ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საკლასო ოთახებში დაბრუნება

სკოლის შემდეგ ბევრი, ბევრი წელი გავიდა. ცოტა ხნის წინ კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი თითქოს გუშინ იყო და სასკოლო იარებს ვიშუშებდი, რომლებიც – როგორღაც მოვახერხე – ისეთი მტკივნეული აღარ მეჩვენება. იქნებ იმიტომ, რომ გავიზარდე, უფროსები კი მართლაც უგრძნობლები ვხდებით და ყველაფერი გულთან აღარ მიგვაქვს. ახლა უფრო ბედნიერად მახსენდება სწავლის დაწყება, სექტემბრის ნათელი და გრილი დილები და დიდი ფუსფუსი მშობლებთან ერთად. სასკოლო ნივთები უკვე ვიყიდეთ. ახალი ტანსაცმელი სკამის საზურგეზეა გადაფენილი, რომ არ დაიჭმუჭნოს. ყველაფერი მზად არის, დარჩენილი დღეები და საათები კი ზლაზვნით გადის.

ჰო, სწავლა მაშინ პირველ სექტემბერს იწყებოდა…

 

სწავლის დაწყებას მოლოდინი და ემოციები ახლავს თან. ის იწყება როგორც ბედნიერი თავგადასავალი, სიხარულით და განცდით, რომ ყველაფერი ასევე მხიარულად გაგრძელდება. რა გასაკვირია ეს მოლოდინი, როცა უფროსებსაც გვავიწყდება, რომ ყოველგვარი პროცესი რუტინაა და ყოველდღიურობასაც თავისი კალაპოტი აქვს, რომელშიც ცხოვრება ზოგჯერ მეტისმეტად მდორედ მიედინება. ახალი ტანსაცმელი ხუნდება ან ლაქავდება, გარდერობის ბნელ სიღრმეში გადაინაცვლებს და სადღესასწაულო განწყობისგან აღარაფერი რჩება. ახალ წიგნებს კიდეები უყავისფრდება. მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობაც იკლებს… გასაკვირი არაფერია. უცნაური ის იქნებოდა, ყველაფერი ბოლომდე შემართებით, უშეცდომოდ და განსაზღვრულად მიდიოდეს.

გულისმომკვლელი რუტინის ჭია, მგონი, მხოლოდ უფროსებს არ გვაწუხებს. პატარებისგან განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია, გულისმომკვლელი სახელები დავრქვათ საგნებსა და მოვლენებს, მაგრამ მოსწავლეებიც ჩვენსავით მძაფრად განიცდიან ყოველდღიურობის ამ სიმდორეს და უხალისოდ მიჰყვებიან სასწავლო პროცესს. დღეები იწყება ზოზინით და ზანტი სიარულით, არც ისე ბედნიერი გამომეტყველებით. ხან ჩანთა რჩებათ სახლში, ხან – კალამი, ხან – წიგნები და რვეულები. ხან გაკვეთილი ავიწყდებათ, ხან თანაკლასელი არასწორად ჩააწერინებთ, ხან რა და ხან რა… სწავლა მძიმე შრომაა, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს და ამ საქმეს ყველა ერთნაირი პასუხისმგებლობით ვერ ეკიდება.

ყოველგვარი პროცესი საბოლოოდ რუტინამდე მიდის და ამას ვერ გავექცევით. ასევეა სკოლაც. მასწავლებელი თუ მოსწავლე, რომელიც ამ რუტინულ ჯაჭვში არიან ჩაბმულნი, ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ მობეზრდათ, რომ გადაიღალნენ, რომ ერთფეროვნება ყველაზე საშინელი მტერია და მზად ხარ, რომ დანებდე და რუტინის მორევს ჩაჰყვე.

მასწავლებლებისთვის ალბათ კარგად ნაცნობია ეს სურათი: მერხზე წამოწოლილი მოსწავლე გასულია სასწავლო პროცესის ველიდან და სადღაც დაფრინავს. რთულია ასეთი მოსწავლის უკანვე, საკლასო ოთახში დაბრუნება და სასწავლო აქტივობაში ჩართვა, მოყირჭების შემსუბუქება. მასწავლებელს თვითონაც უჭირს, შეინარჩუნოს მოტივაცია და მოსწავლესაც აგრძნობინოს, რომ დაინტერესებულია მისი იქ ყოფნით, მისი აზრებით, რომ ის სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს.

ყველას გვახსოვს საკუთარი თავი სკოლაში. გვახსოვს, როდის მივდიოდით უფრო მხიარულად და კვირის რომელი დღე გვიყვარდა ყველაზე მეტად. ეს ის დღე იყო, როდესაც თავის გამოჩენას ვახერხებდით. მასწავლებლები ალბათ მიხვდებიან, რომ „აქ ვარ, მას“ ყოველთვის სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე მართლაც „აქ“ არის, მაგრამ მას აუცილებლად ექნება განსაკუთრებული ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი ან პარასკევი, როდესაც სიხარულით მივა სკოლაში და ეს დღე ტვირთად არ ექცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი