ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სამხედრო გეოგრაფია

გეოგრაფიის გაკვეთილზე უამრავი თემის განხილვაა შესაძლებელი. ერთი მათგანია სამხედრო გეოგრაფია. ეს კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც გეოგრაფიის სამხედრო ასპექტებს და სამხედრო საქმეში მათი გამოყენების შესაძლებლობებს შეისწავლის.

ამ თემის განხილვისას შეიძლება მისი ინტეგრირება ისტორიასა და სამოქალაქო განათლებასთან, ასევე – რამდენიმე კომპეტენციის განვითარებაც, მათ შორის – სემიოტიკური (სამხედრო გეოგრაფია იყენებს რუკებს), რაოდენობრივი (რელიეფის ჰიფსომეტრიული მახასიათებლების გამოთვლა), ეკოლოგიური (ტერიტორიის ათვისება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით), სოციალური და სამოქალაქო (პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავება), შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისა (საშუალებას აძლევს ადამიანს, დაინახოს საგანი თუ მოვლენა ახალი კუთხით).

სამხედრო გეოგრაფია სამხედრო მეცნიერებისა და გეოგრაფიის მიჯნაზე მდებარეობს. ის გეოგრაფიის წიაღში აღმოცენდა და განვითარდა, მაგრამ XX ს-ის დასაწყისიდან, როგორც მეცნიერება და სასწავლო დისციპლინა, ჩამოსცილდა გეოგრაფიას და სამხედრო მეცნიერებების წიაღში ჩაიკეტა.

სამხედრო გეოგრაფია რამდენიმე ქვედარგად იყოფა. ესენია: ზოგადი საფუძვლები, სამხედრო ქვეყანათმცოდნეობა და საომარ მოქმედებათა შესწავლა. მას მჭიდრო კავშირი აქვს ისეთ მეცნიერებებთან, როგორიც არის, ზოგადად, გეოგრაფია თავისი მიმართულებებით (გეომორფოლოგია, მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია, ნიადაგთმცოდნეობა, ლანდშაფტთმცოდნეობა და სხვა), კარტოგრაფია, გეოლოგია, ბოტანიკა და სხვა.

სამხედრო გეოგრაფიის ჩასახვა პირველყოფილი ადამიანის სოციალურ წყობაზე გადასვლის პერიოდს ემთხვევა. უძველეს (ჩვ. წელთაღრიცხვამდე VI ს–ის დასასრული და V ს–ის დასაწყისი) სამხედრო-გეოგრაფიულ ნაშრომს წარმოადგენს ჩინელი მხედართმთავრის სუნ-ძის ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ. მასში განხილულია სხვადასხვა ტიპის ადგილმდებარეობის გავლენა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე.

სამხედრო საქმისთვის გეოგრაფიული ობიექტების ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მონაცემებს VI-XVI საუკუნეებშიც ვხვდებით. იტალიელმა სამხედრო თეორეტიკოსმა ნიკოლო მაკიაველიმ (1469-1527 წ.წ.) შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი ‒ „სამხედრო ხელოვნების შესახებ“.

ტერმინი „სამხედრო გეოგრაფია“ პირველად რუსმა მეცნიერმა მ. ლომონოსოვმა გამოიყენა მე-18 ს-ში. 1832 წელს რუსეთში ა. ჟომინის წინადადებით დაარსებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო გეოგრაფიის კათედრა ამოქმედდა.

საქართველოში სამხედრო-გეოგრაფიული მონაცემების მიზნობრივი გამოყენება დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. ქართულმა სამხედრო ხელოვნებამ შეიმუშავა საკუთარი პრინციპები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სულ უფრო ვითარდებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ XVIII საუკუნეში შედგენილი რუკები სამხედრო თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას იძლევა.

1999 წელს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სამხედრო გეოგრაფიიის განყოფილება. 2004 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში დაიწყო სამხედრო გეოგრაფიის სწავლება.

2011-2013 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის ტოპოგრაფიულ სამართველოში მომზადდა და დაიბეჭდა ოფიცრის ატლასი, რომლის ერთი ბლოკიც მთლიანად საბრძოლო ოპერაციების კარტოგრაფირებას ეძღვნება.

მსოფლიო ომების ისტორია მდიდარია მაგალითებით, სადაც საბრძოლო ოპერაციების ბედი მნიშვნელოვანწილად გეოგრაფიული ფაქტორის გონივრულ გამოყენებაზე იყო დამოკიდებული. ქართული სამხედრო ხელოვნება უკავშირდება იმ პრინციპებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობდა შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოების სრულყოფას, რაც იმითაც გამოიხატებოდა, რომ ქართველი მხედართმთავრები საზრიანად და ეფექტურად იყენებდნენ რთულ, მაგრამ მათთვის კარგად ნაცნობ გეოგრაფიულ პირობებს.

ქართველთა მუდმივი ბრძოლა დასახლებათა და სტრატეგიულ მიმართულებათა ხასიათზეც აისახა. მსხვილი დასახლებული პუნქტები შენდებოდა ბორცვებსა და შემაღლებულ ადგილებზე, რომლებსაც გარს ერტყა დიდი ლოდებისგან ნაგები კედლები, გალავნები, სპეციალური თხრილები.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებსაც ბევრგან დარაჯობდა და კეტავდა საგანგებოდ აშენებული ციხესიმაგრეები. ამასთან, რელიეფს ეფექტურად იყენებდნენ ინფორმაციის გასავრცელებლად, რაც ციხესიმაგრეებისა და სათვალთვალო კოშკების ქსელის მეშვეობით ხერხდებოდა.

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა (დიდგორისა, შამქორისა, ტაშისკარისა), სადაც ომის ბედი, პრაქტიკულად, გეოგრაფიული ფაქტორების რაციონალურმა და ეფექტურმა გამოყენებამ გადაწყვიტა.

სამხედრო-გეოგრაფიული ფაქტორები (რელიეფი, ნიადაგ-გრუნტი, მცენარეული საფარი, ჰიდროქსელი, სტიქიურ-დამანგრეველი პროცესები, კომუნიკაციები და სხვა) დამოუკიდებლად ან ერთობლივად, პირდაპირ ან ირიბად, პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას ახდენს სამხედრო მოქმედებათა მომზადებასა და მსვლელობაზე. ისინი შეიძლება იყოს ბუნებრივი, ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ხასიათის.

საბრძოლო ოპერაციებზე მოქმედი მოვლენების ან პროცესების და სამხედრო-გეოგრაფიული ობიექტების გამოვლენა, ანალიზი, სინთეზი და შეფასება შეიძლება შემდეგი თანმიმდევრობით განხორციელდეს:

სამხედრო-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზის ზოგადი სქემა

გეოგრაფიული ობიექტები, მოვლენები, პროცესები
შეფასება
ემპირიული ფორმალიზაცია
სინთეზი
თეორიული ანალიზი

სე

სამხედრო საქმეში გეოგრაფიული გარემოს შეფასება ხდება ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიული მოწყობის, ჯარების მართვის, მათი მოქმედებისადმი დაკვირვების, შენიღბვის, გადაადგილების, ცეცხლის გახსნის, კავშირგაბმულობისა და გამავლობის უნარის მიხედვით. გეოგრაფიული გარემოს ოპერატიულ-ტაქტიკური თვისებების შესახებ არსებული ინფორმაცის საიმედოობის ხარისხი განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ვითარების მართვის, სამხედრო მოქმედებათა განხორციელებისას სამხედრო-გეოგრაფიული მონაცემების რაციონალური, ოპტიმალური გამოყენების თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო-გეოგრაფიული ფაქტორების შესახებ არსებული ინფორმაციის ოპტიმალურ შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს.

განვიხილოთ გეოგრაფიული ფაქტორები: რელიეფი, კლიმატური მახასიათებლები, ჰიდროლოგიური ობიექტები, მცენარეული საფარი, მოსახლეობა და დასახლებული პუნქტები.

რელიეფს უკავშირდება როგორც სამხედრო სტრატეგიული, ისე ტაქტიკური და ოპერატიული დაგეგმარება. რელიეფს და გეოლოგიურ აგებულებას შესაძლოა ქონდეს როგორც დამცავი, ისე ხელის შემშლელი თვისებები. ის გავლენას ახდენს გარემოს ძირითად ტაქტიკურ თვისებებზე: თავდაცვის პირობებზე, გამავლობაზე, შენიღბვაზე, დაკვირვებაზე, ორიენტირებასა და ცეცხლის წარმოებაზე. მისი ხასიათი და თვისებები განისაზღვრება ძირითადი მორფოლოგიური მახასიათებლებით (ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრება, ფერდობების დახრილობა).

ყოველ 100 მ-ზე ასვლისას ჰაერის ტემპერატურა 0.5-0,6 გრადუსით მცირდება, ატმოსფერული წნევა ‒ 8-10 მმ-ით, ჰაერის სიმკვრივე კი – 1,2%-ით. იცვლება წყლის დუღილის ტემპერატურაც. ამასთან, მცირდება მანქანის ძრავის სიმძლავრე, გადაადგილების სიჩქარე და იზრდება საწვავ-საპოხი მასალების ხარჯი. უარესდება პირადი შემადგენლობის ჯანმრთელობაც. 3000 მ-ზე ზევით მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ ქვედანაყოფებს შეუძლიათ მოქმედება.

რელიეფის ვერტიკალური დანაწევრება უკავშირდება შეფარდებით სიმაღლეს და წარმოდგენილია რელიეფის დადებითი და უარყოფითი ფორმებით. რაც უფრო მაღალმთიანია ტერიტორია, მით მაღალია დანაწევრების ხარისხი. მის ხასიათზე დამოკიდებულია გამავლობის, რადიოკავშირის, დაკვირვების, ორიენტირების, შენიღბვის და სხვა თავისებურებანი. ვერტიკალური დანაწევრების ზრდასთან ერთად იმატებს შენიღბვის შესაძლებლობები.

რელიეფის ჰორიზონტალური დანაწევრება გავლენას ახდენს საგზაო ქსელის ხასიათსა და გამავლობაზე. მაღალი სიხშირის ჰორიზონტალური დანაწევრებისას სატრანსპორტო კომუნიკაციები გამოირჩევა კლაკნილობით, დახრილობით, მიწაყრილებისა და ჩაღრმავებების, ხიდების, მილებისა და სხვა დამხმარე ნაგებობების სიმრავლით. ფერდობების დახრილობა განაპირობებს როგორც თავდაცვით თვისებებს, ისე გამავლობას. რაც უფრო მაღალია მთები, მით მეტია ფერდობების დახრილობა

მთებისთვის დამახასიათებელია: მკაცრი კლიმატური პირობები, გზების შეზღუდული რაოდენობა და გადაადგილების სირთულე, ორიენტირების, დაკვირვებისა და ცეცხლის წარმოების შეზღუდვა, კავშირის დამყარებისა და საინჟინრო მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა სირთულე და სხვა.

მთებში საბრძოლო ტექნიკის ტვირთამწეობა 1/4-ით მცირდება, ხოლო მოძრაობის სიჩქარე – თითქმის 2-ჯერ. 5-100-იანი დახრილობის საავტომობილო კოლონის სიჩქარე 15-20 კმ/სმ–ს არ აღემატება. იზრდება საწვავ-საპოხი მასალის ხარჯი. იმატებს სამხედრო მოსამსახურეთა დაღლილობაც. თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების მიუხედავად, მთებში ორიენტირება გართულებულია.

ამავე დროს, მთები თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ქედები, ვიწრო ხეობები, ვიწრო გასასვლელები და სხვა ხელს უწყობს ცეცხლის მრავალიარუსიანი სისტემისა და მყარი წრიული თავდაცვის ორგანიზებას. მთიანი რელიეფი ხელსაყრელ პირობებს ქმნის ჯარების შენიღბვისთვის, რაც მოქმედების მოულოდნელობას უზრუნველყოფს.

კლიმატური მახასიათებლები (ჰაერის ტემპერატურა, ნალექები, ღრუბლიანობა, ქარის მიმართულება და სიძლიერე, მზის ნათების ინტენსივობა, თოვლის საფარი და მისი ხანგრძლივობა, ჰაერის სინოტივე და სხვა) გავლენას ახდენს როგორც საჯარისო ფორმირებებზე, ისე სამხედრო ტექნიკაზე.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა სამხედრო მოსამსახურეებში იწვევს იმ უარყოფითი სიმპტომების პირველ ნიშნებს, რომლებიც 30 გრადუსის ზევით გადადის ყურადღების მოდუნებაში, დაღლილობაში, რეაქციის შენელებაში, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევაში, ოფლიანობის მომატებაში, წყურვილის გაძლიერებაში და სხვა. დაბალი (10 გრადუსზე ნაკლები) ტემპერატურის დროს სამხედრო მოსამსახურეებისთვის აუცილებელია სპეციალური, დათბუნებული უნიფორმა, რომელიც, თავის მხრივ, ზღუდავს მოქმედების თავისუფლებას და ამძიმებს ეკიპირებას. გარდა ამისა, უარყოფითი ტემპერატურის დროს მცირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას ტყვიის ფრენის სიშორე, უარესდება ტექნიკის საბრძოლო-საექსპლუატაციო მახასიათებლები და სხვა. ქარის სიჩქარე გავლენას ახდენს ყველა სახის იარაღიდან სროლის სიზუსტეზე და მის კორექტირებას განაპირობებს.

ჰაერის (90%-ზე მეტი) მაღალი სინოტივე ორგანიზმიდან ოფლის დიდი რაოდენობით გამოყოფის მიზეზი ხდება. დაბალმა (30%-ზე ნაკლებმა) ტენიანობამ შესაძლოა ორგანიზმის გადაცივება გამოიწვიოს. ჭარბმა ნალექმა შესაძლოა რამდენადმე შეაფერხოს სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილება.

ჰიდროლოგიური ობიექტები ძირითად ფაქტორებთან ერთად არსებითად განსაზღვრავს ამა თუ იმ ობიექტის სამხედრო თვალსაზრისით გამოყენების შესაძლებლობებს. სამხედრო მოქმედებისას საჯარისო დანაყოფებს უწევთ მდინარეთა გადალახვა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა. სამხედრო მოსამსახურეებს და ინფრასტრუქტურას წყალი სჭირდებათ როგორც საყოფაცხოვრებო მიზნით, ისე პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის.

სამხედრო მოქმედებების დროს მნიშვნელოვანია მდინარეთა სიხშირის, ნაპირის თავისებურებების, წყალდიდობისას დაფარვის ზონების, სიღრმის, ფარვატერის, ვარდნის, ხარჯის, სიჩქარის, ტემპერატურის, ყინულის საფარის, ჭორომებისა და თავთხელების, ფსკერის გეოლოგიური აგებულების, სანაპირო ზოლის ხასიათის, გზებისა და მისასვლელობის ხარისხის, ჰიდროსაინჟინრო ნაგებობების, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების და სხვათა ცოდნა.

ჰიდროქსელის გეოგრაფიულ თავისებურებათა ცოდნა მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების დროს. ისინი, საბოლოო ჯამში, შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ოპერაციებისთვის. დინების ხელსაყრელი სიჩქარე არ აღემატება 2 მ/წმ–ს. მდინარის სიღრმე მაქსიმალურია მის ცენტრალურ ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია მდინარეთა ქსელის სიხშირე (კმ/კმ2-ზე). ხეობისა და კალაპოტის აგებულების, მოძრაობის ხასიათისა და რეჟიმის მიხედვით მდინარეები იყოფა მთისა და ვაკის მდინარეებად. მთის მდინარეთა ღრმად ჩაჭრილი (1000-1500 მ) ხეობები კარგ თავშესაფარს წარმოადგენს. ვაკე მდინარის ხეობები წლის მშრალ პერიოდში ადვილი მისადგომია სამხედრო ტექნიკისთვის.

მცენარეულობას გადამწყვეტი როლი უთამაშია გარდასული ეპოქების საბრძოლო მოქმედებათა შედეგებში. ქართველთა სამხედრო ისტორიაშიც ტყის ეფექტური გამოყენების არაერთი ფაქტია ცნობილი.

საბრძოლო ტექნიკისა და ავიაციის განვითარებასთან ერთად მცენარეულობის როლი საბრძოლო მოქმედებებში მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ცნობილია ისიც, რამდენად დაუძლეველ წინააღმდეგობად იქცა ტყეები ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლისას ვიეტნამში, ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში, ჩეჩნეთში და სხვა.

სამხედრო-გეოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესოა ნიადაგის სიმძლავრე და მექანიკური შედგენილობა და დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები.

ნიადაგის მექანიკური შედგენილობა მასში თიხისა და ქვიშის რაოდენობას უკავშირდება. რაც უფრო თიხნარია ნიადაგი, მით უფრო მეტი წყლის შეკავების უნარი აქვს მას და მით უფრო რთული ხდება მაღალი სინოტივის შემთხვევაში მასზე გადაადგილება. ინტენსიური წვიმების დროს მასში დიდი რაოდენობით გროვდება წყალი და წარმოქმნილი ტალახი ხელს უშლის როგორც ადამიანების, ისე ტექნიკის გადაადგილებასაც. ქვიშნარი ნიადაგი საპირისპირო მახასიათებლებით გამოირჩევა. მასში წყალი პრაქტიკულად არ ჩერდება და ის ძირითადად მშრალია. სიმშრალის გამო ქვიშნარი ნიადაგები ქარის დროს მტვრის პირველი წყაროა და ხშირად ხელს უშლის ხილვადობას. ქვიშნარ ნიადაგზე გავლისას საბრძოლო ტრანსპორტი ღრმად ჯდება გრუნტში, რის გამოც მისი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. თიხნარი ნიადაგი კი, პირიქით, ღრმა კვლების წარმოქმნას, საბურავების ან მუხლუხების გაპოხვას, ტრანსპორტის მოცურებას, სიჩქარის შემცირებას და მართვის დაკარგვას უწყობს ხელს.

მოსახლეობა და დასახლებული პუნქტები. ომში დასახლებული პუნქტების დაუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ისინი წარმოადგენდნენ როგორც საბრძოლო მოქმედებების, ისე სტრატეგიული ოპერაციების ძირითად მიზანს. დასახლებულ პუნქტებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება განსაკუთრებულ გარემოებად ითვლება.

დასახლებული პუნქტები გამოირჩევა მკვეთრად განსხვავებული ოპერატიულ-ტაქტიკური თვისებებით. აქ საცხოვრებელი შენობები და სხვადასხვა ტიპის ნაგებობები მრავალრიცხოვან წინაღობას ქმნის.

საგზაო ქსელი განსაზღვრავს ტერიტორიის გამავლობას. რაც უფრო დიდია გზების სიხშირე და მაღალია ხარისხი, მით უფრო მოხერხებულია ის სამხედრო მოქმედებებისთვის. დანიშნულების მიხედვით გზები იყოფა ძირითად (სამოძრაო, მანევრის, მიზიდვის და ევაკუაციის) და დამხმარე (შესასვლელები, შემოვლითი და სათადარიგო) გზებად.

გეოგრაფიული გარემო და მისი ფაქტორები მნიშნელოვან გავლენას ახდენს ცალკეული ბრძოლებისა თუ მთლიანად ომის ბედზე.

ამდენად, სამხედრო გეოგრაფიის განვითარება აქტუალური საკითხია.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://www.militarium.org/samxedro-geografia/ ; https://www.gtu.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი