პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ტყუპების პოლიტიკა განათლებაში

რა არის უკეთესი ტყუპებისთვის – ერთად იარონ სკოლაში თუ ცალ-ცალკე? რა არგუმენტებით ამყარებენ თავიანთ შეხედულებებს სპეციალისტები? რა გადაწყვეტილებას იღებენ მშობლები?

ბოსნიაში არის ქალაქი, რომელსაც „ტყუპების ქალაქს“ უწოდებენ. ქალაქის ადგილობრივ სკოლაში ორ ათეულზე მეტი წყვილი ტყუპი სწავლობს. უჩვეულო ქალაქის – ბუჟიმას – მცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ უმჯობესია ტყუპებმა განათლება ერთად მიიღონ.

სეფიკი ალჯიში ორი ტყუპის დედაა: „რთულია ტყუპებს კარგი განათლება მისცე. მათთვის დედაც უნდა იყო, საუკეთესო მეგობარიც, ფსიქოლოგიც  და ექიმიც. ჩვენ უფრო მეტი საზრუნავი გვაქვს, ვიდრე სხვა დედებს, ვისაც ტყუპები არ ჰყავთ. თუმცა ხშირად ეს საზრუნავი სასიამოვნოა“.

ქალაქის დაწყებით სკოლაში 20 წყვილი ტყუპი სწავლობს. სულ კი ქალაქში 100-ზე მეტი ტყუპი წყვილი ცხოვრობს. სპეციალისტები ამ სინდრომს ვერ ხსნიან. ბევრი ამბობს, რომ ეს გენეტიკის ბრალია, რადგან ქალაქში უმეტესად ადგილობრივები ადგილობრივებზე ქორწინდებიან.

მერიემე, 12 წლის: „ტყუპის ყოლა ძალიან მაგარია. იცით, ჩემი და ჩემზე კარგად სწავლობს. რამე თუ ვერ გავიგე, ყოველთვის მეხმარება. ჩვენ ერთად ვმეცადინეობთ. სწავლის გარდა, ბევრი რამ გვაკავშირებს“.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ტყუპების ერთად სწავლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესის ადრეულ ეტაპზე.

ემინა ალეშევიჩი, პედაგოგი: „ტყუპებს მოსწონთ ერთად ყოფნა. ზოგჯერ ისინი ერთად ყოფნის სურვილს ხმამაღლა არ გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ – უნდათ, რომ ერთ კლასში იყვნენ, ისინი ინაწილებენ სკოლის სახელმძღვანელოებს, ინვენტარს, ერთად ამზადებენ გაკვეთილებს, ერთმანეთს უთანგრძნობენ“.

ქალაქის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ტყუპებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. ქალაქის მერს უნდა, რომ ბუჟიმი ტყუპების და იმ მკვლევართა შეხვედრების საერთაშორისო ცენტრად იქცეს, ვინც ტყუპების თემაზე მუშაობს.

აგან ბუნიჩი, მერი: „ჩვენი ამოცანაა ბუჟიმის, როგორც „ტყუპების ქალაქის“ მსოფლიოსთვის გაცნობა. ვგეგმავთ, რომ ქალაქი იმ ადამიანთა რეგულარული შეხვედრის ადგილად იქცეს, სადაც ტყუპების გარდა, მკვლევრებსაც მოვიზიდავთ. ეს იქნება ყველასათვის საჭირო და სასარგებლო საქმე“.

სკოლის განრიგში სიმღერა, ფიზკულტურა, მათემატიკაა… ადგილობრივ სკოლაში ტყუპებს ერთმანეთს პრინციპულად არ აშორებენ, ყველა გაკვეთილს ისინი ერთად ესწრებიან. ტყუპი ბავშვების ხრიკებს აქაური მასწავლებლები დიდი ხანია შეეჩვივნენ.

ემინა ალეშევიჩი: „ტყუპებთან დაკავშირებით უამრავი საინტერესო და სასაცილო ისტორია დაგვიგროვდა. ხშირად მათ ერთმანეთისგან ვერც კი განასხვავებ. ერთმანეთს ადგილს უცვლიან და მეორის ნაცვლად იძლევიან პასუხებს. მასწავლებლები შეცდომაში შეჰყავთ, მაგრამ ასეთ ხრიკებთან ბრძოლის ჩვენეული მეთოდები გვაქვს“.

ტყუპების უმეტესობა სულ ერთადაა. ბოსნიაში ცხოვრება რთულია. ახალგაზრდების პერსპექტივა გაურკვევლობითაა მოცული. ბუჟიმში ტყუპების რაოდენობა სულ მატულობს და მატულობს.

დიდ ბრიტანეთში პედაგოგები და მშობლები სხვა მიმართულებას ირჩევენ და ცდილობენ, ტყუპების „ინდივიდუალიზაცია“ მოახდინონ. თემა აქტუალურია: ბოლო 40 წლის განმავლობაში ევროპაში მკვეთრად გაიზარდა მრავალნაყოფიან ორსულთა რიცხვი. პროფესორი პეტ პრიდი განმარტავს: „უპირველეს ყოვლისა, დღეს სამედიცინო თვალსაზრისით დაორსულების ბევრი პრობლემა გადაჭრილია. ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, რომელთა ხარჯზე ქალს გვიან ასაკშიც კი შეუძლია დაორსულება. ახლა ქალები გაცილებით გვიან ორსულდებიან. 40 წლის ზევით ტყუპებით დაორსულების ალბათობა კი რამდენჯერმე მატულობს. ხშირად ტყუპები სუსტები იბადებიან. ადრე ბევრი იღუპებოდა კიდეც, მაგრამ ახლა მათი გადარჩენა ვისწავლეთ და სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა“.

და აი, ტყუპები გაიზარდნენ. დღის წესრიგში სკოლაში შეყვანის საკითხი დადგა. პროფესორ პრიდის აზრით, მშობლებმა ორ გადამწყვეტ ფაქტორს უნდა მიაქციონ ყურადღება: თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ მოთხოვნებს და ბავშვების ერთმანეთში ურთიერთობას. თავის კვლევაში პროფესორმა სამი ტიპის ურთიერთობის იდენტიფიკაცია მოახდინა: „პირველ ჯგუფში შედიან იდენტური ტყუპები – ისინი პრაქტიკულად ერთნაირად გამოიყურებიან და მათი გარჩევა ძალიან ძნელია. მეორე ჯგუფში არიან აბსოლუტური ინდივიდი ტყუპები, რომლებსაც ნაკლებად მოსწონთ ტყუპობის სტატუსი, ეწინააღმდეგებიან ერთნაირობის ცნებას და ამის გამო ხშირად აქვთ პიროვნული პრობლემები. ტყუპების მესამე ჯგუფის სტატუსი ზოგადია. ტყუპობა ამ ადამიანთა ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ამავდროულად თითოეული მათგანი განსხვავებული პიროვნული თვისებების მქონეა.

13 წლის ემილი და ჰარვი გლოვერი, მათი მშობლების განმარტებით, მესამე კატეგორიის ტყუპები არიან. ბავშვები სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ.

ტყუპების დედა, ალისია გლოვერი: „თავიდანვე გადავწყვიტეთ ბავშვებს სხვადასხვა სკოლებში ევლოთ, რათა ორივეს თავისი ცხოვრება ჰქონოდა, თავისი მეგობრები ჰყოლოდა და დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, მაგრამ და-ძმობაც შეენარჩუნებინათ“. მართალია, ტყუპები ერთად მეცადინეობენ ხოლმე, თუმცა მსგავსი რამ ბრიტანეთში იშვიათად ხდება. ჰარვი ლონდონის ერთ-ერთ ჩვეულებრივ სკოლაში დადის, ის სახლთან ახლოსაა. ადრე ემილიც იქ დადიოდა, თუმცა სხვა კლასში. ორი წლის მერე კი განათლების მიღება ქალაქგარეთ მდებარე სკოლა-ინტერნატში გააგრძელა.

ჰარვი იხსენებს: „რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც რვა წელი ერთად ვისწავლეთ, ჩემთვის ცოტა უჩვეულო იყო მარტო დარჩენა. ჩემი და წავიდა და სკოლიდან დაბრუნებული, საღამოებს დედასთან ერთად ვატარებდი. ადრე კი აქ ემილიც იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას შევეჩვიე და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდი“.

პროფესორი პრიდი აღნიშნავს, რომ ტყუპების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს მშობლები თამაშობენ. სწორედ მათ უნდა გაააზრებინონ შვილებს, რომ ისინი ერთმანეთს წყლის წვეთებივით გვანან, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებები არიან და ცხოვრებაში სხვადასხვა გზაზე უნდა იარონ.

პროფესორი პრიდი: „მინდა ვნახო ისეთი სკოლა, სადაც ტყუპებთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკა არ იმუშავებს. როდესაც სკოლის ადმინისტრაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ ტყუპები მათთან აუცილებლად ერთად სწავლობენ, ან პირიქით, მათ სასწრაფოდ სხვადასხვა კლასებში ამწესებენ. ეს არასწორია! ჩვენ გვჭირდება მოქნილი სკოლები, რომლებიც მხოლოდ ბავშვების ინტერესებზე იქნებიან ორიენტირებული!“

დაწყებითი სკოლის ტყუპების პირველი მასშტაბური კვლევა ავსტრალიაში, 1990 წლებში ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ პირველკლასელი ტყუპების 30% ცალ-ცალკე სწავლობდა, მეხუთე კლასში კი მათი რიცხვი 65%-მდე იყო გაზრდილი. ძალიან ცოტა ტყუპი სწავლობდა ზოგან ერთად და ზოგან ცალ-ცალკე. მკვლევრები გაოცებული დარჩნენ, როდესაც გაიგეს, რომ სკოლების 10% მკაცრი შიდაგანაწესის მიხედვით ტყუპებს აცალკევებდა. მშობლები გულგახეთქილები ჰყვებოდნენ, თუ როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა მათ შვილებს ერთმანეთთან დაშორების დროს. კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა 90% დარწმუნებული იყო – ტყუპების ცალ-ცალკე სწავლა ბავშვებისთვის მეტის მომტანი იქნებოდა, რაც სინამდვილეში არასოდეს არანაირი კვლევით არ დადასტურებულა. ასეთი დამოკიდებულება ადეკვატურია მხოლოდ ზოგიერთი ტყუპისცალის მიმართ, მაგრამ ყველაზე რატომ უნდა გავრცელებულიყო?

 იმისდა მიუხედავად, ტყუპები ერთად სწავლობენ თუ ცალ-ცალკე, მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვადასხვა პიროვნებებს. განსაკუთრებით მკაცრად ეს წესი ეს მასწავლებელმა უნდა დაიცვან. იმისათვის, რომ ბავშვის ინდივიდუალობა არ დაიკარგოს და განვითარდეს, ტყუპები ერთმანეთისგან გარჩევადი უნდა გახდნენ, სკოლაში მათ არ უნდა მიმართონ მხოლოდ გვარით. ერთ-ერთი მასწავლებელი ჰყვებოდა, რომ მის სკოლაში ტყუპებს ყველა – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები გვარით მიმართავდნენ, რის გამოც ბავშვებს ცალ-ცალკე ვერავინ აღიქვამდა, მით უფრო, რომ ერთნაირი ტანისამოსი ეცვათ. ტყუპები კი ამას ძალიან განიცდიდნენ.

რამდენიმე სიტყვა მასწავლებლისთვის

სკოლაში პატივი უნდა სცენ ტყუპების ემოციურ თუ სხვა სახის კავშირს, ამავე დროს უნდა შეუქმნან გარემო მათი უნიკალური შესაძლებლობების გამოსავლენად. აუცილებელია ტყუპების ფსიქოლოგიითა და უახლესი კვლევებით დაინტერესება. სკოლის ბიბლიოთეკაში სასურველია, არსებობდეს ლიტერატურა ტყუპებზე.  

მასწავლებელმა უნდა ისწავლოს ტყუპების განსხვავება ისე, რომ არ მოთხოვოს მშობელს, ჩააცვას ტყუპებს სხვადასხვა სამოსი ან თმა შეაჭრას.  

მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ტყუპისცალებს სახელით უნდა მიმართონ და არა გვარით, ანდა უბრალოდ – „ტყუპებოთი“.

კლასის დამრიგებელმა უნდა შეისწავლოს ტყუპი ბავშვების ხასიათის თავისებურებები, დადებითი და სუსტი მხარეები. დაუშვებელია ტყუპების ერთმანეთთან ღიად შედარება და მათი შეჯიბრში გამოწვევა.

ტყუპებთან დაკავშირებით სკოლას მოქნილი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. აუცილებელია პირველკლასელი ტყუპისცალების მშობლებთან სიღრმისეული გასაუბრება, რათა ბავშვების ინტერესი დაცული იყოს. ამ შემთხვევაში უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს იმას, თუ რაა მოსახერხებელი მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის.

ნებისმიერი გადაწყვეტილება – ერთად ისწავლიან ტყუპები თუ ცალკე – საჭიროებს ყოველწლიურ გადახედვას.   

თუკი ტყუპისცალი სხვადასხვა კლასში აღმოჩნდა, მასწავლებლებმა ერთმანეთს ტყუპებთან ურთიერთობის გამოცდილება უნდა გაუზიარონ და სწავლების პროცესში მათთან მიმართებაში კოორდინირებულად იმოქმედონ.      

მასწავლებელმა სიფრთხილით უნდა დანიშნოს კლასის თავად ერთ-ერთი ტყუპისცალი, ასევე, კლასში ჩატოვებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მამ თავისი ქცევით/გადაწყვეტილებით არ უნდა გამოიწვიოს ტყუპების ურთიერთობაში დისბალანსი, უნდა გათვალოს ტყუპების ფსიქოლოგიური და სოციალური კავშირის ყველა ასპექტი.

სკოლის მასწავლებელი ტყუპების მშობლებთან მუდმივად „ხაზზე“ უნდა იყოს. სწორედ ისინი დაეხმარებიან მას ტყუპების ბუნების გაცნობა-ამოცნობასა და მართვაში. ტყუპების  ურთიერთობისა და მათი განვითარების ყველა ეტაპის შესახებ მშობლებმა ყველაზე მეტი იციან – რამდენად არიან ბავშვები ერთმანეთზე „მიბმულები“; გრძნობენ თუ არა თავს კომფორტულად ერთმანეთის გარეშე.

განსაკუთრებული ყურადღება ტყუპების მიმართ მშობლებსა და მასწავლებლებს მოზარდობის ასაკში ჰმართებთ, როდესაც თითოეული მათგანი თვითდამკვიდრებისთვის და საკუთარი იდენტობის გამყარებისთვის იბრძვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი