ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უთავო მხედარი და უმხედრო თავი  

ვლადიმირ ნაბოკოვის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კითხვისას ერთ თავშესაქცევ ამბავს გადავაწყდი. ვოლგისპირელ ახალგაზრდა კაცს – მის ერთ-ერთ აღმზრდელს – თავგამოდებით უმტკიცებია, „ბიძია თომას ქოხი“ ჩარლზ დიკენსმა დაწერაო. აღსაზრდელს სანაძლეო დაუდია და მოუგია კიდეც. ამის შემდეგ ჩემი თანდასწრებით მწერლებზე, პერსონაჟებსა და, ზოგადად, ლიტერატურაზე საუბარს თავს არიდებდა ხოლმეო, იხსენებს ჩანაწერების ავტორი. ნირწამხდარ აღმზრდელს, სანაძლეოს პირობის თანახმად, მისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, კასტეტი უჩუქებია.

იმ მწერლებს შორის, რომელთა წიგნებიც ადრეულ ასაკშივე წაიკითხა, ნაბოკოვი ასახელებს ვიქტორ ჰიუგოს, ჟიულ ვერნს, მაინ რიდს, ჯოზეფ კონრადს. „უთავო მხედარი“ გატაცებით  წაუკითხავს და ბიძაშვილთან ერთად ყველაზე დრამატული სცენების გათამაშებაც კი დაუწყია. მსგავსი რამ ალბათ ყველა იმ მოზარდის გამოცდილების ნაწილია, ვისაც კითხვა უყვარს. წაკითხული მოსვენებას არ გაძლევს, ახალი სიღრმეების აღმოსაჩენად გიწვევს. ამ დროს კი დიდია სიუჟეტის განვითარების მიმართულების დიამეტრულად შეცვლის ცდუნება. ბოლოს და ბოლოს, ამისთვის ბავშვებს არასდროს სჯიან. თუმცა ნაბოკოვი გვარწმუნებს, მე ყოველთვის ერთგულად მივყვებოდი სიუჟეტურ ხაზს და სულ მცირე გადახვევასაც არ ვამართლებდიო.

სიზუსტე. თანმიმდევრულობა. მწერლის არჩევანი.

მაინ რიდის ეს ყველაზე ცნობილი წიგნი, ყველაზე გამორჩეული საკითხავი დაწყებითი სკოლის ასაკიდან ახლად გამოსული გოგო-ბიჭებისთვის, იმდენად დიდი ხნის წინ წავიკითხე, რომ სანამ ამ ზაფხულს ხელმეორედ გადავიკითხავდი, თითქმის აღარაფერი მახსოვდა. მხოლოდ მთავარი პერსონაჟების სახელები: მორის მუსტანგერი და ლუიზ პოინდექსტერი. მხოლოდ ლამაზად დაწინწკლული მუსტანგების რბოლა. და კიდევ ის, რომ ცხენი, მაგრად დაბმული უთავო სხეულით, აღმა-დაღმა დაქროდა და შიშის ზარს სცემდა ყველას, ვინც წამით მაინც მოჰკრავდა თვალს. მხედარს მოჭრილი თავიც თან დაჰქონდა – ხელში ეჭირა. ისიც მახსოვდა, რომ წიგნი სიყვარულზე იყო – როგორც ჩანს, ზუსტად ამ სიტყვებით მათხოვეს და მეხსიერებაშიც ასე ჩამრჩა. წიგნი სიყვარულზე.

ამდენი ხნის შემდეგ სულ სხვა რამ იპყრობს ყურადღებას, მომხიბვლელადაც სწორედ ის გეჩვენება, რაც იმ შორეული პირველი წაკითხვისას უთუოდ გამოგრჩებოდა. ნაკლიც, შეუსაბამობებიც ისეთი თვალშისაცემია, საითაც უნდა გაიხედო, მაინც ამჩნევ. იქნებ ამ წიგნის მეორედ წაკითხვას გამართლება არც ჰქონდეს… რას უნდა ეძებდე ოცდაათი წლის შემდეგ მაინ რიდისა თუ ჟიულ ვერნის წიგნებში? (გამოვტყდები, ამ ზაფხულს „თხუთმეტი წლის კაპიტანიც“ თავიდან წავიკითხე). მდინარეში მეორედ შესვლის მცდელობა როგორ იქნება, როცა ის მდინარე კარგა ხანია, უკვალოდ გაქრა. არც ნაპირია, რომ ჩამოჯდე და თავი ფიქრს მისცე, არც რაიმე მინიშნება – უბრალო სველი ლაქა.

ნაბოკოვიც – უკვე ცნობილი მწერალი – თავიდან კითხულობს მაინ რიდის „უთავო მხედარს“ და ფრანგულადაც კი თარგმნის, როგორი მოულოდნელიც უნდა იყოს, ალექსანდრიული ლექსით. მის თვალს არ უჭირს ისეთი ფრაზების მოძებნა, ალმასებივით რომ გაბნეულან ტექსტში და სულ სხვა მნიშვნელობა შეუძენიათ. ტექსასის სასტუმროს ბარში – იქ, სადაც მთავარ გმირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული სცენა უნდა გაიმართოს – მუსკატის, აბსენტისა და ლიმონის სუნი ტრიალებს. 1850 წელია. დახლთან ჩამომდგარ კაცს – მაქმანით გაწყობილი, უნატიფესი ბატისტის პერანგი აცვია. ფერად ბოთლებს შორის მოქცეული ჰოლანდიური საათი უჩვეულოდ გულშიჩამწვდომად წიკწიკებს, ბოთლები კი კაცის ზურგს უკან ისე ბრწყინავენ, როგორც თვალის გუგას გარს შემოვლებული ფერადი გარსი.

თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის კითხვით გატაცებული მოზარდისთვის, რასაკვირველია, ამგვარი დეტალები ბევრს არაფერს ნიშნავს. ნაბოკოვი კი ლუიზ პოინდექსტერის ლორნეტს მისჩერებია – იცის, ეს ლორნეტი მალე მადამ ბოვარის ხელში აღმოჩნდება, მერე ანა კარენინასი გახდება, ბოლოს კი ჩეხოვის ქალი  – ის ქალი, სულ ძაღლთან ერთად რომ სეირნობს ხოლმე – სამუდამოდ დაკარგავს იალტაში.

ვისაც წიგნების კითხვა უყვარს, ერთხელ მაინც ყოფილა შეყვარებული წიგნის გმირზე. არა – ზედაპირულად, არამედ – სრული სერიოზულობით, მასზე ფიქრისას წამოწითლებითა და წიგნის გვერდზე მისი სახელისა და გვარისთვის თვალის არიდებით. ლუიზ პონდექსტერი იმ ბიჭის შეყვარებულია, ვინც წლების შემდეგ „მიპატიჟება სიკვდილით დასჯაზე“ (სიტყვასიტყვით: თავის მოჭრაზე) უნდა დაწეროს; ვისაც მანამდე დიდი გზა აქვს გასავლელი – სავსე განსაცდელით, საშინელებებით, დაუძლეველი სიძნელეებით, საკუთარი თავისთვის დასახული წარმოუდგენელი ამოცანებით. უცნობ ამერიკელ მოცეკვავე გოგოს, რომელსაც შემთხვევით გადაეყრება, გულში ლუიზს არქმევს – ყველაზე ძვირფას სახელს – და ელის, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც ამაყ კრეოლ ქალიშვილს შეეფერება.

ბავშვობაში წაკითხული, თუნდაც დავიწყებული წიგნები ბავშვობის ნაწილია და ამავე დროს იმ ყველაფრის ნაწილია, რასაც წარმოვადგენთ. წარმოსახვის პერიფერიაზე მუდმივად დაჰქრის ცხენი, მაგრად დაბმული უსულო და უთავო სხეულით. მხედარს თავი ხელში უჭირავს, წარმოსახვა კი ჯიუტად ცდილობს განცალკევებული ნაწილების გამთლიანებას, ვიღაცის გაცოცხლებას, კავშირის დანახვას წიგნსა და მეორე წიგნს შორის, მწერლის მოგონებებსა და საკუთარ მოულოდნელ მიგნებებს შორის.

ისევ არჩევანის ამბავია. ერთგულების. თანმიმდევრულობის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი