაწყვეტთ, რომ ამით მოსწავლებთა ბებიებს შეურაცხყოფას არ მიაყენებთ, შეგიძლიათ ეს აქტივობა ასე გადააკეთოთ: „აუხსენით ბებიას“.

თანატოლთა შეფასება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანატოლთა შეფასება შესანიშნავი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია და მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ ერთმანეთის საშინაო დავალებებს და არასწორ პასუხებს დაურთონ კომენტარები (და არა ქულები. თუ მაინც გადაწყვეტთ ქულების გამოყენებას, მათ აუცილებლად უნდა ახლდეს კომენტარები). კომენტარი უნდა აღწერდეს არა მარტო იმას, თუ რა არის არასწორი, არამედ ნაშრომის გაუმჯობესების გზებსაც. ეს სტრატეგია მასწავლებელს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, თუ რამდენად კარგად გაიგეს მასალა მოსწავლეებმა.

ტექნოლოგიები და განმავითარებელი შეფასება

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მარტივი ხდება განმავითარებელი შეფასების გამოყენება. არსებობს სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც განმავითარებელი შეფასებისთვის შეიძლება გამოყენოს მასწავლებელმა (ბიბლიოგრაფიაში იხილეთ ლინკი ინგლისურენოვანი ვებგვერდიდან Edutopia; ინგლისურის მასწავლებელთან ერთად ნახეთ, რამდენად მზად ხართ, გამოიყენოთ ტექნოლოგიები განმავითარებელი შეფასების მიზნით).

ასევე შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებას წაახალისებს და თან განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტადაც გამოდგება: დაავალეთ მოსწავლეებს, გააკეთონ რეკლამა ახლად შესწავლილ ცნებასთან დაკავშირებით. მათ უნდა მოიფიქრონ ტექსტი და შესაბამისი ვიზუალიზაცია ახალ მასალაში გამოყენებული ცნებების გასაგებად. ეს აქტივობა დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ იმის თაობაზე, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა.

კომენტარი/უკუკავშირი

კომენტარი/უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ინსტრუმენტია. მკვლევარებმა 600-ზე მეტი კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებობს წამახალისებელი უკუკავშირი და უკუკავშირი, რომელიც უარყოფითად მუშაობს – წახალისების ნაცვლად გულს უცრუებს სწავლაზე მოსწავლეს და აუარესებს აკადემიურ შედეგებს (Kluger and DeNisi, 1996). მსგავსად ფორმულირებულმა უკუკავშირმაც კი შეიძლება სხვადასხვაგვარად იმუშაოს მოსწავლეზე, რომელიც წარმატებაზე ორიენტირებულია (მისთვის უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რათა გააუმჯობესოს მოსწრება) და მოსწავლეზე, რომელიც ყველა გზით ცდილობს, თავი აარიდოს წარუმატებლობას. ამიტომ მასწავლებელმა უნდა ეცადოს, ისე მიაწოდოს უკუკავშირი ცუდი შედეგის მქონე მოსწავლეს, რომ ეს შედეგი არ იქნას ინტერპრეტირებული, როგორც წარუმატებლობა. მეორე მხრივ, მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეებს, რომ ძალისხმევა და გაუმჯობესებული შედეგი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია (Marzano, 2001).

დაკვირვება, როგორც განმავითარებელი შეფასება

დაკვირვება ასევე ითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. ამ დროს მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს დაკვირვების რამდენიმე ობიექტი, ან დააკვირდეს მთელ კლასს, მაგრამ აირჩიოს კონკრეტული თემა (მაგ., კომუნიკაცია). მასწავლებელს შეუძლია მთელი კლასის წინაშე გააკეთოს კომენტარები, ან ინდივიდუალურად გაესაუბროს მოსწავლეებს, შეაჯამოს დაკვირვების შედეგები და გამოიყენოს სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სტრატეგია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებელი და მოსწავლე (გარდა იმისა, რომ გაარკვევენ, როგორია მოსწავლის პროგრესი, რას ვერ იგებს ის) იპოვიან გზებს, როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების ვერ ერთი ინსტრუმენტის გამოყენება ვერ ჩაითვლება ეფექტურად, თუკი საბოლოო შედეგი არ იქნება საკითხის/ცნების ღრმად გაგება/გააზრება თუ უნარის ათვისება.

როგორც აღვნიშნეთ, თავად შეგიძლიათ შექმნათ/შემოგვთავაზოთ განმავითარებელი შეფასების აქტივობები, გამოსცადოთ, თუ როგორ მუშაობს ეს კლასში და გაუზიაროთ სხვა მასწავლებლებს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

Black, P & Wiliam, D (1998). ‘Assessment and Classroom Learning’, Education: Principles, Policy and Practice, March, vol 5, no 1, pp 7-74.

.

Clarke, S (2005). Formative Assessment in Action: Weaving the elements

Together. London, United Kingdom: Hodder Murray

Edutopia (2015). Empowering Teachers with tech-friendly Formative Assessment tools.

http://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns

Kluger, A. N., DeNisi A. (1996). “The effects of feedback interventions on performance. A historical review, a meta-analysis, and a preliminary feedback intervention theory.” Psychological Bulletin, 119, 254–284.

Marzano, R. (2001).Classroom Assessment and Grading the Work. Alexandria, VA: ASCD.

OECD (Organisation for Economic Co-operation and Development) 2005, ‘Formative Assessment in Secondary Classrooms’, Policy Brief, November.

Wiliam, D. (2011.) Embedded Formative Assessment. Bloomington, IN: Solution Tree Press

კომენტარები

comments