სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თამაზ ბაძაღუას „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“ – მოსწავლეებს რომ პოეზია უყვარდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დამეთანხმებიან: ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ის გაკვეთილებია, რომლებიც საპროგრამო მასალას არ ეხება, რომლებიც უცაბედად იბადება მასწავლებელი-მკითხველის ემოციისგან და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს – უფრო მეტად ლიტერატურის შეყვარებას ემსახურება, ვიდრე შესწავლას.

რაღა თქმა უნდა, ემოცია და სიყვარული საპროგრამო ნაწარმოებების შესწავლასაც ახლავს, მაგრამ ლიტერატურა განსაკუთრებულად იხდენს გზიდან გადახვევას. თავისუფლება, კანონის დარღვევა და ახლის შექმნა მისთვის ბუნებრივი სივრცეა და ამ სივრცეში ლიტერატურა ხდება უფრო ნამდვილი, უფრო გასაგები, ტრფობის და არა შესწავლის საგანი.

ასწავლო ლიტერატურა და გაზარდო მკითხველი ანუ მიაჩვიო ახალგაზრდა კითხვის პროცესში სიამოვნების მიღებას – ეს ორი რამ ყოველთვის არ კვეთს ერთმანეთს. ხშირად ხდება, რომ მოსწავლეები ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, კითხულობენ და სწავლობენ მოცემულ ტექსტებს, ხანდახან მოსწონთ კიდეც, აზროვნებენ, მაგრამ მკითხველებად მაინც ვერ ყალიბდებიან. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ახალგაზრდას კითხვისკენ უბიძგო, ხანდახან მაინც უნდა დააღწიო თავი პროგრამას და დაუთმო გაკვეთილი იმას, რაც თავად ძალიან გიყვარს, მაგრამ რაზე საუბარიც ჯერ შენთვისაც გაუკვალავი ბილიკია – ასე უფრო დიდია ახალგაზრდების ლიტერატურით „მოწამვლის“ ალბათობა, რადგან სწავლება მეტ-ნაკლებად რუტინაა და ამ რუტინაში მეტ–ნაკლებად ყოველთვის იკარგება ესთეტიკური ტკბობის მომენტი.

საქართველოში, ვისაც არ უნდა ჰკითხო, პოეზია ყველას უყვარს. ასეა მიღებული – ქართველები პოეტი ერი ვართ და ერთი-ორი სასუფრე ლექსი ყველამ იცის ზეპირად. თუმცა, რაღა თქმა უნდა, რეალურად ლექსის მკითხველი ძალიან ცოტაა. პოეზიისადმი ინტერესი რომ გააღვიძო, ამისთვის განსაკუთრებული გაკვეთილი, განსაკუთრებული აურაა საჭირო. თანაც შეთავაზებული ლექსები, მათი შინაარსობრივი თუ გარეგნული ფორმა ზედმიწევნით უნდა ემთხვეოდეს ახალგაზრდა მკითხველების ინტერესებს და შინაგან მზაობას.

ჩემი გამოცდილებით, ასეთი პოეტია თამაზ ბაძაღუა.

თამაზ ბაძაღუა გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია მკითხველთა ყურადღება. მას არ უცდია კონკრეტული ფორმობრივი ექსპერიმენტები, მისი ლექსები ქართული პოეზიის წიაღიდან ბუნებრივად დაიბადა, მაგრამ შემოქმედის განსაკუთრებულმა ხედვამ, შესაძლოა, ასევე ძალიან ქართულმა და ჰაგიოგრაფიული მწერლობიდან თუ „ვეფხისტყაოსნიდან“ ამოზრდილმა, თავისთავად შექმნა და დატოვა განსაკუთრებული, გამორჩეული, ძალიან თვითმყოფადი, თანამედროვე პოეზია, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდობასაც ადვილად ხიბლავს და იზიდავს.

უცნაურია – ახალგაზრდები განსაკუთრებით ინტერესდებიან უდროოდ გარდაცვლილი, ტრაგიკულად დაღუპული ავტორებით. შესაძლოა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ავტორებთან მეტად ახერხებენ საკუთარი თავის გაიგივებას. შესაძლოა, ამას მეოცე საუკუნის როკისტორიაში დამკვიდრებული „ოცდაშვიდწლიანთა კლუბის“ ლეგენდაც უწყობს ხელს. ჩვენი დღევანდელი მოსწავლეები ხომ ხშირად უსმენენ გასული საუკუნის სამოციანი წლების როკს – დღეს ეს მუსიკა ძალზე პოპულარულია.

შესაძლოა, 13-18 წლისებს 27-28 წლის იქით ცხოვრება ვეღარც კი წარმოუდგენიათ და ახალგაზრდული აღტკინებით ფიქრობენ, რომ ყველაფერ ღირებულს მალევე, უახლოეს წლებში შექმნიან.

ასეა თუ ისე, უდროოდ დაღუპული შემოქმედები მაშინვე იწვევენ ინტერესს.

თუმცა გადამწყვეტი ალბათ ტემპერამენტია.

ლექსი, მით უფრო – ღირებული ლექსი, აღქმის რამდენიმე შრეს გულისხმობს. ზედაპირზე, რა თქმა უნდა, განწყობაა. თამაზ ბაძაღუას ბევრ ლექსში ახალგაზრდული, დინამიკური, ზოგჯერ „ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს“ რომ უხმობს, ისეთი განწყობაა გამოხატული. საბოლოო ჯამში, ეს „უმიზნო ვნებები“ ერთ კონკრეტულ, უმაღლესი საზრისის მქონე წერტილში იყრის თავს, რასაც ასაკსა და დროსთან აღარ აქვს კავშირი, მაგრამ პირველი ეფექტი მაინც ასეთია: ტემპერამენტული, დაძაბული, მომხიბვლელი, დამღუპველი ქაოსით სავსე.

„მე კვლავ იმ ცხელი სისხლით ავივსე,

გულთან იმ მწარე ვნებამ იელვა

და კვლავ ჩავყვინთე შუაღამისფერ

თმების წვიმაში, როგორც მშიერმა

და მომეწება ტანზე ალერდი,

როგორც მზის სხივი შუა ზამთარში,

მე შენ გეძებდი… ასი ათასი

წელი შენს სხეულს ვუთვალთვალებდი.

ასი ათასი წელი წვალებით

ძლივს მოვაღწიე შენს მუხლებამდე

და სიყვარულის მუნჯი ზარები

ასი ათასი წელი რეკავდნენ

ჩემს გვამში, როგორც წმინდა ხარება

და მინათებდნენ სხეულს შიგნიდან.

ასი ათასი წლის მწუხარება

ასი ათასი წელი მძიძგნიდა.

მე შენ გიპოვე… რადგან მალულად

ვნასკვავდი ვნების გრძელ ბაირაღებს,

მე შენ გიპოვე და სიხარულის

ასი ათასი კარი გავაღე“.

თამაზ ბაძაღუას ეს ლექსი, „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, სწორედ ამ ახალგაზრდული ჟინითა და ძიებით, თავგანწირვითაა სავსე. ათმარცვლიანი საზომი, ჯვარედინი, ჭაბუკური დისონანსით აგებული რითმები, გამეორებები ქმნის იმ დინამიკას, რომლებიც უმალვე ნუსხავს დაინტერესებულ მოსწავლეებს.

ერთი შეხედვით, ეს ლექსი სწორედ რომ „ქარიშხლიანი, უმიზნო ვნებაა“, რომელიც გიზიდავს თავისი ტრაგიზმითა და მაქსიმალიზმით, გრძნობების ისეთი სიმწვავით, როგორზეც სწორედ მოზარდები ოცნებობენ.

ეს ყველაფერი თითქოს ხაფანგივით მოქმედებს მათზე და მერე, უკვე დატყვევებულები, იწყებენ სხვა ლექსების კითხვასაც, ამავე ლექსში სხვა სიღრმეების ძიებასაც.

ვნების სიმძაფრე და, მიუხედავად ამ სიმძაფრის ტკივალამდე შეგრძნებისა, მაინც ვერ დაკმაყოფილება, სიყვარულზეც კი ვერ შეჩერება: „ჩვენ სიყვარულზეც თურმე მეტი ვართ, ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის“, – თამაზ ბაძაღუასათვის ნიშანდობლივი შტრიხია. ამ კუთხით ის ბარათაშვილის პირდაპირი მემკვიდრეა. უფრო თანამედროვედ, დღევანდელი ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგებ და მომხიბვლელ ენაზე ეძებს საზღვრების გადალახვის გზებს და, რაღა თქმა უნდა, იცის – განაჩენი მსხვერპლს გულისხმობს: „ვიდრემდი მარტო ვრჩები მსხვერპლივით“.

მისი დაუდგრომელი პოეტური თუ უბრალოდ ადამიანური ბუნება მუდმივად განუწყვეტლივ ეძიებდა უფრო მეტს, უფრო ყოვლისმომცველს, უფრო მთლიანსა და ნამდვილს, ვიდრე ერთი გრძნობის, ერთი კაცის, ერთი ისტორიის საშუალებით შეიძლებოდა ეგრძნო და ეთქვა. ამიტომაც „აღმოსავლეთის ვარსკვლავის“ ლირიკული გმირის სიცოცხლე ვერ თავსდება კონკრეტულ დროით ჩარჩოებში და ის მარადისობაშია განფენილი:

„ასი ათასი წელი წვალებით ძლივს მოვაღწიე შენს მუხლებამდე

და სიყვარულის მუნჯი ზარები ასი ათასი წელი რეკავდნენ“.

ასევე არ არის საკმარისი ტრფობის ობიექტისათვის ერთი როლი: ის ხან მზეა, ხან – მთვარე, ხანაც – ვარსკვლავი. მისი პოვნის სიხარულს ღალატის სიმწარე ცვლის, ხან ბედისწერად იქცევა („ასი ათასი შენ ხარ ნაპირი, მე კი ვერსაით ვეღარ გავცურე“), ხან – ხორბლად, რომლის სიუხვითაც მინდვრები იკვებებიან („შენ ხარ ხორბალი, მწვანე მინდვრები იკვებებიან შენი სიუხვით“).

ამ ლექსის წაკითხვისას ბუნებრივად გახსენდება რუსთაველი: „მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“, – თუმცა ეს გაშმაგებაც და ეს მიჯნურობაც მიწიერი ვნებებიდან რელიგიურამდე, ციდან მიწამდე თუ პირიქით, თავისუფლად მოძრაობს. თამაზ ბაძაღუას ამ ერთ ლექსში თითქოს თავს იყრის ქართული სიყვარულის ყველა ისტორია, როცა ცდილობდნენ, ღვთიური მიწაზე ჩამოეყვანათ, მიწიერი გაეღმერთებინათ, წარსული ვნებებისთვის ახალი სახელი მიეცათ თუ ახალი მოენათლათ ძველებურად. მარადიულსა და ზეციურს ბუნებრივად ენაცვლება ამქვეყნიური, წამიერი ვნება. ეს ძალიან თანამედროვე პოეტის თანამედროვე ნააზრევია, რომელიც, ამავე დროს, მკვიდრად დგას ქართულ ტრადიციებზე. ფორმობრივი თვალსაზრისითაც კი ის თითქოს ტრადიციული, კონვენციური ლექსია, მაგრამ, მიუხედავად ტროპის ზოგიერთი სახის ხშირი გამოყენებისა, ძირითადი მხატვრული საშუალებები თითქოს ვერლიბრისგან აქვს აღებული, ამ მხატვრულ სახეებს თითქოს ისე ჰყვება, როგორც ურითმო ლექსისთვისაა დამახასიათებელი.

საბედნიეროდ, დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, ბევრი რამის პოვნა ადვილია. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ამ ერთი ლექსით დაბადებულა მოსწავლეში პოეზიის კითხვის სურვილი. იწყებენ და იყვარებენ. ამისთვის კონკრეტულ მზაობასთან ერთად, რომელსაც მრავალწლიანი სწავლება ქმნის, რაღაც ბიძგიცაა საჭირო. ეს ბიძგი ჩემს შემთხვევაში თამაზ ბაძაღუას „აღმოსავლეთის ვარსკვლავიც“ ყოფილა… ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, რომ მოდიან და გეკითხებიან: „მასწ, თქვენ ეს ლექსი იცით?“ – ან ფეისბუქზე იზიარებენ რომელიღაც სხვა ლექსს, რომელზეც შენ არ გილაპარაკია და ხვდები – იბადება მკითხველი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი