ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„რიგითი“ ხის გადასარჩენად

ერთი მოარული გამონათქვამით, უფრო  კი, რიტორიკული კითხვით დავიწყებ – წარმოიდგინეთ, რას იზამდნენ ადამიანები, ხეები რომ უსადენო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გადამცემები ყოფილიყვნენ. პასუხი ადვილი სავარაუდოა. მორალი – ადვილი მისახვედრი. ადამიანთა უმრავლესობა მომხმარებელი არსებაა, კომერციული მოგება კი უზენაეს მიზნად და მიღწევად დაგვისახავს.

ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა ხშირად მაფიქრებს. უფრო სწორად, მაშფოთებს, მაშინებს, მზაფრავს. სუფთა ჰაერზე გასეირნება – ანაქრონისტული ფრაზა გახდა. დედაქალაქში სუფთა ჰაერი, უბრალოდ, არ დარჩა. ხშირად მეპარება ( სულ უფრო და უფრო ახლოს) აზრი, რომ აქედან „გადაცხოვრებაა“ საჭირო. იქ, სადაც დილა სისხამია, ჰაერი -გამჭვირვალე, ხეების შრიალი ისმის და ბავშვების გარეთ გაშვება არ გეშინია(გამურული ცხვირით და უამრავი მავნე ნივთიერებით დამძიმებული ფილტვებით რომ არ დაბრუნდებიან შინ).

ამ ბოლო დროს, რაც თემა აქტუალური და ასე თუ ისე გახმაურებლი გახდა, საკუთარ თავს ვეკითხები – რა გაგიკეთებია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? პასუხი ძალიან არ მომწონს.

პასუხი სამარცხვინოა.

არაფერი!

რამდენიმე აქციაზე მისვლა, ამით პოზიციის გამოხატვა და სოციალურ ქსელებში „აქტიურობა“ არ ითვლება. მე არ დამირგავს ხეები, არ მომივლია არც ერთი მცენარისთვის, არ შევწინააღმდეგებივარ საკუთარი  დროისა და კომფორტის ხარჯზე ხეთა მმუსვრელებს, არც ბულდოზერს გადავდგომივარ და არც არაფერი.

 სუფთა ჰაერი კი, უკაცრავად, ძალიან მინდა.

მეტიც, იმათი გამკვირვებია, ვინც ამ ხეებს ძირფესვიანად გლეჯს და ანადგურებს. გულწრფელად მიკვირს, ისინიც ამ ქალაქში არ ცხოვრობენ? ისინიც ამ ჰაერს არ სუნთქავენ? აქ არ ზრდიან შვილებს? ახლა რომ ვწერ და თან ვაანალიზებ, ეს ამათი მიუხვედრელობა დიდად არაფრით განსხვავდება ჩემი გაკვირვებისა და აღშფოთებისაგან და სინამდვილეში, მეც და ისინიც ერთსა და იმავეს ვაკეთებთ. ისინი თხრიან, მე კი საკუთარი უმექმედობით თანამოაზრე თუ არა, თანამონაწილე მაინც ვარ.

ცოტა ხნის წინ სკოლაში, სადაც ვმუშაობ, სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობდით და ბიოლოგიის მასწავლებელმა, ქალბატონმა ელენემ, ახსენა გოგონა, რომელიც ერთი „რიგითი“ ხის გადასარჩენად ორი წელი იჯდა ამ ხეზე! გამახსენდა, რომ ამ მოტივზე შექმნილი ძალიან კარგი მხატვრული ფილმი(“Flipped”) არაერთხელ მინახავს ჩემს გოგონასთან ერთად. აღვფრთოვანებულვართ მთავარი მოქმედი გმირის სითამამით, პირდაპირობითა და უშუალობით, იმით, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ჯულია სირთულეებს არ უშინდება და თანატოლებთან ურთიერთობისას გაჩენილ პრობლემებსაც გონივრულად, გულწრფელად და გაბოროტების გარეშე წყვეტს. ფილმი მართლაც ძალიან ბევრი სამსჯელო თემის წამომჭრელია და მოსწავლეებისთვის მისი ჩვენება ნამდვილად ღირს. კინოჩვენებას მსჯელობა და საუბარიც შეიძლება მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ბევრი კითხვაც გაუჩნდებათ და ბევრ პასუხსაც დაძებნიან ამ პროცესში.

ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ისტორიაში ისაა, რომ ერთი ადამიანისთვის, ერთი მოზარდისთვის, ერთი ხე რიგითი, უბრალო ხე კი არაა, რომლის მოჭრითაც ბევრიც არაფერი დააკლდება ქალაქს თუ გარემოს, არამედ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ცოცხალი არსებაა, რომელიც არავის არაფერს არ უშავებს. დგას თავისთვის, ამდიდრებს ჰაერს ჟანგბადით, ატკბობს თვალს მშვენიერებით და არაფერს, სრულიად არაფერს არ ითხოვს სანაცვლოდ.

ფილმის გმირის პროტოტიპი, ჯულია ჰილი

ფილმის ეს მონაკვეთი რეალური ისტორიაა ამერიკელ მოზარდზე, ჯულია ჰილზე, რომელმაც 738(!) დღე გაატარა ხეზე, საქვოიაზე, რომელსაც სიყვარულით ლუნა დაარქვა და რომელსაც კომპანია Pacific Lumber-ი მოჭრას უპირებდა.

 გოგონას საპროტესტო აქცია არ შეუწყვეტია არც ძლიერი წვიმების, არც ქარიშხალ ელ-ნინიოს თავდასხმის და არც სამხედრო შტურმის მცდელობის დროს. ის მედგრად იტანდა ასევე ადგილობრივი ხისმჭრელების სიტყვიერ შეურაცხყოფას და მორალურ ძალადობას. საბოლოოდ, კონსენსუსი შედგა და 1999 წელს კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა უარი ხის მოჭრაზე. მეტიც, მან ლუნასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადგილობრივ ხეს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

ამ ეპიზოდმა სრულიად შეცვალა გოგონას ცხოვრება და მას შემდეგ ჯულია გარემოს დაცვის საკითხებით სერიოზულადაა დაკავებული. არის არაერთი წიგნის ავტორი, მართავს შეხვედრებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ( წელიწადში დაახლოებით 250 შეხვედრა ბუნების დამცველ აქტივისტებთან), დააარსა და მართავს რამდენიმე ფონდს, შემოსული თანხები სრულად ხმარდება ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესელ აქტივობებს

პ.ს.

სტატია რიტორიკული კითხვით დავიწყე, რიტორიკული მიმართვით კი – მინდა დავასრულო.

 როგორც რიტორიკული მიმართვის წესი და რიგია, გამოხმაურებას არც რომელიღაც ინდიელი ბელადის ეს მიმართვა საჭიროებს. დაფიქრებას, არსებული ვითარების გაანალიზებას და ქმედებას კი – აუცილებლად. მეტიც, სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ საკითხებზე დაფიქრებას შესაბამისი და შესაფერისი ქმედება მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ყლუპი სუფთა ჰაერი ისევე სანატრელი გაგვიხდება, როგორც ერთი ყლუპი წყალი ცნობილი ზღაპარ-ფილმიდან ცისკარასა და ბაყბაყ-დევის შესახებ.

თეთრო ადამიანო! უკანასკნელ ხეს რომ მოჭრი, უკანასკნელ მდინარეს რომ დაწამლავ, უკანასკნელ ჩიტსაც რომ დაიჭერ, მხოლოდ მაშინ მიხვდები, რომ ფული არ იჭმევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი