ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ შევადაროთ უკეთესად – პრაქტიკული მაგალითი

სასკოლო საგნობრივ სტანდარტებში საკმაო ყურადღება ექცევა შედარებაზე ორიენტირებული დავალებების  შესრულებას. აზროვნების საბაზო ელემენტებთან  დაკავშირებული ამ უნარ-ჩვევის ათვისება დიდ ძალისხმევას მოითხოვს მოსწავლისგან, ამიტომ სასწავლო პროცესში მუდმივად უნდა მივაქციოთ  ყურადღება  პროცესის ხარისხობრივ მხარეს.

შედარება  შეიძლება სხვადასხვაგვარად წარიმართოს, მაგრამ ის უპირველესად მიმართულია  საგნებს  ან  იდეებს  შორის  მსგავსებისა  და განსხვავების აღმოჩენისკენ, რის გამოც მნიშვნელოვანია მახასიათებლების ნათლად ჩამოყალიბება, სტრუქტურირებული სავარჯიშოების გამოყენება და მოსწავლეთა საქმიანობის  წარმართვა საჭირო ტიპის დასკვნებისკენ.

შედარებისთვის გამოსაყენებელ  გრაფიკულ  სქემებზე  (სექმა 1) კარგად ჩანს, როგორ ჰგავს ან განსხვავდება ერთმანეთისგან ორი მოვლენა ან საგანი კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით, თუმცა შედარების მატრიცას უფრო დეტალური ინსტრუქციები სჭირდება, ვიდრე  ვენის დიაგრამას, სადაც  ორი წრის გადაკვეთაში მსგავსებათა ჩამონათვალია მოცემული, განსხვავებები კი წარმოდგენილია წრეების იმ ნაწილებზე, რომლებიც არ იკვეთება. მასწავლებელს შედარებაზე ორიენტირებული დავალებების შესრულებისას შეუძლია აღნიშნული სქემები ძირითად საყრდენ სქემებად  გამოიყენოს,  პროცედურულ ეტაპებზე უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ვენის დიაგრამას, ხოლო დასკვნით ეტაპზე – მატრიცას. სქემა 1.

ფრ1

განვიხილოთ   პრაქტიკული მაგალითი:

ისტ.VII.2,5,10: მოსწავლემ განსაზღვროს ადგილმდებარეობა რუკაზე, გამოიყენოს საინფორმაციო წყაროები და ეგვიპტისა და შუამდინარეთის მაგალითზე იმსჯელოს კულტურის შემადგენელ ნაწილებზე და მოახდინოს ძველი აღმოსავლეთის  ცივილიზაციების სახელმწიფოებრიობის საწყისების  დახასიათება და შედარება;

რესურსები: სახელმძღვანელო (ისტორია, VII, &3,4,79, 81, ბაკურ სულაკაურის გამომც. 2012), ისტორიული დოკუმენტის შემცველი ინდივიდუალური ბარათები, კოგნიტური სქემები;

I – გაკვეთილის  საწყისი ეტაპი – მოტივაციის სავარჯიშო: მასწავლებელი მოსწავლეებს მოუთხრობს ერთ პატარა ამბავს: „ერთხელ ეგვიპტელი  მოგზაურები ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაემგზავრნენ. ქვიშიან მიწაზე დიდი ხნის სიარულის შემდეგ ისინი მდინარე ევფრატის სანაპიროებს მიადგნენ. „შეუძლებელია, – წამოიძახეს მათ,  – ეს მდინარე ხომ უკუღმა მიედინება?!“

მასწავლებლის შეკითხვა: რამ გამოიწვია ეგვიპტელების გაოცება?

მოსწავლეები მუშაობენ რუკაზე და იპოვიან იმ განსხვავების მიზეზს, რამაც ასე გააოცა ეგვიპტელი მოგზაურები, ხოლო მიღებული დასკვნების საფუძველზე   ჩამოუყალიბდებათ განწყობა, რომ მომავალი სამუშაო  საკითხები ასეთივე განსხვავებული იქნება  ერთმანეთისგან და  მაქსიმალურად დაძაბავენ ყურადღებას.

II – მასწავლებლის  მინი ლექცია ეგვიპტისა და  შუამდინარეთის  სახელმწიფოებრივი საწყისების, რელიგიისა და კულტურის შესახებ. საგაკვეთილო პრობლემის  ჩამოყალიბება: რაში  ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან  ძველი ეგვიპტე  და  შუამდინარეთი?“

III  –   მოსწავლეები  შეთანხმდებიან:

ა)   გამოიყენონ მასწავლებლის ლექცია,  სახელმძღვანელო, ვიზუალური მასალა (სქემა 2)  და  შედარება მოახდინონ  შემდეგი  მახასიათებლების მიხედვით:

  1. ადგილმდებარეობა და ბუნება;
  2. მეურნეობა. საქმიანობა.
  3. სახელმწიფოს მოწყობა. მმართველობა  (სქემა 2).

ფრ2

ბ) დავალების შესასრულებლად იმსჯელონ ჯგუფებში ამ სახელმწიფოების მსგავსებისა და განსხვავების ვერსიებზე და მიღებული დასკვნებით შეავსონ მოცემული  სქემა  (სქემა 3):

ეგვიპტის და შუამდინარეთის საერთო ნიშან-თვისებები
 
 
ის, რითაც გამოირჩეოდა ეგვიპტე     ის, რთაც გამოირჩეოდა შუამდინარეთი
   
   

          სქემა 3.

IV – ამისათვის:  N1 ჯგუფი  შეასრულებს  რამდენიმე  დავალებას:

  1. შეადარებს ადგილმდებარეობას, მეურნეობას და საქმიანობას, იმუშავებს რუკაზე, ვიზუალურ მასალაზე (სქემა1), სახელმძღვანელოს ტექსტებზე, ისტორიულ დოკუმენტებზე  (პტახოტების დარიგება, ნაწყვეტი  მეფე ჰამურაბის კანონებიდან)  და შეავსებენ სქემას (სქემა 4):

 მასწავლებლის მიმართვა მოსწავლეებს:

ა) პტახოტების  დარიგება, იხ. სახელმძღვანელოს ტექსტი;

ბ) ისტორიული  დოკუმენტი – ნაწყვეტი  მეფე ჰამურაბის კანონებიდან  (ძვ.წ. XVIII ს): „თუ ადამიანს დაეზარება თავისი მიწის მოვლა, მან უნდა აანაზღაუროს იმ პურის მოსავალი, რომელიც თავისი უსაქმურობით დაღუპა;  თუ ადამიანი მეზობლის ხეს მოჭრის დაუკითხავად, ამისთვის უნდა გადაიხადოს; თუ ხელოსანი აიყვანს მცირეწლოვანს და ასწავლის ხელობას, როცა გაიზრდება, არ აქვს უფლება რამე მოთხოვოს; უკეთუ კაცი კაცს დაასმენს, მკვლელობას დააბრალებს და ვერ დაუმტკიცებს, მისი დასმენისთვის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“.

მოსწავლეები  ასრულებენ დავალებას და  ავსებენ  სქემა 4 -ს.

სქემა 4.

  ეგვიპტე შუამდინარეთი
კლიმატი    
მდინარეები    
ირიგაცია    
მიწათმოქმედება
საქმიანობის სხვა ფორმა

 

  1. მასწავლებლის დამატებითი შეკითხვა ჯგუფს: სახელმძღვანელოში მოცემულ მასალაში  (მითი გილგამეშის შესახებ) საუბარია  მსოფლიო წარღვნაზე.  უპასუხეთ შეკითხვას:
  • რა დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ეს მითი ადამიანის ცხოვრების შესახებ?
  • რას ვგებულობთ შუამდინარეთის ბუნებრივი პირობების შესახებ?
  • რა უნდა იყოს მითში ნამდვილი და გამოგონილი?

დასკვნა: ფაქტია, რომ შუამდინარეთის მოსახლეობა  ისევე იყო დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე, როგორც ეგვიპტის. მიწა იყო ნაყოფიერი, თიხანარევი  (რაზეც მისი მრავალმხრივი გამოყენება მიუთითებს), ამიტომ წყალი კარგად არ შეიწოვებოდა და ნაკვეთები ხშირად იტბორებოდა. ამდენად, მითის ინფორმაცია სრულიად ესადაგება შუამდინარეთის მოსახლეობის  ბუნებრივ პირობებს.

  1. ჯგუფი შეადარებს ეგვიპტისა და შუამდინარეთის მოსახელობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან  საქმიანობას – მშენებლობას  და  შეავსებს  სქემას  (სქემა 5):
ეგვიპტე შუამდინარეთი
ძირითადად  აშენებდნენ  ქვით

 

სამშენებლოდ  ძირითადად  გამოიყენებოდა თიხა

  სქემა 5.

 

  1. მასწავლებლის დამატებითი შეკითხვა  ჯგუფს:
  • შუამდინარეთში მშენებლობისთვის რატომ იყენებდნენ ესოდენ უჩვეულო მასალას?
  • შეიძლება ითქვას თუ არა, რომ შუმერები იყვნენ თიხის პირველდამმუშავებლები?

  დასკვნა: ეგვიპტეშიც და შუამდინარეთში აშენებდნენ საცხოვრებელ სახლებს,   აკლდამებს, მაგრამ  ეგვიპტეში იყენებდნენ ქვას , შუამდინარეთში კი –  თიხას.

  1. მოსწავლეები მიღებულ  შედეგებს  გადაამოწმებენ  და კიდევ ერთხელ  გადახედავენ  სქემა 4-ს.

V – N2 ჯგუფის  შესასრულებელი დავალება – მოსწავლეები იმსჯელებენ  ეგვიპტისა და შუამდინარეთის რელიგიაზე, დამწერლობაზე, იმუშავებენ სახელმძღვანელოს ტექსტებზე, დოკუმენტებზე, ვიზუალურ მასალაზე, შეადარებენ მონაცემებს და გააკეთებენ დასკვნებს ამ ორი  კულტურის შემადგენელი ნაწილების  შესახებ.

  1. სქემა დამწერლობის შედარებისთვის (სქემა 6):
ეგვიპტე შუამდინარეთი
პაპირუსი,

იეროგლიფი

თიხის ფირფიტები, ლურსმული დამწერლობ

 

დასკვნა: დამწერლობას ეწოდებოდა ლურსმული, რადგან თიხაზე ამოტვიფრული  ნიშნები ჰგავდა პატარა ლურსმებს.

  1. ღმერთები: სახელმძღვანელოს ტექსტებზე და გილგამეშის მითის საფუძველზე
  • მოიტანეთ არგუმენტები, რომ შუამდინარეთის მოსახელობის რწმენა-წარმოდგენები მჭიდროდ უკავშირდებოდა მათ საქმიანობას და ბუნებრივ პირობებს;
  • რა მსგავსება-განსხვავებაა ეგვიპტისა და შუამდინარეთის რელიგიურ წარმოდგენებში?

დასკვნა: ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო შუამდინარეთში ისეთი ცივილიზაციის შექმნას, რომელიც დაკავშირებული იყო არსებულ პირობებთან. ეგვიპტისთვისაც და შუამდინარეთისთვისაც დამახასიათებელი იყო  მრავალღმერთიანობა. 

VI – N3 ჯგუფი  – სქემა 7-ის და სახელმძღვანელოს დახმარებით შეადარებს ეგვიპტისა და შუამდინარეთის სახელმწიფოს მოწყობას და მმართველობას (ნარატივი, ჰამურაბის კანონები, მიცვალებულთა წიგნი),  შეავსებს გაკვეთილის შედეგების ამსახველ სქემას (სქემა 8) და იმუშავებს გაკვეთილის ძირითად პრობლემის გადაწყვეტაზე:

ფრ4

რეფლექსიის ეტაპზე  მოსწავლეები შეავსებენ  შედარების მატრიცას  და  საკითხი,  თუ  როგორ შევადაროთ უკეთესად – მიღწეული იქნება.

აღნიშნული  ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს  შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას,  ავითარებს მსჯელობის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის  და სწორი  კომუნიკაციის უნარებს, ამიტომ წარმატებით გამოიყენება სასწავლო  პრაქტიკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი