ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დახურული კარი – ღია ფანჯარა

ის, ვინც ბილისთვის იყო ჰატორი ჰანზო ან პეი მეი, ჩემთვის იყო კობა – ჩემი მასწავლებელი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში UGRAD-ის გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გაემგზავრა. მაშინ ჩემთვის, 8 თუ 9 წლის ბავშვისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები უხეში ადამიანების უხეშ ხელებთან ასოცირდებოდა. ხელებთან, რომლებიც მოულოდნელად ჩაგავლებდნენ კეფაში და გაიგონებდი ხმას: „გინდა, ამერიკა დაგანახო?“ – აქ მთავრდებოდა ჩემი ამერიკა. აქ და კიდევ რამდენიმე ჰოლივუდური ფილმის ტიტრებთან. მაშინ ნერვიულობით კინაღამ მოვკვდი. მეგონა, კობა უკან არასოდეს დაბრუნდებოდა, ვეღარავინ მასწავლიდა ინგლისურს, აღარავინ დამრთავდა კომპიუტერთან დაჯდომის ნებას. კობა თუ არა, სხვა ვინ მოისმენდა ყურადღებით ჩემს უამრავ შეკითხვას?

ამაზე დარდმა ერთ წელიწადს გასტანა, სანამ 12 თვის თავზე ჩემი მასწავლებელი უკან არ დაბრუნდა. კობამ საჩუქრად სურათების ალბომი ჩამომიტანა აშშ-ის ქალაქების ლამაზი ხედებით და მითხრა, რომ თუ მოვინდომებდი, მეც აუცილებლად წავიდოდი სასწავლებლად საზღვარგარეთ.

ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი მის მოყოლილ ამერიკულ ამბებს – როგორ მოჰყავდათ ოჰაიოში კარტოფილი, როგორ ზეიმობდნენ ნიუ-იორკში შობას, როგორ იცვამდნენ DC-ში ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელს და რაკი დაუძლეველი სურვილი მტანჯავდა, ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა, მთელ დღეებს ინგლისურის სწავლაში ვატარებდი.

მაშინ დღის წესრიგში ორი პრობლემა იდგა – სწავლის ხარჯები და საერთოდ, სადმე, შორს, სასწავლებლად შვილის გაშვება.

პირველი პრობლემის გადაჭრა საკუთარი ძალებით წარმოუდგენელი იყო, თუ რაიმე გრანტს არ მოვიპოვებდი. უცხოეთში ცხოვრების, კვებისა და სწავლის გადასახადს ჩემი ოჯახი ვერაფრისდიდებით ვერ გასწვდებოდა. მეორე პრობლემა კიდევ უფრო რთული იყო, ვიდრე პირველი. უცხოეთში წასვლა შავბნელ საქმეებთან ასოცირდებოდა და თუ უცხოეთის გზას დამდგარი გოგო გახლდათ, მის ირგვლივ ბურუსი და ჭორი 50%-ით იმატებდა. შინ იმის მტკიცება, რომ არასრულწლოვანი გოგონა მარტო წავიდოდი უცხოეთში, იქ ცხოვრებასა და თავის მოვლას შევძლებდი, წყლის ნაყვა იყო და სხვა არაფერი. საქართველოში ჯერ კიდევ აუთოებდნენ ადამიანებს კარადის გასაღებისთვის, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე ქილა მურაბა და ალუმინის ორი ქვაბი ეწყო. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი მეზობელი უბნის ამოსახვევში შეაყენეს და ტყავის ქურთუკი რომ წაერთმიათ, დანით დაჭრეს.

კობა ჩემთვის ინგლისურის სწავლებას სრულიად უსასყიდლოდ დაჟინებით განაგრძობდა. შიგადაშიგ იმ ნაპერწკალს მესროდა, რომელიც მოტივაციისთვის აუცილებელი იყო, მელაპარაკებოდა ჩემთვის ისეთ უცნაურ და, იმავდროულად, საინტერესო თებემზე, როგორიც, მაგალითად, მოხალისეობრივი საქმიანობა და დებატების ხელოვნება იყო.

2000-იანების შუაგულში ქართულ სკოლებში ამერიკული დახმარების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში აშშ-ის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ნახატებს, ტკბილეულს, სათამაშოებსა და სასკოლო ნივთებს გზავნიდნენ. მე ლუიზიანელი ქეითის გამოგზავნილი ამანათი მერგო, რომელშიც მას ჯოხიანი ფერადი კანფეტები, იქაურ ახალ წელზე დაწერილი წიგნი, გასაფერადებელი ალბომი, ფერადი ფლომასტერები და სათამაშო დათუნია ჩაეწყო. ქეითს წერილიც დაეწერა ჩემთვის, სადაც თავის ამბებს ისე მიყვებოდა, თითქოს ბავშვობის მეგობრები ვყოფილიყავით და აშშ-ში, თავისთან მეპატიჟებოდა. პროგრამა სასარგებლო იყო – კიდევ უფრო მოგვანდომა, კარგად გვესწავლა და პირადად გაგვეცნო ჩვენი თანატოლები, რომლებიც შორს, ოკეანის გადაღმა, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ, მწარედ მახსოვს, როგორ ველოდი ქეითისგან სხვა ამანათებს, მის ფოტოს, პასუხს ჩემს წერილზე, მაგრამ აღარაფერი მიმიღია. სწორედ იმ დროს, იმედგაცრუებული მოლოდინის პერიოდში, პირველად შევაპარე ბებიაჩემს, რომ სასწავლებლად წასვლაზე ვოცნებობდი. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ შეწყვიტა მოსწავლეების საკონტროლო ნაწერების შესწორება და როგორ ამომხედა სათვალის ქვემოდან გაოგნებულმა. დიდხანს მიყურა წარბაწეულმა და უჩვეულო, ძალიან მშვიდი კილოთი მითხრა: „გაიზრდები და წახვალ“.

იმ დღიდან დაიწყო ჩემი გაუთავებელი წანწალი მეზობელ-მეგობრებთან, რომლებსაც ინტერნეტი ჰქონდათ. ვიჯექი და საათობით ვეძებდი საგრანტო პროგრამებს, კონკურსებს, ოლიმპიადებს სანამ ხალხს ისე არ მოვაბეზრე თავი, რომ კარს აღარ მიღებდნენ. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ოცნების ასახდენად წინ გადადგმული ერთი ნაბიჯის შემდეგ განგება ორს უკან მადგმევინებდა.

პირველი ოთხი კონკურსი, რომლისთვისაც განაცხადი შევავსე, წარუმატებელი აღმოჩნდა. მეხუთე – მოულოდნელი, გამაგიჟებლად სასიხარულო და ისეთი, არასოდეს რომ არ ივიწყებენ. კონკურსი სულაც არ იყო მარტივი – ერთ-ერთმა ინგლისურ-ესპანურმა სკოლამ საქართველოში თარგმანების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ მოსწავლეები. ოთხი წარუმატებლობით იმედგაცრუებული, თავხედურად შევვარდი საგამოცდო ოთახში და გამოცდის დაწყებამდე მთელი ხმით ვჩიოდი უსამართლობისა და ნეპოტიზმის გამო, ასეთ პროგრამებში რომ ხდებოდა. ასევე თავხედურად და სწრაფად ვთარგმნე ქართულიდან ინგლისურად მონაკვეთი გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან “ბედისწერის თეატრი”. კიდევ ერთი პატარა მონაკვეთი გადმოვაქართულე ტრუმენ კეპოტეს წიგნიდან “საუზმე ტიფანისთან”. მერე ისევ გაბრაზებული დავბრუნდი შინ და სამ კვირაში, მეგობრის დაჟინებით, წავედი დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელზეც ლოკოკინას სისწრაფით აჯილდოებდნენ სხვადასხვა ენაში გამარჯვებულ მოსწავლეებს. მოჰყვებოდნენ მესამედან პირველი ადგილისკენ, ხოლო ნომინაციებს შორის სრულდებოდა ქართული ხალხური სიმღერა ან ცეკვა. მახსოვს, როგორ გავრბოდი გასასვლელისკენ ჯიუტად, მეგობარი კი მთხოვდა, ცოტაც მოიცადეო. უკვე კიბეზე ვიდექი, როცა ჩემი სახელი და გვარი გავიგონე. უხერხულია, არ გიამბობთ, რა ჩავიდინე, სანამ კიბიდან სცენაზე აღმოვჩნდებოდი. მითხრეს, რომ ლონდონში ვისწავლიდი, თანაც სამგზავრო, სასწავლო და საცხოვრებელ ხარჯებს მთლიანად ამინაზღაურებდნენ. ვგრძნობდი იმავეს, რასაც ჰარი პოტერი გრძნობდა ვოლდემორზე გამარჯვების დროს.

ჩემი ოთახის კედელზე გაჩნდა კალენდარი – გამგზავრებამდე დღეების ათვლა დაიწყო. აქტუალური გახდა კეთილის მსურველი ნაცნობების დარიგებები, როგორ მოვქცეულიყავი საზღვარგარეთ. საბოლოოდ ორი მთავარი დარიგებით მიშვებდნენ: „არ ენდო სომხებს, ერიდე ზანგებს“.

8 ნოემბერი დგებოდა, როცა ჩემი ავიარეისი თბილისიდან ამსტერდამის გავლით ლონდონში გაფრინდა. სულ მალე 15 წლისა მარტოდმარტო აღმოვჩნდებოდი ვეებერთელა ქალაქში და ეს ხანმოკლე გამოცდილება იქნებოდა ყველა იმ მოტივაციისა და საქმის სიყვარულის წყარო, რომელიც მომავალში მექნებოდა. ყველა შიშისა და ფობიის დაძლევის უნარი, სიახლის სიყვარული და შეგრძნება, რომ თუ ძალიან ეცდები, ყველაფერს მიაღწევ. იმ არმენოფობიურმა და რასისტულმა დარიგებებმა მოსალოდნელზე სწრაფად დაკარგა აზრი, რადგან, სხირპულის აეროპორტში გზააბნეულს, ჯერ სომეხმა, ძალიან თავაზიანმა კაცმა მიმასწავლა სწორი გზა, შედეგად კი ფრენაზე დაგვიანებას გადამარჩინა, ჰითროუში ჩაფრენილი კი უსაყვარლესმა შავკანიანმა მიმაცილა საჭირო ავტობუსამდე. სწორედ ამ დროს ვიგრძენი თავისუფლების გემო.

მას შემდეგ ცხრა წელიწადმა გაიარა. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ხუთჯერ წავედი სასწავლებლად სხვადასხვა პროგრამით. ამათგან კანტიკუნტად მახსოვს დღეები სრულად, მიჭირს გავიხსენო, რა საგნებს ვსწავლობდი თითოეულ უნივერსიტეტში, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება პირველი ლექცია ლონდონის სკოლაში, მერხზე შემომჯდარი მასწავლებელი, ქუჩები, თანაკურსელები, მაღაზიები, შადრევნები, უცხო ადამიანების სახეები, ჭურჭელი, საიდანაც ვიკვებებოდი, მეზობლად მცხოვრები მოხუცები და ვეებერთელა შიშები, რომლებიც დავამარცხე.

მას შემდეგ ასზე მეტი თვე გავიდა. კობამ, თავისუფლების მოყვარულმა ადამიანმა, თავისი არ დაიშალა, ჩარჩოები ბოლომდე დაამსხვრია, პოლონელ გოგონაზე იქორწინა, ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ისევ ჩემი მასწავლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი