პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სიცოცხლის შესახებ

თუ ოდესმე სოფელს ან სოფლისმაგვარ ქალაქს ნოემბერში შემორჩენილხართ, ზამთრის პროლოგი ასეთია – ხის სახლის კელდები დაზეპირებულ მზის სუნს ისე იმეორებენ, როგორც მომაკვდავი ნაკარნახევ ლოცვას – ჩურჩული სუსტდება და ბოლოს ქრება. ფანჯრები საღამომდე ყვითლდებიან ფოთლებივით, შორიდან თუ უყურებ, ასე გგონია, ქარი დაბერავს და მოწყვეტს. სულ ერთია – ნათურა აყვითლებს თუ ლამფა. ყოველი ორი ეზოდან ერთში ხერხით გაღმა მამა დგას, გამოღმა – თოთხმეტი-თხუთმეტი წლის შვილი. ქალები სქელ, ნაქსოვ კაბებს იბრუნებენ, კაბების ბოლოს აუცილებლად შეამჩნევთ შემხმარ ტალახს. გეყოლებათ მეზობელი, რომელიც უსათუოდ გადაგკოცნით, თუნდაც მეოთხედ შეგხვდეთ და პირში ყოველთვის კარალიოკის და არყის სუნი ექნება. როცა დაღამდება, ცეცხლი როცა დაინთება და ჩაქრება, დაწოლამდე, სულ დადგება ერთი მდუმარე, სამყაროს გარინდების წუთი, ამ წუთს ვიღაცის ყრუ ჩახველება დაასრულებს ქუჩიდან. ის ვიღაც დაბარებულივით გამოდის ამ დროს. რომ არ გამოვიდეს, ნოემბერი აღარ დადგება.

ეს ის დროა, რაღაცნაირად სიკვდილს რომ მიაგავს და სიცოცხლის არსებობას რომ გიიოლებს.

იცით, სიცოცხლის მნიშვნელობა ყველაზე ცხადად როდის შევიგრძენი? ან გნებავთ დროის? ან სიკვდილის? მოგიყვებით: შარშან, ნოემბრის ოცდაექვსში ექიმმა მამაჩემის პალატიდან გამიყვანა, დაძაბული სახით შემხედა და მითხრა: ჰა, ჰა, ერთი თვე ან თვენახევარი დარჩენია და თქვენ როგორ გირჩევნიათ? მერე აღარ მაგონდება, რა აინტერესებდა იმ ექიმს: სახლში წავიყვანდით თუ აქ დავტოვებდით, მკურნალობას ვეცდებოდით თუ რამე გამაყუჩებელს ვიყიდდით. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ იქ მჯდარი ნეიტრალურსახიანი ექთნის დაზეპირებული ამოხვნეშა: ეჰ, ეჰ! და ის, რომ მაშინ უცებ რამე კი არ მეწყინა, გავბრაზდი. დიახ, გავბრაზდი ამ უდანაშუალო ექთანზე და ყველაზე, ვინც ამის მერე მამაჩემთან შემოვიდოდა, თავს დანანებით გადააქნევდა: ნაცნობებზე, ნათესავებზე, სხვებზე. ეს ,,ნწ, ნწ“ , ,,ვაი“ და ,,ეჰ, ეჰ“ – ეს ,,ცოცხლებისგან“ ,,მომაკვდავისკენ“ მიმართული თანაგრძნობა, თითქოს ღმერთები დასტიროდნენ ოლიმპოდან ადამიანებს. და მინდოდა მეყვირა: შეხედეთ, აი, ის ცოცხალია, ტელევიზორს უყურებს, ისევე როგორც შენ და მე! ზეგ მოკვდება? მაზეგ? მერე რა? აი, ახლა, ამ წუთას ცოცხალია!’’

წეღან ფანჯარა გამოვაღე. რაღაც იმ ამინდის სუნი მეცა, მაშინ რომ იდგა და მომინდა მეთქვა: ყველა თანაბარი ვართ ამ წუთებში, ამ წამებში, რომელიც ახლა მიდის, სანამ ცოცხლები ვართ. თუ მაინცდამაინც გინდათ, ასე ვიტყვი: რაც ვიბადებით მას შემდეგ, ყველანი პალიატიური ავადმყოფები ვართ და სანამ სიკვდილი დადგება, სანამ ერთმანეთს ცოცხლად ვგრძნობთ, ნუ გადავცემთ და ვაგრძნობინებთ ერთმანეთს სამძიმარს ამ ყოფის გამო. სიცოცხლე არსებობს ახლა. ხვალ ყველაფერი პირობითია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი