ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სხეულის ანბანი (პირველი ნაწილი)

ჩვენ ყოველ დღე ვხვდებით განსხვავებულ ადამიანებს, ვესაუბრებით, გარკვეული ინფორმაციის მისაღებად მათი ნდობის მოპოვებას ვცდილობთ. თუმცა ძნელია განსაზღვრო, რამდენად გულახდილი არიან ისინი.

 

ამ წერილში თავმოყრილი ინფორმაცია განსაკუთრებით დააინტერესებთ იმ სპეციალობის ადამიანებს, რომელთა საქმიანობის დიდ ნაწილსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა შეადგენს. ჟურნალისტიკის, HR და PR მენეჯმენტის თუ ბიზნეს მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე „კომუნიკაბელური საქმიანობის“ სტატუსს საგანმანათლებლო სფეროც ინაწილებს.

 

კომუნიკაცია  (Communico – საერთოს ვხდი.) სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით ინდივიდებს შორის ინფორმაციის გაცვლას ნიშნავს. კომუნიკაცია ხორციელდება ვერბალური და არავერბალური გზით.  მათგან პირველი გულისხმობს ინფორმაციის სიტყვებით გადაცემას, მეორე კი ამ ინფორმაციისა თუ თანამოსაუბრის მიმართ ინდივიდის ემოციურ დამოკიდებულებას გვიჩვენებს.

 

აღსანიშნავია, რომ მეტყველებით ინფორმაციის მხოლოდ 7% გადაიცემა, ხოლო არავერბალური კომუნიკაციისას  – 93%.  აქედან ჟესტები, პოზა და სახის გამომეტყველება ინფორმაციის დაახლოებით 55%-ს გვაწვდის, 38%  კი  ხმის ინტონაციასა და საუბრის ტემპზე დაკვირვებით მიიღება.

 

ადამიანის შინაგანი სამყარო და მისი სხეულის ენა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რეფლექსური ბუნება არ გვაძლევს საკუთარი ჟესტების, პოზისა თუ მიმიკის გაკონტროლების საშუალებას, რადგან ის გაუაზრებელი ქმედების შედეგია და ქვეცნობიერი იმპულსების ანბანით იკითხება.  მისი გაყალბება თითქმის შეუძლებელია.  ამიტომაც ამ გზით მიღებული ინფორმაცია ხშირად სიტყვებზე უფრო ზუსტია.

 

fz

ფიზიოგნომია (ბერძ. ,,ფისის“ – ბუნება, „გნოსის“ – ცოდნა.) უძველესი ოკულტური მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის სახის ნაკვთების საშუალებით მისი ხასიათის ნიშან-თვისებების დადგენას ცდილობს. ფიზიოგნომიკა საკმაოდ „ხანდაზმულია“, მის ფესვებს  ძველ ეგვიპტესთან მივყავართ. ამ მეცნიერებისადმი დიდი ინტერესის მაჩვენებელია თებეში აღმოჩენილი ოქროთი მოვარაყებული წიგნი, რომელიც ფიზიოგნომიკისა და ქირომანტიის საფუძვლებს შეიცავდა. მას ასევე იკვლევდნენ ძველ საბერძნეთში. საკმარისია, გავიხსენოთ ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტროლოგი, რომელმაც სოკრატეს „წარსული ცოდვები“ გაუხსენა (გონებაშეზღუდული, ვნებიანი და მრუში უწოდა), პლატონის მასწავლებელი კი ანაქსაგორის  მოსაზრებას მაშინვე დაეთანხმა და განაცხადა, რომ კოლეგის მიერ დახატული პორტრეტი ძალიან ჰგავდა მის ახალგაზრდობას.

 

ფიზიოგნომიკის მამამთავრად შვეიცარიელ მწერალს, ღვთისმეტყველსა და პოეტს, იოჰან კასპარ ლაფატერს (1741-1801) მიიჩნევენ. ლაფატერი ადამიანის შინაგან სამყაროს სახის ნაკვთებზე დაკვირვების გზით ხედავდა. მეცნიერს სწამდა, რომ ადამიანების გარეგნობა,  განსაკუთრებით – სახის გამომეტყველება, მათივე ცხოვრების წესის „ნაყოფია“. იგი საკმაოდ კარგად ფლობდა მიმიკის ანბანს და მისი დასკვნების სიზუსტე საზოგადოებას ხშირად აშინებდა. იოჰან ლაფატერი ძალიან ჰგავს პოპულარული ტელესერიალის „lie to me“  მთავარ გმირს – დოქტორ კელ ლაიტმანს, თუმცა მის პროტოტიპად სერიალის კონსულტანტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი პოლ ეკმანი სახელდება. მან სიცრუის თეორიის შესწავლას თითქმის 30 წელი შეალია და ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტის ტიტულსაც დამსახურებულად ატარებს.

 

მიმიკა ადამიანის შინაგან ემოციურ მდგომარეობას ირეკლავს. ადამიანის თვალებს, მზერას და ღიმილს სიტყვებზე მეტი სათქმელის გადმოცემა შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვალით კონტაქტია. თუ ადამიანი მზერას ირიდებს და თვალსაც იშვიათად გისწორებთ, ე.ი. მას ყველაზე ნაკლებად თქვენთვის გულის გადაშლა სურს. ყველაზე ადვილად დადებითი ემოციები იკითხება, უარყოფითი დამოკიდებულება კი ძნელად ამოსაცნობია, რადგან, როგორც წესი, ადამიანები მის შენიღბვას ცდილობენ.

 

სახის ფორმას ბევრი რამ შეუძლია მოგვითხროს მისი მფლობელის შესახებ. ოვალური სახე ადამიანის მშვიდ ბუნებასა და გონიერებაზე მიუთითებს, მრგვალსახიანი ადამიანები კი ადვილად ერგებიან უცხო გარემოს და ულევი ენერგიის წყალობით ნებისმიერი ტიპის სირთულეებს უმკლავდებიან.  კვადრატული ფორმის სახე უმეტესად ლიდერის თვისებებით შემკულ სამართლიან პიროვნებებს ამშვენებთ. თხელი, მოგრძო სახის მქონე ადამიანები წინააღმდეგობების გადალახვის უნარით არიან დაჯილდოებულნი და წარმატებაც თან სდევთ, თუმცა მიზანს მხოლოდ ბრძოლის შედეგად აღწევენ.

 

ფიზიოგნომიკის მიხედვით, ფერი საკმაოდ დიდი ინფორმაციის მატარებელია. სახის ფერს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე, თუმცა ეს უფრო მედიცინის სფეროა, მაგალითად, შავი წრეები თვალებთან ადამიანის გადაღლილობის/ქრონიკული უძილობის მანიშნებელია.

 

თვალები სახის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დიდთვალება ადამიანები არტისტული და სულგრძელი ბუნებით გამოირჩევიან, მაგრამ მათ არ აქვთ ფინანსების სწორად განკარგვის ნიჭი. პატარა თვალები უმეტესად ფრთხილ და გონიერ ადამიანებს ამშვენებს. გადმოკარკლული თვალების პატრონი ბუნებით მოთამაშეა. ერთმანეთთან ახლოს განთავსებული მხედველობის ორგანოები მათი მფლობელის სერიოზულობასა და კარჩაკეტილობაზე მეტყველებს, ერთმანეთს დაშორებული თვალები კი ადამიანის გულუბრყვილო ბუნებაზე მიგვანიშნებს. თუმცა თვალის ფორმაზე მეტი ინფორმაციის მატარებელი მისი გამომეტყველებაა.

 

რაც შეეხება თვალის ფერს, ცისფერი თვალები მეოცნებე, ცოტათი ზედაპირულ, მაგრამ მზრუნველ და ალერსიან ადამიანებს ამშვენებს. ისინი კარგი იუმორის გრძნობითა და კრეატიულობით გამოირჩევიან. მწვანეთვალება ადამიანები თითქოს სიზმარში ცხოვრობენ, მისტიური ბუნების ხალხია. შავი თვალები უმეტესად გაუბედავ, მშიშარა ხალხს აქვს. ყავისფერ თვალებს ზრუნვისაკენ მიდრეკილ მეოჯახეები ატარებენ, თაფლისფერს კი – ეჭვიანი, გონებამახვილი და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები.

 

ფართო და სქელი წარბები გამბედავ და პირდაპირ ადამიანებს ამშვენებთ, თუმცა მათში ხანდახან დიქტატორსაც (აკვიატებული იდეების მატარებელს) ამოიცნობთ. თხელი და წვრილი წარბების მფლობელები გაცილებით მორიდებული, კარჩაკეტილი და სუსტი ჯანმრთელობის ადამიანები არიან. მაღლა აჭიმული წარბები – დიდსულოვნების, გადაბმული კი  დაბნეული და ეჭვიანი ბუნების ნიშანია.

 

მაღალ, წამოწეულ  ყვრიმალებს უმეტესად მებრძოლი ხასიათის მქონე ინდივიდების სახეზე ნახავთ. თუ ადამიანი ჩუმად, თავისთვის ცხოვრობს და არასდროს არსად ეჩქარება, მისი ყვრიმალები დაბალი და ნაკლებად გამოკვეთილია.

 

ცხვირი სახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პატიოსანი ოპტიმისტის სახეს დიდი, სწორი სასუნთქი ორგანო ამშვენებს, პატარა ცხვირით კი ბუნება უმეტესად მელანქოლიკებს ასაჩუქრებს. კეხიანი ცხვირის პატრონი რთული ხასიათის ინდივიდია, მოკაუჭებული სასუნთქი ორგანოს მფლობელთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა ერიდოთ.

 

თხელი და წვრილი ტუჩები მიზანდასახულ, მტკიცე ხასიათსა და ცივსისხლიანობაზე მიანიშნებს, რასაც უმეტესად თან სდევს დაუნდობლობაც. სქელი ტუჩების მატარებელი ადამიანი კი ზემოაღნიშნული თვისებების საპირისპირო ხასიათისაა. ის კეთილგანწყობილი, მეგობრული და პატიოსანი, თუმცა მარტივად მოაზროვნე პიროვნებაა.

 

დიდი პირის ჭრილი უმეტესად ჩხუბისთავ და მოლაყბე ინდივიდებს აქვთ, თუმცა ისინი საკმაოდ ადვილად ახერხებენ მათივე მიზეზით გართულებული ურთიერთობების დაბალანსებას. ზომიერი სიდიდის პირი კი გაწონასწორებული და მშვიდი ბუნების მაცნეა.

 

კვადრატული ფორმის, წინ გამოწეული ნიკაპით ბუნებას დიდი ნებისყოფის ადამიანები დაუჯილდოებია. პატარა ღრმულით დამშვენებული ან ორად გაყოფილი ნიკაპი  ვნებიანი ბუნების მანიშნებელია, ოდნავ წაწვეტებული ფორმის ნიკაპს კი ცხოვრებაში ბევრი გადაუჭრელი პრობლემის მქონე ინდივიდები ატარებენ.

 

ყურები სახის „სასაზღვრო ზოლზე“ მდებარეობს და კომუნიკაციის დროს მას ყურადღებას იშვიათად აქცევენ. არადა, ისინი ადამიანის ხასიათის შესახებ საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობენ, მაგალითად: თუ ყურების ზედა ნაწილი წარბების ზემოთ მდებარეობს, ეს გონიერებისა და ამბიციის ნიშანია. დაპრესილი სმენის ორგანო ყველაზე ხშირად ავტორიტეტულ ადამიანებს ამშვენებთ, დიდი და ხორციანი ყურების მფლობელებისთვის კი უცხო არ გახლავთ ფინანსური კეთილდღეობა.

 

ფიზიოგნომიკის საფუძვლიანად შესწავლისთვის ათეულობით წიგნის გაცნობა და ასეულობით სახეზე დაკვირვებაა საჭირო. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მხოლოდ ცხვირის ან ნიკაპის ფორმის ზოგადი ანალიზით ზუსტი დასკვნების გაკეთება. თანაც მიმიკა არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ მცირე ნაწილია – მედლის ცალი მხარეა. ის  ყოველთვის სხეულის სხვა ნაწილებისგან (ჟესტი, პოზა, ინტონაცია) მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთად იკითხება.  შემდეგი წერილიც ემოციური სათქმელის სხეულითა და ხმით გადმოცემის ხელოვნებას დაეთმობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი