პროფესია – მასწავლებელი

“ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და კალამს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა”

მალალა იუსაფზაი

ცოტა ხნის წინ ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტისთვის ინტერვიუს ჩაწერა მთხოვეს. მასწავლებლის პროფესიაზე, პროფესიის უპირატესობებზე, სირთულეებსა და მნიშვნელობაზე უნდა მესაუბრა. ავად თუ კარგად, ინტერვიუ შედგა. შევეცადე მესაუბრა იმაზე, თუ რა არის მასწავლებლის დანიშნულება, რა მიზანს ემსახურება სკოლაში მისული მასწავლებელი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სკოლაში აღიზარდოს ღირსეული და სრულფასოვანი პიროვნება, რა თვისებები უნდა გააჩნდეს მასწალებელს, საკმარისია თუ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის ათვისება ან საგნის ცოდნა, რათა სწავლა-სწავლების პროცესი შედგეს და სხვა ამისთანა რამეები. ინტერვიუთი კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან ვფიქრობ, ბევრი მნიშნელოვანი რამ დამრჩა უთქმელი და სათქმელი. ამ პერიოდში გამახსენდა სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს წაკითხული ერთი ძალიან საინტერესო წერილი მასწავლებელზე, რომელიც სინამდვილეში, სულაც არ იყო „დიპლომირებული“ ან „სერტიფიცირებული“ მასწავლებელი, არამედ იყო ერთი უბრალო ადამიანი, მოხუცი ფშაველი, რომელიც ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რასაც განათლების თანამედროვე თეორიებში შეხვდებით საუკეთესო მასწავლებლის აღწერის დროს. მინდა, წერილი უცვლელად შემოგთავაზოთ, რადგან წერილის ავტორის უშუალო, სითბოთი და პატივისცემით განმსჭვალული თხრობა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი თეორიული მსჯელობა პროფესიის წარმომადგენლების მნიშნელობასა და პრაქტიკულ საქმიანობაზე.

ვაჟა-ფშაველას მამის, პავლე რაზიკაშვილის მიერ ერთ რვეულში თავმოყრილი ავტობიოგრაფიული ჩანაწერები თედო რაზიკაშვილის არქივში აღმოაჩინეს თავის დროზე. პავლეს თავისი ნაწერი ქვეთავებად დაუყვია. ეს დოკუმენტური მასალა მართლაც ამოუწურავი საბადოა იმ ეპოქის ყოფაცხოვრების და ყოველდღიურობის გასაცნობად. პავლე სიბერემდე შემორჩენილი ბავშვური გულწრფელობით და ამავდროულად, საოცრად დაკვირვებული თვალით დანახულ სამყაროს აცოცხლებს ამ ავტობიოგრაფიაში: ბავშვობის ტკბილად მოსაგონარი დღეები, დუხჭირი ცხოვრების ამსახველი სულისშემძვრელი მოგონებები, საყვარელი ბებიის გახსენება, მამა-ბიძების, დედის, მეზობლების მოგონებები, უამრავი საინტერესო ეთნოგრაფიული ცნობა, საკუთარი გვარის წარმოშობის შესახებ მსჯელობა და ერთიც ცალკე ქვეთავი ფშაველ კაცზე, გამახარეზე. მასწავლებელზე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ამ ადამიანზე:

 

 

პავლე რაზიკაშვილი „გამახარე“

მიყვარდა, როდისაც გამახარე მარხილში შეგვაბამდა ყმაწვილებსა. შეშას დაუდებდა და ჟივილ-ხივილით მოგვქონდა, მოიტანდა დიდ ხატში. ცალკე ერთი საკუთარი ადგილი გვქონდა არჩეული, იქ დიდს ცეცხს დავანთებდით, თავში გამახარე დაჯდებოდა, მე ყეინი ვიქნებივო, და რასაც გვიბრძანებდა, იმას ვასრულებდით. ერთს მჭვარტლიან დურა-ტყავს მოისხამდა, სადაც ჩვენ ცეცხლი გვენთო, ჩვენს წინ ხალხის სავალი იყო. ქადა-პური იმაზედ მიქონდა, ხატში აჭრევინებდენ და რაც ერგებოდა, უკანვე მოქონდა. ყველა კაცი მოვალე იყო, ვინც ყეინის წინ გაივლიდა, ძღვნიდან რამე ნაწილი უნდა მიერთვა და თავი დაეკრა ჩვენის ყეინისთვინ და თუ ვინმე ამას არ იზამდა, მაშინ მივესეოდით და რაცა ჰქონდა, სუ წავართმევდით და ყეინის წინ მივიტანდით. მოვალე იყო, უნდა დაჩოქილი ყეინს შეხვეწიყო და წანართმევი ისევ დაეუბრუნა. ახლა, როდესაც ეს ძღვენის მირთევა გათავდებოდა, ყეინი თავის კარგს ულუფას დაგვირიგებდა, იმ ვარაუდით, ვინც უფრო კარგი ერთგული და ყოჩაღი მოსამსახურე ვიყავით. ზოგს თითონ შეინახავდა და ეს ბრძანებაცა გვქონდა, თუ ყეინში რასმე ურიგოს შევნიშნავდით, ყველანი ერთის პირით წავეხვეოდით და ჩაგვქონდა თოვლში გაბოტიტნებული ყეინი. ერთი დიდ მჭვარტლიან დურა ტყავს წამოასხამდა, მერე შევრიგდებოდით და იქვე დავსომდით. ამას იმისთვის უშვრებოდით, როგორც თითონ გვეტყოდა, რო ყეინი ძალიან არ გათამამებულიყო და ჯარს ხათრი და სიყვარული არა ჰქონიყო. კიდევაც დაგვსხამდა, გვიბრძანებდა, ვინ უფრო კარგს ზღაპარს ვიტყოდით ან გამოცანასა და ან თითონ გვიანბობდა ან დაგვიყენებდა და ვინც ან უფრო დავისწავლიდით და გამოვიცნობდით, იმათ დანარჩენის ძღვენიდან გვასაჩუქრებდა. აგრეთვე ის იცოდა, ყველას გვკითხავდა, ვის რა მოგვეპარა ან შინ დედისთვინ – თხილი, კვერცხი და სხვა ან კარში ცვერცი ( ცერცვი), ქათამი ან ბოსტანში – აუცილებლად უნდა გვეთქვა – ვინც არაფერს დავმალავდით, იმათაც კარგ საჩუქარს გვაძლევდა.

მაგრამ ბოლოს გვეტყოდა – ჰი, ეხლა ეს თქვენი ნათქომი ყველაფერი ხატმა გაიგონავო და დაისწავლისვო, ვინც კიდენ მოიპარავს, დედას მაუკლავსო და ვინც არ მაიპარავს, იმას კარგს კაცს გაზრდისვო. აგრეთვე, გვათვლევინებდა, რაღაც ერთნაირი თხილისას დააყენებდა გამოცანად და ვინც იმას გამოიცნობდა, იმასაც ჯილდოს გვაძლევდა.

ეხლა რო ვფიქრობ, ის ანგარიში ის მასწავლებელი იყვო, როგორც არფმეტიკა. გვაჭიდავებდა, ქუდს გვატაცინებდა კაცისთვინ, გვავლევინებდა, გვაფრინავებდა, ანუ ქუდებს გვაფარებინებდა ფარის მაგიერადა. ვინც ამისთანებში ყოჩაღობას გამოვიჩენდით, იმასაც საჩუქარს გვაძლევდა. თუ გაუთავდებოდა ის ნადავლი ძღვენი, მერე ხატის სელოსნებს ქადის კვერებს გამოართმევდა ან ლუდის მდუღებს ლუდსა და იმითი გვასაჩუქრებდა. ეს ყველას ისე გვიყვარდა, რომ მართლაც იმის ნახვა ჩვენთვინ ძვირფასი იყო.

მართლაც, რო ვიფიქრებ, შესანიშნავი კაცი იყო. ნუთუ უბრალო ვინმე იყო, სოფელში და თემში პირველობა ეთქმოდა, მაგრამ ამისი უპირველესი საქმე ჩვენ, ბალღები ვიყავით, სოფელი რო რასმე სასოფლოს არიგებდნენ და კომის კაცი გავიდოდა ან თემის კაცი ან უფროსი კაცები იკითხავდნენ – გამახარე სად არისვო.

სხვა ეტყოდა – ბალღებში იქნებავო.

დაუძახებდენ, მოდი, ე ბალღები რა ჭირათ გაგიხდავო.

იმან კარგათ იცოდა, თუ მართლა საჭირო იყო იმისი მისვლა. ჯერ ჩვენ რასმე საქმეს აგვიჩენდა და გვეტყოდა, მანამდინ მე მოვალ, ესე და ეს ან ქენით, ან დაისწავლეთო.

თუ რისთვინაც ეძახოდნენ, ის საქმედ არ ღირდა, არც კი წავიდოდა. ეტყოდა – თქვენ რასაც იტყვით, ყაბული მაქვი, მე არა მცალიანო.

შუაკაცად ხშირად ირჩევდნენ, მაგრამ ძალიან ერიდებოდა. ჩემი საქმე არ არისვო. თანამდებობაში არაფერში თანხმდებოდა სოფელსა. მე მოხელევობა არ მიყვარსო, კაცი იქნება ისეთი, ვინც კიდე შეგეხვეწებათო.

გამახარე ყველას უყვარდა, ყველა პატივსა სცემდა. მე იმთავითვე შემიყვარდა ყველაზე უფრო მეტათ და როდისც თოფის სროლა შევძლე, თითონაც მონადირე იყო და მეც თან მიყოლებდა, მეტყოდა, ვაშკაცმა ყველაფერი უნდა იცოდესვო. წიგნს რო სწავლა დაუწყე, შინაური და გარეული ყველა მე ამიტყდა – რა შენი საქმეა წიგნი, მამას არ უსწავლია და პაპასავო, მაგრამ გამახარე მეტყოდა – ისწავლე, ძმავო, კაცმა ისეთი არაფერი უნდა ქნას, რითაც შეარცხვენს მამათას, თორე კეთილი საქმე რა სათაკილუა. ნათქომია ძველთაგან – ისა სჯობ მამაულისთვინ, შვილი რო ჯობდეს მამასა.

ალბათ, გამახარეს მკითხველისთვინ პასუხად ესა ჰქონდა მომზადებული: მე მიყვარან ყმაწვილები იმისთვის, რომ ჩემის სიცოცხლის გაგრძელებას იმათში ვხედავ. ჩვენ მოვკვდებით და  ეგენი დარჩებიან, როგორც ჩვენი ყოველივე მონაგარი დედულ-მამული. მტერი, მოკეთე მაგათ უნდა ჩავაბაროთ, ჩვენ ფეხზედ უნდა დარჩენ; ჩვენი სიკეთე, ჩვენი სახელი მაგათ უნდა ატარონ, ეგენი შეინახავენ ჩვენს სიავ-სიკეთეს და გარდასცემენ თავის ჩამომავალთა. მე მიყვარან იმისთვინ, რომელ ეგენი არიან გულკეთილნი, გონება ფხიზელნი, ფეხმარდნი და სხარტი მოძრავნი. მე რაც ვიცი, იმისთვინ მიხარიან, მაგათ უნდა გადავცა. ეგენი არიან ჩვენი გადახალისებული სისხლ-ხორცნი, სხვას ყალიბში ჩამოსხმულნი. მაგათში გადადის ჩვენი გრძნობა, ჩვენი ხედვა, სმენა. ჩვენა ვართ ძირნი და ეგენი რტონი. ხე მაშინ ამოვარდება ძირით, როდისაც ნორჩს აღარ აიხეთქს, რათ მინდა ჩემი ცოდნა, საფლავში არ ჩავიყოლო და ჩავალპო, თუ ეგენი ჩემის ცოდნით ისარგებლებენ, მე მაშინ ისევ ცოცხალი ვიქნები, როდისაც ჩემი ცოდნა, ჩემი სიკეთე სახალხოდ იხმარება და არ დაიკარგება. მე მაშინ მოვკვდები, როდისაც ჩემგნით ნასწავლები არავის ეხსომება და ჩემის ნაშრომით არავინ ისარგებლებს. ჩემი ნასწავლები რო ეხსომება და იმითი ვინმე ან ცხოვრებას გაიკეთილებს ან მტერს შაუქცევს ან მოკეთეს გამოადგება ან თემსა და სოფელს, მაშნ მამიგონებს, შანდობას შამამითვლის და არ დავავიწყდები. რათ ვარგა ისეთი კაცი, რომლის არც გაჩენა გაიგო და არც ვინ სიკვდილი. ვითო ტყეში ერთი უვარგისი მხეცი გაჩენილა და მომკვდარა…

კომენტარები

comments