მეგობრობის მნიშვნელობა სასკოლო ასაკში

 

 

მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ახლო მეგობრობა ხელს უწყობს დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, იძლევა ახლო ურთიერთობების დამყარების საფუძველს და ავითარებს თანაგანცდის (ემპათიის) უნარს, რადგან მეგობრები ცდილობენ ჩაუღრმავდნენ საკუთარ თუ ერთმანეთის განცდებს. ეს ურთიერთობა ეხმარება ბავშვებს ყოველდღიური სტრესების დაძლევაში და სკოლის მიმართ პოზიტიურ განწყობას ქმნის. იმ ბავშვებს, რომლებსაც კლასში მეგობარი ეგულებათ,  უხარიათ სკოლაში წასვლა, ხოლო უმეგობრობა და მტრული გარემო შიშის და შფოთვის განცდას ბადებს მათში. მეგობრობის წამოწყება ადვილია უმცროს სასკოლო ასაკში. ის უფროს ასაკთან შედარებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. თუ სკოლამდელისთვის ყველა ის ბავშვი მეგობარია, ვისთან ერთადაც თამაში უწევს, სასკოლო ასაკის ბავშვები  უკვე ავიწროებენ მეგობართა წრეს და სხვადასხვა კრიტერიუმებით ირჩევენ მათ. უმცროს სასკოლო ასაკში მეგობრების მსგავსება ძირითადად ასაკით, სქესით, ეთნიკურობითა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით განისაზღვრება. შემდგომში, ისინი მეგობრად ირჩევენ პიროვნული თვისებებითა და აკადემიური მოსწრებით მსგავს ადამიანებს. მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობა ხდება და მისი ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, რომ ბავშვებს ერთად ყოფნა უნდოდეთ. ისინი ერთმანეთისგან ნდობას და ერთგულებას მოითხოვენ, გასაჭირში ეხმარებიან ერთმანეთს და ერთად აღნიშნავენ მნიშვნელოვან წარმატებებს. მეგობრები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ისინი მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ემსგავსებიან, ხშირად უჩნდებათ საერთო ინტერესები, უყალიბდებათ ერთნაირი ღირებულებები, განწყობები (ატიტუდები) და სოციალური ქცევა.

ის ბავშვები, რომლებიც თანაგრძნობის უნარითა და პროსოციალური ქცევით გამოირჩევიან, დამეგობრების შემდეგ ერთად აგრძელებენ საზოგადოებისთვის მისაღებ ქმედებას. რაც შეეხება აგრესიის მაღალი დონის მქონე ბავშვების მეგობრობას, ხშირია მათ შორის და მათი მხრიდან სხვა ჯგუფების მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. ამ ასაკში, სკოლამდელი ასაკისგან განსხვავებით, კონფლიქტისას შერიგება ისე იოლი აღარ არის და მის მიზეზებზე საუბარი და ბოდიშის მოხდა აუცილებელი ხდება.

რიდ ლარსონისა და მისი კოლეგების კვლევაში თინეიჯერებსა და მოზრდილ ადამიანებს სთხოვდნენ ერთი კვირის განმავლობაში თან ეტარებინათ ელექტრონული პეიჯერი და დაეფიქსირებინათ, მარტო იყვნენ თუ ვინმესთან ერთად. შედეგების მიხედვით, მოცემული დროის 70% მოზრდილებმა და 74%  თინეიჯერებმა სხვებთან ერთად გაატარეს. ეს შეიძლება აიხსნას აფილაციის ტენდენციით – ადამიანის მისწრაფებით, იყოს ვინმესთან ერთად, მიეკუთვნებოდეს რომელიმე ჯგუფს. ინდივიდუალურია ამ სურვილის სიძლიერე და კვლევების მიხედვით, მეგობრობის მოტივაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეებმა მეტი იციან მეგობრების შესახებ, აქვთ უფრო მყარი ურთიერთობები და მასწავლებლები მათ აფასებენ, როგორც მეგობრულებს, აფექტურებს, თანამშრომლურებს, ბედნიერებს და პოპულარულებს. თინეიჯერების მეგობრობა უფრო ახლო ურთიერთობად გადაიქცევა. ის ეფუძნება მეგობრებს შორის პიროვნულ მსგავსებას. როცა ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირი რწმენები და შეფასებები აქვთ, ვრწუნდებით ჩვენს სისწორეში. ამ დროს გვიჩნდება დადებითი ემოციები და შესაბამისად, გვსიამოვნებს ამ განცდის მომტან ხალხთან ურთიერთობა. ამიტომ, მეგობრების შერჩევისას უფროსი ასაკის ბავშვები განწყობების მსგავსებასაც ითვალისწინებენ.

ჰიმელის კვლევაში, მოსწავლეებს სთხოვდნენ, თანატოლებისთვის მიენიჭებინათ ქულები მოწონების მიხედვით, ასევე დაესახელებინათ ვისთან ერთად სურდათ თამაში. ამ სოციომეტრიული ტექნიკით ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ იყო სოციალურად აღიარებული ბავშვი ჯგუფში. მათ გამოჰყვეს რამდენიმე კატეგორია:

  1. პოპულარული ბავშვები. ეს ბავშვები, შესაძლოა, ორი სხვადასხვა მიზეზით იმსახურებენ ბევრ დადებით ხმას. მათი უმრავლესობა გამოირჩევა კარგი აკადემიური მოსწრებითა და სოციალური კომპეტენციის უნარებით, არიან მეგობრული და თანამშრომლური (პოპულარულ-პროსოციალური ბავშვები). პოპულარულ-ასოციალური ბავშვები – ე.წ. „ჩხუბისთავი“ ბავშვები, რომლებსაც შიშის და ავტორიტეტის გამო აძლევენ ხმებს.
  2. უარყოფილი ბავშვები. აქაც, ორი ქვეტიპი გამოიყოფა. უარყოფილ-აგრესიული ბავშვები, რომლებიც ქცევის პრობლემებით გამოირჩევიან, არიან კონფლიქტურნი და იმპულსურნი. საკუთარ სიბრაზეს სხვების ქმედებებზე რეაქციად აღიქვამენ და ამავდროულად, გამომწვევად იქცევიან, რაც მათ დაცინვას და გარიყვას უწყობს ხელს. უარყოფილ-პასიური ბავშვებს შესაძლოა, სიმორცხვის გამო ეშინოდეთ თანატოლების დაცინვის და ამიტომ ერიდებოდნენ სოციალურ ურთიერთობებს. უარყოფილი ბავშვები ხშირად უმეგობრდებიან სხვა უარყოფილ ბავშვებს. თუ ბავშვი არ არის მიღებული საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიერ, ის ცდილობს იპოვოს მეგობრები საწინააღმდეგო სქესის თანატოლებში. ამიტომ ხშირად ადრეულ მოზარდობაში, როგორც ძალიან პოპულარულ, ასევე გარიყულ ბავშვებს განსხვავებული სქესის მეგობრები ჰყავთ. თანატოლების მიერ უარყოფილ ბავშვებს ნაკლებად უჩნებათ სასკოლო აქტივობებში მონაწილეობის მიღების ხალისი.
  3. წინააღმდეგობრივი ბავშვები. ასეთ ბავშვებს ერთდროულად აქვთ წინა ორივე ჯგუფის თვისებები და მათი სოციალური სტატუსი მათ ქცევებზე თანატოლების რეაქციის მიხედვით იცვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეგობრების ყოლა სასკოლო ასაკში მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ მდგომარეობასა და აკადემიურ მოსწრებაზე და გარკვეულწილად განსაზღვრავს მათ მომავალს. ამ დროს ვითარდება სოციალური კომპეტენციისთვის საჭირო უნარები. ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლები ამ კუთხით წარმართავენ ძალისხმევას და შვილის ინტერესის სფეროს მიხედვით შეარჩევენ სპორტულ ან შემოქმედებით წრეს, სადაც ბავშვი პოტენციური მეგობრები პოვნას შეძლებს. ასევე, დადებით გავლენას ახდენს მათი თბილი დამოკიდებულება შვილების მეგობრებთან და მათ მშობლებთან, ერთობლივი საინტერესო და გასართობი ღონისძიებები. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ მაგალითს, რადგან ბავშვები მათგან სწავლობენ ურთიერთობებსაც.

ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადი განათლების ამოცანაა, მოსწავლეს ცოდნასთან ერთად მისცეს იმ უნარ-ჩვევების განვითარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საშუალება, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. შესაბამისად, საჭიროა, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს კლასში მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, გარიყულ ბავშვებს შეუქმნას მეგობრების ძებნის მოტივაცია და  ებრძოლოს იარლიყებს. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

  • მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. როცა საქმე ბავშვებს ეხება, როლური მოდელი კარგად მუშაობს. ისინი მასწავლებლისგან ისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ სხვა ადამიანებთან დადებითი ურთიერთობები ჰქონდეთ.
  • ჯგუფური აქტივობები. მასწავლებელს შეუძლია კლასის მცირე ჯგუფებად დაყოფა სასწავლო მიზნებისა და სახალისო დავალებების შესასრულებლად, ისე, რომ სხვადასხვა მეგობრული დაჯგუფებების წევრები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ეს ხელს შეუშლის ბავშვების გარიყვას.
  • აქტივობები ღია ცის ქვეშ. გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობები, ექსკურსიები საშუალებას აძლევს ბავშვებს, კლასგარეშე გარემოში დაინახონ თანატოლები და შესაძლოა ისეთი საერთო ინტერესები აღმოაჩინონ, რის შესახებაც მანამდე არ იცოდნენ.

 

 

 

 

კომენტარები

comments