ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო წლის დასაწყისი – მისალმების გაკვეთილები

 ყველაფერი მისალმებით იწყება, მეთანხმებით?

ახალი დღეც, ახალი შეხვედრაც, ახალი სასწავლო წელიც, ახალი გაკვეთილიც.

ამას წინათ ვიფიქრე, რაკიღა პირველი გაკვეთილი გაცნობის და მისალმებისა უნდა იყოს, მოდი, აუცილებელ პროცესს შემეცნებით ფუნქციასაც მივანიჭებ და სალამს უფრო ჩავუღრმავდები – მეთქი.

როგორ? პირველ, გაცნობით გაკვეთილზე, როცა ახალ მოსწავლეებს შევხვდები ახალ სივრცეში და  კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი, მისალმების რიტუალის უწყვეტ ჯაჭვს შევუერთდებით, ცოტა მეტს გავიგებთ, წავიკითხავთ და გამოვიკვლევთ ამ მაგიური პროცესის შესახებ.

რას ნიშნავს სალამი და რა როლი აქვს მას?

ვარიანტი #1:  მისალმება ერთგვარი სიგნალია, ამით მეორე ადამიანს შეტყობინებას უგზავნი, რომ თქვენი ურთიერთობა საწყისი წერტილიდან დაიძრა, რომ იცანი იგი, რომ შესაძლოა გადაკვეთის რაღაც წერტილი გქონდეთ, იქნებ თქვენი ურთიერთობა სხვა საფეხურზე გადავიდეს, რომ ერთი ენობრივი ფორმულის ერთნაირად აღქმის უნარი  გაერთიანებთ.

ვარიანტი #2: ესეც სიგნალია, ოღონდ ცოტა სხვაგვარი. აქ “გამარჯობა” – ნიშანია, რითაც მოცემულ დრო-სივრცეში ორი ადამიანის შეხვედრას აფიქსირებ და საკმარისია. სულაც არაა აუცილებელი,   ამ მოვლენას გაგრძელება ჰქონდეს. გაჩერებული კადრია – კიბეზე ხვდები ნაცნობს, რომელთანაც მხოლოდ მისალმება გაკავშირებს, ესალმები და მორჩა. მისალმება აქ ისეთივე საგზაო ნიშანია, როგორც მძღოლისთვის შუქნიშნის რომელიმე ფერი, ვთქვათ, მწვანე.

 მისალმების იმდენივეგვარი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ადამიანიც ხვდება ერთმანეთს  – წარმოიდგინეთ რამდენია? ჰოდა, არცერთი, ვიმეორებ, არცერთი იქნება ერთმანეთის მსგავსი.

დამატებითი ფაქტორების გარდა, როგორიცაა ადამიანების განწყობა, შეხვედრის ადგილი, სიტუაციის წინაპირობა თუ უბრალოდ, ამინდი, სიტყვებით გადმოცემული მისალმების ენობრივი ერთეულები სრულიად სხვადასხვა შინაარსს ატარებს, სხვადასხვა სურვილებსა და დამოკიდებულებებს აერთიანებს, სხვა ადამიანის თუ სამყაროს განსხვავებულ ხედვას:

სხვისთვის გამეტებული სურვილები სხვადასხვაგვარია – ხან მტერზე გამარჯვება, ხან მშვიდობა, ან უფრო კონკრეტული – ჯანმრთელობა, ანდა ზოგადი – კარგი, ლამაზი დღე.

მშვიდობა მისალმების რიტუალში ყველაზე გავრცელებული სურვილია, აღმოსავლური სამყაროს „სალამი“, რომელიც ქართულ ენაშიც შემოვიდა, სწორედ მშვიდობის შინაარსს ატარებს. დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მშვიდობა, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთისთვის. პასუხად, აღმოსავლურ ენებში ხან ვარდების, ხან, ჟასმინის დღეს უსურვებენ – ყვავილები, ესეც ხომ თავისთავად მშვიდობის ფორმულებია.

მისალმების ყველაზე ცნობილი ფორმულის ინგლისური და ლამის უკვე საერთაშორისო სიტყვის hello (შესაბამისად: გერმანული hallo, ესპანური hola და ა.შ)  ეტიმოლოგიის ერთ-ერთი განმარტებით, პირველად, ადამიანებმა  ეს ბგერათშეთანხმება  ნადირობის დროს, მიზანში ამოღებულ მსხვერპლზე ყურადღების გასამახვილებლად გამოიყენეს. თუ ამ სიტყვებს ფონეტიკური კუთხით განვიხილავთ,  საინტერესო დასკვნებამდე მივალთ. ნამდვილად კარგად ასახავს „ჰ“,  ხორხისმიერი ნაპრალოვანი თანხმოვანი, ნადირობის დროს პირველი ადამიანის მიერ გამოცემულ ემოციურ ბგერათნაკადს.

ბგერების სხვადასხვა თვისება და შინაარსი დამატებითი იარაღია სიტყვისა, როგორც ენობრივი რიტუალისა, თავისი მიზნის სრულყოფილად შესასრულებლად. მიზანი კი ერთია – ობიექტის სურვილით თუ სურვილის საწინააღმდეგოდ დაარღვიოს ობიექტის პირადი სივრცე. როგორც ამბობენ, ადამიანი, ისევე როგორც ყველა მტაცებელი,  პირად სივრცეში უცხოს, მეორე ობიექტს იშვიათად ან საერთოდ არ უშვებს. ამ სივრცის დაცვისას სხვა ყველა სისხლიანი მტაცებელივით არ ერიდება თავდასხმას, ფრჩხილებისა თუ კბილების გამოჩენას.

ზოგჯერ ზრდილობიანი ღიმილიც თავდაცვის მშვენიერი საშუალებაა, მითუმეტეს, თუ ცნობილია, რომ თავდაპირველად, ჩვენს უძველეს წინაპრებთან,  ღიმილი, როგორც აგრესიული ჟესტი ( შეადარეთ გაბრაზებული ძაღლის მიერ ღრენისას ეშვების გამოჩენა) ისე ჩაისახა და შემდეგ, თანდათანობით შეიძინა დადებითი ფუნქცია.

მისალმება – ამ პირადი სივრცის სხვისთვის გაღების ან ჩაკეტვის მცდელობაა,   ან პირიქით, გასაღები, რითაც სხვის პირად სივრცეში შეღწევას ცდილობ.

„გამარჯობის“ ვერბალურ გამოხატულებას სხვადასხვა კულტურა განსხვავებულ ჟესტების ენას უთანხმებს. მაგალითად, ქუდის მოხდა, ქუდზე ხელის შევლება ცხვირის ცხვირზე გახახუნება, ხელის გაწოდება, ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა, თავის დაკვრა, მიტყუპებული ხელისგულების ნიკაპთან მიახლოება,  ხელის ბაგესთან მიტანა, ხელის დაქნევა, თვალის დაფახულება, თითების მსუბუქი შერხევა, მხარზე ან ლოყაზე კოცნა და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხვირზე კოცნაც კი.

ჰოდა, სხვადასხვა ენაზე რომ მისალმების ფორმულებს მოვუსმენთ, დიალოგებს გავიხსენებთ ლიტერატურიდან თუ ფილმებიდან, იქნებ „სასაუბრო“ ლექსიკონებიც გამოვიყენოთ, ენის მთავარი, კომუნიკაციური ფუნქციაც გავააქტიუროთ და ბოლოს, ძალიან მხიარულ და სახალისო თამაშსაც ვითამაშებთ, მაგალითად, წარმოვიდგენთ, როგორ მიესალმებიან ერთმანეთს ადამიანები სხვადასხვა ეპოქიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან, წიგნიდან ან თუნდაც პლანეტიდან.

ესეც, ჩვენი მისალმების გაკვეთილები.

სცადეთ, მოგეწონებათ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი