პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გრაფიკული საშუალებების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

საბაზო საფეხურის გეოგრაფიის სტანდარტში სამივე კლასისთვის გაწერილია ერთი მიზანი, რომელიც ცხრილებისა და დიაგრამების ანუ გრაფიკული საშუალებების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარ-ჩვევების განვითარებას გულისხმობს. რაც უფრო მრავალფეროვან გრაფიკულ საშუალებებს შევთავაზებთ მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში (სვეტოვანს, წრიულს, ხაზოვანს…), მით უფრო უკეთ ისწავლიან მათ ინტერპრეტირებას.

გრაფიკული საშუალებები გეოგრაფიული ინფორმაციის ეფექტური გამოსახვის ფორმაა, რადგან რაოდენობრივი მაჩვენებლების ზეპირად თუ წერილობით ნარატიული ფორმით გადმოცემა ხშირად ართულებს ტექსტის აღქმას. დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენება მოსწავლეებს უვითარებს აზროვნების უნარს, საშუალებას აძლევს მათ, მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. ცხრილებისა და დიაგრამების გამოყენება ერთსა და იმავე დროს სემიოტიკურ და რაოდენობრივ კომპეტენციებს ავითარებს.

გთავაზობთ სამუშაო გაკვეთილის სცენარს, სადაც ოფიციალური საიტიდან აღებული მონაცემებია გამოყენებული.

 

აქტივობა №1. მასწავლებელი სვამს კითხვებს.

რა განსხვავებაა:

ა) ექსპორტსა და იმპორტს შორის?

ბ) საცალო და საბითუმო ვაჭრობას შორის?

გ) სპეციალიზებულ და უნივერსალურ ბირჟებს შორის?

დ) ბაზარსა და ბაზრობას შორის?

ე) საშინაო და საგარეო ვაჭრობას შორის?

მოსწავლეები ლექსიკონში პოულობენ ტერმინთა განმარტებებს. შემდეგ მასწავლებელი აძლევს მათ დავალებას: გაარკვიონ ამ ორგანიზაციის მიზნები და როლი მსოფლიო ეკონომიკაში და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით დაადგინონ ორგანიზაციის დამაარსებელი, წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები.

ტექსტი: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (World Trade Organization, akronimi WTO) საერთაშორისო ორგანიზაციაა, შექმნილი 1995 წელს. ის აწესებს გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს და აგვარებს უთანხმოებებს წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობას დაახლოებით 30 ერთობლივ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში (შვეიცარია). გენერალური დირექტორია რობერტო კარვალიუ დე აზევედო. 2013 წლის 2 მარტისთვის მასში გაერთიანებული იყო 159 ქვეყანა. ოფიციალური ენებია ინგლისური, ფრანგული და ესპანური. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითადი სამიზნეა მრავალ ქვეყანაში.

გრ1

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

 წევრი ქვეყნები

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ევროკავშირის წევრი ქვეყნები

დამკვირვებელი ქვეყნები

არაწევრი ქვეყნები

 

აქტივობა №2.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიტზე (https://www.economy.ge/ ) მოძებნონ საქართველოს საგარეო ვაჭრობა, სადაც მოცემულია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დინამიკა, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისა და ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ამსახველი დიაგრამები წლების მიხედვით.

დავალებები:

I ჯგუფს ევალება, ტექსტისა და დიაგრამების მიხედვით დაადგინოს:

  1. როგორია ექსპორტ-იმპორტის წილი;
  2. როგორია საქართველოს რეგიონული ვაჭრობის წილის დინამიკა;
  3. რომელი ქვეყნები არიან საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორები 2016 წლის ექსპორტ-იმპორტის მიხედვით და ეს ქვეყნები მსოფლიოს კონტურულ რუკაზე მონიშნონ.

გრ2

 

გრ3

II ჯგუფს ევალება, ტექსტისა და დიაგრამების მიხედვით დაადგინოს:

  1. რატომ და როგორ შეიცვალა საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურა ბოლო წლების განმავლობაში;
  2. რა განსხვავებაა საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციას შორის და რით შეიძლება აიხსნას ასეთი განსხვავება;
  3. როგორია სამი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში.

გრ4

III ჯგუფს ევალება, ტექსტში არსებული ინფორმაციისა და დიაგრამების ანალიზის საფუძველზე:

  1. დაადგინოს ძირითადი საექსპორტო პროდუქცია;
  2. დაადგინოს საქართველოს ათი ძირითადი საიმპორტო პროდუქცია;
  3. გამოთვალოს, რამდენს შეადგენს საქართველოს სავაჭრო ბალანსი მის ათ უდიდეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან.

გრ5

გრ6

აქტივობა №3. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას.

დასასრულ, მასწავლებელი კიდევ ერთხელ მოკლედ აჯამებს გაკვეთილს და აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას: გამოიკვლიონ მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე სასურსათო მაღაზიის გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი და დააჯგუფონ ადგილობრივ და შემოტანილ პროდუქტებად; შეადარონ საკუთარი კვლევის შედეგები გაკვეთილზე ჩატარებული კვლევისას, დაადგინონ მსგავსება-განსხვავება და იმსჯელონ მათ მიზეზებზე.

გამოყენებული ელექტრონული რესურსი:

https://www.wto.org/; https://www.economy.ge/ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი