იავნანა საცობისთვის

სამსახურიდან გამოდიხარ. დღეს ყველა საქმე ერთად გეყარა თავზე. ნაწილის მოგვარება მოასწარი, ნაწილის – ვერა. დაუსრულებელი საქმეების გამო, უფროსმა შენიშვნა მოგცა. შინ წასვლის დრო დადგა. ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე, სადაც ცხელი წვნიანი და  შემწვარი კარტოფილი გელოდება. ჯერ ამას ჩაატკბარუნებ და მერე Homeland-ის სამ სერიას დააყოლებ დესერტად, გარჩეული მზესუმზირასავით აკოწიწებ მესამე კვირაა. იმედოვნებ, რომ დაძაბულობას მოიხსნი, ოჯახის წევრებს დაელაპარაკები, ძველ ამბებს გაიხსენებთ და ამასობაში, ძილის დროც მოვა. ხვალიდან კი, კუნთებში ჰერაკლეს ძალასავით მომდგარი ენერგიით მიასიკვდილებ კისერზე ალესილი ხანჯალივით შემოლაგებულ საქმეებს.

ფიქრები მძიმე სკაფანდრივით გახურავს თავზე. მთვარეულივით დააბიჯებ და ვერც კი ამჩნევ, რომ გზის პირს მიუახლოვდი. ფიქრის უღრანებიდან სიგნალის მჭახე ხმას გამოჰყავხარ და რას ხედავ – მანქანების სანათებს თეთრი და წითელი მდინარეები შეუქმნიათ ტრასაზე. უძრავი მდინარეები.

ორთქლს პირიდან სიგარეტის ბოლივით უშვებ და გზაზე გამოკიდებულ რკინის კოლოფებს მისჩერებიხარ, რომლებშიც ადამიანთა ათასნაირი დარდი და სიხარული ჯინივით გამომწყვდეულა. ცივა და მძღოლები ფანჯრებს დაბლა აღარ უშვებენ. ამიტომ, გარეთ ვერც მათი დარდი აღწევს და ვერ სიხარული. ტაქსის გაჩერება არ გიწევს, ის მდორედ მოძრაობს გზაზე. უბრალოდ, კარი უნდა გამოაღო. „ვაზისუბანში რვა ლარად გამიყვანთ?“ – კითხულობ მორცხვად, თითქოს აქეთ სთხოვდე რვა ლარს ან შენი ბრალი იყოს, ამოდენა საცობი რომ დგას. „რომელში გინდა?“ – გკითხავს ეჭვით და როცა ეტყვი, აქა და აქო, მძიმედ დაიწყებს ფიქრს, თითქოს ქალიშვილის ხელი გეთხოვოს. დაჯეო, გეტყვის…

უკვე ნახევარი საათი გავიდა, თქვენ კი ჯერ ვერ გაიქეცით, მუხლიც  ვერ გამართეთ, ვერ კი გაიძუნძულეთ. ნელ-ნელა გეპარება აზრი, რომ აჯობებს სერიალი ხვალისთვის გადადო და მისთვის გამოყოფილი დრო ძილს დაუთმო. გაწვიმდა. ჰაერი ჩაიხუთა და საქარე მინები დაიორთქლა. მძღოლები თან ბუზღუნებენ და თან ისტერიულად უსვამენ  მინას ნაჭერს. ზოგიერთი, ვინც თადარიგიგი ვერ დაიჭირა და კარის უჯრედში ნაჭერი არ მოიმარაგა, მინაზე მოდებულ ორთქლს ხელით წმენდს. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრებიდან ისმის ცნობილი გინების უკანასკნელი თანხმოვნები. წყვილები, რომლებიც მანქანაში კარგ ხასიათზე ჩასხდნენ, გზამ ისე გააბოროტა, ახლა ცდილობენ ერთმანეთს შარი მოსდონ და მანქანაში ისე სხედან, როგორც ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი წევს საწოლში.

  • რო მოვწიო, ხო არ შეგაწუხებ? – გკითხავს მძღოლი და გაგახსენდება, რომ მეექვსე თვეა აღარ ეწევი.
  • მოწიეთ – ეტყვი იმ იმედით, რომ მოწყალებას გაიღებს, ერთი-ორჯერ სახეში შემოგაბოლებს და გაგახსენებს მწეველობის დიად დღეებს, როცა ჯიბეში მუდამ გედო ერთგული მეგობარი – წითელი Marlboro, რომელიც არასოდეს გტოვებდა მარტოს.

მძღოლი უკიდებს და ნერწყვი გადგება. ფიქრობ, რომ ახლა, სულ ერთი ნაფაზისთვის ცალ თირკმელს დათმობდი, რადგანაც ორი მაინც არაფერში გჭირდება (სიმართლე ითქვას, თირკმლის დანიშნულება საერთოდ არ იცი). მძღოლი ახველებს და ხელს მომდგარი ხრინწის ხმა გაფიქრებინებს, რომ მის ფილტვებში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს სიმსივნე და ადრე თუ გვიან წააქცევს ამ ვეება კაცს, რომელიც პატიოსნად დგას თავის ხაზში და გზას მიჰყვება. გრძნობ, რომ მორფეოსი ნელ-ნელა მკლავებს გხვევს და საძილეთში მიჰყავხარ. ფიქრობ დანებდე და თავი გადაქინდრო, მაგრამ უხერხულობ, ვაი თუ პირღიას ჩაგთვლიმოს. მიდიხარ ასე, ძილ-ღვიძილში და ხედავ, რომ ვიღაც ნაძირლები საპირისპირო ზოლებში იმოკლებენ გზას, რათა უფრო სწრაფად მიაღწიონ თავიანთ დამპალ სახლებში, შენზე სწრაფად დახვრიპონ წვნიანი, ეთამაშონ ბავშვებს, ტახტრევანზე წამოკოტრიალდნენ და უყურონ საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც იტყვიან, საღამო მშვიდობისაო და როგორც ერთ ხუმრობაშია, მერე მოჰყვებიან, რატომ არ არის ასე.

თქვენ კი მიღოღავთ ისე დინჯად და ისე ნელა, რომ ფიქრობ, ამასობაში ხომ არ გამოიგონეს კიბოს წამალი. ან, იქნებ სირიის კონფლიქტსაც მოეღო ბოლო – ჯარისკაცებმა იარაღები დაყარეს და ხელი ხელს მისცეს.

„ახლა მარჯვნივ, მერე ზემოთ და მერე ისევ მარჯვნივ“ – ეტყვი მძღოლს და ისიც თავს გიქნევს. უკვე გენანება კიდეც მისი მიტოვება. ბოლო-ბოლო, იმდენი დრო გაატარეთ ერთად. ქაღალდის ფულს უწვდი და აყოლებ: „იყოს ათი, ხურდა არ მინდა“. ის დაიმორცხვებს და მადლობას გეტყვის.

ლიფტთან მიდიხარ და ოცნებობ, იქნებ ღმერთმა ამჯერად მაინც გაიღოს წყალობა შენზე და არავინ დაგემგზავროს. ამ დროს, სადარბაზოში სწორედ ის შემოდის, ვისთან ერთად მგზავრობაც ყველაზე ნაკლებად გაგიხარდებოდა – ახალი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა შენთან დამეგობრება –  ფეხბურთის ნახვა შემოგთავაზათ ლუდისა და თევზის თანხლებით. შენ კი უთხარი – „როგორღაც მოვახერხოთ, ჩავუსხდეთ“ – მას შემდეგ კი თავსა და თვალს არიდებ. გგონია, რომ ახლა მოვა და ისევ დამეგობრებას შემოგთავაზებს, მაგრამ ცდები. მგონი ახალ მეზობელს უფრო ეზარება შენთან ერთად მგზავრობა და მობუზული დგება გვერდით. შენ იძულებული ხარ საყველპურო დიალოგისთვის პირველმა დაიკნავლო:

  • რა საცობი იყო.
  • ეჰ – ამოიოხრებს – ორი საათია სახლისკენ მოვდივარ.

ის თავის სართულზე გამოდის და ცალყბად გემშვიდობება. შენ გზას განაგრძობ და მხოლოდ ერთი აზრი გაწუხებს: იქნებ წვნიანიც ხვალისთვის გადადო.

კომენტარები

comments