ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მგელიკას წყარო

სოფლის ბოლოს ტყე იყო. ტყეში ცხოველები ცხოვრობდნენ. რომელი ცხოველები? რა ვიცი, რომელი აღარ… თუმცა არა, ლომები და ვეფხვები არ ყოფილან, არც მარტორქები და ბეჰემოთები… აი, მგელი ნამდვილად იყო. ყვითელი თვალები და ხშირი წარბები ჰქონდა, ყურები აქეთ–იქით გაურბოდა და შუბლზე ქოჩორი აფშეკოდა. მისი გოროზი შესახედაობა მთელ ტყეს შიშის ზარს სცემდა.

– სსსს, მოდის, მოდის! – გადასძახებდნენ ხოლმე ერთმანეთს ჩიტები.

მათი შეძახილი ციყვებსაც ესმოდათ. იმათგან კურდღლებსა და გარეულ თხებთან მიდიოდა ხმა. შვლები და ირმებიც სადღაც იმალებოდნენ.

სხვა ხორციჭამია ცხოველები ნანადირევის ნაწილს უტოვებდნენ ხოლმე პატივისცემის ნიშნად, მაგრამ მგელი რატომღაც არაფერს ჭამდა.

ეს ორი რამის ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო: მტერს რა დალევს და ეშინოდა, არავის მოეწამლა ან უბრალოდ არ კადრულობდა, სხვაგან უფრო მდიდრულ ნადავლს გეახლებოდათ და იმიტომ.

სამაგიეროდ, სამი ნაძვის ძირას რომ წყარო გადმოდიოდა, იმას სტუმრობდა ხშირად. სულმოუთქმელად დაეწაფებოდა და მერე ცას შეჰყმუვლებდა ხოლმე. ტყის ბინადრები ფიქრობდნენ, ალბათ რომელიღაც მგლურ რიტუალს ასრულებს, თორემ საყმუვლი და სადარდებელი რა უნდა ჰქონდესო.

საღამოობით მგელი სადღაც უჩინარდებოდა. ერთხელ ჩიტებმა გადაწყვიტეს გაეგოთ, სად დაიარებოდა მგელიკა. საქმე ის იყო, ვის არ შეეშინდებოდა და ვინ აედევნებოდა უკან. მგელიკამ ფრენა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, მაგრამ ჩიტებს მისი მაინც ეშინოდათ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩხიკვი იჰა დაიყოლიეს. ჩხიკვი გაჩხიკული იყო, თვალებს სასაცილოდ ბრეცდა და წარამარა „იჰა“-ს გაიძახოდა. დაარიგეს, თვალთვალის დროს წამოძახილებისგან თავი შეეკავებინა, ცოტა ხნით მაინც.

მოსაღამოვდა და მგელიკაც გამოჩნდა, გოროზად მიიხედ-მოიხედა და გზას დაადგა. ჩხიკვი ჩუმად აედევნა. ასე, მგელიკა – ძუნძულ–ძუნძულით, ჩხიკვი – ფრენა–ფრენით, მახლობელ სოფლამდე მივიდნენ. ამასობაში დაღამდა კიდეც. მგელიკა სოფლის განაპირას ერთ სახლთან შეჩერდა და …

ჩხიკვმა იჰამ თვალებს არ დაუჯერა – მგელი ლეკვებისთვის გამოდგმულ ფაფას შეექცა. ჯერ პირველ განცვიფრებასაც არ გაევლო, რომ მგელიკამ ჯამი მოასუფთავა და გემრიელად დაამთქნარა. მთვარის შუქზე კარგად გამოჩნდა, რომ მგელიკას კბილები არ ჰქონდა!

როგორ ფიქრობთ, მგელიკას გასაჭირიდან რაზე გადავალ? არა, კბილების ქიმიურ შემადგენლობაზე ნამდვილად არ დავწერ – ერთხელ უკვე დავწერე და საკმარისია. კბილებს რომ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, არც ეს ესწავლება ვინმეს. ისიც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ პროფესიონალ და კეთილსინდისიერ სტომატოლოგს ოქროს ფასი ადევს.

ჰო, მართლა, მგონი არ მითქვამს, რომ წყაროს „მგელიკას წყაროს“ ეძახდნენ.

წყალზე რომ უკვე სამჯერ დაწერეო?! – იკითხავს ჩასაფრებული მკითხველი. დიახ, მეოთხედ ვწერ, ჩემო ჩასაფრებულო. უფრო მეტიც – არ გამოვრიცხავ, მეხუთედაც დავწერო. იცი, რატომ? – ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა!

მაინც რაში გვჭირდება წყალი?

ორგანიზმში ყოველგვარი რეაქცია სწორედ წყლის თანხლებით ანუ თხევად გარემოში მიმდინარეობს. თუ დაგვაკლდა, შესაძლოა, ჩვენს ორგანიზმში იმდენი პათოლოგიური პროცესი განვითარდეს, სქელ წიგნშიც არ დაეტიოს. წყლის გარეშე სისხლის მიმოქცევა გაძნელდება, სისხლი შედედდება და ინსულტისა თუ ინფარქტის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნება. კუჭის შეკრულობა შეგვაწუხებს. თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა გაიზრდება. კანი დაბერდება, თვალის ბროლის გამჭირვალობა შემცირდება.

მოკლედ, არ არის წყალი, არ არის სიცოცხლე.

როგორ წყალს სვამთ?

მგელიკა წყაროს წყალს სვამდა, მე ონკანის ან ბოთლებში ჩამოსხმულს გეახლებით.

რომელი უფრო უსაფრთხოა?

წყაროს წყალი სახიფათოა. მასში შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური აგენტი იყოს, მათ შორის – A ჰეპატიტის ვირუსიც, ამიტომ წყაროს წყალი უნდა გადავადუღოთ და გავფილტროთ. გაფილტრული და გადადუღებული წყლის შენახვა, მისი დასალევად და სადილის გასაკეთებლად გამოყენება მხოლოდ 12 საათის განმავლობაში შეიძლება.

წყაროს წყალი შესაძლოა მავნე ნივთიერებებითაც იყოს დაბინძურებული.

ერთ-ერთი დამაბინძურებელი დარიშხანია. ერთხელ, მგონი, ვთქვი კიდეც, რომ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში სიცოცხლის დაზღვევა სარფიან ბიზნესად გადაიქცა და ამას შთამბეჭდავი რაოდენობის მკვლელობაც მოჰყვა. არაფერი პირადი – ფულისთვის ხოცავდნენ და ამას დარიშხანის მარილებით აკეთებდნენ. დარიშხანით მოწამვლის დროს ენცეფალოპათია ვითარდება, კანი შავი წერტილებით იფარება. 21-ე საუკუნეში დარიშხანი ორგანიზმში შესაძლოა სწორედ წყლის მეშვეობით მოხვდეს (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს თეორიული ალბათობაა – ნუ გეგონებათ, თითქოს თავგამოდებით ვამტკიცებდე, დარიშხანიან წყალს ვსვამთ-მეთქი. თეორიულად ამის შესაძლებლობა უმთავრესად საწარმოთა გამო არსებობს).

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სუფთა დარიშხანი საშიში არ არის, მაგრამ წყალში ან კუჭის წვენში ხსნადი ყველა მისი ნაერთი ძლიერი საწამლავია. დარიშხანის (III) ოქსიდი, ისევე როგორც მისი წყალხსნარი, ძლიერი შხამია, 0,1 გრამიც კი მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანზე.

ზოგიერთ ქვეყნებში არსებობს წყლის რუკები, რომლებსაც, როგორც წესი, ქვეყნის მთავარი ექიმი-სანიტარი ადგენს. ამ რუკებზე მითითებულია სახიფათო კერები და ზედაპირული წყლების შესაძლო დაბინძურება, ასევე – რისკის შემცველი თევზებისა და მოლუსკების სახეობები.

ონკანის წყალი უსაფრთხოებით მეორე ადგილზეა – დეზინფექციისთვის მის ქლორირებას ახდენენ. მართალია, ამასაც აქვს თავისი ნაკლი, მაგრამ თუ წყალს სპეციალურ ფილტრში გავატარებთ, შეგვიძლია, თამამად ვსვათ.

ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ყველაზე უსაფრთხოა. ის სპეციალურ შემოწმებას გადის. ყოელ შემთხვევაში, უნდა გადიოდეს.

ბოთლებში ასხამენ როგორც მინერალურ, ისე სასმელ წყალს. ამ უკანასკნელს ან ონკანიდან, ან წყაროდან იღებენ და ამუშავებენ. სანიტარული ნორმები დაცულია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს….

მინერალური წყლები ერთმანეთისგან მინერალიზაციის ხარისხით ანუ მარილების კონცენტრაციით, განსხვავდება: სუსტი – 5%-მდე, საშუალო – 10-15%-მდე და მაღალი მინერალიზაციისა – 15%-დან ზემოთ. მათ, შესაბამისად, სუფრის, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სამკურნალო წყლებს უწოდებენ  მაღალი და საშუალო მინერალიზაციის წყლების ოდენობასა და სმის ხანგრძლივობაზე ექიმს უნდა დაეკითხოთ.

მოკლედ, თუ წყალს „წყაროსი“ ან „სუფრისა“ აწერია, რამდენიც გნებავთ, სვით.

დანარჩენების ხანგრძლივ მიღებას არ გირჩევთ – მათ შემადგენლობაში შემავალი მარილები ორგანიზმში რას გამოიწვევს, არ ვიცით. სვით, ოღონდ მცირე რაოდენობით და ყოველი შემთხვევისთვის მაინც დაეკითხეთ ექიმს.

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყლის მზეზე ან სითბოს წყაროს გვერდით დადგმა არ შეიძლება – ბოთლში მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.

დღეში ორი ლიტრი წყალი როგორ დავლიოთ? ჭიქა-ჭიქა. აბა, მგელიკასავით სულმოუთქმელად ხომ არ გამოვცლით?!

…ჩხიკვი იჰა შურდულივით გაფრინდა ტყისკენ. ახალი ამბავი ყველასთვის უნდა ემცნო – მგელიკას კბილები არ ჰქონიაოოოო…

– რაო? მგელიკა უკბილო ყოფილაო?

– რაო? ვერ გავიგე, რა ყოფილაო?

– მგელიკას კბილები არ ჰქონიაოოო…

ვერ გეტყვით, აპატიეს თუ არა ტყის ბინადრებმა უკბილო მგელს მათი შეშინება. ალბათ, აპატიებდნენ – თავად ეშინოდათ, რა მისი ბრალი იყო?!

ასეა – თურმე შესაძლოა, რაღაცის ან ვიღაცის ძალიან გვეშინოდეს, იმას კი კბილები არ ჰქონდეს.

გამოდის, რომ ხშირად შიშს თვითონვე ვიგონებთ..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი