პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აღზრდის „შეგონებები“ (ნაწილი პირველი)

შეგონება, რჩევა, დარიგება, ჩგონება, დარწმუნება

მრავალი წლის წინ ერთერთ, როგორც მაშინ ეძახდნენ, კერძო უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. ეს იყო პედაგოგიური პროფილის დაწესებულება, რომელსაც დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაც ჰქონდა. მახსოვს  ერთხელ  ლექციაზე სტუდენტმა, რომელიც ძალზე დაძაბული მისმენდა მითხრა: „იცით, რას ვფიქრობ? ადრე რომ მომესმინა თქვენი ლექციებისთვის, შეიძლება საერთოდ არ მეფიქრა შვილების გაჩენაზე. ეს რა რთული ყოფილა ბავშვების აღზრდა.“ მაშინ გავიფიქრე, ეტყობა ძალიან გადავაჭარბე და შევაშინე მსმენელები.

ახლაც, როდესაც ეს ისტორია მახსენდება,  ვფიქრობ, ხომ არ ვაშინებ მსმენელს და მკითხველს. მაგრამ ბავშვების აღზრდა რომ ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეა,  ეს უდავოდ ასეა.

ამერიკელი ფსიქოლოგების: რობერტ და მარია გულდინგების კონცეფციის თანახმად, მშობლების ბევრი გადაუჭრელი ფსიქოლოგიური პრობლემა მათ შვილებს გადაეცემა და თანაც უფრო გამძაფრებული სახით. ამერიკელი  ფსიქოლოგების აზრით, მშობლებს შეუძლიათ  საკუთარ შვილებს ადრეულ ასაკში ასწავლონ მხოლოდ ის, რაც თავად იციან. ჰოდა, გადასცემენ მშობლები  საკუთარ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს მათმა შვილმა, როგორი დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისა და გარშემო არსებული სოციუმის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს მშობლების და აღმზრდელების შეშინება, მაინც მინდა ვთქვა: მოდით დავფიქრდეთ, რა არის აღზრდა? როგორ გვზრდიდნენ  ჩვენ? რა მოგვწონდა და რა არა ჩვენი მშობლების აღმზრდელობითი პრინციპებიდან? და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, მოდით გავიხსენეოთ რა მიდგომებს და მეთოდებს ვიმეორებთ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან?

აღზრდა არის გარკვეული აკრძალვების და შეგონებების ნაკრები;

სავარაუდოდ, ჩვენც და ჩვენი მშობლებიც მუდმივად ვცდილობთ დავუწესოთ ჩვენს შვილებს გარკვეული აკრძალვები.

 აბა, როგორ?! – ვფიქრობთ ჩვენ, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა და არ იცის, რომ დანით თამაში არ შეიძლება, გაზქურასთან გაკარება საშიშია, ფანჯრის რაფაზე აძრომა სახიფათოა, ქუჩაში მარტო გასვლა აკრძალულია და კიდევ უამრავი მსგავსი რამ არის, რასაც აუცილებლად კატეგორიული აკრძალვების სიას ვაკუთვნებთ.

გამოდის რომ პატარები ცხოვრებას იწყებენ აკრძალვებით, მაგრამ რა ვქნათ? თქვენ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება  ბავშვს მივცეთ იმის უფლება, რომ თავი დაიზიანოს. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს „ოქროს შუალედი“- არ გადავაჭარბოთ, რადგან შესაძლებელია ქვეცნობიერად ბავშვს ჩავუნერგოთ „ცხოვრების შიში“ – “ეს რა საშიში ყოფილა გარემო“,  „ყველაფერი საფრთხის შემცველია“,  ფიქრობს პატარა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მიეკრას უფროსებს, მუდამ იყოს მხოლოდ იქ, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. მაგრამ დრო ხომ ძალიან სწრაფად გადის და ბავშვებიც იზრდებიან. ოღონდ ეს მხოლოდ დიდებმა იციან, მათმა პატარებმა კი გადაწყვიტეს „არ გაიზარდონ“, რათა მარტო, პირისპირ არ აღმოჩნდნენ ამ „საშიშ, დაუნდობელ სამყაროში“. უფროსები ნერვიულობას იწყებენ (თუმცა ისინი ხომ ისედაც მუდამ ნერვიულობენ, ხუმრობა საქმე ხომ არ არის მშობლობა?), რა ხდება? შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი/გოგო ხარ?! მე ასეთი მშიშარა შვილი არ გამიზრდია, დროა მარტო დაიძინო, საჭმელი ჭამო, თასმები შეიკრა, საბავშვო ბაღში იარო და…

„ბავშვობა — ყველაზე ბედნიერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში“. დარწმუნებული ვარ, მკითხველების უმრავლესობა ასე ფიქრობს და არა მხოლოდ ისინი, ეს საყოველთაოდ მიღებული ჭეშმარიტებაა.

ნეტავ ამიტომ ხომ არ „ვაწესებთ“ ერთ ფართოდ გავრცელებულ შეგონებას: „ნუ ჩქარობ გაზრდას“, „ითამაშე, სანამ პატარა ხარ, როცა გაიზრდები, მერე ხომ ვეღარ ითამაშებ“; „ბავშვობა არასოდეს დაბრუნდება, მერე გაიხსენებ ამ დროს, გული დაგწყდება, მაგრამ გვიან იქნება და თან  ჩვენც ხომ ვერ ვიქნებით მუდამ შენს გვერდით“.

რის მიღწევას ცდილობს მშობელი ამ შეგონებით? სავარაუდოდ, უბიძგებს საკუთარ შვილს „არ გაიზარდოს“, დარჩეს მუდამ მისი მზრუნველობის და მფარველობის ქვეშ.

„აჰა, რა გამოდის? თუ უფროსების აკრძალვებს ნაკლებად დავუჯერებ, მაშინ უფრო ადვილად შევძლებ ცხოვრებას? ეს უფროსები ძალიან მიბნევენ თავგზას, ხან არ შეიძლებაო, ხან უკვე დიდი ხარ და რისი გეშინიაო…დავიბენი რა… რა ვქნა? იქნებ ჯობს მათ საერთოდ არ დავუჯერო?“

კარგად თუ დაფიქრდებით, აუცილებლად გაიხსენებთ თქვენი ბავშვობის იმ პერიოდს, როცა ძალიან მოგწონდათ და გეამაყებოდათ, როდესაც მშობლები გეუბნებოდნენ: „შენ უკვე დიდი ხარ“. აქვე, სავარაუდოდ, ამოგიტივტივდებათ ის მოგონებაც, როდესაც ბრაზობდით და ჭირვეულობდით, თუ რამე არ გამოგივიდოდათ. თქვენ იცოდით, რომ მშობლები ამის გამო  უკმაყოფილოები იქნებოდნენ და შესაძლებელია რომელიმე მათგანს კიდეც დაეტუქსეთ:

  • „ასეც ვიცოდი, რომ არაფერი გამოგივიდოდა!
  • „ხომ გეუბნებოდი, რომ წესიერად არაფრის კეთება არ შეგიძლია, არა და უკვე დიდი ხარ “!

ერთი მხრივ, პატარას ძალიან უჭირს გაიზარდოს და მეორეს მხრივ, ძალიან უნდა კარგი შვილი იყოს…და მის პატარა გონებაში შესაძლოა დიდი ბრძოლები  გაიმართოს. მას სურს სწრაფად გაიზარდოს და ამით უფროსები გაახაროს, მაგრამ როგორ მოახერხოს ეს? ჰოდა, ეწყება ჯიუტობა, ჭირვეულობა, ყველაფერზე შეუძლია იტიროს, საჭმელი არ ჭამოს, გვიან დაიძინოს, სათამაშოები ძალით გააფუჭოს, მასზე პატარა დაჩაგროს.

უფროსები როგორ იქცევიან ამ დროს? როგორ და ისევ უხვად გასცემენ შეგონებებს: „შენ ხომ უკვე დიდი ხარ! რა პატარა ბავშვივით იქცევი! და რა შედეგს ვაღწევთ ამ შეგონებებით? ძალაუნებურად, „უფროსობა“ რაღაც კარგი და მნიშვნელოვანია, ხოლო „პატარობა“ ის მდგომარეობა,  რასაც სასწრაფოდ უნდა გაექცე და თავი დააღწიო.

ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს უნახავს ისეთი ზრდასრული, რომელიც  გამოიყურება და იქცევა როგორც „პატარა ბავშვი“.  მას უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად  მიღება, ის ქვეცნობიერად  მუდამ ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც მის მშობლებს მოეწონებოდათ.

რადგან საუბარი მშობლების მიერ უხვად გაცემულ „შეგონებებზე“ ჩამოვარდა, კიდევ ერთი გავიხსენოთ: „რა ამბავია ამდენი ფიქრი, მიდი დროზე გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით“; „მაგ საკითხს რად უნდა ამდენი მსჯელობა, ჩვენ ხომ აგიხსენით და გითხარით როგორც უნდა მოიქცე? გეყოფა ზოზინი და დროზე გადადი საქმის კეთებაზე (ჭამა, მეცადინეობა….); „შენ ტყუილად გაგყავს ამდენი დრო იმაზე ფიქრში, რაც ისედაც ნათელია და გადაწყვეტილია, ჩვენ უნდა დაგვიჯერო, ჩვენ უფროსები ვართ და შენზე უკეთ ვიცით, რა არის შენთვის საუკეთესო“…

მკითხველი მიმიხვდა, რომ მსურს მშობლები დავაფიქრო ისეთ სიტუაციებზე, როდესაც მისი შვილი მოულოდენელად ჩადის ისეთ საქციელს, რომ ძალიან გაკვირვებულს ტოვებს მშობლებს: „ეს როგორ ჩაიდინა?“ „ეს რამ აფიქრებინა?“  “როგორ მოხდა, რომ არ დაფიქრდა და ისე იმოქმედა?“ მე ვფიქრობ, აქ პასუხი ნათელია: ბავშვი მიჩვეული არ არის დამოუკიდებლად ფიქრს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მშობლებმა დიდი „ძალისხმევა ჩადეს“, რომ ეს ასე ყოფილიყო.  მას ხომ სულ „მზამზარეულ“ გადაწყვეტილებებს აწვდიდნენ და ახლა რატომ უკვირთ?

თუ უფრო შორს წავალთ, მოზარდობის ასაკის სხვადასხვა ტიპის ქცევით დარღვევებს შესაძლოა გარკვეული ახსნა მოვუძებნოთ. მსგავსი შეგონებებით აღზრდილი მოზარდები, ცდილობენ სხვადასხვა სახის მისაღები და მიუღებელი ქცევებით ჩაახშონ საკუთარი პრობლემები. ბავშვობაში მათ ხომ არ ასწავლეს მშობლებმა/აღმზრდელებმა სათანადო ფიქრი და განსჯა. მათთვის ხომ უფრო მარტივი და კომფორტული იყო მზა რეცეპტების გაცემა. ყველას გამორჩა მხედველობიდან, რომ საჭირო იყო ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ფიქრისა და აზროვნების სწავლება.

ზუსტად ვიცი, რომ მზრუნველი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მშობელი ხართ და  ცდილობთ არაფერი გამოგრჩეთ და გამოგეპაროთ. თქვენ ხომ კარგად გახსოვთ, ბავშვობაში დედას რომ არ დაუჯერეთ და სკვერში კატამ დაგკაწრათ, ბევრი იტირეთ, ბევრი საყვედური მიიღეთ: „აი, ხომ ხედავ, ეს იმიტომ დაგემართა უფროსებს რომ არ უჯერებ, არადა ჩვენ გაფრთხილებდით, იმედია, ამის შემდეგ მაინც ისწავლი ჭკუას“. და მართლაც, თქვენ „ჭკუა ისწავლეთ“, ახლა თქვენს შვილს სულ აკონტროლებთ, რომ კატას ხელი არ მოკიდოს, არც ძაღლებია სანდო, შეიძლება ბავშვს უკბინოს, ხეზე არ აძვრეს, ხომ შეიძლება გადმოვარდეს, ცივი წყალი არ დალიოს, შეიძლება ყელი გაუცივდეს, ბევრი არ ირბინოს, შეიძლება გაოფლიანდეს და მერე ნიავმა დაუბეროს…

მოკლედ, აბა რა ქნას მშობელმა? ხომ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ შვილს? უდავოდ, მაგრამ აქაც,  ისევე როგორც ნებისმიერ საკითხში, ზრუნვამ არ უნდა მიიღოს ისეთი სახე, როდესაც ბავშვს შეეშინდება სულ მცირე, მარტივი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება,  როდესაც ბავშვს არ ეცოდინება, რა არის საფრთხის შემცველი, რა არა და ამიტომ ყოველი ახალი საქმიანობის დაწყებისას შფოთვა და შიში გაუძლიერდება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მცდარ გადაწყვეტილებას იღებს.

ვფიქრობ, არც ერთი მშობლის საბოლოო მიზანი არ არის, საკუთარ შვილს შეშინებულს და უუნაროს ხედავდეს, ამიტომ მიაჩვიეთ თქვენი პატარა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და არც მის  მიერ პირველ ეტაპზე დაშვებული შეცდომების შეგეშინდეთ. მერე რა, თუ თქვენ ბავშვობაში კატამ დაგკაწრათ? ხომ გამოიტანეთ საკუთარი გაკვეთილი? ჰოდა, თქვენს შვილსაც სჭირდება პირადი, თუნდაც მცირე, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა.

აქ მინდა დროებით შევწყვიტო წერილის წერა და მკითხველს ამოსუნთქვის, დაფიქრების და შეფასების საშუალება მივცე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი