სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ოთარ ჩხეიძის ბაირონი: მითი და რეალობა

 “ბაირონს  ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია სცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ უპყრია მეხი”, _ ასე წარმოაჩენდა ილია ბაირონის მეამბოხე სულისკვეთებას. ამიტომაც აგონებდა მბორგავი, მშფოთვარე თერგი პოეტს, რომელიც არ სცნობდა არანაირ საზღვარსა და დაბრკოლებას. ბაირონი ხშირად  იმეორებდა თურმე ამ ლათინურ გამოთქმას: Aut Caesar, aut nihil  _ “ან ცეზარი უნდა იყო ან არაფერი” და ამგვარად გამოხატავდა სწრაფვას დიდებისა და გამორჩეულობისაკენ. ბაირონი იყო პიროვნება  _ ტიტანი, როგორც ოთარ ჩხეიძე წერს თავის  ბიოგრაფიულ რომანში “იტალიური დღიურები ბაირონისა”. ამ წიგნში იგრძნობა მწერლის დიდი სიყვარული და აღტაცება ბაირონით, სხვაგვარად ალბათ ვერც დაწერდა ასეთ რომანს, რომელიც ბაირონის სულში გვამოგზაურებს. “ვინაა ეს კაენის სახიანი კაციო” _ შეძრწუნებულს უკითხავს ერთს, თვალი რომ მოუკრავს ბაირონისთვის. “მაშინ ჯერ “კაენი” არ დაეწერა ბაირონსა, არც მოეფიქრებინა “კაენი”. “მერეღა გამოჩნდებოდა ბაირონი თავისი სახითა, ნამდვილი სახითა, თავისი სულითა, ნამდვილი სულითა, დიდებისა თუ ტრაგიკული განცდების წლებში მითუფრო გამოიკვეთა ლანდი უცნაური, მითუფრო იმძლავრა, მითუფრო მოუხელთებელი გახდა, მოხელთებელი და ძლევამოსილი”, _წერს ოთარ ჩხეიძე და ახერხებს მოიხელთოს ეს სახე პოეზიითა და ბედისწერით ატანილი პოეტისა.

“სატანის სკოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონსა”, _წერს ილია და საქებარ სიტყვებს არ იშურებს “ბაირონის მომხიბლავი გენიის” წარმოსაჩენად. ის აღტაცებულია ბაირონის შექმნილი ხასიათებით: “ისინი ისეთი აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ხედვენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა. ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ. ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყლულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თავიანთავე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა”. სწორედ ასეთი ხასითები უნდა დახატულიყო ქართულ მწერლობაში. ეს ბაირონისეული სულისკვეთება შეიგრძნო მან ბარათაშვილის პოეზიაში და ამიტომაც აზიდა მწვერვალზე მისი სახელი.

“ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი”,  _ ეს სიტყვები ბარათაშვილმა ათქმევინა ნაპოლეონს, რომლითაც აღტაცებულიყო, როგორც გმირით, ყოველგვარი საზღვრები რომ ევიწროებოდა.  ნაპოლეონი მისთვის იყო პიროვნება, რომლის სულის შეცნობასაც დრო სჭირდებოდა. ბარათაშვილი ნაპოლეონის სახეში საკუთარ აუხდენელ გულისთქმებს გამოხატავდა: “მაგრამ მე გვამში სული ვეღარ მომთავსებია,/ მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,/ ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი/ ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი”.  დრომ გაამართლა ნაპოლეონის ნიღაბს შეფარებული პოეტის დაქადნება: “თვითონ სამარეც მევიწროვოს, თუ ტოლი მყვანდეს”.

ნაპოლეონით აღტაცება, ერთი მხრივ, გამოხატავდა “სულის ტოლის” ძიების წყურვილს, პოეტს ბედისწერასთან ბრძოლის ჟინს რომ უმძაფრებდა და ძალას მატებდა, მეორე მხრივ, ერის ტრაგიკულ რეალობას, მხსნელის მოლოდინით აღსავსეს. “ვინ აღჩნდეს გმირიო” _ მოწოდებასავით გაისმოდა გრიგოლ ორბელიანის ლექსის სტრიქონები (“იარალის”), წმინდა გიორგივით გველეშაპი რომ უნდა განეგმირა და ქვეყანა ეხსნა ტყვეობისგან. ეს ნაკადი “გმირის ძიებისა” მსჭვალავს მთელ მეცხრამეტე საუკუნეს და ექოსავით გადმოეცემა მეოცესაც.

ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაც გამსჭვალული იყო გმირის მოლოდინით.  “ბორიაყში”  რომ წერს: გმირობის დრო ყოველთვის არის, გმირი არ ჩანს ოღონდო. ამ რომანში წარმოჩნდება, როგორ ადიდებდა ბაირონი ნაპოლეონს,  მუხედავად  იმისა, რომ ეს კაცი სძულდათ ინგლისში, ეს ერთ-ერთი მიზეზიც იყო ბაირონის დევნისა, რომ ნაპოლეონს ეთაყვანებოდა. რომანში ჩანს, როგორ არ ანაღვლებდა პოეტს ის, რომ ინგლისი მოთავეობდა ნაპოლეონის დამხობას. ბაირონი პროტესტს იმით გამოხატავდა, რომ აღტაცებას არ ფარავდა არსად _ არც მეჯლისებზე, არც მთავრობის წარმომადგენელთა წინაშე. მან არ გაიზიარა თანამემამულეთა სიხარული ნაპოლეონის დამხობისა, პირიქით, უფრო მეტი გზნებით აქებდა და უფრო შთამბეჭდავი მხატვრული სახეებით ამკობდა. ეს ყოველივე დააგვირგვინა 1814 წელს, როცა დაწერა “ოდა ნაპოლეონს”. მისი დღიურის ჩანაწერებში ჩანს, როგორი გულისფანცქალით ადევნებდა თვალყურს ნაპოლეონის ყოველ ნაბიჯს: ჩამოუგდიათ ჩემი საწყალი პატარა კერპი, ნაპოლეონი ჩამოუგდიათ ტახტიდან, მაწანწალები შესულან პარიზში, მაგრამ არაფერია, ის კიდევ უჩვენებს იმათ სეირსო.

ექსპრესიულად და სიღრმისეულად წარმოჩნდება ბაირონის სულის მოძრაობანი ამ რომანში. ნაპოლეონი მისთვის იქცა ყოველგვარი ჩარჩოს მსხვრევის გამომხატველ იდეად. “ნაპოლეონის მაგვარი კარეტა შეუკვეთა და მოედო ევროპის გზებსა მეფური დიდებითა, მეფური ბრწყინვალებითა, ვითომდა დევნილი არცა ყოფილიყოსო”. მწერალი ხაზს უსვამს ბაირონის “ღვთაებრივ სიდიადეს”, რომელიც იგრძნეს მასპინძელმა იტალიელებმა, როცა მათ ეს უცნაური კაცი გაიცნეს.

ბაირონმა 1816 წელს დაწერა “ჩაილდ ჰაროლდის მესამე სიმღერა”  _ ნაპოლეონის დიდება. როცა იტალიაში ჩავიდა, მას უკვე ხელში ჰქონდა წიგნი. რომანში წარმოჩნდება, როგორ აიტაცეს ეს სიმღერა მილანში, თითქოს იტალიელები ნიშნს უგებდნენ ახალ ბატონებს _ ავსტრიელებს. “ამიტომ ურო დააფრიალებდნენ, პირდაპირ რომ ვერაფერი ეთქვათ, იმა სიმღერას იმეორებდნენ, იმა სიმღერას განდიდებისა, ამიტომაც დააფრიალებდნენ, ვითარცა დროშას შემოკრებისა, ვითარცა ნიშანს გამოფხიზლებისა, დააფრიალებდნენ და გულს დაიცხრობდნენ, ჟინს დაიცხრობდნენ შურისძიებისა”.

ოთარ ჩხეიძე იტალიელთა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაზე წერს და მკითხველი გრძნობს, რომ ამ ეპიზოდებში საქართველოს ბედიც იგულისხმება (მე-19 საუკუნისაც და საბჭოთა დროინდელიც): “თავისუფლება დაეკარგა ერსა, თავისუფლების გემო გადავიწყებოდა, დიდი ხანია  ძველი ბატონი ახალს ერჩია,  ძველი მჩაგვრელი ახალს ერჩია, ის ტკივილები დავიწყებოდა, ის იარები მოშუშებოდა, ახალი რბევა ვერ აეტანა”. ეს სიმღერა თითქოს ენერგიასა და ძალას აძლევდა ხალხს.  საგულისხმოა, რომ ოთარ ჩხეიძე ნაპოლეონის მიმართ ბაირონის დამოკიდებულებაზე როცა საუბრობს, არ ეთანხმება მის ბიოგრაფოსებს, თითქოს ბარონი გაორებული ყოფილიყოს (აქვე აღვნიშნავთ, რომ ის სხვა საკითხებზეც ხშირად არ ეთანხმება მათ, მაგალითად, როცა ისინი მისი დღიურების არაგულწრფელობაზე საუბრობენ). ოთარ ჩხეიძისთვის ამოსავალი ის არის, რომ შესანიშნავად იცნობს ბაირონის პიროვნებას, სწვდება მისი სულის სიღრმეებს, მის დღიურებში ბევრად უფრო მეტს ამოიკითხავს, ვიდრე სხვანი, რადგან ერთიანობაში გაიაზრებს ბარონს, მის შემოქმედებას, მის ცხოვრებასა და დღიურებს.

თანამედროვეებს აბნევდათ ის, რომ ბაირონი ნაპოლეონს უწოდებდა მსხნელსაც, მტარვალსაც, ღმერთსაც, ეშმაკსაც.  ამ სიმღერაში ბაირონი ნაპოლეონს დიოგენეს ადარებდა, მასავით  აიგდე ხალხი, “გვირგვინოსანო ცინიკოსოო”. აქ, უპირველესად, იმას გულისხმობდა, რუსეთის მკაცრ ზამთარს გამოღწეულ, პარიზში ბუხარს მიფიცხებულ ნაპოლეონს რომ თქვამს: აქ უფრო საამოა, ვიდრე მოსკოვშიო.

მართლაც, შეიძლება დაიბნეს კაცი და დაიბნენ ბიოგრაფოსებიც, შესაბამისად,  იოლი დასკვნა გამოიტანეს ბაირონის გაორებულობაზე. ოთარ ჩხეიძის აზრით კი, ეს გაორება მოჩვენებითია, პირიქით, აქ ჭეშმარიტი ერთიანობაა, რადგან ერთიანია თვითონ პოეტი. ოთარ ჩხეიძის აზრით, ბაირონისთვის ნაპოლეონი არის რომანტიკული გმირი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ამიტომაც მოჩანს ერთგვარი ბზარები მასთან დამოკიდებულებაში. ეს ირეკლავს საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ შეხედულებას. სწორედ ეს არის სიძნელე დიდებული პიროვნების ხასიათის გაგებისა და არა მისი პიროვნების გაორება. ოთარ ჩხეიძის აზრით, ბაირონმა აიტაცა რეალური სახე, აიტაცა საოცარი ძლევამოსილებით, აიტაცა რომანტიკულ მწვერვალებზე, შემოახვია რომანტიკული ბურუსი, აიტაცა და მისცა ღრუბლებს, ღმერთად დასახა მესამე სიმღერაში. ოღონდ ეს არის არა ქრისტიანული, არამედ წარმართული ღმერთი, “ძლევამოსილი და და უსასოოო, ძლეული და დაუძლეველი, უარყოფილი და სანატრელი, დამხობილი და აღდგენილი, ღმერთია იგი დამარცხებული, გამარჯვებული დამარცხებითაცა:

“თუ დაგიპყრია დედამიწა, ტყვეცა ხარ მისი,

მაინც ძაგძაგებს შენი შიშით, შენი სახელი

უფრო და უფრო მოსდებია ქვეყნიერებას

და არარაი უფრო მეტად განდიდებულხარ”.

“ასეა მართლაც აღტაცებული მიწიერი ვნებებისგან, აღტაცებული და აღზევებული, რომანტიზირებული, იგი მპრობელიცაა და ტყვეც”. “წმ. ელენეს კუნძულზე უღიმღამო დღეებს მიათრევდაო”. მწერლის აზრით, ბაირონმა შექმნა ნაპოლეონის მონუმენტური სახე. მწერალი ამ წინააღმდეგობაში, ამ დაპირისპირებულთა ერთიანობაში ხედავს იმას, ყოველივე ამაო რომ არის ამ წუთისოფელში, ამ გრანდიოზულ სამყაროში, სად დედამიწაც უმცირესია, სად ყველა ერთია, განდიდებულიც და დამცრობილიც, ცოცხალიც და მიცვალებულიც, ყველა კერძია სიკვდლისა, მხოლოდ სიკვდილია მარადიული.

ნაპოლეონი ბაირონისთვის ამიტომაცაა, ერთდროულად, დიადიც და არარაც, იგი ერთიანია და განუყოფელი. ოთარ ჩხეიძის დასკვნით, ასე გახდა გმირი “ჩაილდ ჰაროლდისა” არა ჩაილდ ჰაროლდი, არამედ ნაპოლეონი, როგორც ეპოსის გმირი.

რომანში შესანიშნავად წარმოჩნდება, რომ ნაპოლეონი ბაირონის ალტერ-ეგოა. ბაირონმაც იხილა საკუთარი აღზევებაცა და დაცემაც. “დონ-ჟუანის” მეთერთმეტე სიმღერას იხსენებს ოთარ ჩხეიძე:

 “მე პოეზიას მოვევლინე ნაპოლეონად

და “დონ-ჟუანი” გამეჩხირა, ვითარც მოსკოვი”.

ასე იქცა ბაირონი თავისუფლების სულად, რომელმაც მთელ ევროპა აიტაცა და საუკეთესი პოეტები თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია.  ოთარ ჩხეიძე  არღვევს ბაირონის ამპარტავნობის მითსაც, როდესაც ერთ საინტერესო ამბავზე ამახვილებს ყურადღებას. ამაყ ბაირონს შეეძლო სხვისი აზრის გათვალისწინებაც. მისი “ჩაილდ ჰაროლდი” გამომცემელმა ილუსტრირებისთვის  მხატვარ რეინეგლს გადასცა.  მხატვრის ყურადღება მიიქცია სტრიქონმა “დააცხრა კიდევ არწივი მიწას სისხლიანი ნისკარტით” და დახატა არწივი, კლანჭებით ჩაბღაუჭებული მიწას. ნისკარტი გამოტოვა. ბაირონს  მოსწონებია და უთქვამს, რეინეგლს პრინველებიც ჩემზე უკეთ სცოდნია და პოეზიაც ჩემზე უკეთ გაეგებაო, და ასე ჩაუსწორებია სტრიქონი: “არწივი კიდევ დააცხრა მიწას, კიდევ ჩაბღუჯა კლანჭებით”.

მწერლის აზრით, სისხლიანი არწივი ვატერლოოს ბედისწერას გამოხატავდა. ბაირონიც იხილავდა თავის “ვატერლოოს”, ოღონდ არა აქ, დამცხრალ იტალიაში. ოთარ ჩხეიძე წიგნის ბოლო ეპიზოდში თავის ბობოქარ გმირს სხვა გზისკენ მიაცილებს, რომელიც ახალ თავგადასავლებს ჰპირდება: “თავისი ბედი იწინასწარმეტყველა ბარათაშვილმა, ბაირონსაც ეს ერგო ბედადა, მეტი არაფერი, მეტი არაფერი, ოღონდ ჯერ მაინც მიესწრაფოდა იარაღასხმული, მიექანებოდა საბერძნეთისკენა, სადაც ბრძლა იყო, იმედიც იქ გახლდა, მხოლოდ იქითკენ მიექანებოდა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი