პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიცილი

ავტორი: დალი კუპრავა

ხშირად ვიცინით სკოლაში ? ვიცინით კლასში მოსწავლეებთან ერთად ?

არადა, ურთიერთობას ისე არაფერი ამყარებს და აგვარებს, როგორც- ერთად სიცილი.

საკუთარი დაკვირვებითა და ბლიცგამოკითხვით დავასკვენი,რომ მოსწავლეები კი იცინიან, მაგრამ სიტუაციებს თავად „ქმნიან”, თავს თვითონ იმხიარულებენ და უმეტესად, მასწავლებლებისგან მხოლოდ- რა გაცინებთ, ან ნუ იცინით, ან სასაცილოდ გაქვთ საქმეო ესმით.

სხვა ცოცხალ არსებას ღიმილი არ შეუძლია, ამიტომ არა ერთი და ორი ექსპერიმენტი ჩაუტარებიათ ადამიანებსა და გორილებზე- კონფლიქტისთვის გამზადებული კაციც და მაიმუნიც ღიმილს შეუჩერებია. რაც უფრო იძაბება სიტუაცია, გორილებს ღიმილის უფრო დიდი მოთხოვნილება უჩნდებათ, თვიანთ სტატუსსა და სუბორდინაციას ასე ავლენენ. ჰიპოთალამუსის წინა ზონის გააქტიურებას ბევრი სარგებელი აქვს, თურმე, გენეტიკის მიუხედავად, ადამიანებში სიმაღლეში ზრდასაც ხელს უწყობს.

არქაული ღიმილიდან დაწყებული , რომელიც მხოლოდ ბერძნულ არქაულ ქანდაკებებს როდი აქვთ, ჰომერული ხარხარით დამთავრებული , სიცილი ევოლუციის მშვიდობიანი ნიშანია, ინდივიდებს შორის არავერბალური ურთიერთობის ენაა; სხეულის ენაა, რომელიც ხშირად უფრო მეტად შედეგიანია, ვიდრე -სიტყვა. სარდონიკულ, გესლიან სიცილსაც კი შეუძლია მოწინააღმდეგის დამარცხება -სიმბოლურად სარდონიკული თუ სარდინიული სიცილი სიკვდილს ახალ სიცოცხლედ აქცევს და კლვას ამარცხებსო,ჯეროდათ .

ერთად სიცილის კომუნიკაციურობასა და სოციალურობაზე რაღა უნდა ვთქვა. გადამდები სიცილის მაგიურ ძალაზეც ბევრი გვსმენია და გამოგვიცდია, როგორ განაწყობს. სიცილის და კეთილგანწყობის კორელაციაც ეჭვს არ იწვევს. თუნდაც, რომ არ გეცინება და ნაძალადევად გაიცინებ,შვების მექანიზმი მაინც ამუშავდება.

მკითხავთ,და მართალცი იქნებით, კი,ვიცინებთ , მაგრამ სასაცილოც ხომ უნდა იყოს რამეო ?!

ლიტერატურის სწავლებისას, ბევრი მიზეზის ნახვა შეიძლება, რაც სურვილსა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

რატომ არ უნდა გავიღიმოთ, გავიცინოთ „ვეფხისტყაოსნის” კითხვისას, როცავკითხულობთ, რომ ლომ-ვეფხს კატასავით ხოცავს ტარიელი,ან როცა თავისი ძალებით ამაყობს, გვიყვება ათი წლისას რა შეეძლო?! ან, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ღიმილის გარეშე ავთანდილის მიერ მეკობრეთა ხომალდის აბორდაჟის ეპიზოდი. არ შეიძლება გაყინული ავტორიტეტების ფლობა – სასაცილო ისაა, რომ ქართველები „ვეფხისტყაოსანზე” არ ვხუმრობთ და მხოლოდ მის ხელშეუხებლობას ვაღიარებთ.

ხუმრობა, სიცილი, იუმორი,გროტესკი, ირონიაც და სატირაც მოსულა ყველაფერზე …
ღიმილი და სიცილი მხოლოდ სახის კუნთების ვარჯიში ხომ არ არის ?!
თემამ მოიტანა და ისევ ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამას უნდა შევეხო.

სასკოლო პროგრამაში ადრე იყო ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”.

ვინ იცის ,ოდესღაც ეს ნაწარმოები მზრუნველმა მოაზროვნე ლიტერატურისმცოდნემ ჩასვა პროგრამაში, როგორც თემატურად, იდეურად და მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო რომანი. დროთა განმავლობაში კონიუქტურული სწავლებისგან ამ ტექსტის რეზონანსმა ისე იკლო, რომ მისი პროგრამიდან ამოღება არავის შეუმჩნევია.

არადა, რა აქტუალური იქნებოდა დღეს. რამდენი შეკითხვის დასმა, რამდენი საზოგადოებრივი და ეკონომიკური პროცესის ჩვენება-ახსნა იქნებოდა შესაძლებელი.

საინტერესო ტიპი იყო იმ დროისთვის სოლომონ ისაკიჩი და არის დღესაც.

პირველ პირში მოთხრობილი ამბავი თვითირონიულია, რაც ქართულ ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. ამბავი თვალსაჩინოდ აპირისპირებს განათლებასა და გაუნათლებლობას, კულტურასა და ვითომკულტურას, მდაბიოსა და დარბაისელს. მოთხრობაში მკაფიოდ ჩანს ღირებულებები-ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ამქვეყნად არსებობისთვის, ვინ რითი ცხოვრობ. რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული, რა არის ღირსება. სიტყვა „უხერხული” ან იდიომური ფრაზა „აბუჩად აგდება” ან „უკულტურობა” ან „უცოდინრობისგან დაბეჩავებული”, „თავხედი „ ასე თვალსაჩინოდ სწრაფად გასიფრული ლიტერატურაში ხშირად არ გვხვდება. არადა, როგორი ოსტატური და თან რეალურია ყველაფერი : სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა, საინტერესო ხასიათები, ახალი სოციალური ფენის ჩამოყალიბება, დღევანდელობასთან კავშირი…

კითხვისას ბევრგან შეიძლება გავიცინოთ, გავიღიმოთ, ჩავიცინოთ, ავხარხარდეთ, საკუთარ თავს ირონიით შევხედოთ .

კარგი მწერალია ლავრენტი არდაზიანი .

მეჯღანუაშვილს თუ არ წავაკითხებთ, თბილისის ტროტუარზე მაინც ვამოგზაუროთ მოსწავლეები და პროგრამაში მისი პუბლიცისტური წერილი მაინც ჩავდოთ.

დღევანდელი ტროტუარს არაფრით ჩამოუვარდება .

საპროგრამოშიც ბევრია „მიზეზი”. თუნდაც, „კაცია ადამიანის” კითხვისას თუ არ ვიცინეთ, აბა, გროტესკიაო როგორ დავაჯეროთ. და , საერთოდ ბევრ ნაწარმოებში შეიძლება სიცილის მიზეზის ნახვა- ერთად სიცილი.

მასწავლებლებო, იცინეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად. არ დაუშალოთ სიცილი,თავად მოძებნონ სიცილის მიზეზი ტექსტებში. სიცილი აერთიანებს და ჩემზე ნაკლებად არ მოგეხსენებათ, როგორი აუცილებელია გაკვეთილზე მოსწავლეებისა და მასწავლებლის ერთიანობა.

ადამიანები, რომლებიც იცინიან იშვიათად ავადდებიან გულით, სიცილი ამშვიდებს, ორგანიზმი ჟანგბადით მდიდრდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, ერთი წუთი სიცილი ათწუთიან ფიტნესს უდრისო და … ბოლოსდაბოლოს ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა.
ბედნიერ, ენდორფინებით სავსე ახალ წელს გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი