პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სხეულის ანბანი (მეორე ნაწილი)

მეცნიერული კვლევები არავერბალურ კომუნიკაციასა და ქცევაზე 1872 წლიდან დაიწყო. დარვინმა გამოსცა ნაშრომი ,,ემოციის გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში“, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანები ძირითადი ემოციების გამოხატვის ერთნაირ ხერხებს იყენებენ. ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, გრძნობები და ემოციები კომუნიკაციის თანდაყოლილ ,,ბერკეტებს“ წარმოადგენენ. თუმცა დღეს დარვინს აღარავინ ეთანხმება. ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები და კომუნიკაციის სპეციალისტები  ამტკიცებენ, რომ  ემოციები და ჟესტები  არ არის თანდაყოლი და  უნივერსალური და მათ ახასიათებთ, მინიმუმ, კულტურათაშორისი განსხვავებულობა.

როგორც ვერბალური ენები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კულტურისა და ეპოქის მიხედვით, ასევე განარჩევენ სხვადასხვა ეროვნების, ეპოქისა და კულტურის სხეულის ენას. ყველაზე ინტერნაციონალურ ჟესტად შეხება, ანუ ტაქტილური კონტაქტი ითვლება. რადგან ის ადამიანის ყველაზე პირველ და მნიშვნელოვან არავერბალურ სათქმელს წარმოადგენს. ბავშვის აღზრდა ტაქტილური კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია, მეტიც, მის აუცილებლობას მედიცინის სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი დაგიდასტურებთ. არადა, კულტურათა უმეტესობა შეხებით კონტაქტზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ყველა საზოგადოებას აქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვის, სად, როგორ და რატომ შეიძლება შეეხოს, მაგალითად: ხელი ჩამოართვას მისალმების დროს, დამშვიდობებისას კი – დაუქნიოს.  დასავლურ სამყაროში ადამიანის სხეულზე/ტანსაცმელზე შეხება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ამას თანამოსაუბრის მხრიდან ერთგვარი ნებართვა სჭირდება. მაგალითად, არაბებისთვის კი მისაღებია ახლო დისტანციაზე დიალოგის წარმართვა და მიუღებელია პროფესიული დისტანციის დაცვით ერთგვარი ,,ამერიკული დიალოგის“ წარმართვა, რომელიც შეიძლება ერთი ოთახიდან მეორეში გადაძახილ–გადმოძახილით გაიმართოს.

არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მუნჯი კინოს ფენომენს. კინოხელოვნების საწყის ეტაპზე – XIX სკ–ის 90-იან წლებში რობერტ პოლმა, ძმებმა სკლადანოვსკებმა და  აკიმოვმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო აპარატები შექმნეს. თუმცა ძმები ლუმიერების გამოგონებამ, რომელსაც სინემატოგრაფს უწოდებდნენ, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოხელოვნებამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიდგა ფესვი.  მათ შორის აღსანიშნავია საფრანგეთი, სადაც ჟორჟ მელიესმა (კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი) ასობით მუნჯი ფილმი გადაიღო. კინოხელოვნება ვითარდებოდა თემატიკისა და ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ მისი გახმოვანება დიდხანს არავის უფიქრია.

მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, გამომსახველობითი ხერხები და საშუალებები, რომლებიც, პირველ რიგში, სათქმელის სხეულის ენით გადმოცემის ხელოვნებას გულისხმობს. ასე რომ, მუნჯი კინოს მთავარი ღირსება სწორედ მისი სიმუნჯე გახლავთ. მსახიობები პანტომიმისა და საცეკვაო ელემენტების შესწავლას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ, ასევე კარგად ერკვეოდნენ არავერბალური კომუნიკაციის სფეროშიც. საუკეთესო არტისტის წოდებას  ის იმსახურებდა, ვისაც ყველაზე გამომსახველი სახე (მიმიკური მრავალფეროვნება) და სხეულით საუბრის (ჟესტები, პოზა) განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

სხეულის ენას ასევე ეფექტურად იყენებენ მოცეკვავეები, რომლებიც ჟესტების, პოზებისა და სხვადასხვა ჟანრისთვის დამახასიათებელი მოძრაობების მონაცვლეობით გადმოსცემენ ამა თუ იმ ემოციას, დამოკიდებულებას, ამბავს… არავერბალური გამომსახველობითა და ე.წ. მანერულობით გამოირჩევა ცეკვის ერთ–ერთი მიმდინარეობა – სვინგი (swing – ქანაობა, დაკიდება), რომელმაც XX საუკუნის 20–იანი წლებიდან სამხრეთ აშშ მოიცვა. სვინგი აერთიანებს რამდენიმე საცეკვაო მიმართულებას (ლინდი–ჰოპი, ჩარლსტონი, ჯაივი, ბუგი–ვუგი, როკ–ენ–როლი). მას უმეტესად ჯაზურ კომპოზიციებზე ცეკვავენ. ამ ცეკვების აფროამერიკული ფესვები კულტურათა შორის არავერბალური კომუნიკაციის განსხვავებულობის თეორიას კიდევ უფრო ამყარებს.

 

პანტომიმიკა  ემოციის სხეულით (ჟესტით, პოზით, მიმიკით) და  ხმით გამოხატვის თავისებურებებს შეისწავლის. ხმის ძალა ემოციური აღზნების მდგომარეობაში იბადება, მნიშვნელოვნად იცვლება მისი სიმაღლე და ტემბრი. ინტონაციის რყევის სიმაღლემ შესაძლოა მთელი ოქტავაც მოიცვას. ხმის გამოყენების მიუხედავად, პანტომიმურ წარმოდგენებში სიტყვის წარმოთქმა  დაუშვებელია.

ხმის ტონს, ბგერის სიმაღლის ცვალებადობას და მის შესაბამისობას ადამიანის ,,ემოციურ დიაპაზონთან“ პარალინგვისტიკა შეისწავლის. მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში დახელოვნებას ორატორობის ნიჭთან ერთად საკუთარი ხმის ფლობის უნარიც სჭირდება, რადგან წინადადების წარმოთქმისას, როგორც წესი, ხმის ტემბრით, სიმაღლითა და ინტონაციით ვიქცევთ ყურადღებას. ხმით ემოციის გამოხატვის ხელოვნება, როგორც თანდაყოლილ ტიპიური სახის კომპონენტებს, ასევე სოციალური ფონით განპირობებული და გარკვეული პროცესებით ფორმირებული არავერბალური კომუნიკაციის ნიშნებსაც შეიცავს. ხმის ძალის ცვლილება თვითნაბადი უნარია, რომელიც ადამიანის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მაგალითად მოვიყვან ხმის კანკალს, რომელსაც ნერვული დაძაბულობა იწვევს. რაც შეეხება სხეულის მოძრაობას, პანტომიმიკა გადმოსცემს კომპლექსურ რეაქციას, რომელსაც ძლიერი ემოციური გამაღიზიანებელი აღუძრავს.

ადამიანები ჟესტების ენას უმეტესად თავიანთი სათქმელის ხაზგასასმელად იყენებენ. სპეციალისტები გვთავაზობენ საერთო ნიშნების მიხედვით დაჯგუფებულ ყველაზე გავრცელებული ჟესტების ჩამონათვალს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარება.

გულღია საუბრის დამადასტურებელი ჟესტებია ხელებგაშლილი საუბარი ან ლაპარაკის დროს პიჯაკის/ჟაკეტის ღილების შეხსნა. როცა ადამიანი მსმენელს ხელისგულებს აჩვენებს, ანუ ხელებით საუბრობს ან ტანსაცმლის ღილებს მექანიკურად იხსნის, ცხადი ხდება, რომ ის თქვენდამი კეთილგანწყობილია და მისთვის ეს დიალოგი საინტერესო და სასურველია. ,,გახსნილი ხელებით“ საუბარი ყველაზე კარგად ბავშვებს და იმ უფროსებს გამოსდით, რომლებიც ამაყობენ თავიანთი მიღწევებითა და გადაწყვეტილებებით, ან თვლიან, რომ არაფერი აქვთ დასამალი. როცა ადამიანებს დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, ისინი ხელებს ზურგს უკან, ჟაკეტის სახელოებში ან ჯიბეებში მალავენ.

ღილების შეხსნაც გულღია საუბრის მანიშნებელი ჟესტია. ვინც აზრს უკეთესობისკენ იცვლის, თავის გადაწყვეტილებას ვერბალურ ხატად ჩამოყალიბებამდე ჟესტების ენით გამცნობთ. საერთო საქმის მსვლელობით კმაყოფილი თანამშრომელიც აუცილებლად შეიხსნის ღილს საყელოსა თუ პიჯაკზე და სკამის კიდისკენ გადმოინაცვლებს, რათა უფრო ახლოს აღმოჩნდეს მაგიდასთან, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ.

ეჭვიანობის/უნდობლობის ამსახველი ჟესტები მიანიშნებს მოსაუბრის უნდობლობაზე, როცა ვინმე ცდილობს, რომ ძნელად წასაკითხი გახდეს, მექანიკურად იწყებს შუბლის ან ნიკაპის სრესას და სახის ხელებით დაფარვას ცდილობს, თან მოსაუბრეს თვალს არიდებს.  უნდობლობის მანიშნებელია არაადეკვატური, სიტუაციის შეუსაბამო ჟესტების მომრავლებაც. მაგალითად, თუ თქვენდამი მტრულად განწყობილი ან თავდაცვით პოზაში მყოფი ადამიანი იღიმება, ის მიზანმიმართულად ცდილობს  თავისი დამოკიდებულების  შენიღბვას. თუ მოსაუბრის ფეხები და ტანი გასასვლელისკენაა მიმართული, ადვილი საცნობია, რომ მას საუბრის მალე დამთავრება და წასვლა სურს. უნდობლობის მაჩვენებელი ჟესტებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება საჩვენებელი თითით ცხვირის, ყურის ან თვალის მოსრესა.

როცა თანამოსაუბრე რაიმე სახის საშიშროებას და საფრთხეს გრძნობს, ის იყენებს თავდაცვით ჟესტებს, მაგალითად, მკერდზე გადაჯვარედინებულ ხელებს იფარებს. ხელებმა შეიძლება დაიკავოს სამი განსხვავებული პოზიცია. უბრალოდ ხელების გადაჯვარედინება უნივერსალურ ჟესტად ითვლება, რაც შეიძლება მსმენელისადმი ნეიტრალურმა განწყობამაც გამოიწვიოს. სასურველია, ამ შემთხვევაშიც შეცვალოთ სასაუბრო თემა. გაითვალისწინეთ, რომ თავდაცვითი ჟესტი გადამდებია, თუ მას გარკვეულ სოციუმში (სხდომაზე, ლექციაზე, გაკვეთილზე) ერთ ინდივიდზე მაინც შეამჩნევთ, მალე შეიძლება ჯგუფის წევრთა უმეტესობამ თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს.

თუ თქვენი თანამოსაუბრე გადაჯვარედინებულ ხელებს მუშტებად შეკრავს, ეს მის საბრძოლო პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, სჯობს რაც შეიძლება მალე შეცვალოთ საუბრის თემა და გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მოძრაობა (ჟესტი, მიმიკა), რაც თანამოსაუბრისთვის თქვენი მხრიდან დათმობაზე წამოსვლად და მორიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმად აღიქმება.

თუ გადაჯვარედინებული ხელების პოზაში მყოფი ადამიანი თითებით საკუთარ მხრებს ჩაფრენია, ესე იგი, უკანასკნელ ძალებს იკრებს მოზღვავებული ნეგატიური ენერგიის შესაჩერებლად. მსგავს პოზას უმეტესად საკუთარი სიმართლის მტკიცების ფაზაში მყოფი ადამიანები იკავებენ. ამ ჟესტს თან ერთვის ოდნავ მოჭუტული თვალებიდან  გამოტყორცნილი გამჭოლი მზერა და ხელოვნური ღიმილი.

ხელებგადაჯვარედინებული ჯდომა საქმიან ადამიანებსაც ახასიათებთ, ისინი ამ პოზით თავიანთ უარყოფით განწყობას და/ან აღმატებულობას უსვამენ ხაზს. ისინი ხშირად თითებით ,,უკრავენ“ საკუთარ ხელებზე, რაც დამამცირებელ ჟესტად აღიქმება.

შემფასებელი ჟესტები ფიქრის და ანალიზის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებს. თუ ადამიანი დიდხანს ზის ლოყაზე ხელმიდებული, ეს ჟესტი მის ღრმად ჩაფიქრებულ მდგომარეობას გვიჩვენებს. თუ მსმენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფება, ის ნიკაპს ,,ივარცხნის“, რასაც თან სდევს თვალების მოჭუტვა და გამჭოლი მზერა.

ინტერესის დაკარგვასა და საუბრის მალე დამთავრების სურვილზე ქვემოთ დახრილი ქუთუთოები მიანიშნებს, თუმცა ეს ჟესტი შეიძლება თქვენზე უპირატესობის ხაზგასასმელადაც გამოიყენონ. ,,ყურის მოფხანა“, ანუ ყურთან შეხების ჟესტური ვარიაციები ასევე მომაბეზრებელი/არასასურველი საუბრის დამთავრების აუცილებლობაზე მიუთითებს. მოწყენილობის ყველაზე ცხადი მაჩვენებელია თანამოსაუბრის თითქმის შეუმჩნეველი გადაადგილება ან მიბრუნება კარისაკენ (ან ფეხებს მიმართავს გასასვლელისკენ, ან  – მზერას). მოწყენილმა მსმენელმა შესაძლოა თავი ხელისგულებში ჩარგოს, ან ქუდს/ღილს დაუწყოს წვალება. მოთმინებაგამოლეული ადამიანი ტანს წინ სწევს და ხელებით მუხლებს ან სკამის კიდეს ეჭიდება. ასეთ დროს გირჩევთ საუბარი თქვენივე ინიციატივით დაასრულოთ, რადგან მხოლოდ ეს ,,ჟესტი“ გადაარჩენს თქვენს ,,რეპუტაციას“.

როცა თანამოსაუბრე თქვენს მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, შეიძლება იატაკს მიშტერებულმა ტანსაცმლის არარსებული ბეწვის/ბუმბულისგან წმენდა დაიწყოს.

თუ ადამიანს სურს დროის გაწელვა, რათა საკუთარი აზრი კარგად ჩამოაყალიბოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, საუბრის დროს შეიძლება უამრავჯერ მოიხსნას და გაიკეთოს სათვალე, მინები გაუწმინდოს და ა.შ. ამ შემთხვევაში სჯობს თანამოსაუბრე დროში არ შეზღუდოთ.

თუ თქვენ გსურთ ხაზი გაუსვათ თქვენს უპირატესობას, მაშინ ხელები ზურგს უკან უნდა წაიღოთ, ნიკაპი კი ზევით ასწიოთ (ყველაზე ხშირად ამ პოზაში სამხედრო პირებს ნახავთ), ან თანამოსაუბრეზე ოდნავ მაღლა დადგეთ. თავდაჯერებული და ამაყი ადამიანების დამახასიათებელი ჟესტია ზურგს უკან ერთი ხელით მეორეს მაჯაზე ჩაჭიდება, რაც განსხვავდება ჟესტისაგან ,,ხელების ციხე–სიმაგრე“, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის საკუთარი თავის ხელში აყვანის მცდელობას გვიჩვენებს. ადამიანის გაბრაზებას უმეტესად ხელების ზურგისაკენ გადაადგილება მოსდევს. სწორედ ამ ინსტიქტით ნაკარნახევი ფრაზაა – ,,თავი ხელში აიყვანე!“.

სხეულის ენაც ისეთივე  პრინციპებს ეფუძნება, როგორსაც – ვერბალური. მასში რამდენიმე სიტყვა, ანუ  ჟესტი, პოზა და მიმიკა ქმნის ფრაზას, წინადადებას. ამიტომ არ შეიძლება მათ ერთმანეთისგან განცალკევება და ისე გაანალიზება. ეს იგივეა, რომ მოთხრობის ყველა გვერდიდან თითო–თითო სიტყვა ამოიკითხო. თუმცა სხეულის ანბანის შესწავლა კომუნიკაციის უკეთ წარმართვაში უბრალო დამკვირვებლებსაც დაეხმარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი