პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პრაქტიკული კვლევის მაგალითი -გლობალიზაცია

დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც წინა სტანდარტისგან განსხვავებულია. მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო განსხვავება ისაა, რომ სტანდარტი ახასიათებს ოთხი კატეგორიის მასწავლებელს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. დეტალურად სტანდარტს ყველა მასწავლებელი უნდა გაეცნოს, რადგან ის ყველა მასწავლებელს ეხება.

სტანდარტი დამტკიცებამდე გრძელ გზას გადის. ამ დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა. ამ შეხვედრებზე ძალიან ხშირად სიფრთხილით ეკიდებოდნენ „მკვლევარ მასწავლებელს”, რომლის სახელწოდებიდან მრავალმა არასწორი დასკვნა გამოიტანა, და მიიჩნია, რომ მასწავლებელი ვერ მიაღწევს აღნიშნულ კატეგორიას, თუკი ის არ აწარმოებს სადოქტორო დისერტაციის ანალოგიურ კვლევებს. რა თქმა უნდა, არავინ უშლის მასწავლებელს ასეთი სერიოზული კვლევების ჩატარებას, პირიქით, მსგავსი რამ მართლაც რომ წახალისებული იქნება. მაგრამ ის, რაც სტანდარტითაა განსაზღვრული, ბევრად უფრო მარტივი განსახორციელებელია, მას არ სჭირდება დიდძალი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზება. საკმარისია კვლევა კლასის, მოსწავლის, თუ სკოლის საჭიროებას ეხმიანებოდეს.

ამ სტატიაში შევეცდები მოგაწოდოთ ერთ-ერთი კვლევის იდეა, რაც ნათლად დაგანახებთ, თუ რა ტიპის მოთხოვნებია წაყენებული მკვლევარი მასწავლებლისთვის.

იდეის განვითარება

სტანდარტის სასწავლო პროცესის სწავლების ნაწილში მოცემულია შემდეგი დებულება: „მასწავლებელი კოლეგებთან ერთად იკვლევს სწავლის სტრატეგიების გავლენას მოსწავლეთა თვითეფექტიანობასა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზე”.

მე-11 კლასში მოსწავლეები სწავლობენ გლობალური პრობლემის გეოგრაფიას, სადაც შეტანილია გლობალიზაციის ინდექსები.

მასწავლებელმა შეიძლება გამოიკვლიოს, რა როლს თამაშობს შერჩეული სტრატეგია ერთი და იმავე თემის შესწავლაზე. შესაბამისად, თუკი ის ორ პარალელურ კლასს ასწავლის ერთ კლასში თემის გავლისას ახსნის მეთოდს იყენებს. ამისთვის მას მომზადებული აქვს საპრეზენტაციო დოკუმენტი (იხ.პრეზენტაცია ), სადაც ცალ-ცალკეა ახსნილი თითოეული ინდექსი, ხოლო შემდგომ განხილულია თითოეულის ნაკლოვანებები და უპირატესობები.

მეორე კლასში მასწავლებელი იყენებს როლურ თამაშს, სადაც მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი კოფის სათაო ოფისია ციურიხში. აქ მოსწავლეები რაოდენობის მიხედვით ჯგუფდებიან: ოფისის წარმომადგენლები – მისი მმართველობა, ატ კერნის ოფისიდან მოწვეული ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა მიზანია მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების დადება. მეორე ჯგუფი კი ატ კერნის ოფისშია ჩიკაგოში, სადაც მოწვეულები არიან მისი წარმომადგენლები, კოფის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
აქტივობები შემდეგნაირად ნაწილდება.

აქტივობა 1 – შესავლის სახით მასწავლებელი მოსწავლეებს გლობალიზაციის განმარტებებს ახსენებს და იწყება მსჯელობა – რატომ არის ასეთი რთული გლობალიზაციის გაზომვა, რამდენად ძნელია სწორი მაჩვენებლების გამონახვა, რომლებზეც ყველა შეთანხმდება, რომ ზომავს გლობალიზაციას (5 წთ).

აქტივობა 2 – თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი ურიგებს ინფორმაციას კოფის და ატ კერნის ინდექსების შესახებ. კარგი იქნება, თუ ბავშვებს კომპიუტერზე ექნებათ წვდომა. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ კერნის და კოფის ოფიციალური ვებგვერდებიდან. მოსწავლეები უნდა გაეცნონ ორივე საზომს და ჩაინიშნონ ძლიერი და პრობლემური მხარეები – 15წთ.

აქტივობა 3 – ამის შემდეგ იმართება განხილვები შემდეგი თანმიმდევრობით: თითოეულ ჯგუფში მმართველობა წარადგენს პრეზენტაციას სტუმრებისთვის (3წთ). მოწვეული მხარე წარადგენს, თუ რა ნაკლოვანებებს ხედავს მათ სამუშაოში (3წთ). ამის შემდეგ საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ მეთოდოლოგიის ძლიერ და სუსტ მხარეებს, სთავაზობენ მათი გამოსწორების გზებს (5წთ).

აქტივობა 4 – მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს უკუკავშირს და საშინაო დავალებას: მიგნებებზე – დაწერონ მოკლე 250–სიტყვიანი ანგარიში.

გაკვეთილების ჩატარებიდან 2-3 კვირის თავზე, მასწავლებელს შეაქვს შემაჯამებელი ტესტი გლობალიზაციაზე და მის საზომ ინდექსებზე. ტესტი ორივე კლასისთვის იდენტურია. მასწავლებელი შედეგებს ერთმანეთს ადარებს და წერს კვლევის ანგარიშს.

ამ კვლევის შედეგები საინტერესოა არა მხოლოდ მასწავლებლის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, რათა მომავალში გამოიყენოს ისეთი აქტივობები, რომლებიც უკეთეს შედეგზე გასვლის საშუალებას იძლევა, არამედ იმისთვის, რომ შედეგები თავის კოლეგებსაც გაუზიაროს.
ინფორმაცია გაკვეთილის წარმართვისათვის:

“Globe” ინგლისური სიტყვა და გლობუსს ნიშნავს, ხოლო “global” – მსოფლიოს, გლობალურს.

ტერმინ “გლობალიზაციის” წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. ამ ცნებას მრავალნაირად განმარტავენ:

. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვერსიით, ეს არის მთელ მსოფლიოში ქვეყნების ურთიერთობის გაფრთოება მომსახურების, საქონელბრუნვისა და კაპიტალბრუნვის ზრდისა და მრავალფეროვანი ტრანზაქციების შედეგად ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების ფონზე;

. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ვერსიით – ქვეყნების ურთიერთობათა გაფართოება, რაც განაპირობებს ვაჭრობის, ფინანსების, ადამიანებისა და იდეების ინტეგრაციის ზრდას მთელ გლობალურ ბაზარზე;

. პიტერ ჰაგეტის მიხედვით – პროცესი, რომლის შედეგადაც მოვლენები, აქტივობები და გადაწყვეტილებები, მიღებული მსოფლიოს ერთ წერტილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობაზე/თემებზე.

საბოლოო ჯამში, გლობალიზაციას ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ გააჩნია. მას ხშირად აიგივებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული იდეების გავრცელებასთან და ერევათ გაერთგვაროვნებაში.

არ შეიძლება გლობალიზაციის შეფასებისას ისეთი ერთმნიშვნელოვანი ცნებებით შემოვიფარგლოთ, როგორიცაა “კარგი” და “ცუდი”. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პროცესია. მან მრავალი ქვეყნის საერთაშორისო სტატუსი, ადგილი და გავლენა შეცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით – ინტერნეტმა, ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე საწყის პოზიციაზე დახია და ხელახლა ჩართო ისინი საყოველთაო მარათონში, თითქოს მნიშვნელობა დაკარგა მანამდე არსებულმა კულტურულმა თუ ისტორიულმა წარსულმა, პოლიტიკურმა გავლენებმა და ა.შ. თუმცა უწინარესად სწორედ პოლიტიკურად გავლენიან და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებს აღმოაჩნდათ თანხები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განსავითარებლად, რამაც ინტერნეტი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ეს სახელმწიფოები უფრო მეტად დააწინაურა. შედეგად კიდევ უფრო დასცილდნენ ერთმანეთს მდიდრები და ღარიბები. თუმცა ამ ახალ თამაშში ჩაერთნენ სახელმწიფოები, რომლებიც სწრაფად იკვალავენ გზას განვითარებული ქვეყნებისკენ (სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები).
გლობალიზაციის გაზომვა შესაძლებელია. არსებობს არაერთი მეთოდოლოგია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ მისი გაზომვის საშუალებები.

AT Kearney ინდექსი და KOF ყველაზე გავრცელებული საზომებია. ისინი მრავალფეროვან მახასიათებლებს ეფუძნება, რომლებმაც შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას ქვეყნების საერთაშორისო დონეზე ჩართულობაზე.

ატკერნის (სათავო ოფისი – ჩიკაგო) ინდექსი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ინდიკატორებზე: 1. პოლიტიკური ჩართულობა, მათ შორის – მონაწილეობა კავშირებში, ხელშეკრულებებში, ბლოკებში, ორგანიზაციებში, სამშვიდობო მისიებში; 2. ტექნოლოგიების განვითარება – ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით; 3. პერსონალური კონტაქტები – ტელეფონები, მოგზაურობები და რემიტანსები (ფულადი გზავნილები); 4. ეკონომიკური ინტეგრაცია – საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი ინვესტიციები.

მართლაც, თითოეული ინდიკატორი და მათი კომპონენტები ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის თაობაზე, რა საშუალებით უკავშირდება ქვეყანა გარე სამყაროს, თითოეულის დაბალი თუ მაღალი მაჩვენებელი კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რამდენადაა ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული.

ა.ტ. კერნის ინდექსის მიხედვით გლობალიზაცია 62 ქვეყანაში გაზომილია, რაც მთლიან სურათს ვერ მოგვცემს, და მაინც, აღსანიშნავია, რომ სინგაპური, შვეიცარია და აშშ ამ ნუსხის სათავეში არიან. ცალკეული კომპონენტების მიხედვით ლიდერობენ: ეკონომიკური ინტეგრაცია – სინგაპური; ტექნოლოგიების განვითარება – აშშ; პერსონალური კონტაქტები – შვეიცარია; პოლიტიკური ჩართულობა – საფრანგეთი (რომელსაც სიაში მხოლოდ 23-ე ადგილი ერგო). დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

https://www.atkearney.com/index.php/Publications/globalization-index-data-2007.html

კოფის (შვეიცარია) ინდექსი უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს, თუმცა გამოიყოფა ინდიკატორების სამი დიდი ჯგუფი.

კოფის ინდექსებიდან აღსანიშნავია: ეკონომიკური გლობალიზაცია – ფულადი ნაკადები, ვაჭრობა, პირდაპირი ინვესტიციები, შეზღუდვები, ბარიერები, ტარიფები, გადასახადები; სოციალური გლობალიზაცია – პირადი კონტაქტები, ანუ ტელეფონი, ტრანსფერები, საერთაშორისო ტურიზმი, უცხოელი მოსახლეობა, წერილები, ინტერნეტის მომხმარებლები, ტელევიზორების რაოდენობა და პროგრამების ხელმისაწვდომობა, გაზეთებით ვაჭრობა, “მაკდონალდსის” რესტორნების რაოდენობა, “იკეას” მაღაზიების რიცხვი, წიგნებით ვაჭრობა; პოლიტიკური გლობალიზაცია – საელჩოები ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციების წევრობა.

იმავდროულად, კოფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ კვლევაში მეტი ქვეყანაა ჩართული.

ქვეყნების მონაცემები ხვადასხვა წელს არის გამოკვლეული და იკვეთება საერთო ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ხდება გლობალიზებული. ქვემოთ, ბმულზე, მოცემულია ინტერაქტიული რუკა და შესაძლებელია სხვა დამატებით ინფორმაციაზე გადასვლა:
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ახალი სტანდარტი მასწავლებლისგან ითხოვს მეტ შემოქმედობითობას, დიდ ძალისხმევასა და თვითორგანიზაციას, თუმცა შედეგი აუცილებლად აისახება ჩვენს მოსწავლეებზე, საბოლოო ჯამში კი – სკოლებში სწავლების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი