ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განმსაზღვრელი შეფასების ეფექტური ტექნოლოგიის ძიებაში  

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მოქმედი და ახალი რედაქციების შესავალ ნაწილებში შესანიშნავადაა წარმოჩენილი უკანასკნელი ათწლეულის ტენდენცია, განმავითარებელმა შეფასებამ დაიკავოს შესაფერისი ადგილი სასწავლო პრაქტიკაში, ხოლო განმსაზღვრელი შეფასების მეტისმეტად ცალმხრივი და მავნე, შეცდომების რაოდენობის მიხედვით ქულების წერაზე ორიენტირებული პრაქტიკა შეიცვალოს მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების პრინციპების შესაბამისად. სიახლის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ძველ და ახალ რედაქციებს შორის განსხვავებაზე დაკვირვება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ შეფასებასთან დაკავშირებულ თავებსა და მუხლებშია შესაძლებელი.

 

მაგალითად, ესგ-ის ახალ რედაქციაში თავი, რომელიც მოსწავლის შეფასების მიზნებს შეეხება, შეივსო სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგის პუნქტით და მკაფიოდ ითქვა, რომ „შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ“. ახალ რედაქციაში შეფასების ძირითად პრინციპად გამოცხადდა, რომ „მოსწავლის შეფასება არის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მოსწავლის შეფასება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს“ (აღვნიშნავთ, რომ ეს პუნქტი მოითხოვს სპეციალურ განმარტებას ესგ–ის ექსპერტთა მიერ; სხვაგვარად მასწავლებლებს შორის შესაძლოა გაურკვევლობა გამოიწვიოს მოსწავლის შეფასებისადმი სწავლის კონსტრუქტივისტული პრინციპების მისადაგებამ).

ახალ რედაქციაში გაჩნდა სრულიად ახალი ჩანაწერი შეფასების ამოცანების შესახებ, რომელიც რადიკალურად ცვლის როგორც განმავითარებელი, ასევე (და, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი) განმსაზღვრელი შეფასების არსსა და ტექნოლოგიას.

კერძოდ, მოსწავლის შეფასების ძირითადი ამოცანებია:

„ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება;

ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;

გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;

დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;

ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან კონტექსტებში.

ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად და თანადროულად გამოყენებისკენ“.

როგორც ახალი რედაქციის მომდევნო ნაწილების ანალიზიდან ირკვევა, განმსაზღვრელი შეფასება გულისხმობს „ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასებას; ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასებას; ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციური გამოყენების უნარის შეფასებას. ამასთანვე, ძალაში რჩება მოქმედ რედაქციაში მითითებული მიზანი – „მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით“. სიახლეა ისიც, რომ განმსაზღვრელ შეფასებაში აუცილებლად დასაწერ ქულას „შეიძლება ახლდეს კომენტარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღწერით, ხარვეზების გამოსასწორებელი მითითებებით“.

ახალ რედაქციაში ხაზგასმულია, რომ „შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისთვის პედაგოგმა უნდა შეიმუშაოს მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები“.

აშკარაა, რომ ესგ–ის ახალი რედაქციის მიხედვით მასწავლებლებს მოეთხოვებათ, ზედმიწევნით ყურადღებით მოეკიდონ როგორც წინარე ცოდნის დადგენას, ისე მიმდინარე განმავითარებელ შეფასებასაც, კერძოდ, მოსწავლეთა თვითშეფასებას. განმსაზღვრელი შეფასების შედეგები მათ განმავითარებელი მიზნებისთვისაც უნდა გამოიყენონ, ხოლო კომპლექსური სტრუქტურის შემაჯამებელი დავალებებით ცოდნის გამოყენების, მათ შორის – ტრანსფერის (ანუ დაუფლებული კომპეტენციების უჩვეულო, არატიპურ ვითარებაში გადატანის) განხორციელების შესაძლებლობაც მისცენ მოსწავლეს.

ახალი რედაქციის მიხედვით, მოსწავლეები შემაჯამებელ დავალებაში განმსაზღვრელ შეფასებას აღარ იღებენ მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე, ხოლო მიმდინარე საშინაო დავალებაში – მეშვიდე კლასამდე, განმავითარებელი შეფასება კი ყველა კლასში უნდა განხორციელდეს და მასწავლებელს შეუძლია, სემესტრის განმავლობაში ის „ნებისმიერ კომპონენტში გამოიყენოს“.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მასწავლებელი, რომელმაც, საგნობრივი სასწავლო გეგმის მიზნებთან მიმართებით მიღწევების შესაფასებლად მოსწავლეს უნდა მისცეს ზემოხსენებული ტიპისა და შინაარსის დავალებები, მერე კი განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმოს მისი ნამუშევარი, დაუწეროს ქულები და აღრიცხოს შედეგები, დგება ასეთი კითხვების წინაშე:

  1. როგორ მოვახერხო „მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონის დადგენა საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით“, თუ სასკოლო სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები აგებულია და, შესაბამისად, სწავლებაც მიმდინარეობს თემატური დაგეგმვის შესაბამისად, ხოლო ესგ–ის შედეგები მხოლოდ წლის ბოლოსთვისაა განსაზღვრული და არა თემატური გეგმის ყოველი ერთეულის ბოლოსთვის? რა „გავზომო“ თემატური გეგმის ყოველი ერთეულის ბოლოს? ამ მონაცემების საშუალებით როგორ გამოვიტანო დასკვნა სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისობის შესახებ? იქნებ მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება სულაც არ უნდა მოხდეს თემატური გეგმის ყოველი ერთეულის ბოლოს? მაშ, როდის?
  2. როგორ ჩავატარო შეფასება – მთელი კლასისა ერთად თუ თითოეული მოსწავლისა ცალ–ცალკე? გადატვირთული გრაფიკის პირობებში თემატური გეგმის ერთეულის ბოლოს როგორ მოვახერხო ბევრი მოსწავლის ზეპირი გამოკითხვა, რათა შემაჯამებელი დავალებების ნორმაც შევასრულო და თან თანაბარ პირობებშიც ჩავაყენო ყოველი მოსწავლე? თუ სხვადასხვა მოსწავლეს თემატური გეგმის ერთეულის ათვისების სხვადასხვა ეტაპზე ან სხვადასხვა ერთეულის ბოლოს მოვუწყვე გამოკითხვა განმსაზღვრელი შეფასებისთვის, დავარღვევ თუ არა ამით შეფასების თანასწორობის, სამართლიანობისა და მიზანთან შესაბამისობის პრინციპებს?
  3. როგორ შევაფასო „ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარი; ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარი; ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციური გამოყენების უნარი“? რა კრიტერიუმები მიესადაგება ამ ჩამონათვალის თითოეულ კომპონენტს?
  4. როგორ შევქმნა და გამოვიყენო შეფასების ინსტრუმენტები ისე, რომ მოსწავლის შეფასება დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ პრინციპებს? მაგალითად, როგორ შევადგინო ან შევარჩიო კომპლექსური სტრუქტურის მქონე შემაჯამებელი დავალებები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ეფექტურად შემოწმდეს და შეფასდეს მოსწავლის მიღწევები და პროგრესი?
  5. როგორ დავწერო ქულები კრიტერიუმების მიხედვით? როგორ შევადგინო რუბრიკა, რომელიც ქულების ობიექტურად და ზუსტად დაწერის საშუალებას მომცემს? როგორ მოვახერხო ერთ რუბრიკაში განსხვავებული კომპეტენციების გათვალისწინება შესაფერისი წონებით? თუ მხოლოდ ერთ კომპეტენციაზე ფოკუსირებული რუბრიკები უნდა გამოვიყენო? რუბრიკის მიხედვით განსაზღვრული ქულები როგორ გადავიყვანო 10-ქულიან სისტემაში?

პირველ კითხვაზე ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ გავეცით პასუხი წინა სტატიაში, თუმცა ეს საკითხი უფრო საფუძვლიან დამუშავებას მოითხოვს და ამას ვერავინ აარიდებს თავს. ყველაზე მწვავე პრობლემა სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ისეთი აგებულების მიღწევაა, რომელიც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, შეფასების პროცესი მოარგოს არა იმდენად სწავლების თემატურ რუკას, რამდენადაც სწავლების მიზანთა/შედეგთა რუკას.

მეოთხე კითხვის აზრის მცირეოდენ დასაზუსტებლად შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ტესტის ტიპის (დახურული და ღია დავალებების მომცველი) შემაჯამებელი დავალებების შემთხვევაშიც კი აქტუალურია საკითხი, საგნობრივი კომპეტენციების რომელი კომპონენტის შესამოწმებლად უფროა გამოსადეგი ამა თუ იმ ტიპის დავალება (მაგალითად, არჩევითპასუხიანი დავალებები, მოკლეპასუხიანი დავალებები ან დავალებები პასუხის აგებით). ცნობილია, რომ როცა ტესტი მხოლოდ პასუხის აგების ტიპის დავალებებისგან არის შედგენილი, მასწავლებელი ეჯახება მოსწავლეთა ნამუშევრების სწრაფად და ობიექტურად შემოწმების, შედეგების აღრიცხვისა და ანალიზის სერიოზულ პრობლემას, მეტადრე – როცა კლასი მრავალრიცხოვანია ან მასწავლებელი რამდენიმე კლასის ყველა პარალელს ასწავლის. წესისამებრ, მასწავლებლები ამ პრობლემას ისე აგვარებენ, რომ თავი დააღწიონ რთულ ვითარებას – ასეთ ტესტში სულ რამდენიმე დავალება შეაქვთ, რაც მაშინვე ახალ კითხვებს ბადებს: საკმარისი და შესაფერისია ეს რამდენიმე დავალება მოსწავლეთა მიღწევების შესამოწმებლად? ყველა შესამოწმებელ კომპეტენციას მოიცავს ეს დავალებები? რა გზით – კომპლექსურობის ხარჯზე თუ ფოკუსირების საშუალებით? რომელი როდისაა უმჯობესი? ეს დავალებები ყველა მოსწავლეს აძლევს თანაბარ საშუალებას, ზედმიწევნით გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები? მაგალითად, გათვალისწინებულია თუ არა ენობრივი კომპეტენციების დაბალი განვითარების არსებითი ზეგავლენა მათემატიკური კომპეტენციების განვითარების დონის შეფასების დროს, როდესაც ტესტი ტექსტური ამოცანებით კომპლექტდება?

მეხუთე კითხვის აზრის დასაზუსტებლად გთავაზობთ შემაჯამებელი დავალების შეფასებისთვის საჭირო რუბრიკის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს და ამ რუბრიკის შესაბამის ცხრილს, რომლის საშუალებითაც მასწავლებელი მოსწავლის მიერ დაგროვებულ ქულებს 10-ქულიან სისტემაში გადაიყვანს, რათა ჟურნალში შეიტანოს და გამოიყენოს საგნის სემესტრული ქულის დასადგენად ესგ-ში მოყვანილი ალგორითმის შესაბამისად. მისაღებია ასეთი რუბრიკა? როდის „კი“ და როდის „არა“? რატომ? მაშ, რა ვქნათ, როგორ ავაგოთ რუბრიკა, რომ მოსწავლე წავაქეზოთ, პასუხისმგებლობით მოეკიდოს შემაჯამებელ დავალებას და, ამასთანავე, მასწავლებლისთვისაც ადვილად აღსაქმელი სახით გააფორმოს იგი თავისივე საკეთილდღეოდ, რათა მასწავლებელმა ზედმიწევნით დაინახოს და დააფასოს მოსწავლის მიღწევები და არა შეცდომები? თანაბარი წონები მივანიჭოთ ესგ–ის შედეგებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსაც და შესრულება-გაფორმებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებსაც თუ უგულებელვყოთ აკადემიურ საგანთა სწავლების აღმზრდელობით-განმავითარებელი ასპექტები?

 

მათემატიკაში შემაჯამებელი დავალების შეფასების რუბრიკა

 

დავალების შესრულების სისრულე შესრულებულია

დავალების

0%-დან 60% მდე – 3 ქულა

შესრულებულია

დავალების

60%-დან 80% მდე – 6 ქულა

შესრულებულია

დავალების

80%-დან 90% მდე – 9 ქულა

შესრულებულია

დავალების

90% და მეტი -12 ქულა

შესრულებული დავალების გაფორმება დავალება დაუთარიღებე

ლია, ქვედავალებათა თანმიმდევრობა არ არის დაცული, ამოხსნის/შესრულების ეტაპები უმეტესად გადაუნომრავია, მოკლე პირობები იშვიათადაა ჩაწერილი, დამხმარე სქემები თუ ნახაზები იშვიათადაა შესრულებული, ნაწერი ძნელი გასარჩევია, საბოლოო პასუხები იშვიათადაა მითითებული – 2 ქულა

დავალება დათარიღებუ

ლია, ქვედავალებათა თანმიმდევრობა იშვიათადაა დაცული, ამოხსნის/შესრულების ზოგი ეტაპი გადანომრილია, ზოგი მოკლე პირობა ჩაწერილია, ზოგი დამხმარე სქემა თუ ნახაზი შესრულებულია, ნაწერი ძნელი გასარჩევია, საბოლოო პასუხები ძირითადად მითითებულია – 4 ქულა

დავალება დათარიღებუ

ლია, ქვედავალებათა თანმიმდევრობა ძირითადად დაცულია, ამოხსნის/შესრულების ეტაპების უმეტესობა გადანომრილია, მოკლე პირობა უმეტესწილად ჩაწერილია, დამხმარე სქემების თუ ნახაზების უმეტესობა შესრულებულია თუმცა მოუწესრიგებელია, ნაწერი იოლად გასარჩევია, საბოლოო პასუხების უმეტესობა მითითებულია – 6 ქულა

დავალება დათარიღებუ

ლია, ქვედავალებათა თანმიმდევრობა ყველგან დაცულია, ამოხსნის/შესრულების ეტაპები ზუსტადაა გადანომრილი, მოკლე პირობა ყველგან ჩაწერილია, დამხმარე სქემები თუ ნახაზები შესრულებულია და მოწესრიგებუ

ლია, ნაწერი მკაფიოა, უმეტესობის პასუხის სრული ჩანაწერი შესრულებულია – 8 ქულა

მიზანთა/შედეგთა რუკის საშუალედო/ საბოლოო შედეგების წარმოჩენა წარმოჩენილია დაგეგმილი მიზნების/შედეგების უმეტესი ნაწილი – 5 ქულა მრავალი ხარვეზით წარმოჩენილია უკლებლივ ყველა დაგეგმილი მიზანი/შედეგი – 10 ქულა მცირე ხარვეზით წარმოჩენილია უკლებლივ ყველა დაგეგმილი მიზანი/შედეგი – 15 ქულა ხარვეზების გარეშე წარმოჩენილია უკლებლივ ყველა დაგეგმილი მიზანი/შედეგი – 20 ქულა

 

 

40-ქულიან შემაჯამებელ დავალებაში შეფასების შედეგებისულებიდან/პროცენტებიდან 10-ქულიან სისტემაში გადაყვანის ცხრილი

რუბრიკის საშუალებით დაგროვილ ქულათა ინტერვალები პროცენტული ინტერვალები ქულები 10-ქულიან სისტემაში
0-5 0-14 1
6-10 15-25 2
11-14 26-35 3
15-19 36-49 4
20-25 50-64 5
26-29 65-74 6
30-33 75-84 7
34-35 85-89 8
36-38 90-95 9
39-40 96-100 10

 

იმედია, ზემოგანხილული საკითხები პრაქტიკოსთა (მასწავლებელების, ექსპერტების, განათლების მენეჯერების და სხვათა) ინტერესს გამოიწვევს და მათ ძალისხმევას პრობლემების გადაჭრისკენ მიმართავს. ჩვენ ვეცდებით, მომდევნო სტატიებში შეძლებისდაგვარად ვუპასუხოთ დასმულ კითხვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი