შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

არჩევნის სიმწირე

არჩევნებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ჩვენს საინფორმაციო ველში უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს მასთან დაკავშირებული თემატიკა.

რაც უფრო აქტიურ ფაზაში შედის წინასაარჩევნო მარათონი, უფრო მეტს ვფიქრობ სხვა, ყოველდღიურ არჩევნებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ჩემი სევდის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

სწავლის განახლება ჩემი შვილებისთვის დიდად მხიარული არ აღმოჩნდა. საბავშვო ბაღში, რომელიც მთელი ოჯახის მოწონებით სარგებლობდა, მასწავლებლების დიდი ნაწილი ისე გამოცვალეს, ამის შესახებ პირველ სასწავლო დღემდე არაფერი გაგვიგია. ეს პრაქტიკა ჩვენს რეალობაში ახალი არ არის, მოქალაქეები იშვიათად თუ არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართული და, როგორც წესი, პოსტფაქტუმ იგებენ, რა ხდება მათ თავს.  ზრდასრულებთან შედარებით ბავშვები უფრო ინტუიციური არსებები არიან, შესაბამისად, ჩემი შვილები  სიახლეს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდნენ. მათ უყვარდათ თავიანთი მასწავლებლები, მიჩვეული იყვნენ მათ. ახლების მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ. უფროსი ყოველ საღამოს ითხოვს,  სხვა ბაღში გადაყვანას, უმცროსმა ჯერ ასე კარგად არ იცის მოთხოვნების ვერბალურად ფორმირება და “უმიზეზო” გაღიზიანებით შემოიფარგლება. ახალ ბაღში გადაყვანა, სათქმელად მარტივი ამბავია, მაგრამ აბა დაიწყეთ ბაღის ძებნა, რომელიც სახლთან მეტ-ნაკლებად ახლოს იქნება, სადაც ბავშვებს შედარებით სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლებათ, გულისხმიერი მასწავლებლებით იქნება დაკომპლექტებული, ნორმალური სასწავლო პროგრამა და გამართული ინფრასტრუქტურა ექნება, სისუფთავის სტანდარტებს დაიცავს და ცალკეული ბავშვების ინტერესებს არ მოკლავს, და ნახავთ, რა რთული ამოცანა დამისახა ჩემმა 4 წლის შვილმა, რომელსაც სრულიად სამართლიანი მოთხოვნა აქვს, მოწონდეს ის სივრცე, სადაც  ნახევარ დღეზე მეტს ატარებს. თითქმის 2 წლის განმავლობაში ათობით ბაღის ამბავი გამოვიკითხე და ვიცი, რომ არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მიწევს, მეც და ათასობით სხვა მშობელსაც. კი, ჩვენ გადასახადებში  ჩვენი შემოსავლების საკმაოდ დიდ წილს ვიხდით, ვლაპარაკობთ ღიად ჩვენს პრობლემებზე, ვცდილობთ, დავიცვათ ბავშვები შესაძლო საფრთხისგან, მაგრამ მდგომარეობა მაინც გამოუვალია. სახელმწიფო ბაღებში მძიმე მდგომარეობაა, კერძო ბაღები უკონტროლო კუნძულებია. თუ სახელმწიფო სერვისებით არ ისარგებლებ, გადახდილ გადასახადებს კერძო დაწესებულებებში გადასახდელი ფულიც ემატება, მაგრამ დიდად არაფერი იცვლება, იმას, რასაც ელი, თითქმის ვერასოდეს იღებ.

თქვენ გგონიათ, მარტო ბაღებშია ასე? სულ ტყუილად.

ზაფხული ცოტა ხნის წინ დამთავრდა, თუმცა ალბათ კიდევ დიდხანს არ დამთავრდება ის დაძაბულობა, რაც ბავშვებისთვის დასასვენებლად შესაბამისი ადგილის მოძებნას ახლავს თან. ხომ კარგი ქვეყანა გვაქვს, მთაც არის, ბარიც, ზღვაც და მდელოც, ტურიზმის აყვავებაზეც ვხარჯავთ დროს და რესურსებს და ბავშვებიც გვიყვარს. მაგრამ თუ მცირეწლოვანი შვილები გყავთ და  ფიქრობთ, რომ მათი დასვენებისთვის სიმშვიდე, სისუფთავე, კარგი ჰაერი და ნატურალური კვებაა საჭირო და არ გაქვთ აგარაკი ან ძალიან, ძალიან ბევრი ფული, თქვენთვისაც არ იქნება უცხო,  რაზე ვდარდობდი ზაფხულის ცხელ დღეებში. თუ ამ რეალობაში არ ცხოვრობთ, არ მოგიყვებით ამბებს საოჯახო სასტუმროების შესახებ, სადაც საჭმელი შესაძლოა დაბინძურებული წყლით გააკეთონ და დამსვენებლები მოწამლონ; ჩვეულებრივი სასტუმროების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ამბობდნენ, რომ 6 წლამდე ბავშვების დასვენება წესით კი უფასოა, მაგრამ მათი დამატებითი საწოლისთვის ჩვეულებრივ უნდა გადაიხადო და საერთოდ, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი მეტს ჭამენ, ვიდრე ზრდასრულები და მეტი თავისტკივილია, და ამ სეზონზე უფასოდ ვეღარაფერს მიიღებენ. არც იმ ადგილების შესახებ მოვყვები, სადაც შესაძლოა სუფთა წყლით მოგიმზადონ საკვები, მწვანე ეზო ჰქონდეთ და მეტ-ნაკლებად თავაზიანად გექცეოდნენ, მაგრამ იმაზე ძვირს გთხოვდნენ, ვიდრე, მაგალითად, შვეიცარიის ან ავსტრიის მთიან კურორტებზე გადაიხდიდით. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რასაც ყველას ვეუბნებოდი, ვინც კურორტებზე მხვდებოდა ან მეკითხებოდა, როგორ დავისვენეთ:  ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნების ხმამაღლა თქმა ყველგან, სადაც ამის საჭიროებაა. უკეთესი და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ჩვენი ვალდებულებაა. კი, შესაძლოა, უფრო მარტივი იყოს მშვიდად ჯდომა მზის გულზე რუჯის მისაღებად, როცა შენი შვილები რომელიმე დასასვენებელი დაწესებულების ხრიოკ ეზოში ქვიშას ჩიჩქნიან და გარშემო სამშენებლო მტვერი და მანქანების გამონაბოლქვი ერთმანეთს ერევა, მაგრამ მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და მას ვერსად გავექცევით.

ზოგჯერ, როცა ძალიან ვიღლები ან ჩიხში შევდივარ, მგონია, რომ მე ვქმნი პრობლემებს.  ხომ იზრდებიან ბავშვები ამ გარემოში, ხომ ახერხებენ მშობლები დასვენებას, მაგალითად, ქობულეთის ან ბაკურიანის საოჯახო სასტუმროებში, ხომ არის სავსე ბაღები, სკოლები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები, კაფეები, კლასგარეშე აქტივობებისთვის განკუთვნილი სასწავლო დაწესებულებები. რა მინდა, ესე იგი, მუშაობს. მაგრამ ეგრე არ არის. გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, შეიძლება გადარჩე, შეიძლება – ვერ. აი, მაგალითად, ის ბავშვები, ცეკვის ანსამბლის წევრები რომ იყვნენ და  სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლნენ, ვერ გადარჩნენ სასტუმროს გაუმართაობისა და, სავარაუდოდ, უფროსების წინდაუხედაობის გამო. ვერც ის ახალგაზრდები გადარჩნენ, რომელთა სუიციდის ამბებსაც პერიოდულად მედია გვამცნობს ხოლმე.  და რა საჭიროა მაინცდამაინც ფიზიკურად შეწყვიტო არსებობა. განა დაფიქრებად არ ღირს ის ტრავმები, რაც ბაღიდან, სკოლიდან ან სულაც უმაღლესი სასწავლებლებიდან გამოგვყვა? ეს ყველაფერი ზუსტად იმის შედეგია, რომ ჩვენ არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარეს შორის გვიწევს და კარგი რამეები ჩვენ გარშემო ან ძალიან იშვიათია, ან მასზე ხელი არ მიგვიწვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი