სწავლის შედეგების შიდა შეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში, ნაწილი III)

სწავლის შედეგების შიდა შეფასების პროცესის პირველ ეტაპზე შიდა ვერიფიკატორმა უნდა დაადასტუროს, რომ მასწავლებლის მიერ შერჩეული შეფასების მექანიზმები და რესურსები დამაკმაყოფილებელია და პედაგოგის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ადასტურებს სწავლის შედეგების მიღწევას.  სანამ ვერიფიკატორი უშუალოდ შემოწმების პროცესს დაიწყებს, აუცილებელია საკოორდინაციო შეხვედრის გამართვა შესაბამისი საგნის პედაგოგებთან. შეხვედრაზე განხილული უნდა იყოს ისეთი საკითხები, როგორიცაა პროცესის მიმდინარეობა და მოსწავლეთა ნამუშევრების შერჩევა. სამუშაო შეხვედრის გამართვა ასევე აუცილებელია ბოლო ეტაპზე, რათა მასწავლებელს მიეცეს შესაბამისი უკუკავშირი და მიეწოდოს არსებული ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

უშუალოდ შემოწმების დროს, შიდა ვერიფიკატორმა უნდა შეავსოს სათანადო ფორმა, სადაც აღწერს მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასების შემოწმების შედეგებს, პროცესის მიმდინარეობას და გასცემს რეკომენდაციებს. აღნიშნული ფორმა შესაძლებელია სკოლამ თავად შეიმუშაოს საგნობრივი კათედრების ჩართულობით და განიხილოს პედაგოგიურ საბჭოზე. მნიშვნელოვანია, სასკოლო თემის შეთანხმება ისეთ არსებით დოკუმენტზე, რომელიც მომავალში უშუალოდ მათი მუშაობის პროცესის შეფასებისთვის იქნება გამოყენებული. ამით, ერთი მხრივ, ადმინისტრაცია ანაწილებს პასუხისმგებლობას ორგანიზაციის წევრებზე და, მეორეს მხრივ, ზრდის ინფორმირებულობის დონეს დაწესებულებაში.

ნაბიჯი პირველი – შეფასების ინსტრუმენტების შემოწმება

შიდა ვერიფიკატორი პირველ რიგში პროცესს იწყებს შეფასების ინსტრუმენტის შემოწმებით. ნებისმიერი საგნის შემთხვევაში შემფასებელი აკვირდება:

  1. რამდენად შესაბამისია შეფასების რუბრიკა შედგენილი დავალების მიზანთან და შინაარსთან?
  2. რამდენად გამჭვირვალეა შეფასების კრიტერიუმები?
  3. ადასტურებს თუ არა შეფასების რუბრიკა სანდოობასა და ვალიდურობას?
  4. მოგროვებულია თუ არა ყველა მტკიცებულება?

თუ შემოწმების პირველ ეტაპზე გამოვლინდა ხარვეზები შეფასების ინსტრუმენტებში, მოსწავლეთა შეფასებული ნამუშევრების გადამოწმება აზრს კარგავს. ამ დროს შიდა შემფასებელს შეუძლია პროცესი არ გააგრძელოს. ნათელია, რომ არაობიექტური და შეუსაბამო შეფასების რუბრიკით შესწორებული დავალებები და ამის საფუძველზე დაწერილი ნიშნები  ვერ დაადასტურებენ მოსწავლის მიერ სწავლის შედეგების მიღწევას.

ნაბიჯი მეორე – შეფასების პროცესის შემოწმება/სწავლის შედეგების დადასტურება

იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ შეფასების ინსტრუმენტები შესაბამისია და აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, შიდა ვერიფიკატორი ირჩევს მოსწავლეთა ნამუშeვრებს და ამოწმებს, რამდენად სწორად შეაფასა პედაგოგმა შესრულებული დავალებები.

შიდა შემოწმების პროცესში მნიშვნელოვანია შერჩევის ეტაპი. უშუალოდ შეფასების დაწყებამდე, ვერიფიკატორი აგროვებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუშებს, შეფასების რუბრიკას და აზუსტებს სტანდარტის იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც ემსახურებოდა აღნიშნული დავალება. შესაძლებელია პროცესი განხორციელდეს არამხოლოდ შემაჯამებელი, არამედ ნებისმიერი სხვა ტიპის დავალების შეფასებისას. ორივე შემთხვევაში შემფასებელს დასჭირდება ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. შერჩევისას არსებითად მნიშვნელოვანია ვერიფიკატორმა თავად აირჩიოს რომელი მოსწავლის შეფასებულ ნამუშევარს განიხილავს. საჭირო არ არის ყველა მოსწავლის ნამუშევრის შესწავლა, თუმცა აუცილებელია იმგვარი რაოდენობის შერჩევა, რომ თითოეული საგნის ფარგლებში დადგინდეს რამდენად თანმიმდევრულ შეფასებას აკეთებენ მასწავლებლები და რამდენად გადიან სტანდარტის შედეგებზე. ობიექტური სურათის მისაღებად მიზანშეწონილია მტკიცებულებების რაოდენობა იყოს კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 20%. იმ შემთხვევაში, თუ კლასში 20 მოსწავლეზე ნაკლებია, საკმარისია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 5 მოსწავლის შეფასებული ნაშრომის გადამოწმება. თუ შეფასების პროცესში გარკვეული შეუსაბამობები დაფიქსირდება,  შესაძლოა გაიზარდოს შერჩეული ნამუშევრების რაოდენობა.

გარდა ამისა, შერჩევისას  გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სახის ფაქტორები:

  1. შერჩევისას დაცული უნდა იყოს სქესთა ბალანსი;
  2. იმ შემთხვევაში, თუ კლასში სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, სასურველია შერჩევაში მისი ნამუშევარიც მოხვდეს, რათა შეფასდეს რამდენად სწორად იყენებს მასწავლებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული შეფასების მეთოდებს;
  3. ნაშრომები არ უნდა იყოს მხოლოდ წარმატებული მოსწავლეების, აუცილებელია ისეთი ნამუშევრების შერჩევაც, რომელიც მასწავლებელს საშუალოდ, ან საშუალოზე დაბალი ქულით აქვს შეფასებული.

უშუალოდ შეფასების პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  1. მასწავლებლის გამოცდილება და შეფასების განხორციელების არსებული პრაქტიკა;
  2. ჰქონდათ თუ არა ბოლო ვიზიტის დროს გარე შემმოწმებლებს რაიმე შენიშვნა/რეკომედაცია მასწავლებლის მიერ განხორციელებულ შეფასებასთან დაკავშირებით;

ნაბიჯი მესამე – უკუკავშირი

შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, შიდა ვერიფიკატორი ავსებს წინასწარ შემუშავებულ ფორმას, რომელსაც განიხილავს პედაგოგთან ერთად. იგი აფიქსირებს ხარვეზებს და აძლევს პედაგოგს რეკომენდაციას პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აუცილებელია შეხვედრას ესწრებოდეს კათედრის ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი შესაბამის დარგში. აღნიშნული განხილვა მიზნად ისახავს ხარისხის გაუმჯობესებას და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, შესაბამისად, უკუკავშირი უნდა გაიცეს სათანადო ფორმით, რათა არ იყოს დამამცირებელი პედაგოგისათვის და არ მიუთითებდეს მხოლოდ უარყოფით მხარეებსა და აღმოჩენილ ხარვეზებზე.

შიდა შემფასებლის მიერ განხორციელებული პროცესის ხარისხი მოწმდება გარე შეფასების შედეგად, რომელიც დამოუკიდებელი პროცედურაა და საბოლოო ჯამში, საერთო პროცესი ქმნის ერთიან სურათს სკოლაში არსებული შეფასების სისტემისა და სწავლის შედეგების დადასტურების შესახებ.

 

კომენტარები

comments