ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჰარალდ ედელსტამი – გულადი ელჩი

ერთ-ერთი გამოსვლის დროს შვედეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა აუდიტორიას ასეთი სიტყვებით მიმართა: „სკოლამ და უნივერსიტეტმა სტუდენტი მხოლოდ შრომის ბაზრთან შესახვედრად აუცილებელი ჩვევებით არ უნდა აღჭურვონ. სასწავლო დაწესებულებამ მოქალაქეს მხოლოდ პროფესიული უნარები არ უნდა შესძინოს. განათლების სისტემამ ადამიანი ცხოვრებისთვის, ღირსეული გადაწყვეტილებებისა და, თუ საჭირო გახდა, სამოქალაქო სიმამაცისთვის უნდა მოამზადოს“. თავისი გამოსვლით ცნობილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო სიმამაცისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სასწავლო კურსების ხელახლა დანერგვას დაუჭირა მხარი. ევროპაში ერთ-ერთი პირველი სრულყოფილი ასეთი კურსი შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჰარალდ ედელსტამის სახელობის ფონდმა შეიმუშავა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ჩვენს მოსწავლეებს ამ ადამიანის შესახებ უფრო მეტი ეცოდინებათ.

ვინ იყო ჰარალდ ედელსტამი?

ერთი შეხედვით, ედელსტამი შვედეთის საზოგადოების საშუალო ფენის კლასიკური, ტიპური წარმომადგენელი გახლდათ. საშუალო კლასის სხვა წარმომადგენელთაგან მას მხოლოდ არისტოკრატული წარმომავლობა განასხვავებდა. 1930-იან წლებში ის, არაერთი შვედი ახალგაზრდის მსგავსად, კადეტთა კორპუსში სწავლობდა. მოგვიანებით იურისტის აკადემიური სტატუსიც მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ძმასთან ერთად.

ედელსტამმა 35 წელიწადზე მეტი იმუშავა საგარეო უწყებაში, იყო თავისი ქვეყნის წარმომადგენელი იტალიაში, ავსტრიაში, ალჟირში, ჩილეში, სალვადორში, თურქეთში, გვატემალაში. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობიდან მსოფლიომ ორი განსაკუთრებული მომენტი, ალბათ, სამუდამოდ დაიმახსოვრა.

1940-იან წლებში ედელსტამი მეზობელ ნორვეგიაში მუშაობდა. ნორვეგიაში ნაცისტური წინააღმდეგობის მოძრაობა და ადგილობრივი ებრაული თემი ერთობლივად ებრძოდნენ ოკუპანტებს. ცხადია, ოკუპანტები აჯანყებულთა იზოლაციაში მოქცევას ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც. ნაცისტთა მოწინააღმდეგეებს ხშირად აკლდათ რესურსები და ინფორმაცია, ტყვედ ჩავარდნილი აჯანყებულები კი ხანგრძლივი ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. წინააღმდეგობის პერიოდში შვედეთის საელჩო დახმარების ერთგვარ ცენტრად იქცა. შვედი დიპლომატები ჰარალდ ედელსტამის მეთაურობით პირადი რისკის ფასად აჯანყებულებს მათ ხელთ არსებულ რესურსებს უნაწილებდნენ, ცდილობდნენ დაკავებულთა საპატიმროებიდან დახსნას, ებრაელთა დროებითი საიდუმლო თავშესაფრების მოწყობას. საელჩო ატყობინებდა ნორვეგიელ ხალხს ნაცისტების მიერ დაბლოკილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მესამე რაიხი“ ყოველი მხრიდან ალყაში იყო მოქცეული. წინააღმდეგობის მოძრაობა საელჩოდან იგებდა, რომ გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო. იმ ურთულეს დროს ჰარალდ ედელსტამმა ასობით ნორვეგიელსა და ებრაელს გაუმართა ხელი.

1971 წელს ედელსტამი ჩილეში დაინიშნა ელჩად. სალვადორ ალიენდეს მთავრობა მაშინდელ ლათინურ ამერიკაში, ფაქტობრივად, ერთადერთი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება იყო. რეგიონის დანარჩენ ნაწილებს პუტჩისტი სამხედროების მიერ დასმული დიქტატორები განაგებდნენ. ლათინური ამერიკის თითქმის ყველა დევნილი პროგრესული მოძრაობა ჩილეს აფარებდა თავს. რადიკალი კომუნისტები სოციალისტ ალიენდეზე მეტად ფიდელ კასტროს ენდობოდნენ და კუბაში გახიზვნას არჩევდნენ. რევოლუციის შედეგად მოსული, უმკაცრეს დისციპლინასთან წილნაყარი კუბის რეჟიმი დღემდე მყარად დგას, ჩილეს არჩეული დემოკრატია კი მოღალატე სამხედროებმა მალევე დაამხეს.

1973 წლის 11 სექტემბერს შეიარაღებული გადატრიალების შედეგად აუგუსტო პინოჩეტის ხუნტამ პრეზიდენტ ალიენდეს ძალაუფლება ჩამოართვა. იმავე დღეს დაიწყო სასტიკი რეპრესიები ალიენდეს მომხრეების, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩილეში გაქცეული პოლიტიკოსებისა და გადატრიალების სხვა მოწინააღმდეგეების მიმართ. ალიენდეს სიკვდილის შემდეგ, ჩილეს დედაქალაქში ორი მთავარი ცხელი წერტილი სტადიონი და კუბის საელჩო გახლდათ. სტადიონზე ადგილობრივებს ხვრეტდნენ, კუბის საელჩოში კი ემიგრანტები და პოლიტიკოსები იყვნენ გამაგრებულნი. შვედეთის ელჩმა სტადიონიდან რამდენიმე ასეული ადამიანის გამოყვანა მოახერხა. მათ ერთ დღეში მიიღეს შვედეთში თავშესაფარი და ედელსტამისავე მოძიებული ფინანსებით მალევე გაერიდნენ ხუნტის მიერ მოწყობილ სასაკლაოს. კუბის საელჩოსთან კი ნამდვილი ბრძოლები მიმდინარეობდა. საელჩოდანაც ისროდნენ. ხუნტამ შენობას ტანკები მიაყენა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კი შვედეთის დროშით ხელში ერთადერთი ადამიანი, ჰარალდ ედელსტამი ჩადგა. მხარეები იძულებულნი გახდნენ, ცეცხლი შეეწყვიტათ. ედელსტამი შენობაში შევიდა, სახურავზე თავისი ქვეყნის დროშა აღმართა და დაწესებულება შვედეთის საელჩოდ გამოაცხადა. ედელსტამმა საელჩოში გამაგრებული ჩილეელების, ურუგვაელების, ბრაზილიელების, პერუელებისა და კუბელების თავშესაფარზეც იზრუნა და ყველა მათგანი სამშვიდობოს გაიყვანა. საერთო ჯამში, მან ორივე წერტილიდან 1300 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. ხუნტამ იგი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და იმავე წელს გააძევა ქვეყნიდან.

იმედია, ოდესმე საქართველოს სკოლებშიც წაიკითხავენ სამოქალაქო სიმამაცის კურსებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი