ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბუნების საოცრებები, რომლებიც 2030 წელს, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს

ტურისტულმა პორტალმა Budget Travel იმ ღირსშესანიშნაობათა სია შეადგინა, რომლებიც 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, აღარ იარსებებს. CNN-ის ინფორმაციით, მათი მოსალოდნელი გაქრობა ტურისტების დამატებით ნაკადს მიიზიდავს. ტურისტულმა ნაკადებმა შესაძლოა ორმხრივი გავლენა მოხდინონ ბუნებაზე: ერთი მხრივ, ისინი გააუარესებენ დედამიწის ამ უნიკალური ადგილების ეკოლოგიურ მდგომარეობას, მეორე მხრივ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა ბუნების ამ საოცრებათა გადასარჩენად გამოიყენოს.

განვიხილოთ ჩვენი პლანეტის ეს ღირშესანიშნაობები.

ბელიზის ბარიერული რიფი (ინგლ. Belize Barrier Reef) მარჯნის რიფების 280-კილომეტრიანი ზოლია და ბელიზის სანაპიროდან 13-24 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. იგი მეზოამერიკული ბარიერული რიფის შემადგენლობაში შედის და 900 კილომეტრზეა გადაჭიმული იუკატანიდან გვატემალის სანაპირომდე. ეს რიფი უდიდესია ატლანტის ოკეანეში და მეორე მსოფლიოში ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარე დიდი ბარიერული რიფის შემდეგ. სამწუხაროდ, ბელიზის ბარიერული რიფი მნიშვნელოვნად დაზიანდა ჯერ კიდევ 1998 წელს, როცა საკმაოდ ბევრ ადგილას მარჯნების 50% დაკარგა. მიუხედავად გარემოსდაცვითი ღონისძიებებისა, რიფების ეკოსისტემა მუდმივად საფრთხეშია და მარჯნები დღესაც აგრძელებენ გაუფერულებას, რაც როგორც გლობალური დათბობის, ისე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის, კერძოდ, არაკონტროლირებადი ტურიზმის, ნაოსნობისა და თევზჭერის შედეგია. რიფი 1996 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

კონგოს ქვაბულს, ამაზონის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია ჯუნგლებით (ნოტიო ტროპიკული ტყეებით) დაფარული ტერიტორიის ზომით. გაეროს ექსპერტთა მონაცემებით, 2040 წლისთვის ამ ტყეების უნიკალური ფლორის 2/3 გაქრება და გადაშენდება, თუ მათ დასაცავად დროულად არ იქნა მიღებული სათანადო და ეფექტური ზომები. ტყეებს უმოწყალოდ ჩეხავენ საძოვრების, მაღაროების მოსაწყობად, ტყით დაფარული ტერიტორიის ფართობის შემცირება კი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მკვდარი ზღვა გაუმდინარი მლაშე ტბაა, რომელიც ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს და გჰორის ტექტონიკური ღრმულის ყველაზე დაბალი ნაწილი უკავია. მკვდარი ზღვა ხმელეთის ყველაზე ღრმა ადგილია, რომლის წყლის დონე ზღვის დონიდან -423მ-ზე მდებარეობს და ყველაზე მლაშე ტბაა დედამიწაზე. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მკვდარი ზღვის ფართობი მესამედით შემცირდა და 24 მეტრით უფრო წყალმარჩხი გახდა. ძველი პლაჟები უკვე 1.5 კმ-ით არის დაშორებული სანაპირო ხაზს. წყალი მკვდარ ზღვაში მხოლოდ მდინარე იორდანეს ჩააქვს, მაგრამ მისი მოსაზღვრე ქვეყნები მდინარის წყალს უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ. ექსპერტთა ვარაუდით, 50 წლის შემდეგ მკვდარი ზღვა საერთოდ გაქრება, მით უმეტეს, რომ კოსმეტიკური და პარფიუმერიული ფირმები მუდმივად ამცირებენ ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს.

ევერგლეიდის ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით, ფლორიდის შტატში მდებარეობს. ის 1947 წლის 6 დეკემბერს დაარსდა და მისი ფართობი 6 105 კმ²-ს შეადგენს. იგი სიდიდით მესამე ეროვნული პარკია შეერთებულ შტატებში. ევერგლეიდის ეროვნული პარკის მთავარი დანიშნულებაა, შეინარჩუნოს ამ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ეკოსისტემა. პარკს ამ მხარეში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციაც აქვს. ყოველწლიურად ამ ტერიტორიას მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 1976 წელს იუნესკომ ევერგლეიდი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. პარკში მობინადრე 36 სახეობის ცხოველი გადაშენების პირასაა მისული. მათგან აღსანიშნავია ფლორიდული პუმა, ამერიკული ნიანგი და სხვები. პარკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჭაობებს უკავია, რომლებიც ძლიერაა დაბინძურებული ირგვლივ მდებარე ფერმების მიერ. გარდა ამისა, ადგილობრივი წყლის 60%-ს ახლომდებარე ქალაქებისა და ფერმების წყლით უზრუნველყოფისთვის იყენებენ. აღსანიშნავია, რომ პარკი ერთადერთი ადგილია, სადაც ბინადრობს ფლორიდული პუმა, რომლის რაოდენობა 1900 წლიდან დღემდე 2-ჯერ შემცირდა. ვარაუდობენ, რომ მომდევნო 40 წლის განმავლობაში ფლორიდული პანტერა და 20 სხვა სახეობის ცხოველი საერთოდ გაქრება. 2010 წელს, იუნესკოს 34-ე სესიაზე, ევერგლეიდის ეროვნული პარკი ეკოსისტემის სერიოზული დეგრადაციის გამო საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაში შეიტანეს.

მადაგასკარი აფრიკის კონტინენტთან და ინდოეთის ოკეანეში მდებარე ყველაზე დიდი კუნძულ-სახელმწიფოა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში კუნძულზე ტყის ფართობი საგრძნობლად შემცირდა და თუ სათანადო ზომები დროულად არ იქნა მიღებული, ექსპერტთა ვარაუდით, უკვე 40 წლის შემდეგ მადაგასკარის ტროპიკული ტყეები მთლიანად გაიჩეხება ან დაიწვება, ტყის ბინადარნი დაიღუპებიან და საერთოდ, შესაძლოა, კუნძული ტყეების გარეშე დარჩეს. დაცულ ტერიტორიებს კუნძულის მხოლოდ 5% უკავია, რის გამოც ცხოველები ადვილად ვერ მიგრირებენ მადაგასკარის ტერიტორიაზე. საინტრესოა ის ფაქტიც, რომ კუნძულის ბინადარი ზოგიერთი სახეობა ჯერაც არ არის შესწავლილი და რეგისტრირებული და შესაძლოა ისე გადაშენდეს, რომ მათი შესწავლა ვერც კი მოესწროს. იუნესკომ კუნძულის ტყეები გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა.

115 298 კმ2 ფართობის მქონე მალდივის კუნძულები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. მალდივის არქიპელაგი 1.190 მცირე კუნძულს – ატოლს მოიცავს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ეს კუნძულები ჩრდილოეთიდან სამხრეთით – 764 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 130 კმ-ზეა გადაჭიმული. კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივს წარმოადგენს. თუ გლობალური დათბობა გაგრძელდა, მალდივის კუნძულები, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 1.8-2 მეტრს არ აღემატება, დაიტბორება. 2008 წელს მალდივის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი იწყებენ მიწების შესყიდვას სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ინდოეთში, რათა საკუთარი მოქალაქეები იქ დაასახლონ, 2009 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა წყლის ქვეშ ჩაატარა, რათა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოსალოდნელი საშიშროებისთვის და მსოფლიოს ყურადღებაა მიეპყრო.

ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლარული რაიონები ანუ არქტიკა და ანტარქტიდა, მრავალი გეოგრაფიული ობიექტის მსგავსად, ასევე გლობალური დათბობის მსხვერპლია. შესაბამისად, საფრთხე ემუქრება მათ ისედაც მწირ ფლორასა და ფაუნას, რადგან პოლარული ყინულების დნობის შედეგად იღუპება მთელი ეკოსისტემები, კვებითი ჯაჭვების ჩათვლით. მაგალითად, ანტარქტიდის საიმპერატორო პინგვინების 80%-ს დაღუპვა ემუქრება, არქტიკაში კი საფრთხე ექმნებათ თეთრ დათვებს. მეცნიერთა პროგნოზით, ყინულის ახალი მასივების ფორმირება ანტარქტიდაში 20-40 წლის განმავლობაში შეწყდება.

ტახუამანუს ჯუნგლები სამხრეთ ამერიკის სახელმწიფო პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, მადრე დე დიოსის პროვინციაში მდებარეობს. ეს ჯუნგლები წითელი ხის მარაგით გამოირჩეოდა, თუმცა უკონტროლო გაჩეხვის გამო მათი მარაგი უფრო და უფრო მცირდება. აშშ წითელი ხის თითქმის 80%-ს ყიდულობს. თითოეული ამ ხისგან მილიონობით დოლარის ღირებულების ავეჯი მზადდება. ტყეების გაჩეხვის შედეგად ნადგურდება ეკოსისტემა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ აქ ოქროს მოიპოვებენ, რის გამოც ბინძურდება ჰაერი და წყალი.

ჩინეთის მდინარე იანძი ყველაზე გრძელი მდინარეა აზიაში და მესამეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 6 418 კმ-ია. მდინარე სათავეს ტიბეტის მთიანეთში იღებს და ქალაქ შანხაის სიახლოვეს, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება. იანძი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მდინარეა. მის აუზში ჩინეთის მოსახლეობის ერთი მესამედი ცხოვრობს. მრავალმა მკვლევარმა და ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა უკვე აღიარეს, რომ იანძის აუზში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის სახეობებს გადაშენება ემუქრება, ამის მიზეზი კი ტყეების უკონტროლო ჩეხვა, კაშხლების მშენებლობა და დიდი წყალსაცავების შექმნაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი