ზაფხულის ნათელი დღეები

“კმაყოფილი ჭაბუკი მივიმღერი, ვიჩქარი,
იღვიძებენ გზადაგზა სიყმაწვილის დღეები;
წისქვილები,
მინდვრები,
წყაროები,
ტყეები
და…
კაკლების ჩეროში
ჩვენი სახლიც…
შეხედე!“

მერე რამდენიმე სტროფს გამოვტოვებ და ეს მახსენდება:

„ცაო, შენი ბრალია,
მიწას რომ არ აჩნია
ჩემი პატარაობის
მკრთალი ნაფეხურები“.

რაღაც ოხრად უცნაური მახსოვრობა მაქვს. ზოგი მნიშვნელოვანი რამ რამდენიმე წუთში მავიწყდება და ახირებული ამბები და ფაქტები მახსოვს. მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსიც რამდენიმე წლის წინ მაქვს წაკითხული 1987 წელს გამოცემულ „დროშის ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნში. სადღაც სოფელში გვაქვს შენახული რამდენიმე ასეთი პერიოდიკა და ზაფხულობით ვკითხულობ ხოლმე. მაგრამ, როცა აქ ჩამოვდივარ, ვიდრე სახლამდე მოვალ, ყოველთვის ძალიან თავისთავადად, თითქოს ჰაერი უკან ამოეტანოთ ფილტვებს, ლექსის რომელიმე სტროფი ან ფრაზა წამომცდება. ცოტა არტისტულადაც გავაფორმებ ზოგჯერ და ასე ვესალმები ბავშვობის ადგილებს. დაახლოებით ისეთი ამბავია, ილია რომ ჯავრობს, როგორ მიმიღებს ჩემი ქვეყანაო. არც მე ვარ ჭავჭავაძე და რაჭის პატარა სოფელიც არაა ქვეყანა, მაგრამ…

რატომ თამაშობენ ბავშვები?.. ამით ისინი სოციალურ როლებს ითავისებენ, ცხოვრებას იჩვევენ, წარმოსახვას ივითარებენ და იმავდროულად იკმაყოფილებენ. ზაფხულის პერიოდი ის დროა, როდესაც მოსწავლეებს ყველაზე მეტი დრო აქვთ თამაშისთვის, ან უკეთ რომ ვთქვა, იმ საქმეებისთვის, რაც მათ თავად სურთ, აკეთონ. თამაშით სწავლება ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდია. მით უფრო, თუ ეს თამაშიც და შესასწავლი ობიექტიც ბავშვის არჩეულია და არაფერი ხდება მცირე ძალდატანებითაც კი.

სასწავლო წლის მანძილზე, როდესაც ბავშვს ერთ ქალაქსა თუ სოფელში, თავის სკოლასთან ახლოს, თავის სახლში ცხოვრება უწევს, რთულია მას შეუქმნა გარემო საკუთარი ახალი წარმოდგენა-ინსპირაციებისთვის, თამაშებისთვის, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციო-ეკონომიკურ რეალობას თუ გავითვალისწინებთ. ზაფხულში მეტი შესაძლებლობაა, ბავშვებისთვის იმგვარი გარემოს შექმნის, სადაც ისინი განივითარებენ წარმოსახვას, იკითხავენ, ითამაშებენ.

ყველაზე სულელური თემა, რაც სკოლაში თუ სკოლის მერე დამიწერია, ან რაც კი გამიგია, იყო და არის: „როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები“. ასეთ რამეს რომ მეკითხებოდა ჩემი მასწავლებელი და თან შემდეგ გაკვეთილზე, თავისი ოჯახის პრობლემებზე ან სამასწავლებლოში გაციებულ ფინჯან ყავაზე ფიქრობდა, ცუდად ვხდებოდი. მაშინ მეგონა, რომ იმ ნათელ დღეებს კარგად ვერ აღვწერდი, ახლა კი დარწმუნებული ვარ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დავიწყებული არიან, ან ზემოქმედება არ მოუხდენიათ ჩემზე.

სოფლები, ძველი სახლები, ნათელი დღეები, თავისუფალი დრო, მინდვრები და ტყეები და მდინარე, წიგნები, ჩიტების ბუდეები, სხვადასხვა ფორმის თეთრი ღრუბლები – ისაა, რაც აუცილებლად უნდა დავუგროვოთ ბავშვებს თავიანთ მოგონებებში, რომ მერე მუდმივად ჰქონდეთ ადგილები, პერსონაჟები, ამბები, სურნელები, ხმები, რომლებსაც მუდმივად დაუბრუნდებიან ხოლმე.

 

 

 

კომენტარები

comments