ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სოფლის ცხოვრება

ჩემს ბავშვობაში გაზეთი გამოდიოდა ასეთი სახელით, საბჭოთა გაზეთებს შორის ალბათ ყველაზე უღიმღამო და უინტერესო, ყოველ შემთხვევაში, ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობასა და ახალი მიწების აღმოჩენაზე მეოცნებე მოზარდისთვის. ბოლო გვერდის თავიდან ბოლომდე წაკითხვაც კი დაუძლეველ ამოცანას წარმოადგენდა – საუკეთესო შემთხვევაში, კარიკატურას თუ წააწყდებოდი ალკოჰოლიანი სასმელების მავნებლობის თაობაზე ან „სიცოცხლის ელექსირის“ – ჩაის დაყენების წესს თუ გაეცნობოდი. სოფლის ცხოვრებაზე – ნამდვილ ცხოვრებაზე – ამ გაზეთში არაფერი ეწერა.

ამ ზაფხულს ორი თვე სოფელში გავატარე – იქ, სადაც დრო არ გადის. ბავშვები იზრდებიან, მოხუცები სიცოცხლეს ეთხოვებიან, სასაფლაო უფრო და უფრო ფართოვდება, ჩემი ბავშვობის მეგობრები შვილიშვილებს ასეირნებენ, ძველი შენობები ნანგრევებად იქცევა, ახალი სახლები შენდება, დიდი თუ პატარა სმარტფონით იწონებს თავს, ქანცგამწყვეტი შრომა კი ისევ ყველა ოჯახის ყოველდღიურობის ნაწილია. ადამიანების ყოფა უცვლელად რჩება. ისინიც არ იცვლებიან.

ორი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მთავარი დაინახო – ის, რაც თავზარდამცემი სიცხადით წარმოგიდგება და ცხოვრების მშვიდად გაგრძელებაში ხელს გიშლის. ყოველი დღე, ყოველი საათი ძნელად ასატანი ხდება. იქაურები საკუთარ ცხოვრებაზე ხშირად ჰყვებიან და ეს სასხვათაშორისოდ მოყოლილი ამბები სწორედ ისეთი არადამაჯერებლობით გამოირჩევა, როგორიც მხოლოდ ნამდვილ ამბებს ახასიათებს. არავის უკვირს, რომ ძალადობის მონაწილე, მოწმე თუ ხელშემწყობია. არავის წარმოუდგენია არსებობა ამ შეჩვეული ჭირის გარეშე. სასმელის საყიდელი ფულის ხელში ჩასაგდებად ქმარი ცოლს სცემს და იმ გროშებს ართმევს, ქალს მეზობლის ქალებისთვის კაბების კერვით რომ უშოვია (დავწერე ეს წინადადება და კატო მიქელაძის წერილები გამახსენდა, თითქმის ერთი საუკუნის წინ გამოქვეყნებული გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მისი წინადადება უცვლელად გადმოვწერე). არც ბავშვების ცემა მიაჩნიათ ისეთ რამედ, რომლის გამოც მცირე საყვედურს მაინც იმსახურებს მშობელი – მისია ბავშვი და უნდა, სცემს, უნდა, ფეხებით დაკიდებს („შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო“). მოვისმინე ამბავი არცთუ ხანდაზმულ კაცზე, რომელიც შვილებმა დაუნდობლად სცემეს – არ ვიცი, მიზეზად რა ჰქონდათ, თუმცა კი მეზობლები ამბობდნენ, როცა შეეძლო, თვითონ სცემდა და აწიოკებდა ცოლ-შვილსო. ორმოცდაათს მიტანებულმა ერთმა კაცმა მოხუც დედას აგინა და თვალი ჩაულურჯა. დედა ხელს აფარებდა, კიბიდან დავგორდი და სილურჯეც ამის ბრალიაო, მაგრამ არავინ უჯერებდა…

ასეთ ამბებს დასასრული არ უჩანს. შემდეგ ზაფხულსაც იგივე სოფელი დამხვდება. იგივე ცხოვრება.

სკოლაზე ცალკე უნდა ითქვას. მოსწავლეობის წლებს ხალისით იშვიათად იხსენებენ. ჰყვებიან ძირითადად დამცირების, შეურაცხყოფის, ტკივილის, შიშის ამბებს; ჰყვებიან ზოგჯერ სიცილითაც – თითქოს იმის საჩვენებლად, რომ მაშინდელი სისასტიკე და უსამართლობა ერთგვარად გასაგები და მისაღებიც კი გახდა რაღაც დროის შემდეგ, ცხოვრებისეული სირთულეებისა თუ ბევრად უფრო შემზარავი ისტორიების გათვალისწინებით. ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მეტყველების დეფექტი აქვს, მიყვებოდა კლასელებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებაზე, აგრესიულ გარემოზე სკოლაში თუ სკოლის გარეთ. ყოველდღიური ბრძოლა უწევდა იმისთვის, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ, მასთან ემეგობრათ.

ვიღაც ეგუება ძალადობას; ვიღაც თავისზე უმწეოსა და დაუცველს პოულობს და მისი ჩაგვრით იოხებს გულს; ვიღაც წინააღმდეგობის გაწევას იწყებს და ამ ბრძოლაში თავადვე იქცევა იმად, ვისი დამარცხებაც სურდა.

არაფერს ვამუქებ. და შიდა ქართლის სოფელი, რომელზეც ვწერ, დარწმუნებული ვარ, არაფრით განსხვავდება სხვა ქართული სოფლებისგან. იქ არც თავზეხელაღებული ბოროტმოქმედები ცხოვრობენ და არც უსულგულო ადამიანები, რომლებმაც სიკეთის კეთება არ იციან. იმის მტკიცებაც კი შემიძლია, რომ ჩემი ნაცნობების ქმედებები ხშირად მათივე წესიერებაზე, გულწრფელობასა და სხვის თვალში უკეთეს ადამიანად გამოჩენის სურვილზე მეტყველებს – შეუძლიათ გაჭირვებულის დახმარება, მეზობლისთვის ხელის წაშველება, ბოლო ლუკმის განაწილებაც კი. მაგრამ სოფელში დრო მაინც გაჩერებულია. თითქოს ვერავინ ხვდება, რომ ასეთი ცხოვრება ორმაგად მძიმე და გამომფიტველია. არავინ დარდობს იმაზე, რომ თაობიდან თაობაში ერთი და იგივე ამბები მეორდება – ცუდი ამბები – წყენის, ტკივილის, შეურაცხყოფის.

კარგზე – იმაზე, რის გამოც იქაურობა ძალიან მიყვარს – სხვა დროს დავწერ. ჯერ ისევ ზაფხულის ამინდია. ჯერ ისევ კარგად მახსოვს ზაფხულში მოსმენილი სიტყვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი