პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

აუტიზმი ფოტოებში

რა არის აუტიზმი? ჩემთვის მას სათვალიანი, სიმპათიური, პატარა ბიჭის სახე აქვს, რომლისნაირი მოფერებაც არავინ იცის მთელ დედამიწაზე. ამბობენ, აუტიზმის მქონე პირებს ემოციები არ აქვთო, მაგრამ მე არ ვეთანხმები. ვფიქრობ, გამოხატვის ფორმები აქვთ მათ სხვაგვარი. სიხარულისას შეიძლება ზრდასრული ასაკისებიც კი ხტოდნენ, მუსიკის შეგრძნება ფიზიკურად სურდეთ, ფერწერაში განსხვავებული ხელწერა ჰქონდეთ, ერთი შეხედვით, კომუნიკაციის არამოსურნეები სრულიად უცნობს ეხუტებოდნენ, უღიმოდნენ, ხელს სჭიდებდნენ…

1

2

3

4

აუტიზმზე ბევრი მითი და რეალური ამბავი არსებობს. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებს, ფაქტია, რომ საერთოც ბევრი აქვთ – აუტიზმის მახასიათებლები. ერთ-ერთია საგნების მწკრივად დალაგების ჩვევა. ხშირად აუტიზმის მქონე ბავშვებს უსასრულოდ შეუძლიათ მიაწყონ საგნები ერთმანეთს ისე, რომ არანაირი ფორმა არ მისცენ.

56

78

მათ აკვიატებებიც ხშირად აქვთ. ინტერესების დეფიციტის პარალელურად შესაძლოა ჰქონდეთ რაიმეს მიმართ ამოჩემებული, განსაკუთრებული სიყვარული. ჩემს შვილს, მაგალითად, ერთი პერიოდი ფორმების ინტერესი კლავდა. ყველგან სამკუთხედებს ეძებდა და ნებისმიერი რამისგან ქმნიდა გეომეტრიულ ფიგურას ან აფრებიან ნავს. თუმცა აუტიზმის მქონე პირებს ხასიათის ცვალებადობასთან ერთად უცნაური ინტერესებიც პერიოდულად ეცვლებათ. ამიტომაც ძნელია წინასწარ პროგნოზირება, როგორ მოიქცევიან სხვადასხვა სიტუაციაში.

910

1112

აუტიზმის მქონე ბავშვებს ჭარბად აქვთ, ე. წ. „სენსორული ინტერესები“: სხვადასხვა ფაქტურის საგანთან შეხება ან ჩახუტება ზოგს ძალიან სიამოვნებს, ზოგს კი პირიქით – დიდ დისკომფორტს უქმნის. ზოგადად ბავშვებს ძალიან უყვართ იატაკზე წოლა და ფეხშიშველა სიარული, აუტიზმის მქონეებს კი, ჩემი დაკვირვებით – განსაკუთრებით. ამასთან, სულერთია, სად იმყოფებიან – შენობაში, ბუნებასა თუ ქუჩაში. როგორც ჩანს, მათთვის სასიამოვნოა განსხვავებული შეგრძნებები სხეულის სრულ ზედაპირზე. ვფიქრობ, წყალი უმეტესობის სტიქიაა. ცურვა კი – სპორტის ყველაზე საყვარელი სახეობა.

1314

შეიძლება ითქვას, რომ განმარტოება, საკუთარ სამყაროში შეყუჟვა მათი ყველაზე საყვარელი „საქმიანობაა“.

15

განმარტოებას ისინი ახერხებენ ყველგან და ყოველთვის. მაშინაც კი, როცა, ერთი შეხედვით, ხალხში ტრიალებენ. ამის ამოცნობა მათ უცნაურ მზერაშიც კი შესაძლებელია. სწორედ ეს დაკვირვება გახდა ამ სტატიის დაწერის მიზეზი და სურვილი, რომ ფოტოებით, ყოველდღიური კადრებით გადმომეცა აუტიზმის არსი, ან მისი თუნდაც ერთი წახნაგი.

ბოლო ფოტო, რითაც თხრობას ვასრულებ, ჩემი აზრით, ერთგვარი ცხოვრებისეული მოდელია, ნათელი ილუსტრირება იმისა, რითაც აუტიზმის მქონე ბავშვები სხვებისგან განსხვავდებიან. პატარა, წითელ ქოხში ის სათვალიანი ბიჭი ზის, უკვე რომ გაიცანით, და მის ახალ მეგობარს – სათამაშო „მიკი მაუსს“ – განმარტოებით „ესაუბრება“; ფონზე კი საზაფხულო, გასაშლელი სკამი ჩანს, რის ქვეშაც მისი ძმები არიან მოკალათებული გემის/ნავის ეკიპაჟის წევრების მსგავსად. მათ „ითევზავეს“, „აფრები აუშვეს“ და ახლა „კაიუტაში ისვენებენ“. ნავი ზღვაში მიცურავს. როგორც წესი, აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ როლურ და ჯგუფურ თამაშებში ჩართვა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ქოხში მჯდომი ბიჭიც ერთგვარ „როლშია“. სასურველია, „ნავზე“ ისიც მიიპატიჟონ. თუმცა, თუ არ ისურვებს, მთავარია, მისი სახლიც იმ ზღვის ნაპირთან ძალიან ახლოს იდგეს, სადაც სხვა ბავშვების ნავი დაცურავს.

16

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი