ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მდინარეების დედოფალი

ალბათ, არც ერთ მდინარეს არ აქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: მდინარეების დედოფალი, არაჩვეულებრივი, საკვირველი, ბუნების საოცრება, – და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება.

ამაზონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი (სიგრძე – 6400 კმ) და ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წარმოიდგინეთ ოცი ისეთი მდინარე, როგორიც ვოლგაა ან ათი ისეთი, როგორც ენისეია და მიიღებთ ამაზონს. ამაზონის უამრავ შენაკადს შორის 17 მდინარე 500-დან 3500 კმ-მდე სიგრძისაა: რიუ-ნეგრუ, მადეირა, მარანიონი, უკაიალი, შინგუ და სხვა. მთელი წლის განმავლობაში ამაზონი წყალუხვია, რაც იმით აიხსნება, რომ მისი შენაკადები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მიედინება. წელიწადის ერთ დროს მარცხენა შენაკადებია წყალუხვი, მეორე სეზონზე კი – მარჯვენა.

მდინარის წყალშემკრები აუზი 7.2 მლნ კვ. კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ეს ტერიტორია გაყოფილია ბრაზილიას, ბოლივიას, კოლუმბიას, პერუსა და ეკვადორს შორის. ოფიციალურად მდინარის სათავედ მდინარე უკაიალი კი არ მიიჩნევა, რომელიც მარანიონზე გრძელია, არამედ უფრო წყალუხვი მარანიონი. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია. აქ ბუნება თანდათან იცვლება, მრავალფეროვანი და დიდებული ხდება, თანდათან იმატებს ტემპერატურა და ტენიანობა, მცენარეულობით მდიდარ ტყეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია. უკაიალთან შეერთების შემდეგ მარანიონი უკვე ამაზონის სახელით მიედინება, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას სოლიმოესს უწოდებს. ორი კილომეტრი სიგანის ამაზონი შენაკადების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება, ამიტომ ბრაზილიელები მას „მდინარე-ზღვას” ეძახიან.

შესართავში მდინარე დელტას ქმნის, სადაც უამრავი კუნძულია. ყველაზე დიდზე, მარაჟუზე, თავისუფლად დაეტევა შვეიცარია ან ბელგია.
შესართავიდან თითქმის ათას კილომეტრზე იგრძნობა მოქცევა: დროდადრო შესართავიდან მდინარის დინების საპირისპიროდ დიდი ხმაურით მოგორავს გიგანტური, აქაფებული ტალღები. ვაი იმ ნავსა და გემს, რომელსაც ეს ტალღა წამოეწევა! ადგილობრივი მცხოვრებნი ამ მოვლენას „პოროროკ-პოროროკას” – დამანგრეველს უწოდებენ. აქედან წარმოდგება ტალღის სახელწოდებაც – პოროროკა. ინდიელთა ზოგიერთი ტომი პოროროკას „ამაზუნუს” – მგვრგვინავ წყალს – ეძახის. გეოგრაფებს მიაჩნიათ, რომ აქედან მომდინარეობს მდინარის სახელწოდებაც. ინდიელები ამაზონს ასევე პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე), პარანა-გუასუს (დიდი მდინარე) უწოდებენ. არსებობს სხვა ვერსიაც: გადმოცემით, ამაზონის შენაკად მდინარე ნაპოს ხეობაში ინდიელთა ტომი კუა ცხოვრობდა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმა და ტანზე ქალის ქვედაკაბასავით შემოხვეული ნაჭერი. აბორიგენებთან ბრძოლისას ევროპელებმა ვერ გაარჩიეს, კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს, ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები – ამაზონები ცხოვრობდნენ.
შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ მდინარის შესართავი 1500 წელს ესპანელმა ვისენტე იანსენ პინსონმა აღმოაჩინა, 1743 წელს ფრანგი შარლ მარიდე დე კონდამინი კი უფრო ზევით აუყვა მდინარეს. საბოლოოდ, 1955 წელს, გერმანელთა და პერუელთა ექსპედიციამ შედარებით სრულყოფილად გამოიკვლია ამაზონი.
ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ მოიპოვება ალმასი, ოქრო, ვერცხლი, შეხვდებით უჩვეულო და მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელ მცენარეებსა და ცხოველებს. ტყით არის დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც 2500 სხვადასხვა სახეობის ხემცენარე ხარობს (შედარებისთვის: შრი-ლანკაზე, რომელიც მცენარეთა სახეობებით მდიდარ კუნძულად ითვლება, 1500 სახეობას ითვლიან, ხოლო ბიომრავალფეროვნებით ასევე გამორჩეულ კუნძულ იავაზე – 1100-ს). ტყეში მცენარეები 5-6 იარუსად იზრდება. ზოგიერთი გოლიათი ხე 70-150 მ სიმაღლისაა, სიგანე კი 10-12 მეტრს აღწევს.

ამაზონის ტყეები ჩვენი პლანეტის საოცრებაა. მხოლოდ მკვიდრ მოსახლეობას შეუძლია ამ ტყეებში უშიშრად სიარული – იქ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება. თავად ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს „მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ.
აქ შეხვდებით ხეებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანისთვის. ძნელია ყველას ჩამოთვლა, მაგრამ ზოგიერთს მაინც ვახსენებთ.
გიგანტური ბერტოლეცია განთქმულია გემრიელი და ნოყიერი ბრაზილიური კაკლით. იგი 70% ცხიმს, 17% ცილას, 4% მინერალურ მარილებს შეიცავს. 2 კგ წონის ნაჭუჭში 10-დან 20-მდე კაკალი თავსდება. ქარის დროს ამ ხის ქვეშ ყოფნა შემგროვებლისთვის შესაძლოა სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ადგილობრივი მცხოვრებლები კაკალს აგროვებენ და საზღვარგარეთ გააქვთ, რაც დიდ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს.
აქვეა ე.წ. რძის ხეები, რომელთა წვენი ფერითა და გემოთი მართლა წააგავს რძეს და საკვებადაც იყენებენ; შოკოლადის ხე, რომლისგანაც მაღალხარისხოვან პროდუქტს – კაკაოს, „ღმერთების საკვებს”, იღებენ; ნესვის ხე, რომლის ნაყოფს ნესვის მსგავსი გემო აქვს და 2-3 კგ-ს იწონის; ცინამონი, რომელსაც საოცრად ნაზი სურნელი აქვს; ქინაქინის ხე, რომლის ქერქისგან ქინაქინას – მალარიის წამალს – ამზადებენ… ზოგიერთი ხის მერქანი საცობზე მსუბუქია, ზოგიერთისა კი ისეთი მაგარი, რომ ალესილი ცულიც ვერ ერევა.

ტყეში განსაკუთრებული ადგილი პალმას უკავია. აქ მისი მრავალი სახეობაა გავრცელებული: პალმა ბაბასუ, რომლის კაკლისგან მაღალხარისხოვან ცხიმს იღებენ; პალმა ასაი, რომლის ახალგაზრდა ყლორტებს მიირთმევენ, ნაყოფისგან კი სასიამოვნო სასმელს ამზადებენ. „ვინც ერთხელ მაინც იგემა პალმა ასაის წვენი, აუცილებლად დაბრუნდება ამაზონის ტყეში”, – ამბობენ ბრაზილიელები.
განსაკუთრებით ბევრი სიკეთე მოაქვს ქოქოსის პალმას. „სიცოცხლის ხე”, „უნივერსალური მაღაზია” – ასე იხსენიებენ მას აქაურები. მისი ღეროსგან ავეჯს, იარაღს, ნავებს და მრავალ სხვა ნივთს ამზადებენ. ქოქოსის პალმის ნაყოფი და ნაზი ყლორტები საკვებად გამოიყენება. ნაყოფის წვენისგან ღვინო, შაქარი, ვაჟინი და სხვა პროდუქტი მზადდება.
ამაზონის ტყეების ძვირფასი საჩუქარია ჰევეა – კაუჩუკის ხე, რომელსაც ინდიელები ასე უწოდებენ: „კაუჩუ” – „ჯოხი, რომელიც რძეს იძლევა”.
ამაზონის ტყეებში მრავალი ცხოველი, ფრინველი, მწერი, ქვეწარმავალი ბინადრობს. მაგალითად, უჩვეულო სილამაზისა და სიდიდის პეპელა მორფეო მენელაუსი, რომლის ფრთებისგან შესანიშნავი სუვენირები მზადდება. არიან ქვეწარმავლები, რომლებსაც საკვებად იყენებენ და რომელთა ტყავისაგან ნაირ-ნაირ ნივთს ამზადებენ.

ამაზონის წყლები მდიდარია თევზით. მხოლოდ ამაზონში, შენაკადების გარეშე, 750 სახეობის თევზია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, პირარუკუ და აპარაიმი, 4-5 მეტრი სიგრძისაა და 200 კგ-ს იწონის. ბრაზილიელები მათ „ამაზონის ხარებს” უწოდებენ. მრისხანე, სისხლისმსმელი პირანია მხოლოდ 30-50 სმ სიგრძისაა, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ნიანგის, ამიტომაც მას „კაციჭამია” შეარქვეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მხოლოდ სასიკეთოდ როდი შეაღწია ამაზონეთის სიღრმეში, პირიქით – მას დიდი ზიანიც მიაყენა. აქ საავტომობილო მაგისტრალი გაიყვანეს, რომლის მშენებლობამაც ხელი შეუწყო ხელუხლებელი ბუნების განადგურებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი