შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კონსტრუქტივისტული გეოგრაფიის გაკვეთილი

კონსტრუქტივისტულ პრინციპზე აგებული გეოგრაფიის გაკვეთილი გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურობას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი, ინტერპრეტაცია.

არსებობს მეთოდები, რომლებიც უფრო მეტ გააზრებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანია ჯიგსოუს ტექნიკა, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების კარგი საშუალებაა. ამ მეთოდს მოსწავლეები უკეთეს შედეგამდე მიჰყავს და თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. ასეთი გაკვეთილის ჩატარებისას შესაძლებელია, მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემულ რესურსებს გასცდეს და ინტერნეტსივრცეში არსებული ტექსტები და რუკები მოიშველიოს.

გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილის ნიმუშს, რომელიც კონსტრუქტივისტულ პრინციპებზეა აგებული. ჯიგსოუს ტექნიკასთან ერთად მასწავლებელი ამ გაკვეთილზე პრობლემურ ლექციასაც იყენებს. ასეთი ლექცია იწყება ინფორმაციული და პრობლემური კითხვებით. კითხვები პრობლემურია, რადგან მოსწავლეთა პასუხები წინარე ცოდნაზე არ არის დამოკიდებული, ხდება მათი აზროვნების გააქტიურება. ტრადიციული ლექციისგან განსხვავებით, ამ დროს მოსწავლე პასიური მსმენელიდან აქტიურ მონაწილედ იქცევა. ყველა ერთად აყალიბებს ახალ ცნებებს, განიხილავს მოვლენებს, ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, რაც გაკვეთილს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს ხდის.

თემა: ურბანიზაცია

შედეგი: გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

გაკვეთილი იწყება პრობლემური ლექციით.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ მსოფლიოს ისტორიული ქალაქები და მათი წარმოშობის წინა პირობები, ჩამოთვალონ, რომელი მათგანი არსებობს დღესაც და რომელი – არა. პასუხები იწერება დაფაზე.

შემდეგ მოსწავლეები ადგენენ, რატომ არის, რომ ბრიტანული ქალაქი (მოსახლეობის რაოდენობით) უფრო პატარაა, ვიდრე ინდური სოფელი (განვიხილავთ საქართველოს მაგალითსაც). მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ქალაქის განსაზღვრის კრიტერიუმები იწერება დაფაზე. ხდება ქალაქის ცნების დეფინიცია, მნიშვნელობის განსაზღვრა.

ჯიგსოუს ტექნიკა, SWOT ანალიზი და სქემაზე მუშაობა. კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ტექსტი – „ურბანიზაციის” ნაწილები და „ქალაქური პრობლემები”. ტექსტიდან გამომდინარე, დავალებები ნაწილდება შემდეგნაირად:

I ჯგუფი – შესავალი და რა არის ქალაქი;

II ჯგუფი – მომსახურების ინდუსტრია და მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქები;

III ჯგუფი – ბუნებრივი გაფართოება;

IV ჯგუფი – „აფეთქება” და მომავალი;

V ჯგუფი – ქალაქური პრობლემები.

ჯგუფები ამუშავებენ ტექსტს. შემდეგ იქმნება ახალი ჯგუფი ხუთივე ჯგუფის თითო წარმომადგენლისგან. ერთ მაგიდასთან თავმოყრილი „ექსპერტები” ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომელიც წინა ჯგუფში მუშაობისას დაამუშავეს, თანმიმდევრობით წარუდგენენ ახალ ჯგუფს თავიანთ მიერ მოპოვებულ მასალას (ჯერ ჰყვება I ჯგუფის „ექსპერტი”, შემდეგ – II ჯგუფისა და ა.შ.).

ამის შედეგად თითოეული ჯგუფი იღებს სრულ ინფორმაციას ურბანიზაციის შესახებ.

„ექსპერტთა” ჯგუფებს ეძლევათ დავალებები და კითხვები:

1) დადგინონ მსოფლიოს ყველაზე მეტად ურბანიზებული და ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნები;

2) ჩამოთვალონ ამ ქვეყნებში ურბანიზაციის ასეთი მაჩვენებლების არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

რუკა. ურბანიზაციის დონე

შემდეგ მათ უნდა გააკეთონ SWOT ანალიზი.

მოსწავლეებმა ურბანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა დაადგინონ, განსაზღვრონ ის შესაძლებლობები და საფრთხე, რაც ურბანიზაციის პროცესს უკავშირდება. მათ უნდა შეავსონ SWOT ანალიზის სქემა ფორმატებზე.

ძლიერი მხარე სუსტი მხარე
საფრთხე შესაძლებლობა

დასასრულ, მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება, როგორ გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.

პრეზენტაცია. ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას, გამოტანილ დასკვნებს. პრეზენტაციის შემდეგ ყველა ერთად ადგენს საერთო SWOT ანალიზის სქემას და აყალიბებს საერთო მოსაზრებას, როგორ უნდა გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.

ტექსტი: ურბანიზაცია

ურბანიზაცია – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ურბანიზაციის პროცესისთვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად მიიჩნევა სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. ურბანიზაციისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქებში, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რომლისთვისაც ნიშნეულია ანონიმურობა და ფორმალური კავშირ-ურთიერთობები, შრომის რთული საზოგადოებრივი განაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდა, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანა სოფლად.

ქალაქი – მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ქალაქი წარმოიშვა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი განაწილებისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყო სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციამ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში ქალაქური ტიპის დასახლების გაჩენამდე მიგვიყვანა.

პირველი ქალაქები, როგორც ადმინისტრაციული და რელიგიური, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. ქალაქების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე. ისინი იქცნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და კულტურის განვითარების ორგანიზაციულ, კერძოდ, სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარების ცენტრად, ხელი შეუწყვეს ხელოსნობისა და ვაჭრობის (მათ შორის – საერთაშორისო ვაჭრობის) განვითარებას. აქ ჩაისახა სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. ქალაქის ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული ტექნიკის პროგრესი.

ტექსტი: „ქალაქური პრობლემები”

ქალაქში უამრავი პრობლემაა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად იმატებს. დიდი ქალაქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის სისუფთავისა და ჯანსაღი კლიმატის, ტრანსპორტის განვითარებისა და სატრანსპორტო ნაკადების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების ანუ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნის, ასევე – კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პრობლემები.

ქალაქებში კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდებარე ტერიტორიების კლიმატური თავისებურებებისგან: მაღალია ჰაერის ტემპერატურა, განსხვავებულია ატმოსფეროს შემადგენლობა (მაღალია ნახშირორჟანგისა და მტვრის შემცველობა), იცის ხანგრძლივი და მკვრივი ნისლი. დიდი ქალაქები უდიდეს გავლენას ახდენენ ადგილობრივ კლიმატზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური დათბობის პროცესში.

ქალაქების ზრდა მოითხოვს სოციალური, სატრანპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების თანადროულ განვითარებას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელია ე. წ. „ახალი რისკები”, რომელთა შორის გამოირჩევა სოციალური კონფლიქტები. სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიის ადამიანთა თავმოყრის ადგილებში ხშირია დაპირისპირება.

დიდ ქალაქებში ადმინისტრაციული, საქმიანი და ფინანსური ორგანიზაციები ძირითადად მის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. მიწის სიძვირე მათ აიძულებს, ააშენონ მრავალსართულიანი ოფისები, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის.

ასეთი გაკვეთილი შეიძლება თავდაპირველად უფრო ხმაურიანი გამოვიდეს, მაგრამ შემდგომ, როცა მოწაფეებს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ, ხმაურიც იკლებს. თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს „ხმაურიანი” გაკვეთილები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი