პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აღზრდის „შეგონებები“ (ნაწილი მეორე)

 

ვიცი, მშობლების გარკვეული ნაწილი შეიძლება არ დამეთანხმოს, რადგან ფიქრობს, რომ „ცხოვრება ისედაც ბევრ განსაცდელს და გამოცდას ჩაუტარებს ჩემს შვილს და სანამ შემიძლია, უნდა დავიცვა და მაქსიმალურად ავარიდო უსიამოვნებები, რომლებიც უხვად შეხვდება ზრდასრულ ცხოვრებაში“.

შესაძლებელია მსგავს შეხედულებასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა, რაც უფრო მეტი საკუთრი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული შეხვდება ადამიანი ზრდასრულ ასაკს, მით უფრო წარმატებული იქნება ის ცხოვრების მანძილზე.

არ მინდა სტატია ისე დავასრულო, რომ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან „შეგონებაზე“ არ ვისაუბრო.

ამ წერილის დასაწყისში გთხოვეთ გაგეხსენებინათ, თუ როგორ გზრდიდნენ ბავშვობაში. სხვა მრავალ მოგონებასთან ერთად, მინდოდა თქვენს ემოციურ აღზრდასთან დაკავშირებით დაფიქრებულიყავით,  ხომ არ გასწავლიდნენ  ემოციების შეკავებას?

  • ნუ გეშინია სიბნელის, შენ ხომ უკვე დიდი ხარ !
  • დაეცი? გეტკინა? არ იტირო, შენ ხომ უკვე დიდი ხარ!
  • სირცხვილია, პატარები გიყურებენ, შიში არ შეგამჩნიონ!

 

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მსგავსი შეგონებები? სავარაუდოდ, თავშეკავებული, ძლიერი, ემოციურად გაწონასწორებული პიროვნების აღზრდის სურვილს. შესანიშნავია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ყველამ ვიცით,  რომ მედალს ორი  მხარე აქვს.  მოდით დავფიქრდეთ, იქნებ არ იყო სწორი ასეთი მიდგომა?

 

რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ემოციების გამოხატვას? რატომ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს თავშეკავება, მაშინ როცა მათ სტკივათ, ეშინიათ, შფოთავენ ან სულაც ბრაზი ახრჩობთ. განა ჩვენ, ზრდასრულ ასაკში, არ გვქონია ისეთი შემთხვევები, როცა წყენისა და უსამართლობის გამო ემოციები „ბურთივით ყელში გაგვჩხერია?“ ხომ გახსოვთ, ამ დროს რა ცუდად ვგრძნობთ თავს და განა ერთი „კარგი ტირილი (ან თუნდაც ყვირილი) ყველაფერს არ გვირჩევნია?“

 

მაშინ რატომ ვუწევთ ჩვენს ბავშვებს „დათვურ სამსახურს“?(ეს ფრაზა ჩემი საკუთარი ბავშვობიდან ამომიტივტივდა. სკოლაში  მასწავლებლები „ხუთოსან“ მოსწავლეებს სულ გვამუნათებდნენ: „არ გადააწერინო, რადგან ამით შენ კი არ ეხმარები, არამედ დათვურ სამსახურს უწევ მეგობარს“). რის მიღწევას ვცდილობთ? 

 

გვსურს ბავშვს ვასწავლოთ, რომ ემოციების გამოხატვა ცუდია? და თუ ასეა, მაშინ რატომ გვიკვირს და ვსაყვედურობთ ჩვენს წამოზრდილ შვილებს უემოციობას, უგულობას, თანაგრძნობისა და ემპათიის ნაკლებობას?

 

აქ მინდა, ამერიკელი ფსიქოლოგების, რობერტ და მარია გულდინგების, ერთი მოსაზრება გაგაცნოთ, რომლებიც უფრო შორს წავიდნენ და თვლიან რომ:

ბავშვობაში ასე აღზრდილი ზრდასრული ადამიანები, ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევების მსხვერპლი, რადგან მიდრეკილი არიან „არაფრად ჩააგდონ საკუთარი დაავადებებიც კი, შედეგად შესაძლებელია ადრეულ ასაკში დაიღუპონ რომელიმე ხელმიშვებული ავადმყოფობის გამო. გულდინგების აზრით, ასეთ ადამიანებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა – სიმსუქნე. რაც იმით აიხსნება, რომ მათ საკუთარი  სხეულებრივი  შეგრძნებებიც კი ატყუებთ. ტყუილს დაქვემდებარება კი ამ ადამიანებმა ბავშვობიდანვე „ისწავლეს“, როცა მათ ასწავლეს, რომ უნდა იყვნენ დამჯერენი და „აუცილებლად უნდა შეჭამონ მთელი ულუფა, რომ საჭმლის დატოვება არა არის კარგი საქციელი“. მშობლებმა ხომ ასწავლეს ბავშვს თავის შეკავება და საკუთარი ემოციების დაფარვა და  ისინი ვინც განსაკუთრებულად დამჯერენი აღმოჩნდნენ, „გადაწყვიტეს“, არათუ არ გამოამჟღავნონ საკუთარი გრძნობები, არამედ თავადაც კი არ მოუსმინონ მათ, რათა უფრო დამჯერენი და თავშეკავებულები გამოჩნდნენ მშობლების გულის გასახარად.

 

ვგონებ, არცთუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა ჩვენი შვილებისათვის და ამიტომ ვეცადოთ აღვზარდოთ ემოციურად მგრძნობიარე, მაგრამ მართვის უნარის მქონე ბავშვები, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ  ყური დაუგდონ, ანგარიში გაუწიონ, არ შეუშინდნენ, აკონტროლონ და მისაღები ფორმებით გამოხატონ საკუთარი სხეულებრივი და სხვა სახის შეგრძნებები თუ  ემოციები.  ამგვარი დამოკიდებულებით აღზრდილი ბავშვები ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში, შეძლებენ სხვა ადამიანებისადმი ემპათიის გამომჟღავნებას.

 

იმედი მაქვს, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი – ყველა მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი სხვებისგან გამორჩეული, უნიკალური და ძალიან ნიჭიერია.

 

ვეთანხმები ყველა ასეთ მშობელს, ოღონდ მინდა ვთხოვო, რომ „ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი პატარას ეს „გამორჩეულობა“,  არ დაარწმუნოს ის, რომ მის უნიკალურობასა და გამორჩეულობას, მხოლოდ მშობლები ხედავენ და აფასებენ სათანადოდ და რომ  დანარჩენი სამყარო „უძლურია ეს დაინახოს“. მსგავსი დამოკიდებულებით შესაძლებელია ბავშვი თქვენდა უნებურად გარიყოთ გარშემო  არსებული საზოგადოებისგან,  მას აფიქრებინოთ, რომ მშობლების გარდა ვერავინ, ვერასოდეს შეძლებს მისი ნიჭიერების ჯეროვნად შეფასება/ დაფასებას. ბავშვი, რომელიც ასეთი შეგონების გავლენის ქვეშ იზრდება, ხდება „უცხო“ სკოლაში, თანატოლთა წრეში და, სავარაუდოდ, ეს გაუცხოება მთელ მის მომავალ ცხოვრებაზე აისახება. სხვა ადამიანების  გარემოცვაში ის განიცდის ერთგვარ „მარტოობას და სიცივეს“. ხშირად, საზოგადოება მასზე უსამართლოდ ფიქრობს, როგორც ჩაკეტილ და არაკაცთმოყვარე პიროვნებაზე.

თქვენს მიზანს ხომ არ წარმოადგენს, თქვენი შვილი გაწიროთ მარტოობისთვის? დარწმუნებული ვარ, არა და ამიტომ გაათავისუფლეთ თქვენი შვილი, „ერთადერთი და განუმეორებელი“ ადამიანის წნეხისგან.

 

აქ მინდა  თქვენი საკუთარი ბავშვობიდან ის მომენტი შეგახსენოთ, როდესაც მშობლები,  „კეთილი განზრახვით“ (შვილში მეტი პატივმოყვარეობა და კარგად სწავლის უნარი  რომ გაეღვიძებინათ), ხშირად ვიღაცას გადარებდნენ. მაგალითად, მეზობლის ბავშვს, რომელიც თქვენი თანატოლი იყო და თქვენზე კარგად სწავლობდა ფორტეპიანოს დაკვრას; მაგალითად, მამიკოს კოლეგის შვილი, რომელიც თქვენზე კარგად სწავლობდა მათემატიკას; მასწავლებელიც გემახსოვრებათ, რომელიც მშობელთა კრებაზე თანაკლასელ წარჩინებულ გოგონას გადარებდათ.

 

ამას დავუმატოთ თავად ბავშვების ბუნებრივი სურვილი, გავდეს რომელიმე ცნობილ კინოვარსკვლავს, სპორტსმენს, როკ მომღერალს… ერთი სიტყვით, საკუთარი თავით, უნარებით, შესაძლებლობებით, გარეგნობით უკმაყოფილოა და სურვილი აქვს უკეთესი იყოს.

 

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან თვითკრიტიკულები არიან    და მუდმივად  უკმაყოფილოები  საკუთარი პერსონით, გაურბიან საკუთარ თავსაც კი, რადგან მიაჩნიათ, რომ სხვა მათზე ყველაფრით უკეთესია. მსგავსი შეგონებები კი აყალიბებს შინაგან კონფლიქტებს, რომლებიც ზრდასრულობაშიც ისევე ტანჯავს და აწუხებს ადამიანს, როგორც ბავშვობაში.

 

„ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს სიტყვები ყველას შესანიშნავად მოეხსენება და მართლაც, ბავშვობა ეს არის, ზრდასრულობის საწყისი და იქ უნდა ვეძებოთ ჩვენი შემდგომი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გარემოებების სათავე. თუ ბავშვს გამუდმებით იდეალს ადარებენ და ასწავლიან, რომ მისკენ უნდა ისწრაფოდეს (მშობლებს ხომ, როგორც შევთანხმდით, შვილებისათვის მხოლოდ სიკეთე სურთ!), სინამდვილეში გამოვა, რომ საკუთარ შვილს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბეს  ისე,  რომ თავად ეს ვერც კი  გააცნობიერეს.

 

იმედი  მაქვს ,  მშობლები დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ იდეალისკენ გადაჭარბებული სწრაფვა და მუდმივად შვილის შედარება  მისაბაძ პიროვნებასთან  სასიკეთოდ არ წაადგება  პატარას.

თქვენც ხომ არ მოგწონდათ და საშინლად გაღიზიანებდათ, როდესაც უფროსები სხვებს გადარებდნენ, მათ მისაღწევ მიზანს თქვენ გისახავდნენ და  საერთოდ მხედველობაში არ იღებდნენ თქვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს?

 

ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია, რომ მას საკუთარი მშობელი სრულყოფილი და უშეცდომო ჰგონია და სანამ ის თქვენ ბრმად  გენდობათ,  ეცადეთ ნდობა „ბოროტად არ გამოიყენოთ“.

წარმოუდგენელია მშობელი, რომელიც აღზრდისას შეგონებებს არ იყენებს. უბრალოდ, ვფიქრობ, ყველა მშობელი უნდა ეცადოს  არ იყოს ზედმეტად კატეგორიული და ზედმეტად მომთხოვნი არც შვილის და არც საკუთარი თავის მიმართ. შეცდომების დაშვება აღზრდის თანმხლები ბუნებრივი, ნორმალური პროცესია და არაფერია ისეთი,  რის გამოსწორებასაც ვერ შეძლებს მოსიყვარულე, თბილი, მომთმენი  მშობელი.

 

თქვენ ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი „შეგონებები”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი