პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელთა დასაცავად!

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები. შედეგებმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ფუფუნებაში მცხოვრებმა, პრივილეგირებულმა მოქალაქეებმა კვლავ პედაგოგთა კორპუსზე თავდასხმა გადაწყვიტეს. ისინი ტრადიციული ცინიზმით, აგრესიით აღიჭურვნენ და მასწავლებელთა უპასუხისმგებლობაზე, გაუნათლებლობასა და ჩამორჩენილობაზე დაიწყეს მსჯელობა. ისინი მასწავლებლებს მომავალი თაობის არასათანადო მომზადებაში სდებენ ბრალს. ხანდახან ვფიქრობ, რომ მათ უხარიათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯგუფის წევრების დამცირება. მათ სიამოვნებთ საკუთარი უპირატესობის, იღბლისა და წარმატების ხმაურიანად წარმოჩენა. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მასწავლებლების წინააღმდეგ მებრძოლი პირების ერთადერთი საწუხარი მათ მიერ გადახდილი გადასახადების პედაგოგთა ხელფასებში დახარჯვის საკითხი გახლავთ.

სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებს ჩვეული ზედაპირულობით, გულგრილობითა და ყალბი წინასაარჩევნო პათოსით გამოეხმაურა ჩვენი სამინისტროც. თურმე ყველაფერი მხოლოდ იმის ბრალი ყოფილა, რომ ვიღაცებს ტესტები ცუდად შეუდგენიათ.

პრობლემა სისტემურია. პრობლემას უამრავ სხვა სფეროში წარმოქმნილი უსამართლობა და საშინელი გამოცდილება განაპირობებს. შესაბამისად, მასწავლებელთა სიზარმაცისთვის ყველაფრის გადაბრალება, მხოლოდ და მხოლოდ ჩაგვრის მცდელობაა და მეტი არაფერი.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა მასწავლებელთა ღირსების დასაცავად. მინდა რამდენიმე არგუმენტი შემოგთავაზოთ პრობლემის სისტემურად ახსნის მიზნით.

რა განაპირობებს სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებს?

  • სკოლაში 1998 წელს შევედი. შესაბამისად, გადასარევად მახსოვს ჩემი მასწავლებლების ყოფა. ისინი დანგრეულ, მიწასთან გასწორებულ, გათოშილ შენობებში დადიოდნენ. ყოველდღიურად ატარებდნენ გაკვეთილებს, ცდილობდნენ ქუჩის ცხოვრებისგან გადაერჩინათ თითოეული მოსწავლე. ჩვენს სკოლებში მასწავლებლები იყვნენ დამლაგებლებიც, მნეებიც, მღებავებიც, დარაჯებიც, ცეცხლფარეშებიც და თქვენ წარმოიდგინეთ ელექტროობის შემკეთებლებიც კი. ისინი საკუთარი რამდენიმე თეთრით ცდილობდნენ სასკოლო გარემოს ოდნავ მაინც მოწესრიგებას. თბილისის ცენტრში მდებარე სკოლის მოსწავლეებს ხშირად არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი კლასის გასათბობად საკმარისი ნავთი შეგვეძინა. მახსოვს, როგორ ეზიდებოდა სახლიდან საკუთარი აღსაზრდელებისთვის საჭირო საწვავს ქეთი დოჩანაშვილი, ჩემი პირველი მასწავლებელი. თვალებიდან არ ამომდის ის შემთხვევა, როდესაც სკოლაში მოულოდნელად ხელფასების გაცემის პროცესს შევესწარი. გაოცებული ვიყავი, როდესაც ჩემს პედაგოგებს საუკუნის დასაწყისში 27-27 ლარი ჩამოურიგეს. კიდევ უამრავი ამგვარი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია.

ვიღაც იფიქრებს, რომ საკუთარ ემოციებს ავყევი და ძველ, ცუდ ამბებს ვიხსენებ. მხოლოდ ემოცია არ მალაპარაკებს. ფაქტი ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველი ოცი წლის განმავლობაში მასწავლებლები ყველაზე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სრულიად არაადეკვატური ჯამაგირისა და სამუშაო გარემოს ფასად ცდილობდნენ თავისი საქმის შესრულებას. სოციალური დრამა პედაგოგებისათვის ოცი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მხოლოდ უკანასკნელი 5-6 წელია დაიწყო მათი ხელფასების შესამჩნევი მატება. კოსმეტიკური ცვლილებებითა და საშუალო ხელფასის 400 ლარამდე გაზრდით, ოცწლიანი კოშმარის მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა წარმოუდგენელია.

  • კარგ სკოლას კარგი უმაღლესი სასწავლებელი უნდა უმაგრებდეს ზურგს. კარგი სკოლა წარმოუდგენელია პედაგოგიკის სფეროს სამეცნიერო განვითარების გარეშე. დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენმა მთავრობებმა ათობით პედაგოგიური სასწავლებლის პრივატიზაცია მოახერხეს. დაიხურა და გადაკეთდა არაერთი კვლევითი თუ სასწავლო ინსტიტუტი. შედეგად, მთელ ქვეყანაში პედაგოგიკის დარგი რამდენიმე მოკრძალებული, ცუდად დაფინანსებული და ბევრისგან მივიწყებული კათედრის ამარა დარჩა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არავის უცდია საბჭოთა სასკოლო ტრადიციების ინოვაციური ხედვებით თანმიმდევრულად ჩანაცვლებაზე. მხოლოდ მასწავლებლები საგანმანათლებლო რევოლუციას ვერ მოაწყობენ. საქართველოში ბევრი მალალა იუსუფზაი ცხოვრობს. უბრალოდ, მათ პირდაპირ ტერორისტულ აქტებს არავინ უწყობს, პირდაპირ მათ მოკვლას არავინ ცდილობს. ჩვენთან მცხოვრებ განათლების მამაც აქტივისტებს ნელ-ნელა უმწარებენ სიცოცხლეს, შესაბამისად, ნობელის კომიტეტიც არ ინტერესდება მათი მცდელობებით.
  • 1950-იან წლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩატარებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები შემდეგი ლოზუნგით: „არავითარი ექსპერიმენტები!“ ლეგენდარულმა კანცლერმა ადენაუერმა მოიგო. ვაიმარის კონსტიტუციისა და ნაცისტური შურისძიებით გადაღლილმა გერმანელებმა მკაფიო, თანმიმდევრული, წინასწარ გაწერილი ხედვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. საქართველოში კი ყველა განათლების მინისტრი თავისი უცნაური ექსპერიმენტებით იწყებს საქმიანობას. არცერთმა მინისტრმა არ იცის, რითი შეიძლება დასრულდეს მისი ექსპერიმენტი. ხშირად პოლიტიკური წონის არმქონე მორჩილ ჩინოსნებს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. ექსპერიმენტი შუა გზაზე წყდება, მოდის ახალი ინოვატორი და ხელახლა იწყებს თავისი იდეების გამოცდას განათლების სისტემაში დასაქმებულ მოქალაქეებზე. მოკლედ, 25 წელია ჩვენს პედაგოგებს ცდისპირებივით ექცევიან და მათი ნერვების, სიცოცხლის ფასად ცდილობენ გენიალური დასკვნების გამოტანას. სტაბილური და მწყობრი, პროგნოზირებადი რეფორმის გარეშე ვერავინ იზრუნებს თვითგანვითარებასა და შვეიცარიელ მასწავლებელთან შეჯიბრზე.
  • სტატიას რომ ვთარგმნი, სიხარულით მეცხრე ცას ვეწევი ხოლმე. ვაწუხებ ყველას. ჩემს ნაჯღაბნს ვაფრიალებ და პირველივე შემხვედრს თვალებში ვაჩეჩებ. ყველა ჩემნაირი პატივმოყვარე და ქედმაღალი არ არის. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მშვიდად აკეთებენ დიდ და კეთილ საქმეებს. მაგალითად შემიძლია სალომე ლაცაბიძის შემთხვევა მოგიტანოთ. სალომე ქალთა საკითხებთან დაკავშირებული ტექსტების გადმოქართულებითაც არის დაკავებული. ივნისში მან გამოაქვეყნა ცნობილი მემარცხენე ფემინისტის სილვია ფედერიჩის ნარკვევი „ანაზღაურება საშინაო შრომისთვის“. პუბლიკაციაში დიასახლისების საქმიანობაა განხილული. დიასახლისი ქალების ფიზიკური, ემოციური და სხვა ტიპის შრომა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება. საოჯახო შრომის ფასსა და შინაარსზე არავინ იღებს ხმას. თითქოს მას ძალისხმევა, ენერგია, დაფასება არ სჭირდება. დიასახლისის შრომა დაფარულია, ის თავისთავად იგულისხმება, ის უპირობოდ მოეთხოვება ნებისმიერ ქალს, მისი შემჩნევისგან ყველა თავს იკავებს. რეალურად კი, საშინაო შრომა გრანდიოზული საქმიანობაა, რომელსაც თანადგომის არარსებობის პირობებში ადამიანის ბოლომდე განადგურებაც შეუძლია.

ყველამ კარგად დაიხსომეთ, რომ მასწავლებლების უდიდეს ნაწილს დიასახლისი ქალები წარმოადგენენ. ისინი ათას ფუნქციას ასრულებენ სამარცხვინოდ არაადეკვატური ანაზღაურების ფასად.

 

სკოლაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად სისტემური, გრძელვადიანი, მეცნიერულად დადასტურებული და კარგად დაფინანსებული სტრატეგიაა საჭირო. ადრე თუ გვიან, ამ გეგმის შემუშავება და განხორციელება ვიღაცას მაინც მოუწევს, თორემ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი