ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინფორმაციის გავრცელება – ხელმისაწვდომობა და შეზღუდვები

თუ აქამდე გეგონათ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ფლობდით, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა აზრი შეგეცვალოთ.

ყველამ ვიცით, რა არის გლობალიზაციის დადებითი მხარე. ინფორმაციის მოპოვება დღეს უკვე აღარ წარმოადგენს რაღაც შრომატევადს, შეუძლებელს, მიუღწეველს. თუ ორიოდე ათწლეულის წინ რაიმე თემის დასამუშავებლად საჭირო იყო ბიბლიოთეკაში დიდხანს ჯდომა და უამრავი პუბლიკაციის გამოწერა, ლოდინი და შემდეგ – დამუშავება, დღეს აკრეფ კომპიუტერის შესაბამის ველში საკვანძო სიტყვებს და საძიებო სისტემა თვალის დახამხამებაში გიპოვის სამეცნიერო თუ პოპულარულ ენაზე დაწერილ ინფორმაციას.

ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა არამხოლოდ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მკვიდრთათვის – ტექნოლოგიების გაიაფების წყალობით ამ სიკეთეებით სხვა, ეკონომიკურად ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიც სარგებლობენ.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეუცვლელი წყაროებია ჟურნალ-გაზეთები და ტელევიზია. თანამედროვე მსოფლიოში ჟურნალები და გაზეთები უკვე ვებზეა განთავსებული, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ზრდის. ჩვენ შინიდან გაუსვლელად ვეცნობით მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, საინფორმაციო წყაროები სრულად არ მოიცავენ ქვეყნებს, რომელთა შესახებაც გვაწვდიან ინფორმაციას. ერთი მხრივ, იყო ქვეყანა, რომლის შესახებაც სტატიები და სიუჟეტები არ მზადდება, არის ნიშანი იმისა, რომ შენს ტერიტორიაზე ექსტრაორდინარული არაფერი ხდება. ამის საპირისპიროდ, თუ ქვეყანაში კონფლიქტები, გამოსვლები, გაფიცვები, ბუნებრივი კატასტროფები და მსხვერპლი, ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმებია, მის მიმართ საინფორმაციო საშუალებების ინტერესი ყოველთვის გარანტირებულია. ზოგი ქვეყანა მეტად ახერხებს ყურადღების მიქცევას, ზოგიც – ნაკლებად.
1manana

43 მილიონზე მეტი მოვლენა, რომლებიც გაშუქდა 1979-დან 2013 წლამდე, რუკაზე დაიტანეს. აღმოჩნდა, რომ მოვლენები არცთუ თანაბრად შუქდება. ხაზები აღნიშნავს მოვლენასა და მის გაშუქებას; შესაბამისად, რაც უფრო ნათლად ჩანს რუკაზე ესა თუ ის ქვეყანა, მით მეტია მისდამი საინფორმაციო საშუალებების ინტერესი.

ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება ითქვას, ინტერესის მუდმივი ობიექტია. ყველაზე ნათელი ხაზები აშშ-სა და რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორისაა.

აშშ-ს მოსდევს ავღანეთი, ჩინეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი და რუსეთი. ინფორმაცია საგარეო ურთიერთობებზე, ფინანსურ საკითხებზე, კონფლიქტებზე და ვინ მოთვლის, კიდევ რაზე, ძირითადად დედაქალაქიდან გადაიცემა, თუმცა ამ რუკაზე სიზუსტე დაცული არ არის. აქ ხაზები სათავეს იღებს გეოგრაფიულ ცენტრში, განურჩევლად იმისა, ქვეყნის რომელი წერტილის შესახებ გადაიცა ინფორმაცია. კარგად ჩანს რუსეთისა და აშშ-ის ცენტრიდან ამოტყორცნილი ხაზები. მაგალითად, ავსტრალიაში ხაზები ვიქტორიის დიდი უდაბნოდან იწყება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა ძირითად ტენდენციებსა და გასაშუალოებულ მონაცემებს ასახავს, აქ არ უნდა ვეძებოთ დეტალური სიზუსტე.

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან ყველაზე აქტიურად არის გაშუქებული ისრაელი და ეგვიპტე, სადაც ურთიერთს გადაკვეთს 385 ათასი მოვლენა. ისრაელსა და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირს 335 ათასი მოვლენა აერთიანებს, ამდენივე – ისრაელსა და ლიბანს.

2mamamaa

რეგიონების ფარგლებში ინფორმაცია უთანაბროდაა გაშუქებული. უთანაბრობა ძალზე საგრძნობია. თუ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ გაშუქებულ ინფორმაციას ავიღებთ, 31,6 მილიონი მოვლენიდან 90%-ზე მეტი აშშ-ის შესახებაა, ხოლო დანარჩენი – კანადისა, ევროპის ქვეყნებიდან კი პოპულარულია რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია.

წრიულ დიაგრამაზე ეს შემდეგნაირად გამოიყურება:

3manananana

აზიის შესახებ 32,6 მილიონი ინფორმაცია გაშუქდა. აქაც პოპულარობით აშკარად გამოირჩეოდა რამდენიმე ქვეყანა: ჩინეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი და თურქეთი. სხვა ქვეყნები კი ასეთივე სიხშირით არ შუქდებოდა. ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გამოირჩეოდა ისრაელი, ირანი, ერაყი, სირია, ეგვიპტე და ლიბია, ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში კი – მექსიკა, კუბა, კოლუმბია და ბრაზილია.

ინფორმაციის გაშუქების სიხშირე ყოველთვის როდია დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობასა თუ ქვეყნის წარმატებასთან; მედიის ფოკუსში ყველაზე მეტად სახელმწიფოში არსებული სირთულეები ხვდება.

მიუხედავად ზღვა ინფორმაციის რეგიონულ ჭრილში გაანალიზებისა, უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მასშტაბი მაინც შეზღუდულია. შეზღუდვას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:

მსხვილ საინფორმაციო საშუალებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაგზავნილი ან დაქირავებული ჰყავთ სპეციალური კორესპონდენტები, რომელთაგანაც დაუყოვნებლივ იღებენ ინფორმაციას. ისინი უმთავრესად ისეთ გეოგრაფიულ წერტილში არიან, საიდანაც ადვილია რეგიონში მომხდარი ახალი ამბების გაშუქება. თუმცა კორესპონდენტები მეტად იცნობენ სწორედ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ, შესაბამისად, იქ მომხდარი თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენები უფრო ადვილად ხვდება საინფორმაციო წყაროებში. რესურსების დასაზოგავად მრავალი ცნობილი საინფორმაციო სააგენტო ადგილობრივი ჟურნალისტებისა და მოსახლეობის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს ეყრდნობა. ასეთ საინტერესო და ინტერაქტიულ ხერხს მიმართავს CNN (https://ireport.cnn.com/). ეს მეტ საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას, გაიგოს სხვა, აქამდე უცნობი ადგილების შესახებ ან ადგილობრივ მცხოვრებთა თვალით დანახული და განცდილი შეიტყოს.

იმავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ მეტია ინტერესი იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ცენტრებს წარმოადგენენ.

ზოგიერთი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია ძნელად ხელმისაწვდომია ისეთი ბარიერების გამო, როგორებიცაა ცენზურა, ინტერნეტზე წვდომის, პრესის თავისუფლების შეზღუდვა. ყოველივე ეს მოწოდებულ ინფორმაციას არასანდოს ხდის.

ინფორმაციის გავრცელების გასაანალიზებლად „გარდიანმა” (https://www.theguardian.com/uk) გადაწყვიტა, მეტი ყურადღება დაეთმო ინფორმაციის გეოგრაფიული გავრცელებისთვის. რედაქციის დაკვეთით გაანალიზდა ინფორმაციის გეოგრაფია სამი წლის განმავლობაში.

ეს „გარდიანის” მიერ 2010 წელს გაშუქებული ინფორმაციაა ქვეყნების მიხედვით:

ეს კი „გარდიანის” მიერ 2012 წელს გაშუქებული ქვეყნები და იქ მომხდარი მოვლენებია:

ასეთი შედარების შედეგად რედაქციას შეუძლია, აღმოფხვრას ინფორმაციის უთანაბრო გავრცელება, გაითვალისწინოს ეს მომავალი მუშაობის დაგეგმვისას. გარდა ამისა, ეს რუკები ძალიან კარგი რესურსია, რათა ვივარაუდოთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც რუკაზე ბუნებრივზე მეტი ფართობი უკავია, შფოთიანი, აქტიური წელი იყო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ზომა 2010 წელს მის ხშირ გაშუქებაზე მიუთითებს. სწორედ ამ წელიწადს აქ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. აშშ-ის 2012 წლის ზომა თითქოს ძნელი დასაკავშირებელია რომელიმე გამორჩეულ მოვლენასთან, თუმცა 2011-ში აშშ-ში გაიხსნა „გარდიანის” ამერიკული გამოცემა, რამაც მას ამ ქვეყნის უფრო მეტად დაფარვის საშუალება მისცა.

საქართველოში ინფორმაციის ბრუნვა ასე არ გაანალიზებულა, ეს კი ძალიან საინტერესო კვლევის საშუალებას იძლევა. მოსწავლეებს შეიძლება დავუნაწილოთ ტელეარხები, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. ისინი ჩაინიშნავენ საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტებს ქვეყნების მიხედვით და შეკრებილ მასალას კონტურულ რუკაზე გადაიტანენ. სიხშირეს სხვადასხვა ფერით აღნიშნავენ: ქვეყანას, რომლის შესახებაც სიუჟეტი ერთხელ გავიდა – ღია ფერით, რაც უფრო მეტჯერ გადაიცა ინფორმაცია – მით უფრო მუქად. ეს რუკის ლეგენდაში განიმარტება. ერთი კვირის შემდეგ გვექნება სურათი, როგორია ინფორმაციის დაფარვა ჩვენი საინფორმაციო საშუალებების მიერ.

ვფიქრობ, ამგვარი დავალების შესრულება საინტერესო შედეგს გამოიღებს: სწავლა უფრო მეტად დაუახლოვდება ყოველდღიურობას, გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მოხდება ქვეყნების ლოკაციის გამეორება, მოსწავლეები უფრო მეტად განივითარებენ რუკის შექმნის უნარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი შედეგი იქნება კომუნიკაციისა და კვლევითი უნარების განვითარებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი