ღია სივრცეები

რა შეიძლება გავაკეთოთ, როცა რეალობა არასაკმარისს გვთავაზობს?

ავდგეთ და თავად შევქმნათ ის, რაც გვჭირდება.

ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

რთული საქმეების კეთებისას ხშირად სხვების მაგალითები დამატებითი მოტივაცია, დაგროვილი გამოცდილებაა – ძვირფასი და გასათვალისწინებელი.

აი მაგალითად, ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ გარშემო საჯარო სივრცეების სიმწირეა, არ გვაქვს ღია ადგილები ერთმანეთის სანახავად, სამუშაოდ, სამსჯელოდ, გასართობად. ვამბობთ და ამით ვამთავრებთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლაპარაკის მერე დგებიან და მოქმედებას იწყებენ. ასე შეიქმნა რამდენიმე საჯარო სივრცე, რომელიც შესაძლოა ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის, მოსწავლეებისთვის მაგალითად იქცეს. ამიტომაც მოგიყვებით მათ ამბებს.

1)         ბოლნისის არტჰაუსი თორნიკე ადამაშვილის ინიციატივაა, რომელმაც საკუთარ ქალაქში სახელოვნებო კერის მოწყობა დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. რეზიდენციის მოსაწყობად დასჭირდა სახლი, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებთან თანამშრომლობა და ძლიერი სურვილი, გაეკეთებინა რაიმე მნიშვნელოვანი, სადაც ბოლნისის სტუმრებიც და ადგილობრივებიც ერთად შეძლებდნენ მუშაობას, გართობას, გამოცდილების გაზიარებას.

bolnisi

2)         პერევისას ღია საჯარო სივრცე რამდენიმე მეგობარმა ასევე სრულიად ჩვეულებრივ სახლში გააკეთეს. სივრცე განკუთვნილია არაფორმალური სწავლებებისთვის, საზაფხულო ბანაკებისთვის და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ხელოვნებითა და ფილოსოფიით დაინტერესებულ ადამიანებზე, თუმცა, გამომდინარე მისი ღიაობიდან, არ გამოირიცხება დროთა განმავლობაში სხვა დისციპლინებით დაინტერესება და განსხვავებული ტიპის ღონისძიებები.

perevisa

3)         წნორში “ცოდნის კაფეს” გახსნას  ნანა ბაგალიშვილი უკვე რამდენიმე თვეა მონდომებით ცდილობს და შემოდგომისთვის, სავარაუდოდ, სოფელში გაჩნდება ისეთი სივრცე, რომელიც ერთდროულად მულტიმედია ბიბლიოთეკის, არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრის, კაფესა და წიგნის მაღაზიის ფუნქციებს შეითავსებს. პროცესი შეფერხებებით მიდის. ადგილობრივი ხელისუფლება საჭირო ფართით მათ უზრუნველყოფას ვერ ახერხებს. იჯარის გადახდას დონორი სჭირდება. მარტივი ამბავი არ არის, მაგრამ მტკიცე ნებისყოფა თუ აღმოგაჩნდა, მიზანს მიაღწევ.

ამ სივრცეების პარალელურად ჩნდება და ძლიერდება არტისტული რეზიდენციები, სოციალური საწარმოები რეგიონებში, თუმცა განსხვავებული სპეციფიკის გამო ისინი სხვა საუბრის თემა მგონია. სამივე ინიციატივისთვის თვალის დევნება Facebook-ზე შეგიძლიათ.

დანარჩენი ჩვენზეა. ცალკეული ინიციატივები კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

კომენტარები

comments