პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩაის გავრცელების გეოგრაფია

ჩაის ბუჩქი მარადმწვანე, მცირე ზომის, მრავალწლიანი (ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს) ბუჩქია. მისი ფოთლები კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ტანინებს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს.

ჩაის სამშობლო ჩინეთია. იგი სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელდა, აზიის ქვეყნებში, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. თუ ჩინეთში ჩაის კულტურა დაახლოებით 350 წელს დამკვიდრდა, იაპონიაში მის დამკვიდრებას თითქმის ნახევარი ათასწლეული მოუნდა – და მხოლოდ 805-810 წლებში გაჩნდა, კორეაში ის 828 წელს აღმოცენდა. შემდგომი პაუზა კი მთელი ათასი წელი გაგრძელდა. თუმცა მალე ჩაის კულტურა არა მარტო აზიის, არამედ ევროპის ქვეყანაშიც გამოჩნდა. 1824-1826 წლებში ჩაის გავრცელების მცდელობა იყო იავასა და სუმატრაზე – იმდროინდელ ჰოლანდიურ ინდოეთში; 1824-1825 წლებში – ვიეტნამში (ანნამე), 1813 წელს – საქართველოში, 1834 წელს – ინდოეთში, 1842 წელს ცეილონზე (შრი-ლანკა) და 1846 წელს – უნგრეთში. უნგრეთის გამოკლებით, ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაში მე-19 საუკუნის 70-80 -იანი წლებიდან იწყება ჩაის წარმოება. ამ დროისათვის ჩაი კიდევ ორ კონტინენტზე – აფრიკასა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი როდეზია – თანამედროვე ზიმბაბვე, აღმოსავლეთი აფრიკა) და სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია) გამოჩნდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მათ რიგებს სხვა ქვეყნებიც შეემატა: 1900 წელს ირანი, 1920 წელს – ბულგარეთი, 1920-1930 წლებში – რუანდა, ბურუნდი, კონგო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაი არა მხოლოდ სამხრეთ რაიონებში, არამედ ჩრდილოეთის რაიონებშიც გავრცელდა. მათ შორის, მაგალითად, ჩრდილლოეთ იტალიაში, სამხრეთ შვეიცარიაში, უკრაინის კარპატისპირეთში.

ჩაის გავრცელების არეალები

ჩაის გავრცელების საზღვრებად მიჩნეულია ჩ.გ. 48° და ს.გ. 32°-ებს შორის მოქცეული ტერიტორია. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა, ჩაის ბუჩქი მხოლოდ განსაკუთრებულ, განსაზღვრულ და ფართობით შედარებით პატარა ტერიტორიებზე ე.წ. ” ჩაის ლაქებზე” ხარობს. როგორც წესი, ასეთი ”ლაქები” მაღალმთიანი პლანტაციებია, რომლებიც ზ.დ-დან 1500-1700 მ. სიმაღლეზეა გაშენებული. ჩინეთში ასეთი ადგილებია იუნნანი და ფუძიანი, იაპონიაში – უჯი (კიოტოს პრეფექტურა), ინდოეთში – დარჯილინგი, ნილგირისი (მადრასის შტატი) და კაზარანგა (ზემო ასამი), შრი-ლანკაში – კუნძულის სამხრეთი ნაწილი. გავრცელების ფართობის მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ჩინეთი წარმოადგენს, სადაც ჩაი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე იზრდება, თუმცა იგი აქაც ძირითადად ორ ადგილასაა ლოკალიზებული: დასავლეთ რაიონებში (23°-31° ჩ.გ.) ტიბეტის საზღვართან და აღმოსავლეთ რაიონებში (27°-32° ჩ.გ.) ზღვასთან ახლოს.

თანამდეროვე მსოფლიოში ჩაის წარმოება 30-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. ამავე დროს კიდევ დაახლოებით 10 ქვეყანაში ჩაის ბუჩქების გასავრცელებლად ტარდება ექსპერიმენტი. მათ შორისაა სამხრეთი ინგლისი, პორტუგალია, შვეიცარიის სამხრეთი, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ანუ, ერთი შეხედვით, ჩაისთვის ”შეუსაბამო” ქვეყნებში.

და მაინც, როცა საუბარი ჩაის შეეხება, პირველად ჩინეთი გვახსენდება, რაც სავსებით მართებულია, რადგან ჩინეთი იყო და არის ჩაის მწარმოებელი უდიდესი ქვეყანა. ამასთან, იგი გამოირჩევა ჩაის, როგორც ფართო ასორტიმენტით, ისე მაღალი ხარისხით. ასევე აღსანიშნავია ინდოეთი და შრი-ლანკა, ხოლო მოგვიანებით მათ კენიაც დაემატა. თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაის მსოფლიოს მხოლოდ ათამდე ქვეყანა აწარმოებდა, ამჟამად მათი რიცხვი 40-ს აჭარბებს. დღესდღეობით ჩაის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ინდონეზია, იაპონია, კენია, ტანზანია, კამერუნი, მალავი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ჩაი ასევე მოჰყავთ და აწარმოებენ ვიეტნამში, ბანგლადეშში, ნეპალში, მალაიზიაში, თურქეთში, ირანში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ბრაზილიაში, ეკვადორში, პერუსა და ავსტრალიაში.

მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში წელიწადში 3 მლნ. ტონა ჩაის აწარმოებენ. ამ მასიდან 1 მლნ. ტონაზე მეტი მსოფლიო ბაზარზე გავიდა. ამავე პერიოდში ჩაის უდიდესი იმპორტიორები იყვნენ ინგლისი, რუსეთი, აშშ, კანადა, უკრაინა. 2003 წლისთვის ჩაის წარმოება მსოფლიო მასშტაბით 3.21 მილიონ ტონას შეადგენდა, .2010 წელს კი წარმოებამ 4.52 მილიონ ტონას მიაღწია.

საქართველოში ჩაის შემოტანის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ჩაი საქართველოში გურიის მთავარმა მამია გურიელმა შემოიტანა. საქართველოში ჩაის, ციტრუსების და სურნელოვანი ვარდის ნერგების შემოტანა მამია გურიელმა მე–19 საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო. 15 წლის განმავლობაში მან ციტრუსებისა და ჩაის ბუჩქების გაშენებით თავის მამულში შესანიშნავი ბაღნარი მოაწყო. თითქმის ათი წლის განმავლობაში მსხმოიარობის, მოსავლიანობის შეუფერხებელმა ფაქტმა ჩაის და ციტრუსების კულტივირების სტაბილური შესაძლებლობები დაადასტურა. საქართველოში ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამრეწველო-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა მალე შენიშნეს და ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ იმპერიაში. მისი გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში რამდენიმე ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დააფინანსა. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. რუსეთი ვერ ეგუებოდა ადგილობრივ, ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას. კავკასიაში თუ რამე პროგრესული ხდებოდა, მის გაკეთებას ვორონცოვს და რუს ჩინოვნიკებს აწერდნენ ან ვანდალურად ანადგურებდნენ. ასე მოექცნენ გურიელის ბოტანიკურ ბაღსაც, სადაც რუსეთ-თურქეთის (1854-56წწ.) ომის დროს სამხედროები ჩაასახლეს, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს იგი.

მეორე ვერსიით, საქართველოში ჩაი პირველად 1847 წელს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში შემოიტანეს, საიდანაც ოზურგეთის საცდელ სადგურში გადაიტანეს. მოგვიანებით კი ჩაის ბუჩქები ზუგდიდში დ. დადიანის ბაღში და ოზურგეთის მაზრის სოფ. გორა-ბერეჟოულში, მიხა ერისთავის მამულში დარგეს. თავად მიხა ერისთავს ჩაის კულტურა პირველად ჩინეთში უნახავს, მისი ნაყენი დაუგემოვნებია და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან ჰგავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა ის საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩააწყო და საზღვარზე ისე გადმოიტანა. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. ცოტა მოგვიანებით თავადმა ერისთავმა 1864 წელს პირველად წაიღო ქართული ჩაის ნიმუში რუსეთში სანქტ–პეტერბურგის საერთაშორისო გამოფენაზე. 1899 წელს საფრანგეთში, პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.

დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მიენიჭა. მაშინ ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (ქართული 1, ქართული 2, კლონი, კოლხეთი), რომლებიც განუმეორებელი სინაზითა და არომატით გამოირჩეოდნენ.

საბჭოთა პერიოდში უზარმაზარ ქვეყანას აღნიშნული პროდუქტით საქართველო ამარაგებდა, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე გაიზარდა რაოდენობა, რასაც დამღუპველი შედეგი ჰქონდა როგორც ქართული ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.

სამწუხაროდ, მე–20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ქართული ჩაის პლანტაციების განადგურება. ამჟამად, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ქართული ჩაი განვითარების გზას დაადგა. და, შეიძლება ითქვას, აღორძინების გზაზეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი