ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლადო ასათიანი VS რადიარდ კიპლინგი – „სპარსელ ქალწულს“  VS „ბალადა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე“

ლადო ასათიანს და რადიარდ კიპლინგს ერთმანეთს აშორებს დრო და სივრცე, ქართველი პოეტის ხანმოკლე სიცოცხლე მხოლოდ 26 წელს ითვლის და მეოცე საუკუნის ამ მცირე ჩარჩოთი შემოიფარგლება: 1917-1943. ის დაიბადა და გაიზარდა მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილ ქვეყანაში, დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე, მაგრამ საბჭოთა იმპერიის ერთ პროვინციულ თავისუფლებადაკარგულ  რესპუბლიკაში.  იგი ოფიციალურად არ იყო რეპრესირებული, მაგრამ მისი წიგნი  „წინაპრები“ გამოცემისთანავე დაჭრეს და აკრძალეს ეროვნული, პატრიოტული და, შესაბამისად, ანტიკომუნისტური სულისკვეთების გამო. ცერბერი ცენზურა თავისუფალ პოეტურ სიტყვასაც ისევე ანადგურებდა და სპობდა, როგორც თავისუფალი ნების ნებისმიერ გამოვლენას.   ამგვარად, ჭლექისგან დაავადებულ პოეტს უფრო გაუმწარეს სიცოცხლე და დააჩქარეს მისი აღსასრული.

რადიარდ კიპლინგი – მთელ მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი მწერალი,  დიდი, ლაღი და თავისუფალი  ქვეყნის შვილი, ინდოეთში დაბადებული. მისი სიცოცხლის დროის ჩარჩოებია: 1865-1936. არასოდეს უგემია ეროვნული მონობის, დამცირებისა და შეურაცხყოფის აუტანელი გემო. ბრიტანეთის იმპერიული სულისკვეთებისა და იდეალების გამზიარებელი. 1907 წელს ნობელიის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი.  და კიდევ სხვა  ლიტერატურული ჯილდოების მფლობელი. 71 წელი ცოტა არ იყო წარმატების მისაღწევად, მსოფლიოში სამოგზაუროდ და დიდი გამოცდილების მისაღებად. მისი  Magnum opus – „ჯუნგლების წიგნი“ დღემდე არ კარგავს მკითხველს. მაუგლის ამბები შთამაგონებელია ანიმატორებისა და კინორეჟისორებისათვის.

რა არის  ამ წერილის „რინგზე“ ამ ორი შემოქმედის დაპირისპირების მიზეზი? მიუხედავად ამდენი განსხვავებისა, მათ  აახლოებთ პოეზია, რომლის ტაძარში ისინი ერთნაირი აღტყინებით იჩოქებდნენ და თავდადებით მიჰქონდათ მის საკურთხეველზე თავიანთი გულები.

დაპირისპირების (რა თქმა უნდა, პირობითად) მიზეზი მათს ცნობილი ლექსებში გამოთქმული მარად აქტუალური  თვალსაზრისია.

აღმოსავლეთი თუ დასავლეთი?

რადიარდ კიპლინგი თავის ცნობილ ლექსში „ბალადა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე“ წერს: „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი_ აღმოსავლეთი და ისინი არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს“ („Oh, East is East, and West is West, and never the twain shall meet“):

ო, დასავლეთი დასავლეთია,

აღმოსავლეთი სხვაა ხნიერი!

დარჩება ასე, მიწას და ზეცას

არ განიკითხავს ვიდრე ციერი.

მაგრამ რას ნიშნავს ჯიში და მოდგმა,

რაა მამული, სისხლი, იერი,

როცა პირისპირ, როცა პირისპირ,

ძლიერს პირისპირ ხვდება ძლიერი! “(მურმან ლებანიძის თარგმანი).

ამ ბალადაში კიპლინგი აღწერს ავღანელი კაცის  ვაჟკაცობას, აღტაცებულია მისი სიმამაცით, მაგრამ ბოლოს, ეს თავმოყვარე, ღირსეული და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი თავის შვილს ინგლისელ პოლკოვნიკს ატანს, რათა ინგლისის დედოფალს ესახუროს. ამ ბალადის თაობაზე პაატა ჩხეიძე წერს:  „კიპლინგი, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ განკითხვის დღემდე აღმოსავლეთი და დასავლეთი განსხვავებული დარჩებიან და აღარასოდეს შეერთდებიან, მეორე მხრივ კი, სწორედ შეერთების გზას ეძებს, ცდილობს აღმოსავლურ ლაბირინთში დასავლური ღირებულებების ბილიკი გააძვრინოს“. მისი აზრით, „კიპლინგი მოხიბლულია ავღანელის ვაჟკაცობით, მაგრამ პრობლემას ვაჟკაცობა ვერ წყვეტს და მხოლოდ აღმოსავლელი ვაჟკაცების დასავლეთის, თეთრი დედოფლის, სამსახურში ჩადგომით, მოგვარდება პრობლემა“. „ბალადის ფინალი ალოგიკურია, შეიძლება ითქვას დონ კიხოტურიც, ქემალის მხრიდან. იგი თავის მხოლოდშობილ ვაჟს დედოფლის სამსახურში უშვებს და ავალებს, რომ კარიერა გაიკეთოს ბრიტანეთის არმიაში და თუ საჭირო იქნება, საკუთარ ხალხი და საკუთარ მშობლებიც კი არ დაინდოს“ (https://luarsabi.wordpress.com/2011/03/11).

ამგვარად, კიპლინგისთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შერიგება-მორიგების თემა მოუგვარებელია.

ლადო ასათიანი კი  თავის ლექსში „სპარსელ ასულს“ წერს:

„მე ხელებს გავშლი და შეერთდება

აღმოსავლეთი და დასავლეთი“.

რას ეფუძნება მისი ამგვარი ოპტიმიზმი? მან კარგად იცის ქართული კულტურის რაობა და ხასიათი, მისი ისტორია, შესაბამისად, შეუძლია დაინახოს მომავალი წარსულში. როგორც ცნობილია, გეოგრაფიულად საქართველო არის ევროპისა და აზიის ერთგვარ გზაჯვარედინზე. ჩვენს კულტურაში შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური ტენდენციები. ჩვენი ეროვნული რაობისა და მეობის გამომხატველი, ქართული სულის  პოეტური ენციკლოპედია „ვეფხისტყაოსანი“ ამის საუკეთესო დასტურია. მას კი ლადო ასათიანი მიიჩნევდა წიგნად, რომლის სტრიქონები ქართველს ყოველდღე ლოცვასავით უნდა წაეკითხა. მასში აღმოსავლურია  გამოხატვის ფორმა და სტილი, მხატვრული სახეების სტრუქტურა,  ხოლო დასავლურია ის რენესანსული ღირებულებები, რომლებიც ავტორის მსოფლმხედველობასა, პერსონაჟთა ხასიათებსა და ქცევაში, მათს შეხედულებებსა და  ამბავთა გადმოცემის ლოგიკაში მჟღავნდება. ჩვენი კულტურის დასავლური ხასიათი წარმოჩნდება კიდევ ბევრი რამეში, უპირველესად,  ქრისტიანული რელიგიის არჩევანში. ქართული ლიტერატურა, მიუხედავად აღმოსავლურის გავლენისა, მაინც დასავლური გზით ვითარდებოდა, ამას  მოწმობს ჩვენი   სასულიერო მწერლობა, რომანტიზმი, აღორძინების ხანა, მოდერნიზმი (თავისი განშტოებებით: სიმბოლიზმი, ფუტურიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი) და სხვ.

საქართველოს სპარსეთთან (მისი სახით კი აღმოსავლეთთან) ურთიერთობის წიგნი სავსეა სისხლით, სიძულვილით,  სიყვარულით,  ბრძოლებით,  დაპყრობებით,  პოლიტიკური ქორწინებებით, ქეთევან დედოფლისა, შალვა და ელიზბარ ერისთავების, ბიძინა ჩოლოყაშვილის  წამებით, მძევლებით, ვასალებით. შაჰ-აბასის მიერ ფერეიდანში  გადასახლებული ათასობით ქართველის ცრემლებით. და თანვე, ამგვარი პოეტური შთაგონებით დაწერილი სტრიქონებით:

„სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი“ (თეიმურაზ მეფე).

ტრადიციულად, დასავლეთი ასოცირდება გონებასთან, რაციონალურთან, მატერიალურ-ტექნიკურ პროგრესთან,  აღმოსავლეთი კი  ინტუიციასთან, მისტიკურსა და  შეუცნობელთან.  უამრავი წიგნი, წერილი, სამეცნიერო ნაშრომი თუ ესეა დაწერილი აღმოსავლური და დასავლური კულტურების რაობაზე, მათს მსგავსებასა თუ განსხვავებაზე. ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებით გამძაფრდა ეს თემა მეოცე საუკუნის 10-20-იან წლებში. ამ დროის  მოაზროვნე, მოღვაწე და შემოქმედებით ადამიანებს ქვეყნის დასავლური პოლიტიკურ-კულტურული ორიენტაცია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ეროვნული გადარჩენის ერთადერთ გზად ესახებოდათ. ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში „ევროპა თუ აზია“ (თბ. 1977) თავმოყრილ წერილებში სიღრმისეულად წარმოჩნდება, რას ფიქრობდნენ ამ თემაზე გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე, გერონტი ქიქოძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე,   და სხვები. „საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის: ჩვენ ვიწვით აღმოსავლეთის ფიქრმორეული შუადღით, როცა მზის ღელეთა მარმაშში პანი იბადება მძიმედ მთვლემარე; ჩვენ ვერთვით დასავლეთის საშიშარ სიცხადეს, საცა თვალღია ფანტასმაგორიებში „ძეობა“ იკვეთება ძლევამოსილი. ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა“ (გრიგოლ რობაქიძე, „ქართველ მწერლებს“) „ჩვენ გვწამს… შედუღება დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურისა~ (შალვა აფხაიძე „ქართული პოეზიის პერსპექტივები“, 1919). უმრავლესობისაგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელიც თავის წერილში „აზიისკენ“ ასაბუთებდა დასავლური გეზის მოჩვენებითობასა და სიყალბეს. მისი აზრით, „ყველა ევროპიულობის ციებცხელებამ შეიპყრო. ყველას უნდა ბინოკლის შეფერება. თუმც ეს გაევროპელება გარუსებას უფრო ჰგავდა, რაც უარესია“.  იგი იხსენებდა, რომ „ევროპის უდიდესი რომანტიკოსები, გოეთეს მთავარსარდლობით, ფიქრით მაინც აღმოსავლეთისკენ მოემართებოდნენ. ჩვენი პატარა „ვიღაცები“ კი გარბოდნენ აქედან თავჩაღუნულნი, მაგრამ ახალი თაობა ისევ აზიის შარაგზას უნდა გაუდგეს“, „აზიაში დაგვიღამდა და აზიაშივე უნდა ველოდეთ ჩვენი ხელოვნების დილას. დევიზი: უკან, აზიისკენ წინ წასასვლელად, მაგრამ ჩინეთის კედლები კი არა, ქართული დარბაზობა!“

ლადო ასათიანი ამ ლექსის_ „სპარსელ ასულს“_ პათოსით თითქოს ეხმიანება გრიგოლ რობაქიძის მეტაფორულად გამოთქმულ თვალსაზრისს: „დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოში იხდიან ქორწილს“.  ამავე აზრს მეტაფორულად ასე გამოხატავდა ტიციან ტაბიძე: „ჰაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში, / ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის „ბოროტ ყვავილებს“.

ლადო ასათიანის საოცარი ენერგეტიკით, სიცოცხლის წყურვილით, ფერწერულობითა და მუსიკალურობით გამორჩეულ ამ ლექსში შთამბეჭდავადაა გამოკვეთილი სიყვარულისა და პოეზიის ძალა:

„ჩვენი რუსთველი, შენი საადი ჩემს სამარესთან იშაირებენ“.

საადი შირაზელი მე-13 საუკუნის სპარსელი პოეტია. მისი პოეზიის თარგმანის ისტორია ჩვენს დროში გაამდიდრა გიორგი ლობჟანიძემ, რომელმაც არაჩვეულებრივად თარგმნა მისი „გოლესთანი“ და აღმოსავლური მხატვრული სამყაროს სიბრძნე და სურნელი ახალი ნიუანსებით შეგვაგრძნობინა. ლადო ასათიანისთვის რუსთაველი და საადი ორი სხვადასხვა კულტურის მწვერვალები არიან. მათი ერთად  „შაირობა“ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთგაგების დასტურია.

ტიციან ტაბიძეს სჯეროდა, რომ მომავალ ქართველ პოეტში ერთმანეთს „შეხვდებოდა“ რუსთაველი და მალარმე“. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოცნებას ფრთა შეესხა   გალაკტიონის პოეზიაში. რუსთველი მისთვის იყო: ეროვნული (აღმოსავლურ-დასავლურის სინთეზი), ხოლო მალარმე_ დასავლური კულტურის სინონიმი.

ლადო ასათიანის აზრით, აღმოსავლეთი და დასავლეთი არა მხოლოდ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, არამედ გადაეხვეოდნენ და შეიყვარებდნენ, ისეთივე ვნებითა და გატაცებით, როგორც მან შეიყვარა თვალწარმტაცი სპარსელი ასული, თავისი უძირო სევდით სავსე თვალებით რომ შეჰყურებდა სამყაროს და მის საიდუმლოებათა ამოცნობას ლამობდა.

„შენ შემეფეთე და ჩამჩურჩულე აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი“.

პოეტი ხატავს შეყვარებულთა შეხვედრის მოწმე რომანტიკულ საღამოს: „შუქთა შურდულით ათინათინდა ვარსკვლავთ ჭავლები“.  ამ ლექსის პოეტური სააზროვნო სტილისტიკა ეხმიანება  ქართულსა თუ მსოფლიო  ლიტერატურულ დასავლურსა თუ აღმოსავლურ ტრადიციას (რუსთველი, ბარათაშვილი, აკაკი, დანტე, ნიზამი, ჰაფიზი, რუმი, საადი), როდესაც მნათობთა ციური დასნი და მთელი კოსმოსი ერთვება სასიყვარულო ფერხულში.

ლექსის მიხედვით, მიწაზე დაბადებული სიყვარული ზეცამდე ადის და ღვთაებრიობამდე მაღლდება, ყოველგვარი მატერიალურისგან განიწმინდება და წმინდა სახით იწყებს ლივლივს. თანვე არ კარგავს თავის მიწიერ მეხსიერებას, რომელიც დროდადრო შემოიჭრება. ამგვარად, ლექსში იქმნება ერთგვარი ჯადოსნური, მაგიური დრო-სივრცე, რომელიც მკითხველს სიყვარულის უძლეველობაში აჯერებს და ამ განცდით თავბრუდახვეული მკითხველი, მხატვრული სახეებით დაჰიპნოზებული რეალობის სამანებს გაარღვევს და ლექსის დავრიშივით იწყებს მოგზაურობას უკიდეგანო სამყაროში:

„მე – შთაგონებით მთვრალი და ხელი,

გეტყვი, რა იყო ჩვენი წარსული,

შენ მოიღერე ჯეირნის ყელი

და გამაგონე შენი სპარსული.

ლამაზო ხანუმ, სპარსეთით მოხველ,

გულის მურაზი გეპოვა გსურდა,

შენ კი წააწყდი ვიღაცა ოხერს

და მასთან ჰპოვე ერთობა სულთა“.

კულტურათა შორის დიალოგი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ნებისმიერ ეპოქაში.  კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ მას შეუძლია „ჩატეხილი ხიდების“ აღდგენა, თუმცა ეს ხიდები მაინც ინგრევა ეროვნული, რელიგიური თუ სხვა ტიპის განსხვავებულობის გამო. ათასგვარი დაპირისპირება ერთმანეთს აშორებს და აუცხოებს ადამიანებს.   საქართველო კი ყოველთვის და დღესაც თავის თავში იკრებს სხვადასხვა კულტურის ნაკადებს.  ეს არის მისი არჩევანიც და ბედისწერაც. ლადო ასათიანმა ამ ლექსით კიდევ ერთხელ დაგვაჯერა, რომ პოეზია, კულტურა, სიყვარული  არის ის ძალა, რომელსაც  შეუძლია აღმოსავლეთისა და დასავლეთის „შეერთება“:

„მე წამოვდგები, კვლავ აენთება

ცის ლაჟვარდებში ვარსკვლავთ ჭავლეთი,

მე ხელებს გავშლი და შეერთდება

დასავლეთი და აღმოსავლეთი“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი