მისტერ ელი (ნაწილი I)  

„მუსიკას რომ არ ეარსება, ალბათ მას მე გამოვიგონებდი“.

ელ ჯერო

მსურს, გესაუბროთ ლეგენდარულ მუსიკოსზე, რომლის დაუვიწყარ გამოსვლას თავად ვესწრებოდი 14 წლის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

მისი მუსიკა არავის აინტერესებდა

ელ ჯერო – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ქარიზმატული „მელოდიური“ ჯაზმენი – ფართო საზოგადოებისთვის დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მას უამრავი სტუდიისთვის მიუმართავს, მაგრამ ამაოდ – მისი მუსიკა არავის აინტერესებდა. დიდმა სურვილმა და შეუპოვრობამ მომღერალი იმად აქცია, რაც დღესაა. ამ ადამიანის საკვირველი ბედი ბედნიერ შემთხვევას წააგავს, თუმცა მხოლოდ თვითონ იცის, რა ძნელი იყო მწვერვალისკენ მიმავალი გზა.

ცნობილი გახდა დაახლოებით 35-40 წლისა, როდესაც მისმა სადებიუტო ალბომმა „We got by“ საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. განსაკუთრებული მოწონება ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიმსახურა. 1977 წელს მუსიკოსმა ალბომით „Look to the rainbow“ თავისი პირველი მსოფლიო ტურნე გამართა.

მისი განსაკუთრებულობა ერთდროულად სამ ჟანრში წარმატებული მოღვაწეობით გამოიხატა: პოპში, ჯაზსა და რიტმ–ენდ–ბლუზში. ამავე დროს, საზოგადოებამ მუსიკოსის ორმაგი საკონცერტო ალბომი გაიცნო. აქ სრულყოფილად წარმოჩნდა მისი იმპროვიზაციული ნიჭი. 80-იან წლებში გაყიდულმა მილიონობით ალბომმა და უამრავმა ჯილდომ ელ ჯეროს თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა.

პირველი სასცენო მოედანი

მომავალი დიდი ჯაზმენი 1940 წლის 12 მარტს დაიბადა აშშ–ში, ქალაქი მილუოკიში, მღვდლის მრავალშვილიან ოჯახში. 4 წლისას სიმღერა დედამ ასწავლა. მის პირველ ასპარეზად ეკლესიის გუნდი იქცა. „დედა ორგანზე უკრავდა ბაპტისტურ ეკლესიაში და სულ თან დავყავდი“, – იხსენებს ელი. გუნდში მთელი ოჯახი მღეროდა – ხუთი ძმა და ერთი და. მიუხედავად ასეთი მუსიკალური გარემოცვისა, ელ ჯეროს მუსიკასთან თავისი ცხოვრების დაკავშირება იმთავითვე არ გადაუწყვეტია.

მეგავარსკვლავს მუსიკალური განათლება არ მიუღია. მან უნივერსიტეტი დაამთავრა და ფსიქოლოგის დიპლომი მიიღო. ახალგაზრდა ფსიქოლოგი ერთხანს რეაბილიტაციის ცენტრში მუშაობდა და ცდილობდა, ინვალიდები აქტიურ ცხოვრებაში დაებრუნებინა, მაგრამ ნიჭმა თავისი გაიტანა… ძირითადი საქმიანობის პარალელურად ელ ჯერო ახალგაზრდულ საღამოებზე კლუბებში „მომღერლის სტატუსით“ გამოდიოდა. საკუთარი ჯგუფიც კი შექმნა – „The Indigos“. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ გართობად მიაჩნდა. მოგვიანებით ელი სან-ფრანცისკოში გადასახლდა. სწორედ იქ შედგა მისი საბედისწერო შეხვედრა მუსიკოს ჯორჯ დიუკთან და დაიწყო კიდეც ელ ჯეროს გამოსვლები სერიოზულ ჯაზკლუბებში. ლოს-ანჯელესში დამკვიდრების შემდეგ კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი საქმე მუსიკა იყო. „ეს გახლდათ შესანიშნავი პერიოდი – ჰიპისა და როკ–ენ–როლის, რევოლუციის დრო, ლოზუნგით „Make love, not war“.

დაიწყო მსოფლიო ტურნეები, ჯაზური ფესტივალები, დუეტები ცნობილ მუსიკოსებთან, გამოსვლები ბროდვეის მიუზიკლებში, ტელეგადაღებები და ჯილდოები, ჯილდოები, ჯილდოები…

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. 76 წლის ელ ჯეროსთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა… თითქმის უწყვეტი გასტროლების გამო ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობს. მომღერლის მეორე ოჯახი მისი ბენდის მუსიკოსები არიან.

კონტაქტური მომღერალი

მოღიმარი, სათნო და ენაწყლიანი მომღერალი კითხვებს ვრცლად და იუმორით პასუხობს. ამავე დროს მონათხრობს საკუთარი სიმღერებიდან მოკლე ციტატებით ილუსტრირებს, რითაც მსმენელებს უმალ დადებითად განაწყობს.

ასე რომ, ელ ჯეროს კონცერტზე დასწრება არა მხოლოდ შესანიშნავი მუსიკის მოსმენაა, არამედ უშუალო ურთიერთობაც ჯაზის ლეგენდასთან.

 

უნიკალური საკრავი

თავისი უნიკალური „საკრავის“, ხმის, შესანიშნავ მდგომარეობაში შენარჩუნება ელ ჯერომ ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური თვალყურის დევნებით მოახერხა. უწინარეს ყოვლისა, მან უარი თქვა მავნე ჩვევებზე… თუმცა ეს სულაც არ ყოფილა ადვილი. მომღერლის აზრით, ხმის შენარჩუნების საუკეთესო გზა მისი დაზოგვაა. რა თქმა უნდა, როდესაც კვირაში 4-5 დღე ყოველ საღამო 2–2 საათი გიწევს სიმღერა, „ხმის დაზოგვა“ აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა. ექიმთა რჩევების გათვალისწინება განსაკუთრებით ძნელია მუდმივი გასტროლების ფონზე, როცა იმდენი დროც კი არ გრჩება, რომ კარგად გამოიძინო… მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ახერხებს ხმის სათანადო დონეზე შენარჩუნებას.

ადამიანი–ორკესტრი

მისთვის დამახასიათებელი შემპარავი ხმა და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკა არავის ნამღერში არ აგერევა. ხმა როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი მის ჯაზურ რეპერტუარში ორგანულად იხსნება. წარმოუდგენელი ვოკალური ტექნიკის მფლობელს, თითქმის ყველა საკრავის გახმოვანება შეუძლია. პრესის შეფასებით, ქარიზმატული ჯერო „ათასი ხმით“ მღერის. „ინსტრუმენტალისტი“ გამუდმებით თამაშობს ტემბრებით, ბაძავს საყვირს, საქსოფონს…

მომღერალი ჟანრიდან ჟანრში მარტივად გადადის. მუსიკის კრიტიკოსები აღიარებენ, რომ ელ ჯეროს რომელიმე განსაზღვრული ჟანრისთვის მიკუთვნება უჭირთ – ის ხომ მსოფლიოში ერთადერთია, ვინც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ 3 სხვადასხვა კატეგორიაში – ჯაზში, პოპსა და რიტმ–ენდ–ბლუზში მიიღო. გარდა ამისა, ვირტუოზმა საკუთარი თავი იპოვა ფანკში, სოფთ როკში, კროსოვერ ჯაზში, ვოკალურ ჯაზსა და თანამედროვე პოპ როკში.

მხურვალე ემოციები, ოსტატობა და შესრულების განსხვავებული მანერა, საუკეთესო ჯაზური სკეტი, საკრავთა ხმოვანების იმიტაცია და თვით მაესტროს უკიდეგანო ენერგიის ფეთქვა მსმენელზე ბომბის გასკდომის ეფექტს ახდენს.

ჟანრების უპირატესობა

როდესაც მომღერალს ჰკითხეს, ამ სამი ჟანრიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას, უპასუხა: „თუ აუცილებელია რომელიმე ფორმულირების არჩევა, ჩარჩოში მოქცევა, ვიტყოდი, რომ ვმღერი რიტმ–ენდ–ბლუზს და პოპს ჯაზური ელფერით. სინამდვილეში თანამდროვე მუსიკაში ყველაფერი ისეა არეულ-დარეული, რომ რაიმე ჩარჩოს დადგენა შეუძლებელია. უფრო მეტიც – უაზრობაა. ჟანრები შერევით ავსებენ და ალამაზებენ ერთმანეთს. მუსიკოსები კარგა ხანია შერევის სხვადასხვა ხერხს იყენებენ – ჯაზს პოპში ან კლასიკას როკში…

მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ალბომი ჩავწერე, მივიღე უამრავი ჯილდო და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ ჩემს ერთადერთ წმინდა ჯაზურ ალბომს „Accentuate the Positive“–ს ყველა სხვა ალბომზე ნაკლები გამოძახილი მოჰყვა. უფრო ზუსტად, კრიტიკოსების შეფასება მაღალი იყო, მაგრამ მსმენელებმა ალბომის შეძენა არ მოისურვეს. მათ სურდათ რაღაც ნათელი, მელოდიური, მსუბუქი და როდესაც შევთავაზე მუსიკის ღრმა აღქმა, დაფიქრება, მათ ზურგი მაქციეს. ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს შესანიშნავი ნამუშევარია.

ჩემი უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი „Christmas“ შევეცადე, ტრადიციული საახალწლო თემატიკით ისე დამებალანსებინა, რომ „ზედმეტად ჭკვიანური“ არ გამოსულიყო და ის შუალედურ მდგომარეობაში დამეტოვებინა – ცოტა ჯაზით, ცოტა პოპით და ცოტაც რიტმ–ენდ–ბლუზით. იმედი მაქვს, ის ყველას მოეწონება“.

ვინაიდან მსოფლიოს საზოგადოება მომღერლისგან ერთსა და იმავე – ძველ ჰიტებს მოითხოვს, პროგრამის საფუძველი ისევ და ისევ კარგად ნაცნობი სიმღერებია. რომ არა საზოგადოებრივი დაკვეთა, ელ ჯეროს არჩევანით პროგრამა განსხვავებულ ელფერს მიიღებდა, თუმცა ახალი ჩანაწერებიდან მომღერალი გამორჩეულ კომპოზიციებს მაინც აწვდის აუდიტორიას.

ელ ჯეროს ცხოვრების საუკეთესო პერიოდთან დაკავშირებული სიმღერებია „We Got By“, „Heart’s Horizon“, „Mornin“.

კომენტარები

comments