ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ვინ არიან ვენახების ძველი და ახალი მაოხრებლები

გადამწვარი ვენახები, სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის თანმდევი უბედურებაა. ჩვენს ქვეყანაში ვენახებს ცეცხლს ყველა ეპოქაში უკიდებდნენ, თუმცა ამის მიზეზები განსხვავებული იყო. ვენახს წვავდა მომხვდური მტერიცა და შურიანი მეზობელიც, უბედური შემთხვევაცა და მევენახეთა დაუკვირვებლობაც. შეუძლებელია ზუსტად დადგენა, თუ რამდენი ჰექტარი ქართული ვაზი გახვეულა ცეცხლის ალში, თუმცა არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი დანახშირებული ვაზის ნაშთებიც იმაზე მოწმობს, რომ საქართველოში ვაზს ყოველთვის ემტერებოდნენ.

 

ისტორიამ შემოგვინახა მტრის მიერ ქართული ვაზის გადაწვის ყველაზე საშინელი ფაქტები, რომელთაგან 1616 წელს მომხდარი ტრაგედია უნდა გამოვყოთ. ამ პერიოდში ირანის მიერ დაპყრობილი ქართლ-კახეთის მოსახლეობა ჯერ ისევ აგრძელებდა მასობრივ აჯანყებებს, რაც სპარსელებს დიდ ზარალს აყენებდა. სწორედ ამიტომ ირანის შაჰმა, აბას I-მა კვლავ გაილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა – გაეწყვიტა მამაკაცები; ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანა და კახეთში თურქმანული ტომები ჩამოესახლებინა. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდა, იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა.

 

შაჰის ბრძანებით, მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლებსა და ვენახებს სპარსეთის არმიის მებრძოლები შეესივნენ და თითქმის პირწმინდად გაანადგურეს. როგორც სპარსელი ისტორიკოსი აღწერს, მთელი კახეთი იმ დროს ვენახებით იყო დაფარული, ამ აოხრების შემდეგ კი კახეთში ვაზი იშვიათობად იქცა. ირანელები ვენახების გარშემო თივის ზვინებს აწყობდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ცეცხლი არამხოლოდ ვენახებს, ხშირად მთელ სოფლებს ანადგურებდა და ამის გამო კახეთის ომს გადარჩენილი მოსახლეობა იძულებული გახდა, რომ თავი მთებისთვის შეეფარებინა.

 

საბოლოო ჯამში, დიდი მსხვერპლის ფასად აბას I-მა ადიდებული ალაზანი გადალახა და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. უთანასწორო ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ. მხარე ნანგრევებად იქცა; მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. ამ საზარელი ისტორიის შემდეგ კახელებმა ვენახების გაშენება მაინც დაიწყეს, თუმცა კახეთის ნახევარი, მტრის აოხრების შემდეგ, დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში კვლავ გაუდაბურებული იყო.

 

ქართულ ვენახებს სპარსელების მსგავსად თურქი დამპყრობლებიც ერჩოდნენ. ცნობილი ამბავია, რომ თურქები გურიასა და განსაკუთრებით აჭარაში, ვენახებს გამიზნულად ანადგურებდნენ. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც აჭარა თურქეთის მიერ იყო დაპყრობილი, ქართველებს ვენახებს საკუთარი ხელით ათხრევინებდნენ. ცნობილია ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, როდესაც თურქი იანიჩრები ხრესილის ომის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში დაბანაკდნენ და იმერული ყურძენი ისე მოეწონათ, იქაურობის გადაწვა თურმე გადაიფიქრეს კიდეც. 1757 წელს მომხდარ ხრესილის ომში კი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა თურქებს ისეთი მწარე მარცხი აგემა, საეჭვოა, ცოცხლად გადარჩენილ ოსმალებს იმერული ყურძნის გემო შემდეგში კარგად გახსენებოდათ.

 

დამპყრობელმა ქართული ვენახები გამიზნულად ბოლოს 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში გაანადგურა. რუსეთ-საქართველოს ომის ბოლო ფაზაში, როდესაც ქართული ჯარი სამაჩაბლოდან უკან იხევდა, რეგიონში შემოსულმა რუსმა ჯარისკაცებმა დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლები: ქურთა, თამარაშენი, კეხვი, ქემერტი და სხვა… ბოლომდე გაანადგურეს. მტერმა ასევე გამიზნულად გაანადგურა ვენახები და ხილის ბაღებიც. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რუსი ჯარისკაცები სამხედრო მანქანების ავზებიდან საწვავს იღებდნენ, ვენახებს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში (რომელიც ასევე პირწმინდად არის დანგრეული) მცხოვრები მევლუდ ქრისტესიაშვილის თქმით, ომის დროს სოფლიდან წამოსულმა მთიდან საკუთარი თვალით აქვს დაინახა, როგორ იწვოდა მისი სახლი და ვენახი. მევლუდს ახალი, სამი წლის გაშენებული ვენახი ჰქონდა და 2008 წელს გორული მწვანის განსაკუთრებით დიდ მოსავალს ელოდა.

 

 

ქართულ ვენახებს მტერი ყოველთვის დიდი მონდომებითა და შემართებით ანადგურებდა, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს ამ არცთუ სასახელო საქმეს, ჩვენი დაუკვირვებელი თანამემამულეებიც აგრძელებენ. ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ მევენახეს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ვენახების დაწვის შემთხვევები. ცეცხლს, როგორც წესი, ის მევენახეები აჩენენ, რომლებსაც რთველის შემდეგ თვეებში ვენახის ბალახისაგან გაწმენდა ეზარებათ და ერთი შეხედვით ”მარტივ” გამოსავალს –  გამხმარი ბალახისათვის ცეცხლის მოკიდებას მიმართავენ. ცეცხლის გაკონტროლება რასაკვირველია, ძალიან რთულია და ხშირია შემთხვევები, როდესაც ასე უაზროდ გაჩენილ ხანძარს არამხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მიჯრით მდებარე ვენახის განადგურება გამოუწვევია.

 

როგორც ჩანს, ვენახებს ძირითადად ორ შემთხვევაში უჩნდება ხანძარი და ორივე ეს შემთხვევა დაუკვირებლობითაა გამოწვეული. პირველი მაშინ, როდესაც ადამიანს ვენახში არსებული ბალახის გაწმენდა ეზარება და ვენახშივე ანთებს ცეცხლს ბალახის ”მარტივად შეტრუსვის” იმედად. სხვათა შორის, ხალხში არსებობს მოსაზრება, რომ ეს მეთოდი ვენახს ანოყიერებს. მაშინ როდესაც, ცნობილია ”ბიო” მევენახეობის პრინციპები, რაც იმას გულისხმობს, რომ ვენახში უნდა დარჩეს ყველაფერი ის, რაც ”ვენახს ეკუთვნის”.

 

სხვა შემთხვევაში კი გლეხები ბალახს კი თიბავენ, მაგრამ ვენახიდან მოშორებით წაღებას, გათიბულის იქვე დაწვას ამჯობინებენ და ბევრს არაფრად უღირს ის, რომ მათი დაუკვირვებლობით სხვა, უდანაშაულო მევენახეები ზარალდებიან. არსებობს კიდევ ერთი – შურიანი ხალხის ფაქტორი. საუბარია შურიან მეზობლებზე, რომელსაც წარმატებული მეზობლის მშვენიერი ვენახი თვალში არ მოსდით და უკადრებელს კადრულობენ. თუმცა, ამის დადასტურება, რასაკვირველია, ძნელია და კონკრეტული ადამიანების დადანაშაულებაც არ იქნებოდა მართებული.

 

ფაქტი ისაა, რომ ბოლო წლებში ვენახების გადაწვის შემთხვევები მართლაც ძალიან მომრავლდა და აქედან გამოსავალი არ ჩანს. დაზარალებული მევენახეები ამბობენ, რომ მათი ვენახის გადამწველების მიმართ არანაირი ზომები არ მიღებულა, რადგან ამას აზრი არცა აქვს. თუკი ხანძრის გამჩენ მეზობელს დაიჭერენ, ეს ვენახს ვერ განაახლებს, რიგით გლეხებს კი დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი